You are fully accepted here – ინტერვიუ თამუსა ზარქუასთან
ავტორი: სანდრო ანჩაბაძე
თამუსა ზარქუა – ახალგაზრდა ხელოვანი – 1997 წელს დაიბადა. ის V[A]ADs-ის მესამე კურსის სტუდენტია და ძირითადად ინსტალაციებსა და ობიექტებზე მუშაობს.
უკვე ერთი წელია, რაც საერთო სახელოსნოში ერთმანეთის პარალელურად ვმუშაობთ. ამის გამო მისი სხვა კუთხით გაცნობის საშუალება მომეცა, რამაც საინტერესო დიალოგი გამართა ჩვენ შორის. ორივეს ერთნაირი ინტერესი გვაქვს მასალის მიმართ, მაგრამ განვსხვავდებით მუშაობის პროცესით, რის გამოც მასზე დაკვირვება ხშირად მაოცებს და მაბნევს. ამით უფრო საინტერესო ხდება მასთან ერთ სივრცეში ყოფნა და მისი ნამუშევრებიც განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს ჩემში.
ამ ინტერვიუში მინდა, რომ თქვენც გაგაცნოთ თამუსა, მისი მუშაობის პროცესი და, ამავდროულად, გაჩვენოთ მისი სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები.
როგორ მოხვედი ხელოვნებამდე? რამ გიბიძგა, რომ შენი ცხოვრება ხელოვნებასთან დაგეკავშირებინა?
ძალიან ადრე ფოტოების გადაღება დავიწყე, ფოტოგრაფიით დავინტერესდი, ახლა რომ ვიხსენებ, ვფიქრობ, გაუაზრებლად ვაკეთებდი ყველაფერს, ერთადერთი, რაც მძაფრად მახსოვს, არის ის, რომ გადაღებისას ვხვდებოდი, ის მდგომარეობა, რაც მუშაობის პროცესს მოჰქონდა, სრულიად ახალი იყო და ისეთი, როგორიც სხვაგან არსად მეგულებოდა. რაღაც მომენტში თავი დავანებე ფოტოგრაფიას და თიხა ვიყიდე. მოკლედ რომ ვთქვა, მთავარი იყო მუშაობის პროცესში დავრჩენილიყავი და მას შემდეგ ვცდილობ ეს შევინარჩუნო. ზოგადად, ვფიქრობ, რომ ჩემი ყველაზე კარგი ნამუშევრები ბავშვობის ნახატებია. ყველაზე ადრე ბავშვობაში მივდივართ ხელოვნებამდე ინსტინქტურად და მერე სადღაც ვკარგავთ.
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნამუშევარია შენი 1.9999…, რომელიც Oxygen-ზე შენს პერსონალურ ოთახში იყო გამოფენილი. ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ამ ინსტალაციის შექმნა შენთვის, როგორც ახალგაზრდა ხელოვანისთვის. მოგვიყევი ამ ნამუშევრის შესახებ და იმ პროცესზე, რომლის გავლაც მოგიწია მასზე მუშაობისას.
ეს გამოფენა ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოცდილება იყო ჩემთვის. საინტერესო აღმოჩნდა პერსონალურ სივრცეში მუშაობა, ეს პროცესი გეხმარება საკუთარ ნამუშევრებს გვერდიდან შეხედო, გაიაზრო მათი სივრცეში არსებობა და ის, როგორ კავშირში არიან ერთმანეთთან.
ოთახში წარმოდგენილი იყო ორი სხვადასხვა ნამუშევარი, თაბაშირის ქანდაკებები და სამედიცინო ლეიკოპლასტირით ერთმანეთთან გადაბმული ასფალტი, რომლებიც ერთი სათაურის ქვეშ გავაერთიანე – 1,9999… ორივე ნამუშევრისთვის საერთოა ჩემი ინტერესი ფორმების მიმართ. ფორმა არის მატერიალური საგნის აუცილებლობა, რომელიც შეიძლება უსასრულობამდე შეიცვალოს, უსასრულო სახე მიიღოს და უსაზღვროდ მრავალფეროვანი იყოს.
