fbpx

ორ სამყაროს შორის, ანუ ჩემი მოჩვენების ცხოვრება – ინტერვიუ ანა გზირიშვილთან


გააზიარე სტატია


ავტორი: ანა გაბელაია

 

ანა გზირიშვილი  (1992, თბილისი, საქართველო)   მულტიმედია არტისტია, რომელიც ბერლინსა და თბილისში მუშაობს. იგი DAAD-ის სტიპენდიანტია  და  პროფესორ ჰიტო შტეიერლის ხელმძღვანელობით დაამთავრა ბერლინის ხელოვნების სკოლა (UDK)   ახალი მედიისა და ფილმების მიმართულებით. 

ანა გზირიშვილის ექსპერიმენტული პრაქტიკა მოიცავს სხვადასხვა მედიუმს, დაწყებული ფილმიდან და ლინზაზე დაფუძნებული ხელოვნებიდან – მუსიკამდე, ბეჭდურ ნამუშევრებსა და კომპიუტერულ გრაფიკამდე, ნახატებიდან პოეზიამდე და კითხვით პერფორმანსებამდე. 

მისი პროექტები ხშირად იკვლევს სივრცის, ობიექტისა თუ მოვლენის ვიზუალურ და სოციო-კულტურულ ნარატივებს/მონათხრობებს, რომლებიც ძირითადად მატერიალურ და არამატერიალუარ რეალობებს შორის გადაადგილებისა თუ გაჭედილობის განცდას ეხმიანება. 

ანას ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია IMMATERIALS – პლატფორმა ვირტუალური დიზაინისა და CGI ქიმერასთვის – ბეი. 

 

ანა, ქართველმა დამთვალიერებელმა შენი ნამუშევარი ბოლოს გამოფენაზე Post.Digital.Dreams ნახა. ეს იყო ვიდეონამუშევარი Life of my ghost, სადაც შენ, შენს CGI პერსონაჟთან, ბეისთან ერთად ჩნდები.  მოგვიყევი ამ ნამუშევარზე და ბეიზე, ვინ არის ის და როგორ გაჩნდა? 

ბერლინში, სტუდიაში მუშაობის დროს გავაკეთე ბეის პირველი ჩანახატები, ინსპირაცია დელფინებზე ერთ-ერთი ძველი კვლევა იყო. გამიჩნდა აზრი, რომ სამყაროს მატერიალური და არა სპირიტუალური აღქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ადამიანებისათვის ხელებია. ხელებით ქმნის და ანადგურებს ადამიანი თავის გარემოს, ეკოსისტემას. მინდოდა წარმომედგინა უხელებო, შესაბამისად, უფრო უძლურ პოზიციაში მყოფი ჰომოსაპიენსის სახეობა, რომელმაც განზრახ მოიჭრა ხელები და ცდილობს წარმოიდგინოს ნაკლებად ძალადობრივი არსებობის გზები და სამყაროები.  ეს არსება ხელების არქონის გამო ცოტა შეცვლილიცაა, ის უფრო ეფემერულია, სულიერია და არამატერიალურ განცდებშია. 

ბეის შექმნა ფემინისტური კუთხიდანაც არის დატრიალებული. გერმანულ პატრიარქალურ არტ სივრცეში სრულიად მარტო მყოფი მართლაც უხელებოდ ვგრძნობდი თავს, როცა მას ვქმნიდი. ამიტომ აქვს ბეის ასეთი მელანქოლიური თვალები. ბეი მელანქოლიის შვილიცაა. 

რიკსის – ჩემი ვირტუალური ფეხსაცმლის – კოლექციის პირველი მოდელიც ბეი გახდა. მას შემდეგ იგი ვირტუალურ სივრცეებში, ღრუბლებში დაიარება. ჯერჯერობით იქ არის მისი ადგილი. Life of my ghost-ზე ბევრს აღარ ვიტყვი. ეს პროექტი არის დღევანდელი ახალგაზრდა ადამიანის ნახევრად ვირტუალურ ფაზაში არსებობაზე და მის ურთიერთობაზე ვირტუალურ ქიმერებთან, რომელთაც მოჩვენებებს ვეძახი. ეს ქიმერა  ჩემივე არსების ერთ-ერთი ვირტუალური ვერსია – ბეია. თემა ბევრად ვრცელია, უკავშირდება მარკ ფიშერის ტექსტებს.

