fbpx

ყველაფერი გველებზე – ბიოლოგ ვასილ გაბუნიას რჩევები


გააზიარე სტატია



ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც გველთან კონტაქტი მოსწონს – საზოგადოებაში ოპიდიოფობიაა გავრცელებული, რაც გველების შიშს ნიშნავს, ეს კი შესაძლოა ჩვენი გენეტიკური მახსოვრობითაც იყოს განპირობებული. ხშირად ამ ქვეწარმავალს “უხსენებლადაც” მოვიხსენიებთ, მაგრამ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: არის თუ არა რეალურად გველი ასეთი საშიში და როგორ უნდა მოვიქცეთ მასთან? ამ საკითხზე AT.ge ბიოლოგ ვასილ გაბუნიას ესაუბრა.

 

რატომ არიან გველები ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი და რა სარგებლობა მოაქვთ მათ? 

ნებისმიერი ცხოველი, ქვეწარმავალი იქნება ეს, თევზი თუ მწერი, არა მხოლოდ ბიომრავალფეროვნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ყოველ მათგანს თავისი ადგილი აქვს  მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ეკოსისტემის მწყობრად “მუშაობისთვის”. 

ამ სისტემიდან ერთი კომპონენტის გაქრობა ან შემცირება იგივე შედეგის მომტანია, კომპიუტერიდან ან საათიდან ჩვენთვის ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი რომ ამოვიღოთ. ზუსტად ასე “ფუჭდება” ეს სისტემაც. მაგ., გველების შემთხვევაში – გიურზა, რომელიც შიშის ზარს სცემს ადამიანს, ჩვენი აგრარული რეგიონებისთვის უზარმაზარი სათაგურის ფუნქციას ასრულებს. იგი იმდენად დიდი რაოდენობით  მღრღნელებს ანადგურებს, რომ არა ეს გველი, ჩვენ მოსავლის 25-30%-ს დავკარგავდით. 

რაც შეეხება სხვა გველებს, საქართველოში  მათი დაახლოებით 27 სახეობაა ცნობილი. ეს ამ პატარა ტერიტორიისთვის ძალიან ბევრია. მაგ., უზარმაზარი გერმანიის ტერიტორიაზე მხოლოდ 6 სახეობის გველი ბინადრობს. აღსანიშნავია ისიც, რომ გველების ჩვენთან გავრცელებული სახეობების 70-85% მხოლოდ კავკასიის ტერიტორიაზე გვხვდება და მათ დიდ ნაწილს საერთაშორისო გარემოსდაცვითი კანონმდებლობა იცავს. 

რაც შეეხება სამეცნიერო ტურიზმს – გარდა იმისა, რომ მსოფლიოს უამრავი მეცნიერია დაინტერესებული ჩვენი ფაუნის შესწავლით, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უბრალოდ აინტერესებთ ველურ ბუნებაში ამ ცხოველებზე დაკვირვება. ეს ის ტურისტები არიან, რომლებიც არა 1 ან 2 დღით, არამედ მინიმუმ 1-2 კვირით ჩამოდიან – ისინი ჩვენი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზატორებიც არიან.  გარდა ამისა, ეს ადამიანები საკმაო რაოდენობის ფულს ტოვებენ ისეთ ადგილებში, სადაც ჩვეულებრივი ტურისტები არ დადიან – მაღალი მთა, უდაბნოები და სხვა უკაცრიელი ადგილები.  

 

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გველს დავინახავთ? 

გველის დანახვის შემთხვევაში ვიქცევით ისე, როგორც უნდა მოვიქცეთ ნებისმიერ ველურ ცხოველთან შეხვედრისას. მაქსიმალურად უნდა ვუფრთხილდეთ, შევინარჩუნოთ დისტანცია და ნელ-ნელა გავეცალოთ. გველებს სუსტი მხედველობა აქვთ და ისინი ნელა მოძრავ საგანს საფრთხედ არ აღიქვამენ. უნდა გვახსოვდეს, რომ კუთხეში მიმწყვდეული, ერთი შეხედვით უწყინარი, ნებისმიერი ცხოველი თავდაცვიდან თავდასხმაზე გადადის. აბა სცადეთ და ხელში დაიჭირეთ თუნდაც ბეღურა და ნახავთ, თუ როგორ მტკივნეულად იკბინება. მოვერიდოთ ცხოველებს! ამით თავიდან ავიცილებთ საშიშროებას და ცხოველიც უვნებლად გააგრძელებს გზას.

 

რა უნდა ვქნათ, რომ გველები ჩვენს საცხოვრებელ ადგილას არ მოვიზიდოთ?

პირველ რიგში, დავიცვათ სისუფთავე ეზოში, რათა მღრღნელების გავრცელება თავიდან ავირიდოთ. თუ გველს მაინც შეამჩნევთ, არავითარ შემთხვევაში არ მოკიდოთ ხელი, დააფიქსირეთ სად დაიმალა და ცხელი ხაზის საშუალებით სპეციალისტების ბრიგადა გამოიძახეთ.

 

რა უნდა მოვიმოქმედოთ გველის მიერ კბენის შემთხვევაში?

შხამიანი გველის ნაკბენი კანზე ორ საკმაოდ დიდი ზომის ნაჩვრეტს ტოვებს. ნაკბენი ადგილი ძალიან მტკივნეულია, სწრაფადვე იწყება შეშუპება და შეწითლება. პირველ რიგში სამაშველო სამსახურში უნდა დარეკოთ (112),  არავითარ შემთხვევაში არ გადაიჭიროთ თასმა, რადგან ის კიდურში შხამის კონცენტრაციას ზრდის და ხშირად დაზიანებული კიდური საამპუტაციო ხდება. არ გამოწოვოთ ნაკბენი, ეცადეთ კიდური არ ამოძრაოთ. დამშვიდდით, დაწექით, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე და დაელოდეთ ექიმს. გველის კბენისას ყველაზე საშიში ალერგიული რეაქციაა და არა თავად შხამის მოქმედება, ამიტომ ექსპედიციებში ან ბუნებაში გასვლისას თან ატარეთ ძლიერი ანტიჰისტამინური საშუალებები.

გველები: მითები და რეალობა

  1. ეზოში საბურავების, მაზუთის ან გოგირდის დაწვა გველებზე არ მოქმედებს და ის მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.
  2. გველი ენით არ იკბინება – ორკაპი ენა ყნოსვის მხოლოდ ორგანოს დანამატია და არა ე.წ. ნესტარი.
  3. ყვირილი გველებზე არ მოქმედებს – მათ სმენის აპარატი საერთოდ არ აქვთ.
  4. გველი რძეს არ სვამს, ის მხოლოდ ცოცხალი საკვებით იკვებება.
  5. შხამიანი გველები წყალში შედიან და ამ დროს შხამს ქვაზე არ ტოვებენ.
  6. გველი კუდზე არ დგება და არ მისდევს არც ადამიანს, არც ველოსიპედისტს და, წარმოიდგინეთ, მანქანასაც კი. მეტიც, მას საერთოდ არ აინტერესებს ადამიანი, როგორც საკვები და მასზე შხამს ტყუილად არ დახარჯავს. 
  7. გველის მოშინაურება შეუძლებელია.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.