ამას ყველაზე კარგად სკულპტურების კეთებისას ვხვდებოდი, მაოცებდა ის, თუ სადამდე შემეძლო მიმეყვანა ფორმებით საგანი. რეალურად კი მატერია ძალიან განსაზღვრული ცნებაა. ნამუშევრების საერთო სათაური კი რაღაც ანალოგიაა ჩემთვის. 1,9999… არის ორ აბსოლუტურად განსაზღვრულ რიცხვს შორის არსებული უსასრულო სივრცე. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ 1-ის შემდეგ მოდის 2, შემდეგ 3… თუმცა, რეალურად, ყოველ რიცხვს შორის არსებობს უსასრულობა, ანუ ამ შემთხვევაში – 1,9999… და ვხვდებით, რომ 1-დან ვერასოდეს მივდივართ 2-მდე. ეს ის პარადოქსია, ის უსასრულობაა, რომელიც იქ არსებობს, სადაც არ უნდა არსებობდეს, ასევეა განსაზღვრული მატერიის განუსაზღვრელი ფორმაც. ეს პარადოქსი კი ჩემთვის ძალიან რომატიკულია.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ვცხოვრობ და ვმუშაობ და ის ძირითად შემთხვევაში იმპულსის მთავარი წყარო ხდება. შენ რა გაძლევს მუშობის იმპულსს? როგორი გარემო/განწყობა ახდენს გავლენას შენზე?
ამ მომენტში ყველაზე პროდუქტიული იმ სამუშაო გარემოში ვარ, რაც უნივერსიტეტში გვაქვს, ძალიან ბევრს ვსწავლობ ჩემხელა ადამიანებზე დაკვირვებისას. კარანტინის პერიოდში განსაკუთრებით მივხვდი ამას, გამიჭირდა სახელოსნოს გარეშე მუშაობა. უნივერსიტეტის დამთავრებისას აუცილებლად ვეცდები ისევ იგივენაირი გარემო შევიქმნა. საერთო სახელოსნოები ბევრ შესაძლებლობებს იძლევა, შეგიძლია ახლოდან დააკვირდე სხვა ადამიანის პროცესს, ასევე გეხმარება გვერდიდან შეხედო თავს.
ერთ-ერთი საინტერესო ნაწილი ჩემსა და შენს “გადაკვეთაში” არის მასალის სპეციფიკის მიმართ არსებული ინტერესი. ჩემთვის შენთან ერთ სივრცეში მუშაობის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი სწორედ დაკვირვებაა იმ ურთიერთობისა, რომელსაც შენ და მასალა ერთმანეთთან ამყარებთ. მოგვიყევი შენს ამ დამოკიდებულებაზე და ზოგადად, მუშაობის პროცესზე, რომელსაც ნამუშევრის შექმნისას გადიხარ?
მასალას ყველაზე არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩემს ნამუშევრებში. მასალიდან გამომდინარე ვიწყებ ფიქრს. ამ გზით თითქოს უფრო ახლოს ვეცნობი გარესამყაროს, უფრო ხელშესახებს ვხდი ჩემთვის. ყველა მასალას კარგად გააზრება სჭირდება, ისე უბრალოდ ვერ დაამყარებ მასთან ურთიერთობას. გააზრება სჭირდება მის სტრუქტურას, შინაარს, დანიშნულებას, ასევე იმას, თუ რა კავშირშია ის შენთან. ეს პროცესი თან შემეცნებითია ჩემთვის და თან შეგრძნება მაქვს, რომ ვეთამაშები გარემოს, სადაც ვარსებობ.