 Life of My Ghost / ჩემი მოჩვენების ცხოვრება; ტრეილერი

 

 

 

ქართველ მაყურებელს ჯერ არ უნახავს შენი სადიპლომო ნამუშევარი “სად არის როზა”, სადაც მთავარ როლში მიტოვებული, მომღერალი ჯაკუზები არიან. მოგვიყევი ამ ნამუშევარზე და მისი შექმნის პროცესზე. 

ამ ნამუშევრის შექმნის პროცესი საინტერესო იყო, რადგან პირველად მოვახერხე საქართველოსა და გერმანიას შორის მუშაობა. გადაღებები თბილისში იყო, აქაურ ჯგუფთან ერთად, პოსტპროდუქცია კი – ბერლინში. 

ამ პატარა ფილმის შექმნაზე ბევრი წლის წინ დავიწყე ფიქრი, თეატრალური დადგმის გაკეთება მინდოდა თბილისის გარეუბანში, საწყობების სივრცეში, რადგან ადგილი ძალიან მომწონდა. გარაჟების ეს კომპლექსი საოცრად ინსპირაციულია თავისი ენიგმატური, მისტიკური, მიტოვებული მუზეუმის მსგავსი განწყობით,

მინდოდა ნამუშევარი გამეკეთებინა მიგრაციაზე, მსოფლიო ცენტრისა და პერიფერიის ურთიერთობაზე, დომინანტური კორპორაციების მიერ ადამიანური მუშახელის, რესურსების, პროდუქციის მოძრაობის ორკესტრირებულ ქორეოგრაფიაზე. როგორც ემიგრანტისთვის, ეს თემა ჩემთვის მუდამ აქტუალური იქნება.

ჯაკუზების სავაჭრო მაგისტრალებზე მოძრაობის კვლევამ მომცა საშუალება, რომ ამ თემას გვერდიდან შევხებოდი. როგორც უკვე შეამჩნევდით, მიყვარს მოჩვენებები – ფილმში მთხრობელები საგნები, ჯაკუზები არიან. ეს ფუფუნების უზარმაზარი ნივთები კიდევ უფრო აბსურდულად გამოიყურება ღარიბი ქვეყნის პერიფერიულ სივრცეში. 

მინდოდა ჩემი  თეორიული კვლევა უფრო დრამატულად, პერფორმაციულად და პოეტურად გადმომეცა, ამიტომ გადავწყვიტე მიუზიკლის მოდელის გამოყენება. ფილმის ტექსტსაც ის არტისტები კითხულობენ, რომლებიც თავადვე მუშაობენ ტექსტზე, პერფორმანსსა და საუნდზე.

 

Where is Rosa / სად არის როზა; ტრეილერი

 

ამ ფილმშიც, როგორც შენი ნამუშევრების უმეტესობაში,  საუნდი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გარდა იმისა, რომ ხშირად თანამშრომლობ სხვა კომპოზიტორებთან, როგორც ვიცი, შენ თვითონაც ქმნი მუსიკას.

მუსიკას მე თვითონ არ ვქმნი. ტექსტს ვწერ, დრამატურგიულ თანმიმდევრობას ვალაგებ, მელოდიებს ვიგონებ და მერე ვუღიღინებ ამ აბსტრაქტულ მელოდიებს და სიტყვებს კომპოზიტორს, რომელიც ამის მიხედვით ქმნის მუსიკას.

მიყვარს ტექსტი, პოეზია, წარმოთქმული სიტყვა – ამ ყველაფრის უფრო ემოციური გადმოცემა მუსიკით არის შესაძლებელი. ძველ ეპოქებში ლიტერატურულ ნაწარმოებს კითხვის ნაცვლად მღეროდნენ. როცა რაიმე მიწისშემძვრელად საინტერესო სიტყვებს წავიკითხავ, ინსტინქტურად მინდება, რომ ეს სიტყვები წარმოვთქვა და სამყაროში სიმღერად გაისმას. ამას თითქოს  ჯადოქრობასთანაც აქვს  მჭიდრო კავშირი. გარდა ამისა, მინდა ქალის ხმა, მისი სიტყვები, აზრები უფრო მეტად ისმოდეს. 

