fbpx

საჯარო ტრანსპორტი კარანტინის შემდეგ: ინოვაციებისა და მიდგომების შეცვლის დროა


გააზიარე სტატია


ავტორი: სტეისი მეთლენი

 

ორ თვეზე ნაკლებ დროში COVID-19-ის პანდემიამ ჩვენი ცხოვრება შეცვალა, ვირუსმა ავადმყოფობა, სიკვდილი, ეკონომიკური ზარალი და შიში გამოიწვია.  მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კრიზისი ყველასთვის გამოწვევა იყო, ის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა იმ აუცილებელი, წინა ხაზზე მომუშავე დასაქმებულებისთვის, რომლებსაც სამსახურში წასვლისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სჭირდებათ. 

 როგორც დეტროიტის ინოვაციური მობილობის ოფისის კონსულტანტს, წინა თვეებში 100-ზე მეტ დასაქმებულთან მქონდა კომუნიკაცია, რათა გამეგო როგორ იმოქმედა კორონავირუსმა მათ მგზავრობაზე. ზოგიერთი მათგანი ღამით საათობით ელოდებოდა ავტობუსს, ან დილით ხალხით სავსე ტრანსპორტში ადიოდა სამსახურში მისასვლელად. 

სატრანსპორტო სააგენტოების მთავარი საყრდენი თანმიმდევრულობა და ეფექტურობაა, რაც საკმაოდ დიდი აქტივია “ნორმალური ცხოვრების” დროს. წარმატება განისაზღვრება ძირითადი მახასიათებლებით, როგორიცაა დროული შესრულება, მგზავრთა რაოდენობა და თითოეულ მანქანაში ყოველი საათის განმავლობაში მგზავრთა რიცხოვნობა. 

პანდემიის პერიოდში მგზავრთა ნაკადი იკლებს, ხალხმრავალი შეკრებები საფრთხილოა,  კომპანიებს კი სწრაფი რეაგირება სჭირდებათ, რათა მგზავრების სურვილები დაკმაყოფილდეს. და მაინც, რა უნდა გააკეთონ ამისთვის? გთავაზობთ 3 რჩევას, რაც მობილობას უფრო მოქნილს და ხელმისაწვდომს გახდის.  

 

 

  • მგზავრთა ინტერესების გათვალისწინება

 

სატრანსპორტო კომპანიებმა ტრადიციული მიდგომა უნდა შეცვალონ და მგზავრებს დაუსვან შეკითხვა: როგორ შეუძლიათ მათი სათანადოდ დახმარება? ეს განსაკუთრებით საჭიროა ყველაზე დაუცველი სეგმენტისთვის, ამასთან, საჭიროა უსაფრთხო და ხელმისაწვდომი გადაადგილება კორონავირუსისგან გამოწვეული გარემოებების გათვალისწინებით. სააგენტოებმა პირველ რიგში უნდა გაიაზრონ ის ძირითადი სატრანსპორტო გამოწვევები, რომელთა წინაშეც მგზავრები დგანან, შემდეგ კი დაადგინონ, თუ რა ტიპის გამოსავალი შეესაბამება მათ. 

დეტროიტში წინა ხაზის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ისინი ავტობუსით მგზავრობისას თავს დაცულად არ გრძნობენ. მთავარი გამოწვევა სამსახურში უსაფრთხოდ წასვლა და წამოსვლაა, ხელმისაწვდომი გზით. 

უმეტესობა ამბობს, რომ ისინი ტრანსპორტირების ალტერნატიულ ფორმას ამჯობინებენ, ვიდრე საჯაროს. უკვე მრავალმა ქალაქმა უპასუხა ამ გამოწვევას. მაგალითად, პეკინმა დანერგა ავტობუსის ხაზები საგულდაგულოდ კონტროლირებადი მგზავრობით, ფიქსირებული მარშრუტის შექმნის გარდა, ეს ავტობუსები წინა ხაზზე დასაქმებულების ტრანსპორტირებას უწყობს ხელს. 