თვითონ მუშაობის პროცესი არის ის მთავარი რამ, რის გამოც ნამუშევრებს ვაკეთებ. პროდუქტი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის, რამდენადაც მასზე მუშაობა. პროცესი შეიძლება იყოს 1-წამიანი და შეიძლება თვეები გამიგრძელდეს. შეიძლება უბრალოდ გაუნძრევლად ვიჯდე სახელოსნოში, ან თუნდაც სხვა ადგილას, მაგრამ პროცესში ვიყო. ძალიან ბევრ რამეს ცხოვრებაში აბსურდულად აღვიქვამ – ეს არის ერთ-ერთი მომენტი, რომელიც არ არის აბსურდული. მუშაობის პროცესი და ზოგადად, ხელოვნება არის ხერხი, რომელიც საბედნიეროდ, ვიპოვე გათავისუფლებისთვის – როგორც ეს მე მესმის – სიმსუბუქისთვის. სხვა ადამიანს შეიძლება სხვა ხერხი ჰქონდეს ამისთვის. როდესაც წყალს ვუყურებ და მისი ხმა მესმის, ვაკვირდები მის მოძრავ, ცვალებად ბუნებას, ვიაზრებ, როგორ ჰარმონიაშია სამყაროს დინამიკასთან. სწორედ ასეთი ჰარმონიის შეგრძნება ახლავს თან იმ სიმსუბუქეს, რაც ასე მიზიდავს.
გუდრონის ნამუშევარი – ეს იყო მომენტი, როდესაც ყველაზე მეტად გამაოცე. შთამბეჭდავი იყო, როგორ მოახდინე გუდრონის, ერთი შეხედვით ძალიან მყარი მასის, დეკონსტუირება და სრულიად ახალი ფორმით წარმოდგენა ნამუშევარში. როგორ მიხვედი ამ მომენტამდე?
ბევრი დრო მაქვს გატარებული ჩემი სახლის სახურავზე, რომელიც, გუდრონით არის გადახურული. სწორედ მანდ გამიჩნდა პირველი იმპულსი ამ მასალის მიმართ. მომეწონა მისი სირბილე და აღვიქვი როგორც შენობაზე გადაფარებული ქსოვილი. გუდრონი ძალიან მრავალფეროვანი მასალაა, თან ჰგავს მყარ კრისტალს, ქვას, რომელზეც თითქოს მძიმე ხელსაწყოებით უნდა იმუშაო, თან დნება და ხდება სითხე. თავად სახურავი კი თავშესაფრის, დაცულობის სიმბოლოს წარმოადგენს ჩემთვის და უცნაური შეგრძნება მქონდა, როდესაც “სახურავი” (ანუ გუდრონი), რომელიც ასეთი “გარანტიების” მეტაფორაა, ჩემ თვალწინ დნებოდა და ხდებოდა თხელი მასა. ამ ნამუშევრიდან გამომდინარე სულ მეფიქრება, რომ უკვე კარგად გამყარებული იდეები ყოველთვის შესაძლებელია გადავიაზრო. ხანდახან ნამუშევრებს ტექსტებს ვუწერ ხოლმე, ისევ იმისთვის, რომ კარგად გავიაზრო რას ვაკეთებ. ამ ინსტალაციის ტექტის ერთ-ერთი ფრაზაა – “არასოდეს ვუმადლოდი ჩემს სახურავს, რომ მაცხოვრა აბსურდში, მაგრამ კარგად მაცხოვრა”.
ფორმის თვალსაზრისით, ძირითადად შენს ნამუშევრებს საერთო აქვთ სივრცული განლაგება, ძირითადად იატაკზე აკეთებ მათ ექსპოზიციას და ქმნი სამგანზომილებიან ზედაპირს, რაც თავისთავად საინტერესო ხასითს სძენს შენს შემოქმედებას. აქვს თუ არა ამას რაღაც კონკრეტული მიზეზი?
