fbpx

ფოტო ამბავი: ნათლისღების ტრაგედია “ვანქის ხიდზე”


გააზიარე სტატია


“აღარც სახელმწიფოთა გამწვავებული ურთი-ერთობა, აღარც ქვეყნის ცოდვა-მადლით სავსე საუკუღმართო და საბედ-შავო ტრიალი, აღარც დღის ჭირი და ვარამი, ყველაფერი უკუ დგა, თავი მოიხარა და, ტფილელთათვის მაინც თავისი ალაგი ტფილისში ნათლი-ღება დღეს მომხდარ უბედურებას დაუთმო.”

1892 წლის 6 იანვარს თბილისში დიდი ტრაგედია დატრიალდა.

ნათლისღების დღესასწაულზე “ვანქის ხიდი” ჩამოინგრა და რიტუალში მონაწილე ხალხი წყალში ჩაცვივდა. 

შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს, რომ მტკვარს საბჭოთა დრომდე რამდენიმე კუნძული ჰქონდა. მათ შორის  ყველაზე ცნობილი მადათოვის კუნძული ყოფილა, რომელიც მტკვარს ორ ტოტად ყოფდა. კუნძულს პრაქტიკული დანიშნულება არ ჰქონია, სანამ მასზე მიწების გაქირავებასა და სამხერხაოების მოწყობას დაიწყებდნენ. მადათოვის კუნძულის მოპირდაპირედ, მტკვრის მარჯვენა მხარეს ვანქის უბანი იყო, სადაც სომხურ-გრიგორიანული საკათედრო ტაძარი მდებარეობდა. 

ნათლისღების დღესასწაულზე  კუნძულსა და ვანქის სომხურ-გრიგორიანულ საკათედრო ტაძრის ტერიტორიას შორის ლიტანიის წესის აღსასრულებლად ფიცრებისგან სახელდახელო, 21-მეტრიანი ხიდი იგებოდა.

თბილისელი თვითნასწავლი მხატვრის, კარაპეტ გრიგორიანცის წიგნის –   “ძველი თბილისის იშვიათი ამბების” მიხედვით, 1892 წლის 6 იანვარს  გარდა იმისა, რომ მტკვარი ძალიან ადიდებული იყო, ხიდზე დაულურსმავი ფიცრები ელაგა. ნათლისღების რიტუალის შემდეგ პოლიციამ ეკლესიის მხარეს ხალხი აღარ გაუშვა, რის გამოც მათ ხიდზე გაჩერება მოუწიათ. ხიდმა ხალხის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო და ჩაიმტვრა.


“იმ გვარ ამღვრეულ და ადუღებულ წყალში ხალხი ცვიოდა, იმათზედაც თორმეტ არშინიანი სქელი მძიმე ფიცრები ეცემოდა”. – კარაპეტ გრიგორიანცი

მდინარეში ჩაცვენილი ადამიანების დასახმარებლად ცეცხლისმქრობელი რაზმი გამოიძახეს, თუმცა მათ წყლიდან მხოლოდ გარდაცვლილი ადამიანების ამოყვანა შეძლეს.

“არამც თუ ჩვენს პაწია ქალაქში, მთელს ქვეყნიერობაზედაც კი იშვიათი ამბავია, რომ
ორმოცმა და სამოცმა ადამიანმა უეცრად, მოულოდნელად დალიოს სული, და თუა, ყველგან ამისთანა ამბავი ზარად და ზათქად არის მიჩნეული, ყველგან ქვეყნის გულის ტკივილსა და საერთო მწუხარებას გამოიწვევს ხოლმე”, –  წერდნენ გაზეთ “ივერიაში” 1892 წლის 9 იანვარს.

გარდაცვლილთა  შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. როგორც გაზეთი “ივერია” იტყობინებოდა, დაღუპულთაგან უმეტესობა მუშები და ხელოსნები ყოფილან. თურმე წყალში ჩაცვენილ ადამიანებს სხვა უბედურებაც დაატყდათ თავს: რამდენიმე კაცს გაციების გამო ფილტვების ანთება დამართნია, რამდენიმე მათგანი კი შიშის გამო ჭკუიდან შეშლილა.



“საზარელ სანახავს რომ იტყვიან, სწორეთ ეს სანახავი იყო”. – კარაპეტ გრიგორიანცი

უბედური შემთხვევის შემდეგ, რასაკვირველია, დაიწყო მიზეზების ძიება. იმას, რომ ხიდი საშიში იყო, ყველა აცნობიერებდა, მით უმეტეს, უკვე არსებობდა ოცი წლის წინანდელი გამოცდილება ასეთივე ხიდის ჩამტვრევის შესახებ. ქალაქის გამგეობა აცხადებდა, რომ შედეგი მათი ბრალი არ იყო და რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს. სომეხთა სასულიერო კონსისტორია კი თავის მხრივ ამტკიცებდა, რომ ქალაქის გამგეობა მართალს არ ამბობდა – “ჩვენ რა შუაში ვართ, ერთხელ ვიყივლეთ და გავათავეთ, თუ რამ საზრუნველი იყო, იმას უნდა ეზრუნა, ჩვენ რა ხუროთმოძღვრები და დურგლები ვართ, რომ ხიდი შეგვემოწმებინაო”.


სინამდვილეში კი, “ივერიის” 1892 წლის იანვრის ნომრის მიხედვით, სომეხთა კონსისტორიას ხიდის აგებამდე საქალაქო გამგეობისთვის უწყება გაუგზავნია და ხუროთმოძღვრის გამოგზავნა უთხოვია. ქალაქის გამგეობას ხიდის გეგმა მოუთხოვია, რაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შესრულებულა. ამის შემდეგ ქალაქის გამგეობა საქმეში აღარ ჩარეულა. ხიდი კერძო ხუროთმოძღვარს შეუმოწმებია, რომელსაც უთქვამს, რომ ხიდზე 5-5 კაცზე მეტის გავლა საშიში იქნებოდა, თუმცა ნათლისღების დღესასწაულზე ხიდზე “ისეთი ჭედვა-ჭყლეტა იყო, რომ ნემსის ყუნწიც არ ჩავარდებოდა”.

იმ დღეს ხიდის ჩამტვრევის შედეგად წყალში 500-მდე კაცი, ქალი და ბავშვი მტკვარში ჩაცვენილა. ასეთივე შემთხვევა 1872 წელსაც მომხდარა – მტკვარში 300-მდე ადამიანი ჩავარდნილა.

ვანქის ტაძრის ნგრევა 1935 წელს, თბილისის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო: “დაკმაყოფილდეს ადგილობრივ მშრომელთა შუამდგომლობა, რომლებიც ვანქის ეკლესიის დანგრევასა და სრული საშუალო სომხური სკოლის აშენებას ითხოვენ”. დღეს ამ ადგილას 104-ე სკოლის შენობა მდებარეობს, ვანქის ტაძრიდან კი მხოლოდ მე-19 საუკუნის სამრეკლოა შემორჩენილი. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.