ამერიკის ბევრ ქალაქში, მათ შორის – დეტროიტში, ველოსიპედების გაზიარების პროგრამა  უფასოა. თუ ამ ალტერნატიული ტრანსპორტის ინტეგრირება ტრადიციულ საჯარო ტრანსპორტთან მოხდება, მაშინ გრძელვადიან პერიოდში ეს ფინანსურად ეფექტიანი და სანდო ვარიანტი იქნება. ადაპტირება მარტივად არ გამოვა  – ეს მოითხოვს როგორც სტრუქტურულ ცვლილებებს, მუნიციპალიტეტებსა და კერძო სექტორს შორის ახალი პარტნიორობის გაღრმავებას, ისე კულტურულ ცვლილებებს ექსპერიმენტების ჩატარებისა და რისკების აღების გზით. 

 

 

 

  • ექსპერიმენტები და ახალი გამოსავლის ძიება

 

ახლა უმოქმედობა უფრო რისკის შემცველია, ვიდრე მოქმედება. ყოველდღიური უმოქმედობა ინფიცირებისა და ადამიანების დაკარგვის რისკს ზრდის. საჭიროა ახალი საოპერაციო მოდელების ცდა. ახალი სერვისებისა და მოდელების ექსპერიმენტის პერიოდში აუცილებლად იქნება გამოწვევები და რისკები. რისკების შემცირების მიზნით, სატრანსპორტო კომპანიებმა მოქმედება პატარა და მიზნობრივი საპილოტე პროექტებით უნდა დაიწყონ, რომლებიც სპეციფიკური გამოყენების შემთხვევებზე იქნება მორგებული.  მომხმარებლების შეფასებების საფუძველზე კი პრობლემის გადაწყვეტა უფრო გამარტივდება. 

ჩვენ ქალაქში,  დეტროიტში, NUMO-სთან ერთად ამ მიდგომას ვიყენებთ, რათა მგზავრების მობილობის პრობლემები ახალი გზებით გადავჭრათ. პირველ რიგში დავუკავშირდით რამდენიმე დიდ დამსაქმებელ კომპანიას – დაწყებული საავადმყოფოების სისტემებიდან, დამთავრებული სასურსათო მაღაზიებით. შემდგომ ჩავატარეთ კვლევა (დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის) სატრანსპორტო საჭიროებების შესახებ. ამით ჩვენ შევძელით განგვესაზღვრა პრობლემის გადასაჭრელი გზების სპექტრი, დაწყებული სუბსიდირებული ელექტრონული ველოსიპედების და სკუტერების ლიზინგით, დამთავრებული ტაქსისა ან გადაადგილების აპლიკაციების შექმნითა და კონტროლირებადი შესაძლებლობების მქონე სატრანსპორტო მომსახურებით. მომხმარებლების შეფასებებს ყველა ეტაპზე ვიყენებდით, რითაც მათ საჭიროებებს ვაკმაყოფილებთ. დეტროიტის მსგავსად ამგვარ მიდგომებს იყენებენ ინდიანაპოლისში, ფლორიდაში, სან-ფრანცისკოსა და ბოგოტაში.

 

 

  • წარმატების საზომის შეცვლა

 

სატრანზიტო მეტრიკა უპირატესობას ეფექტურ ოპერაციებს უფრო ანიჭებს, ვიდრე ინდივიდუალური მგზავრის საჭიროებებს. მიზანი, ჩვეულებრივ,  რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის სანდო მომსახურების მიწოდებაა. თუმცა, კარანტინის შემდგომ ახალი ნორმები ყალიბდება. იმის ნაცვლად, რომ ეფექტურობა გავაუმჯობესოთ, ჩვენ ოპტიმიზაცია უსაფრთხოებისა და კონკრეტული სოციალური/ეკონომიკური შედეგების გათვალისწინებით უნდა მოვახდინოთ:  გრძნობს თუ არა მოსახლეობა უსაფრთხოებას? შეუძლიათ თუ არა სამსახურში წასვლა? აქვთ თუ არა კრიტიკულ სერვისებზე წვდომა? თუ მეტრიკას ცხოვრების ხარისხის შესაფასებლად გამოიყენებენ, სააგენტოები უკეთესად მოემსახურებიან მოსახლეობას. ეს ხაზს გაუსვამს იმას, რომ სახელმწიფო ტრანსპორტი აუცილებელი სერვისი, ეკონომიკის ხერხემალია და იმსახურებს სახელმწიფო დაფინანსებას.

 

ორიგინალი: https://thecityfix.com

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.