fbpx

Wall2Wall – ინტერვიუ სანდრო ანჩაბაძესთან


გააზიარე სტატია

ავტორი: თამუსა ზარქუა

 

სანდრო ანჩაბაძე  ახალგაზრდა ხელოვანია, დაიბადა 1999 წელს და 2017 წლიდან სწავლობს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, დიზაინისა და არქიტექტურის სკოლაში (V[A]ADs). სანდროს ვაადსში ჩაბარებამდეც ვიცნობდი, თუმცა საერთო სამუშაო გარემომ, საერთო სახელოსნომ სულ სხვა მხრიდან გამაცნო ის. 

საინტერესო იყო ისეთი ახალი გამოწვევის ერთად მიღება, როგორიც უნივერსიტეტში სწავლა და საერთო სახელოსნოების მორგება და მუშაობაა. სახელოსნო რადიკალურად განსხვავებული კომუნიკაციის სივრცე ხდება, სადაც სხვაზე დაკვირვებით ბევრი რამის სწავლაა შესაძლებელი. სწორედ ასეთი გამოცდილება გვაქვს მე და სანდროს საერთო მუშაობის პროცესიდან. 

სანდრო ძირითადად  ობიექტებსა და ინსტალაციებზე მუშაობს. მისი ნამუშევრები განსაკუთრებული თავისუფლების შეგრძნებას მიჩენს. შეიძლება თავად პროცესის დაკვირვებიდანაც გამომდინარეობდეს ჩემი დამოკიდებულებები. ჩემთვის ძალიან საინტერესოა მისი მიდგომა მუშაობის პროცესის მიმართ, რომელიც მარტივად რომ დავახასიათო, ძალიან ლაღია. მისი ასეთი ენერგია კი ყოველთვის კარგად აისახება ჩემზეც. კარგია, თუ თქვენც გაიცნობთ მას და მის ნამუშევრებს.

 

პირველ რიგში, როგორ იპოვნე შენი თავი ხელოვნებაში?  როგორ გაიაზრე, რომ ამ საქმის კეთება გინდა?

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დრო დავუთმე  საკუთარ ინტერესებში გარკვევას, ხელოვნება ყოველთვის მაინტერესებდა. სკოლის დაწყებითი კლასები ბუნდოვნად მახსენდება, მაგრამ მკაფიოდ მაგონდება ხელოვნების პირველი გაკვეთილები და სახელოსნო, სადაც პირველად აღმოვაჩინე საბავშვო თიხა, რომლისგანაც ყოველ გაკვეთილზე ცხოველებს ვძერწავდი. ალბათ, ეგ იყო ჩემი პირველი ნაბიჯები ხელოვნებაში.

ზუსტად ვერ გიპასუხებ, როგორ გავიაზრე ის, რომ ამ საქმის კეთება მინდოდა. უბრალოდ ვხვდები, რომ მაქვს სურვილი და ლტოლვა, რომ რაღაც შევქმნა. რაღაცის შექმნამდე გავლილი გზა კი ზოგჯერ ახალ აზრებს მიჩენს, ზოგჯერ უბრალოდ მავარჯიშებს და არსებულს მივითარებს. ცხოვრების ამ ეტაპზე ვხვდები, რომ ნამუშევრების კეთება არის ის, რაც მამოძრავებს და სხვადასხვა მიმართულებებს მაძლევს, რომ წინ წავიდე.  

ჩემთვის  საინტერესოა შენს სამუშაო პროცესზე დაკვირვება, ხშირად მიქმნის სპონტანურობის განცდას, რაც უფრო საინტერესოს ხდის  ნამუშევრებს. გვესაუბრე ამაზე, ამ პროცესზე და ზოგადად, მის მნიშვნელობაზე შენთვის?

როდესაც სახელოსნოში შევდივარ, ხშირად არ მაქვს კონკრეტული მიზანი, მაქვს სურვილი, რაღაც გავაკეთო. მუშაობის პროცესში აღმოჩენილი სიახლეები მთლიანობის სწორედ ის ნაწილია, რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ძირითადად, სპონტანურად ვმუშაობ და ინსტინქტებს ვაძლევ უფლებას მმართონ მუშაობის პროცესში, რაც ხშირ შემთხვევაში ისეთ ელემენტებსა და სიახლეებს აღმომაჩენინებს, რომლებიც სრულიად მიცვლიან დამოკიდებულებებს. რაც უფრო მეტად შევყვები დინებას, მით უფრო მეტის გაკეთების სურვილი მიჩნდება. გარდა ამისა, მუშაობის დროს ვერ ვჩერდები ერთ ადგილას და სხეული ყოველთვის მოძრაობისკენ მიბიძგებს, რაც ხშირად იმის მიზეზიც ხდება, რომ ერთდროულად რამდენიმე საქმეს ვეკიდები. მთლიანობაში უსასრულო პროცესია, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ნამუშევრებსაც აღვიქვამ, როგორც ამ გრძელი ხაზის კონკრეტულ მონაკვეთებს, რომლებიც თვითაღმოჩენის სხვადასხვა ეტაპებია. 

