fbpx

დღეს: 168 წლის წინ დაიბადა ლეგენდარული არქიტექტორი ანტონი გაუდი


გააზიარე სტატია

25 ივნისს ანტონი გაუდის დაბადებიდან 168 წელი სრულდება. ცნობილი კატალონიელი არქიტექტორი  1852  წელს ქალაქ რეუსში, მჭედლების ოჯახში დაიბადა. ბავშვობაში სუსტი ჯანმრთელობის გამო გაუდი უმეტეს დროს  საზაფხულო სახლში, რიუდონსში ატარებდა. სწორედ აქაური შთაბეჭდილებები გახდა გაუდის შთაგონების წყარო და მან ბუნების საიდუმლოებები საკუთარ მასწავლებლად  და შემოქმედების მთავარ გენერატორად აქცია. 


“არქიტექტურა ბუნების კანონების ჰარმონიასთან შერწყმას ნიშნავს”.
ანტონი გაუდი

 

დედის გარდაცვალების შემდეგ  გაუდი მამამისთან და დისშვილთან ერთად საცხოვრებლად ბარსელონაში გადავიდა. მოსამზადებელი კურსების გავლის შემდეგ ადგილობრივ არქიტექტურულ სკოლაში ჩააბარა, 26 წლის ასაკში კი თავის პროფესიაში დიპლომი აიღო. გაუდის დიპლომის ხელმოწერისას ელის როგენტს უთქვამს:

“ამ დიპლომს შეშლილს ვაძლევთ თუ გენიოსს, დრო გვიჩვენებს”. 

 

1870 წლიდან თორმეტი წლის განმავლობაში გაუდი ორი გამოცდილი არქიტექტორის – ემილიო სალასა და ფრანცისკო ვილარის ხელმძღვანელობით მუშაობდა. სწორედ ამ დროს მიიღო გაუდიმ პრაქტიკული გამოცდილება და შეისწავლა ხელობა, ასრულებდა  მცირე დავალებებს,  მაგალითად, აპროექტებდა ღობეებს და ფარნებს. 

გაუდის ადრეული ნამუშევრები იმ დროს ევროპაში პოპულარული ნეოგოთური სტილით არის შესრულებული. ახალგაზრდა გაუდის შთააგონებდა და აღაფრთოვანებდა ფრანგი ხუროთმოძღვრის, ვიოლე ლე დუკის არქიტექტურა, რომელიც თავის დროზე ტაძრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ რესტავრატორად მიიჩნეოდა (დუკიმ დიდი როლი შეასრულა ნოტრ-დამის აღდგენაშიც). 

გაუდის  პირველი ნაგებობები: ”ვისენსის სახლი” (1883), ”ელ კაპრიჩო” (1883-85), ”გუელ მანორის პავილიონი” (1884-87)  მიუხედავად იმისა, რომ ერთ პერიოდშია შექმნილი, ფორმითა და სტილით ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებს, ნეოგოთური სტილისთვის დამახასიათებელი დეკორატიული დეტალების დიდი რაოდენობაა.

გაუდის ცხოვრებაში გადამწყვეტი აღმოჩნდა შეხვედრა მეცენატ ეუსები გუელთან, რომელიც ახალგაზრდა არქიტექტორს ენდობოდა და იდეების განხორციელებაში ჯერ კიდევ მაშინ ეხმარებოდა, როცა გაუდის ჯერ საკმარისი პროფესიული გამოცდილება არ ჰქონდა. არქიტექტორსა და დამკვეთს შორის ურთიერთგაგება  საერთო ინტერესებსა და გემოვნებას ეყრდნობოდა. გუელის დახმარებით გაუდიმ სრული შემოქმედებითობის, ფანტაზიისა და ნიჭიერების გამოვლენა შეძლო.

გუელის პროექტებზე მუშაობისას გაუდიმ საკუთარი თავი სხვადასხვა სტილში გამოსცადა და იმ დროისთვის წარმოუდგენელი ნაგებობები შექმნა. მის არქიტექტურაში ყველასთვის ნაცნობი მკაფიო ხაზების ნაცვლად ტალღოვანი, ჩახუჭუჭებული მონაკვეთები გაჩნდა. გაუდიმ ფაქტობრივად ერთმანეთს შეუთავსა აღმოსავლური და დასავლური სტილი, მშენებლობისას კი სხვადასხვა მასალა და ტექნიკა გამოიყენა.

1891 წელს გაუდის წმინდა საგვარეულო ტაძრის (Sagrada Familia) აშენება შესთავაზეს. იგი შეთავაზებას დათანხმდა და პროექტზე 1914 წლამდე მუშაობდა, მანამ, სანამ შენობების პროექტებზე მუშაობას შეწყვეტდა. 

უნიკალური „XX საუკუნის ტაძრის“ შექმნის იდეამ გაუდი იმდენად  გაიტაცა, რომ მშენებლობა მთელი თავისი ცხოვრების მთავარ საქმედ აქცია. გაუდი შეეცადა შეექმნა “უნიკალურ სტილთა სინთეზი”, რომელიც ამ შენობის ღირსი იქნებოდა. 

მიზნის მისაღწევად არქიტექტორი, ფაქტობრივად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში არავის ესაუბრებოდა,  კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა თავის სახელოსნოში, რომელიც სამშენებლო მოედანზე იყო განთავსებული. სახელოსნოდან მხოლოდ მშენებლობისთვის საჭირო სახსრების მოსაგროვებლად გამოდიოდა, რამდენადაც ტაძარი შემოწირულობებით შენდებოდა. 

გაუდიმ მშენებლობას 43 წელი შეალია, თუმცა ამბობენ, რომ ამ დროში გეგმის მხოლოდ მესამედი ნაწილის განხორციელება მოასწრო. არქიტექტორი ფიქრობდა, რომ ტაძარი “ახალი აღთქმის” თანამედროვედ წაკითხვის შესაძლებლობას მისცემდა მნახველს. სწორედ ამიტომ ნაგებობაში თითოეულ ქვასა და ფიგურას სიმბოლური დატვირთვა აქვს და ისინი ბიბლიურ ისტორიებს მოგვითხრობენ.

შეიძლება ითქვას, რომ გაუდიმ არქიტექტურის არსი და მნიშვნელობა ხელახლა აღმოაჩინა. ბუნების კანონზომიერების თხრობითა და გათვალისწინებით არქიტექტორმა ულამაზესი და ეფექტური ნამუშევრები შექმნა.
“ორიგინალურობა  ფესვებთან დაბრუნებაა”.

1926 წლის 7 ივნისს ტაძრისკენ მიმავალ, ფიქრებში გართულ გაუდის ტრამვაი დაეჯახა. მას ჯიბეში საბუთები არ აღმოაჩნდა და იმის გამო, რომ მოკრძალებულად  ეცვა, მათხოვრად მიიჩნიეს, ამიტომ დახმარების გასაწევად არ აჩქარებულან. გაუდი მხოლოდ მეორე დღეს იცნეს საავადმყოფოში, თუმცა უკვე დაგვიანებული იყო,  და არქიტექტორი მესამე დღეს გარდაიცვალა.

დღეს კი, თითქმის 150 წლის შემდეგ, შეგვიძლია ელის როგენტს ვუპასუხოთ, რომ დრომ ნამდვილად გვიაჩვენა – გაუდი გენიოსია, შეიძლება ითქვას, შეშლილი გენიოსიც კი, რომელმაც ადამიანების დამოკიდებულება არქიტექტურის მიმართასთან სრულიად შეცვალა.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.