ამ მედიუმში მუშაობა ყოველნაირი გამოცდილების გარეშე იმიტომ გავბედე, რომ საერთოდ მედიუმებით არ ვიზღუდავ თავს. მთელი არსებით მაქვს იმის მოთხოვნილება, რომ ვცადო სხვადასხვა მედიუმი, ვიზუალი ა.შ.

 

შენს ნამუშევრებს, მიუხედავად იმისა, თუ რა მედიუმშია შესრულებული, ჩემთვის ყოველთვის ეფემერული ხასიათი დაჰყვება, თითქოს სადღაც რეალურსა და ვირტუალურ სივრცეებს შორის ხდება, სადაც მიტოვებული ჯაკუზები თავიანთ ცხოვრებაზე სირინოზებივით მღერიან, სადაც ბეი ცხოვრობს. რა ადგილია ეს? 

რამდენიმე წელია ორ ქალაქს შორის ვცხოვრობ. ჩემი ცხოვრება ორ სამყაროს შორის არის გაყოფილი, თითქოს დამეკარგა მატერიალური მიწა და მოჩვენებად ვიქეცი. 
გარდა ამისა, მეც, როგორც ბევრი ახალგაზრდა არტისტი, იძულებული ვარ ჩავერთო სოციალურ ქსელებში, რომ ვიპოვო პროექტები, სამუშაოები. მსოფლიოში საოცარი არეულობა, უსამართლობაა, ეს განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში გახდა აშკარა. ასეთ ვითარებაში ბევრ ადამიანს მენტალური პრობლემები აქვს. ახალგაზრდები, მათ შორის – მეც, არ გრძნობენ თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ.

ის სივრცე, ურთიერთობების ის ფორმები, რომელიც ჩემთვის ინსპირაციული, არაძალადობრივი და თავისუფალია, მხოლოდ ნაწყვეტებად ან ეფემერული სახით არსებობს ჯერჯერობით. ეს არის ის სივრცე, რომელიც შენ ახსენე. ჩემთვის ამ სივრცის წარმოსადგენად ფანტაზია მნიშვნელოვანია. ფანტაზიაზე, სურვილების ვირტუალურ, ტექსტუალურ ვიზუალიზაციაზე მუშაობა მეხმარება გავარკვიო, რა და როგორ მინდა  იყოს მატერიალურ სამყაროში. ჩემი მოჩვენების ცხოვრება ეხმიანება ფრაზას “დაკარგული მომავალი’’ (მარკ ფიშერის ტექსტიდან). ასე მგონია, ჩემი თაობა ორ სამყაროს  შორის იმყოფება და თითქოს ის მომავალი, რაც უნდა დამდგარიყო, ჯერ არ დამდგარა, თუმცა უკვე ოდნავ შევიგრძნობთ მას. 

CGI ფანტაზიის ვიზუალიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო მედიუმია, არაფრისგან ქმნი სამყაროს და გაქვს ექსპერიმენტების უკიდეგანო შესაძლებლობები. 

 

 

ძალიან საინტერესოა ვირტუალურისა და ფიზიკური რეალობის ურთიერთდამოკიდებულება და მათ შორის – ზღვრით თამაში. მით უმეტეს ახლა, როცა ხელოვნების დიდი ნაწილი ფიზიკურიდან/ხელშესახებიდან ვირტუალურ სამყაროში გადადის. შენი აზრით, რა შეიძლება შეცვალოს ამ მოცემულობამ ხელოვნებისთვის? 

ჩემი აზრით, ამ პროცესმა, როდესაც არტ პლატფორმების უმრავლესობა გლობალურად ვირტუალურ გამოფენებზე გადავიდა, შეიძლება შეასუსტოს არტ სცენის გეოგრაფიულ-ეკონომიკური, მანკიერი იერარქიები. 

შესაძლოა, ინტერნეტსივრცეს საბოლოოდ მიეცეს იმის საშუალება, რომ სულ მცირე პროცენტით მაინც აღასრულოს ის როლი საზოგადოებაში, რასაც ჰპირდებოდა ადამიანებს 2000-იანი წლების დასაწყისში. 

 

რა არის შენი გეგმები თბილისში? რაზე მუშაობ ახლა?