კონკრეტული მიზეზი აქვს თუ არა, ზუსტად ვერ ვიტყვი. მომწონს სივრცესთან მუშაობა, ზოგადად, მაოცებს ის სამი განზომილება, რომელშიც ვარსებობთ, ყოველთვის ვაკვირდები, როგორ აღვიქვამ მას და ეს განსხვავებული აღქმები ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ძირითადად 3D ნამუშევრებს ვაკეთებ, ვფიქრობ, ჩემი ტვინი ასე აზროვნებს. ჩემს ჩანახატებსაც სიბრტყედ კი არა, ობიექტებად და კონსტრუქციებად აღვიქვამ. მიუხედავად მათი აბსტრაქტულობისა, თამამად შემიძლია წარმოვიდგინო ჩემი ჩანახატები სივრცეში გაცოცხლებული.
რა სახით ეძებ რეფერენსებს. რას აკვირდები? რას უყურებ? როგორ ამუშავებ იმ ინფორმაციას, რასაც მოიძიებ?
რეფერენსებს ვეძებ როგორც ჩემს თავში, ისე გარეთ. ამ კითხვით ისევ მასალების თემას უნდა დავუბრუნდე, ძირითადად ასე ვიწყებ მუშაობას, რაღაც მასალა მიმიზიდავს, შემდეგ ვეძებ ინფორმაციას მის შესახებ, მის ისტორიას, როგორ გამოიყენება, რა სუბსტანციებში არსებობს და ეს ინფორმაცია ჩემთვის ყველაზე კარგი რეფერენსი ხდება, რაზეც შემიძლია ბევრი იდეა ავაგო, განვაზოგადო, აღვიქვა ისინი მეტაფორებად და ვიფიქრო მათზე როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობებით.
You are fully accepted here მკაფიოდ მახსოვს, როგორი მოულოდნელობის განცდა მქონდა, როდესაც ეს ნამუშევარი პირველად დავინახე. რაღაცნაირად მოახერხე, რომ არსებულ სივრცეში გააჩინე ახალი, შიდა განზომილება, რომელიც თან განყენებული იყო გარემოსგან, მაგრამ, ამავდროულად, შიგნით მითრევდა. მოგვიყევი ამ ნამუშევრის ისტორია.
ეს ნამუშევარი ძალიან სპონტანურად გავაკეთე, რომ ვუყურებ, მეღიმება. გამოყენებულ რეზინებს, ალბათ ყველა შევხვედრივართ, ძირითადად უფერული “შესაკრავის” ფუნქციით. ამ დროს თითქოს ყველას გამოგვრჩა მისი ფერი, გამჭვირვალობა და ის წელვადობა, რომელიც მას რაღაც დამახასიათებელ ველურ ბუნებას სძენს. როდესაც ვყიდულობდი, გამყიდველმა დამიკონკრეტა, ფულის რეზინები გინდაო? ამ სახელზე ახლაც მეცინება იმის კონტრასტში, თუ როგორ აღვიქვამ თავად ნამუშევარს. ნამუშევარი მიქმნის ისეთი აბსტრაქტულობის შეგრძნებას, სადაც არ არის მორალი, არ არის მნიშვნელობები კარგის, ცუდის, ასევე არ არის მიმართულებები, მარჯვენა, მარცხენა, არ არის საგნობრიობა და ა.შ. ასეთ “სივრცეში” კი მგონია, რომ ბოლომდე მიღებული ვარ და ჩემ თავს ვეუბნები: You are fully accepted here.
რა გზით ცდილობ, რომ მუშაობის პროცესი არ შეაჩერო?
მუშაობის პროცესში ბევრ დაბრკოლებას ვხვდები, და ძალიან მაფორიაქებს ხშირ შემთხვევაში. საბედნიეროდ, ვაადსში ძალიან კარგი სახელოსნოები გვაქვს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ მომეტში ჩემთვის, სივრცის გარეშე, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან გამიჭირდა კარანტინის პერიოდში მუშაობა. ხშირად ვაძალებ ჩემ თავს მუშაობას, და მერე თავისით მოდის ის ენერგია, რაც რეალურად მჭირდება. მთავარია, სულ ჩართული ვიყო პროცესში, ეს აუცილებლად რაიმე პროდუქტით ხშირად არ მთავრდება, ყოფილა პერიოდები, რომ უბრალოდ ცემენტს ვზილავდი და ნამუშევარი არ გამიკეთებია, მაგრამ ესეთი მომენტები როდესმე მაინც გამოიღებს შედეგს.