სახელოსნოში შენზე დაკვირვებისას მქონია გაოცების, მოულოდნელობის  შეგრძნება იმის გამო, თუ საიდან იწყებ, რა მიმართულებით მიგყავს ნამუშევარი და ბოლოს რით ასრულებ მას.  როგორ გადიხარ ამ გზას?

ძირითადად, მასალასთან ურთიერთობით იწყება და მასთან სპონტანურ თამაშში შევდივარ, რაც საბოლოოდ რაღაც ფორმად ყალიბდება. შეიძლება ეს იყოს ჩანახატი, ან ჩანაწერი ტელეფონში, რაზეც ფიქრს ვიწყებ. ხშირად არც არაფერია და გზის გაგრძელებას მასალის სპეციფიკა და გარემოება მკარნახობს.

ძირითადად, კედელი არის ჩემი ტილო, სადაც სხვადასხვა ობიექტებსა და მასალებს ვაკვირდები. ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა შენთან ერთ სივრცეში მუშაობაც, რადგან შენი კონცენტრაცია, ძირითადად, იატაკისკენ არის მიმართული. ზოგჯერ რთულია ჩვენს სახელოსნოში შემოსვლაც კი, რადგან ყველგან რაღაც დევს და კიდია.

დასრულების მომენტი ყოველთვის განსხვავებულია. შეიძლება უცებ შევწყვიტო მუშაობა და ნამუშევარი დავტოვო იქ, სადაც არის და რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდე, რომ ის დასრულებულია. 

ასეთი სახის მუშაობით ორმხრივი პროცესი ყალიბდება. როგორც მე ვქმნი ნამუშევრებს, საპირისპიროდ – ისინიც მონაწილეობენ ჩემს ჩამოყალიბებაში.  ძალიან აბსტრაქტულ ავტობიოგრაფიასავით არის, რომელიც ჩემს სვლასთან ერთად იწერება.

გვესაუბრე ნამუშევარ “X-ის” შესახებ, რომელიც oxygen tbilisi nofair-ზე წარმოადგინე 2019 წელს. მახსოვს, როდესაც პირველად ამ ნამუშევრის ჩანახატი მაჩვენე ინსტალაციის სახით,  მან თითქოს სულ სხვა სახე მიიღო. როგორ შეძელი მისი ასეთი სახით სივრცეში გადმოტანა?

ამ ნამუშევართან ერთად ძალიან საინტერესო გზა გავიარე. “X” გავაკეთე მაშინ, როდესაც ჩემი ლექტორი იყო ნინო ქვრივიშვილი. ნინო ძალიან დამეხმარა და უფრო მეტად გამხსნა სამუშაო პროცესში. მისი რჩევით დავიწყე სკეჩებზე მუშაობა, რასაც ადრე არ ვაკეთებდი. იმ პერიოდში დავინტერესდი ქორეოგრაფიითა და ზოგადად, მოძრაობით, როგორც ხელოვნების ფორმით და დავიწყე ჩანახატების კეთება. ამავდროულად, ხელში ჩამივარდა  სხვადასხვა ეპოქის სიმბოლოებისა და რიტუალების ფრანგული წიგნი, რომელშიც ენის არცოდნის გამო ვერაფერს ვიგებდი, მაგრამ გამოსახულებები იმდენად მხიბლავდნენ, რომ სურათებით დავიწყე მათი კითხვა. რაღაცნაირად ეს ორი რამ ერთმანეთში გაერთიანდა და ჩემს ჩანახატებში აღმოჩნდნენ ამ წიგნში არსებული სხვადასხვა ფორმები. 

ამ ნამუშევრის განვითარებას სამ ეტაპად აღვიქვამ: პირველი იყო ჩანახატი, შემდეგ სახელოსნოში მისი ინსტალაციის სახით გადმოტანა და ბოლოს საგამოფენო სივრცეში ექსპოზიცია. თვითონ ნამუშევარი სივრცეში მოძრაობის ერთგვარი სიმბოლური გამოსახულება და მოძრაობის გამოკვლევაა.