რამდენიმე ჩემ საყვარელ პროექტს ვამთავრებ, ვიდეო, CGI, პოეზია ონლაინსივრცეში დასადებად. ვიწყებ ახალი ნამუშევრების მომზადებას ორი გადადებული გამოფენისათვის, რომელიც ლონდონსა და ბერლინში იგეგმება შემოდგომაზე. ზურა ჯიშკარიანთან ერთად ვმუშაობ ჰაკიმ ბეის ქართულ თარგმანზე, აღმოვაჩინე რა საოცარია პროცესია თარგმნა. სანამ აქ ვარ, მინდა პერფორმაციული ელემენტები უფრო მეტად შემოვიტანო ჩემს ნამუშევრებში. ბევრი იდეა, სურვილი და ბუნდოვანი გეგმა მაქვს საქართველოში მუშაობასთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტულად დაგეგმილი ჯერ არაფერია. აპოკალიპსური სიტუაციის გამო ამ სურვილებზე საუბარი ჯერჯერობით არ ღირს. ვნახოთ როგორ განვითარდება  სიტუაცია კოვიდ-19-ის გარშემო და, შესაბამისად, მსოფლიო მოვლენები.

ბოლოსთვის შემოვინახე კითხვა, რომელიც მინდა რაც შეიძლება მეტ რესპონდენტს დავუსვა: რას ფიქრობ ქართულ სახელოვნებო სივრცეზე, რა მოგწონს და რა აკლია შენი აზრით?

ქართულ სახელოვნებო სივრცეში ასე ზედმიწევნით არ ვარ  ჩართული, შესაბამისად, ჩემი აზრი ნახევრად გარედან, ნახევრად შიგნიდან – დამკვირვებლის პოზიციიდან ფიქსირდება.

როგორც ვხედავ, დღესდღეობით საქართველოში რა ხელოვნებაც იქმნება,  დომინანტურად ესთეტიკური, ინტუიციური და უფრო დიზაინისაკენაა წასული. ეს ხელოვნება მე ინსპირაციას მაძლევს და ძალიან მომწონს, მაგრამ ერთგვაროვნება დიდი პრობლემაა. ძირითადად მსგავსი მედიუმები, ვიზუალები, კონტექსტები, კონცეფციები და აზრები მეორდება ნამუშევრებში. ესთეტიკური და ინტუიციური ხელოვნება ძალიან კარგია, მაგრამ საჭიროა არსებობდეს განსხვავებული მიდგომაც. 

არ არის შემთხვევითი, რომ  დღესდღეობით საქართველოში ბევრი წარმატებული დიზაინერია. ინსტაგრამიდან ვიზუალური ინფორმაციის მიღება მარტივია, თუმცა სოციალური მედიებიდან ასეთი სიმარტივით არ შემოდის სხვა ტიპის, თუნდაც თეორიული ინფორმაცია. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ ფასადურად, ბუტაფორიულად ვართ გლობალურ კონტექსტებთან, ხელოვნებასთან სინქრონში, როგორც “ეგზოტიკური” სახელოვნებო სივრცე. 

ცხადია, რომ პირველ რიგში  სოციალურ-ეკონომიკური და განათლების პრობლემები იწვევს სახელოვნებო (და არა მარტო) სივრცის ერთგვაროვნებას, მისი განვითარების შეფერხებას და მის ვაკუუმში მოქცევას. ვგრძნობ, რომ ქართულ სახელოვნებო სივრცეს აკლია ღიაობა, გულწრფელობა და ინტერესი განსხვავებული აზრებისადმი, ვიზუალებისადმი, კონტექსტებისადმი. 

კარგი იქნება კოლაბორაციები აქაურ ახალგაზრდა არტისტებსა და უცხოელ ახალგაზრდა ექსპერიმენტულ არტისტებს შორის. საჭიროა ასევე მეტი დისკუსია, ექსპერიმენტი და გამბედაობა. 

აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ სოლიდარობას ვუცხადებ მოძრაობას Black Lives Matter, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს დღევანდელი სამყაროს ტრანსფორმაციაში ჩვენი  უკეთესი მომავლისაკენ.

მეც  სიამოვნებით გიერთდები. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. 



 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.