ბოლო პერიოდში ცვილის ათვისება დაიწყე. რა სიახლე შემოიტანა ამ მასალამ შენს მუშაობაში?
ძალიან საინტერესო მასაა ცვილი. თავიდან, პირველი ინსტალაცია რაც გავაკეთე, მასალის გასაგებად სავარჯიშოსავით, მოთელვასავით იყო. მეორე ნამუშევარში, “გამოუყენებელ ხმლებში” კი მგონია, რომ უფრო კარგად მაქვს გააზრებული. ცვილი ამ ნამუშევარში ქმნის ერთგვარ სრიალა ბარიერს თავისი ცხიმიანი სტრუქტურიდან გამომდინარე, ბარიერს უქმნის “ხმლებს”, ანუ აგრესიას, შეჯიბრს და რაც მთავარია ძალაუფლებას. “გამოუყენებელი ხმლები” კი ვერ მოძრაობენ, ვერ ასრულებენ თავიანთ ფუნქციას, არიან თანაბარნი და ასე უმოძრაო მდგომარეობაში დარჩებიან ჩემთვის.
არის თუ არა რაიმე სხვა მედიუმი, რომელშიც მუშაობას გეგმავ?
ვგეგმავ მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ დამაინტერესა ვიდეოხელოვნებამ. ლექციების დროს გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს აქ გაჩვენებთ – Barbie adventures. კადრებში მთავარ გმირად ვხედავთ სათამაშო ცხენს, რომელსაც თავისი ნერვიული და ამავდროულად, სასაცილო მოძრაობების გამო ადამიანთან ვაიგივებ. ვიდეოში ის გაუჩერებლად დადის, თითქოს რაღაცას ეძებს უშედეგოდ, რაღაცას ცდილობს უშედეგოდ. მისი შემხედვარე თან მეცინება და თან თანავუგრძნობ. ეს ჩემგან ერთგვარი ირონიული დამოკიდებულებაა იმ აბსურდის მიმართ, რომლითაც სავსეა ადამიანური ცხოვრება.
როგორ აკავშირებ სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრებს ერთმანეთთან?
ვფიქრობ, ჩემი ყველა ნამუშევარი ერთმანეთთან რაღაც მხრივ კავშირშია. ჯერჯერობით მაქვს შეგრძნება, რომ ვარ გრძელვადიან, უწყვეტ პროცესში,რომელიც არის დინამიკური, არ დგას ერთ ადგილას და რომელსაც ახალ-ახალი გამოცდილებები ემატება. ძირითად განსხვავებებს ჩანახატებში ვხედავ ხოლმე. არის ბევრი ძველი ნამუშევარი, რომელიც უკვე თითქოს ჩემგან შორს დგას და ვფიქრობ, ეს მომენტი მეხმარება განვითარებაში.
როგორც ხელოვანს, გაქვს თუ არა კონკრეტული მიზანი?
პირველ რიგში, ვფიქრობ, რომ ჯერ დამწყები ვარ. ძალიან ბევრი მუშაობა მჭირდება ჩემს თავთან. მთავარი მიზანია გავაგრძელო მუშაობა და ვიყო ყოველთვის ჩართული პროცესში. ეს პროცესი კი ძალიან ბევრ რამეს მოიცავს თავის თავში. და როგორც დასაწყისში ვახსენე, ჩემი ბავშვობის ნახატებზე, მინდა უკვე გააზრებულად მივიდე იმ მდგომარეობამდე, რაც ბავშვებს აქვთ, ხატვის და თამაშის დროს.
ინტერვიუს ბოლოს გაჩვენებთ ნამუშევრებს, რომლებზე საუბარიც ვერ მოვახერხეთ.