ჩემთვის მოძრაობა ასოცირდება სივრცეში ეფემერულ მოვლენასთან, რომელიც დროის კონკრეტულ მონაკვეთში ხორციელდება, შემდეგ კი ქრება, მაგრამ რჩება წარმოსახვაში. ინსტალაციაც სწორედ ასეთია, ბამბის უწყვეტი ძაფი, რომელიც კედელში ჩაჭედილ წვრილ ლურსმნებზე გადახვევით ქმნის გამოსახულებას, დროებითია და ერთადერთი რამ, რაც მისგან დამრჩა, არის ფოტოდოკუმენტაცია, როგორც მოგონება.

საინტერესოა შენ მიერ არჩეული მასალები და ის, თუ როგორი სახით გვაჩვენებ მას. მაგალითად, ბიაზი, რომელიც უნივერსიტეტში ხშირად სახატავ სიბრტყედ  გამოიყენება, შენ მისი ობიექტად გამოყენება დაიწყე. გვესაუბრე ამის შესახებ.

როდესაც სტუდენტი ხარ და არ გაქვს შენი შემოსავალი, ყოველთვის ეძებ იაფფასიან მასალას ნამუშევრების შესაქმნელად. ბიაზი ამ თვალსაზრისით ძალიან კომფორტულია. გარდა ამისა, ხშირად შემიმჩნევია, როგორ აგდებდნენ ნაგავში სხვა სტუდენტები ბიაზისგან შემორჩენილ პატარა  ნაგლეჯებს. დავიწყე მათი შეგროვება და გადაკერებით ვცდილობდი ერთი მთლიანი სიბრტყის შექმნას. საბოლოოდ, იმ ეტაპამდე მივედი, რომ ეს სიბრტყე ობიექტად ვაქციე, რაც თავისთავად საინტერესო განვითარება იყო ჩემთვის. ასეთი ექსპერიმენტები მეხმარება განსხვავებული პოტენციალების აღმოჩენასა და შემდგომ საფეხურებზე მათ გამოყენებაში.

მოგვიყევი  FoundBound-ის შესახებ, რომელიც 2019 წელს Window Project-ში ჯგუფური გამოფენა „სულახალია2“-ის  ნაწილი იყო. გვესაუბრე იმ პროცესზე, რაც ამ ნამუშევრის კეთებისას  გაიარე.

ამ ნამუშევრის შექმნა დაემთხვა ისეთ პერიოდს, როდესაც სახელოსნოში მუშაობა გამიჭირდა. დიდი ხანი ვიყავი გაჭედილი ერთ ადგილას და წინ ვერ მივდიოდი. არაფრის კეთებას ვამჯობინე გამოუყენებელი მასალა, რომელიც ოთახში დიდი ხანი მეგდო და ვერ ვიყენებდი, უბრალოდ ძაფით ერთმანეთთან დამეკავშირებინა. გადაკერების პროცესი არ მოითხოვდა ფიქრს, უბრალოდ რიტმს მივყვებოდი და ვერთობოდი. ხელის ასეთ მოძრაობა ცეკვას დაემსგავსა. ნამუშევარიც ცეკვის გეგმას მაგონებს, სადაც ძაფით სხვადასხვა მიმართულებები და მოძრაობებია ნაჩვენები. 

 

რა გავლენა იქონია შენზე უნივერსიტეტმა?   როგორი გამოცდილებაა საერთო სახელოსნოებში მუშაობა?

ამ თემაზე ვფიქრობდი კარანტინის პერიოდში, რადგან უფრო ნათლად დავინახე, როგორი პრივილეგირებული ვარ, რომ მაქვს სახელოსნო, სადაც შემიძლია უამრავი ადამიანისგან სხვადასხვა კრიტიკა და აზრი მოვისმინო. გარდა ამისა, საუკეთესო ლექტორებთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებიც ძალიან ბევრს გვაძლევენ და გვასწავლიან. ყველაზე საოცარი გრძნობაა, როდესაც სახელოსნოებში შევდივარ და ცოცხალ ენერგიას ვგრძნობ. ეგრევე გიპყრობს იმის სურვილი, რომ შენც იმუშაო და აჰყვე იმ რიტმს, რომელიც უწყვეტად გრძელდება. 

 

შენი ნამუშევრები ხშირ შემთხვევაში სივრცესთან ახლო ურთიერთობაშია და თანაც სივრციდან გამომდინარეცაა. ამისი კარგი მაგალითია შენი ბადე, რომელიც თან ინტერაქციულია. მთლიანი სივრცის თითქოს ახალ ნაწილად, ცალკე არსებულ სივრცედ იკვეთება. გვესაუბრე ამ ნამუშევარზე და ზოგადად, სივრცესთან მუშაობაზე.

ბოლო პერიოდში ჩემი ნამუშევრებისა და სივრცის ურთიერთქმედება რაღაცნაირად წამყვანი ელემენტი გახდა. ამის მიზეზად ჩემი კონცენტრაციაც შეიძლება დავასახელო. უნივერსიტეტში სახელოსნოში მუშაობის გარდა ვსწავლობ ინტერიერის დიზაინს, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემს ნამუშევრებზე. ვთვლი, რომ ამ განხრამ სივრცის უფრო კარგად წაკითხვა მასწავლა. ამასთან, ხშირად მქონია ისეთი გამოცდილება, როდესაც ნამუშევარი სივრციდან გამომდინარე შემიცვლია, რაც ახალ საინტერესო კონტექსტებს აჩენდა ჩემთვის. ამიტომ მუშაობის დროს ხშირად ვფიქრობ ნამუშევრისა და სივრცის ინტერაქციაზე და ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობ გარემოს, სადაც ნამუშევარი უნდა განთავსდეს. 

რაც შეეხება ჩემს ბოლო ნამუშევარს, რომელიც სამშენებლო ბადისგან შექმნილი ინსტალაციაა, ნამდვილად სივრცის ერთგვარი კვლევაა. თავიდან, როდესაც პირველად მოვიტანე ეს მასალა სახელოსნოში, მახსოვს, პირდაპირ ჭერიდან დავკიდე ზუსტად იმ ფორმით, როგორიც ფოტოზეა წარმოდგენილი. არანაირი კონკრეტული მიზნით, უბრალოდ მინდოდა მასალის შესწავლა. ამ ფორმით სახელოსნოში დამოუკიდებელ სივრცედ, ოთახად აღვიქვი. ახალი გარემო და განწყობა გაჩნდა, რომელიც განსაკუთრებულად პირადული იყო. ბევრი ასოციაცია გამიჩნდა. მასალა ძალიან ჰგავს სათევზაო ბადეს, რაც ზღვასა და სანაპიროს მახსენებს. ეს ასოციაცია დავუკავშირე ჩემი ოჯახის ისტორიებს აფხაზეთზე, რომელსაც მთელი ბავშვობა ვუსმენდი.

 

რა არის შენთვის ყველაზე მეტად დამაბრკოლებელი  მუშაობისას და როგორ ებრძვი ამ დაბრკოლებას.

ყველა დიდი დისკომფორტი ჩემთვის უძრაობაა. ეს პერიოდი ნამდვილად რთული დასაძლევია. სახლში დავკარგე ის ძალა და დინამიკა, რაც სახელოსნოში მაქვს, როდესაც თავისუფლად ვმუშაობ და არ ვარ გამოკეტილი ერთ სივრცეში. ასეთ დროს ვცდილობ, რომ რამე ახალზე გადავერთო. ეს შეიძლება საერთოდ არ იყოს დაკავშირებული ხელოვნებასთან, მაგრამ ჰქონდეს სიახლე, რაც გამიჩენს იმპულსს, რომ რაღაცას მოვეკიდო. ამ პერიოდშიც ვეცადე სიახლე შემომეტანა და აკვარელში ხატვა დავიწყე, რაც დამეხმარა პროცესის აღდგენაში და ახალი ენერგიითა და იდეებით ამავსო.

მახსოვს Wall2Wall-ზე რომ მუშაობდი, თუმცა მისი სათაურის გაგებისას თითქოს სხვანაირად აღვიქვი ის. გვესაუბრე ამ ნამუშევრის შესახებ

სახელოსნოში ინსტინქტურად მუშაობისას მუყაოს დიდი ფორმატების ზედაპირებს ცემენტით ვფარავდი და შემდეგ კედელზე ვკიდებდი. რამდენიმე კვირა ასე, ხელშეუხებად ეკიდნენ, ვერ ვხდებოდი რატომ იწვევდნენ ჩემში ინტერესს ეს ობიექტები. თუმცა მალევე მივხვდი, რომ ისინი მაგონებენ ჩემი საძინებლის კედელს, რომელიც სახურავზე დაგროვებული წვიმის წყლისგანაა დაზიანებული.  

ინტუიციური მუშაობის შემდგომში გააზრებამ და ამ ორი ზედაპირის კედელთან დაკავშირებამ დამასრულებინა ნამუშევარი. სახელიც Wall2Wall, როგორც კედლის რეპლიკა კედელზე, მოგვიანებით დავარქვი.

რა მნიშვნელობა აქვს  შენთვის   გამოფენაზე მუშაობის პროცესს, ექსპოზიციის აწყობას, რომელიც ხშირად ჯგუფურ მუშაობას გულისხმობს. ამის ერთ-ერთ მაგალითად გაიხსენე “და კავშირი”  და გვესაუბრე შენს წარმოდგენილ ნამუშევარზე.

ძალიან ბევრი რამ მაქვს მიღებული მსგავსი გამოცდილებებიდან. გარდა იმისა, რომ ჩემს ნამუშევარს უფრო ფართო ჭრილში აღვიქვამ, ამასთან ერთად უერთიერთობას ვამყარებ სხვა ხელოვანებთან და მათ აზრებსა და დამოკიდებულებებს ვეცნობი.

 “და კავშირის” შემთხვევაში, ჩემთვის ცალკე ნამუშევრებს იმდენად დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდათ, როგორც თვითონ გამოფენას, როგორც ერთობას. გაჩნდა ახალი კონტექსტი ისეთ ადგილას, სადაც წლების მანძილზე ნაგვით გავსებული ოთახების გარდა სხვა არაფერი არ იყო. ამ გამოფენამ ჩემში ახალი ენერგია და მუხტი გააჩინა, რომლის კვალსაც დღესაც ვხედავ ჩემს მუშაობაში.

თვითონ სივრცე საკმაოდ დატვირთული იყო ინფორმაციით და ჩემთვისაც საინტერესო გახდა მასთან ინტერაქცია. შენობაში უამრავი ფანჯრის გამო, გარშემო არსებული ხეებიც ნაწილი ხდებოდა ამ მთლიანი სისტემისა, რაც ჩემი ნამუშევრის შთაგონების წყარო გახდა. ინტერიერში შემოჭრილი გა-ობიექტ-ებული ხე.  

რას აკვირდები, რა არის შენი შთაგონების საწყისი? 

ბევრი განსხვავებული რაღაცისგან ვიღებ იმპულსებს და ინფორმაციებს, რაც ილექება ჩემს გონებაში და შემდეგ “წაკითხვადი” ხდება ნამუშევრებში. ვაკვირდები ყველაფერს – ყოველთვის და ყველგან. 

როგორც შთაგონების წყარო, ის, რაც რაღაცის გაკეთებისკენ მიბიძგებს, ჩემთვის მოძრაობაა. ფიქრის დროსაც ყოველთვის დავდივარ და ყველაზე მეტი იდეა, აზრი, ან თუნდაც სურვილი ქუჩაში სეირნობის დროს გამჩენია. ასევე ყოველთვის ვაკეთებ პატარა ჩანაწერებს და ჩანახატებს ტელეფონში, როდესაც რაიმე აზრი, ობიექტი ან ფაქტი მომეწონება. განსაკუთრებული ინტერესი მაქვს მზის მიმართ და ხშირად ყოფილა ის რაღაცის საწყისი ჩემთვის. სწორედ ამაიტომ ხშირად ვუღებ ფოტოებს, რაც უსასრულო სერიას დაემსგავსა.

 

როდესაც უკვე შენს დასრულებულ ნამუშევრებს უყურებ და აკვირდები წლების განმავლობაში დაგროვებულ გამოცდილებას, როგორ ფიქრობ, როგორი განვითარების გზაზე ხარ? არის ნამუშევრებში რაიმე დასრულებული პროცესი, რომელსაც გამოყოფდი, ან რაიმე კონკრეტული სპეციფიკური თანამიმდევრობა?

რეალურად, ამ მთლიან გზას, ზუსტად გზის ფორმის სტრუქტურად აღვიქვამ, რომელიც უსასრულოდ გრძელდება და ვითარდება. როგორც უკვე ვახსენე, ნამუშევრებიც ამ წრფის სხვადასხვა მონაკვეთებია. სხვადასხვა პროცესებიც, რომლის გავლაც მომიწია, ერთი შეხედვით დასრულებულია, მაგრამ მაინც ნაწილია ამ ცოცხალი დინამიკური სვლის, რომელსაც ყოველდღიურად გავდივარ და განვიცდი. ამიტომ სიტყვა დასრულებულს ყოველთვის ვერიდები, რადგან ვთვლი, რომ ფიქრი არ დამისრულებია იმ კითხვებზეც კი, რომლებზეც ერთი შეხედვით პასუხები ვიპოვე. შეიძლება ვერასდროს მივაღწიო იმ საბოლოო წერტილამდე, მაგრამ ჩემი მიზანი უფრო ამ მრავალფეროვან პროცესში ყოფნა და მისგან რაღაც სიახლის მიღება და განვითარებაა. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.