fbpx

რას ნიშნავს კაპიტალიზმი და თავისუფალი ბაზარი – მარტივად


გააზიარე სტატია

ავტორი: ზურა გამთენაძე


 

მეგობრებთან ერთად მცირე ბიზნესის დაწყება მოგინდა, რადგანაც თვლით, რომ საქმე საინტერესოა და შემოსავალსაც გაზრდით. ყველაფერი კი თქვენს ცოდნასა და მონდომებაზეა დამოკიდებული. კომპანია შექმენით, პროდუქციას აწარმოებთ და მომხმარებლების რაოდენობაც გეზრდებათ, რადგანაც ნამდვილად კარგ პროდუქციას ქმნით, თანაც მისაღებ ფასად. ყველაფერი იდეალურადაა, თუმცა, ამ ყველაფრის საშუალება გაქვთ ახლა, კაპიტალისტურ ეკონომიკურ სისტემაში, ხოლო რამდენიმე ათეული წლის წინ, ნამდვილად  მხოლოდ იდეების ამარა დარჩებოდით. ყველა ეკონომიკურ საქმიანობას ხომ მთავრობა აკონტროლებდა, თანაც ჩვენი მთავრობა არა.

რა არის კაპიტალიზმი?

კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა, უპირველეს ყოვლისა, კერძო საკუთრების პრინციპს ეფუძნება, ხოლო შემდეგ ინდივიდუალურ შრომისუნარიანობასა და კრეატიულობას. მართალია, შეიძლება ყველას არ ჰქონდეს რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწა ან კომერციული ფართი, თუმცა, კერძო საკუთრება თავისთავად არ მოიაზრებს, რომ ფლობდე მას, არამედ გულისხმობს იმ უფლების, არჩევანისა თუ შესაძლებლობის ქონას, შეიძინო კერძო საკუთრება.

თვითონ სიტყვა „კაპიტალიზმიც“ ხომ კაპიტალისგან შედგება და აშკარად იგულისხმება დოვლათი – თუ ვინ ქმნის დოვლათს და ვინ ანაწილებს მას. რთულ ფილოსოფიურ მსჯელობებში რომ არ გადავეშვათ და მარტივად ვთქვათ, კაპიტალიზმში ინდივიდები, უპირველეს ყოვლისა, პირად დოვლათს ქმნიან – ვის არ უნდა ფუფუნება და სიმდიდრე?! კერძო სიმდიდრე კი საბოლოო ჯამში ერთიან ეროვნულ სიმდიდრესაც ზრდის. დოვლათის შექმნა კი უმეტესად ინდივიდების ან კერძო კომპანიების შესაძლებლობებზეა დამყარებული.

შენი და შენი მეგობრების მცირე საწარმოში თუ ყველა მოტივირებული იქნებოდა შეექმნა დახვეწილი და მომხმარებლებისთვის საჭირო პროდუქტი და ამისთვის ყველაფერს გააკეთებდა, რა შედეგს მიიღებდით? დიახ, თქვენი პროდუქტი პოპულარული გახდებოდა და თქვენც მიიღებდით იმას, რისთვისაც დაიწყეთ ყველაფერი – საინტერესო საქმიანობასა და შემოსავალს.

კაპიტალიზმი რომ დოვლათის შექმნის და განვითარების შესაძლებლობას სხვა ეკონომიკურ სისტემებზე უფრო მეტად იძლევა, საკამათო აღარაა, თუმცა, სადაოა სახელმწიფოს კონტროლის ხარისხი კომპანიასა და მომხმარეველს შორის ურთიერთობაზე. ამასთან, კომპანია ხომ უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ მისი მფლობელი?! კომპანიაში ყველა მისი თანამშრომელი მოიაზრება. კაპიტალიზმის კრიტიკის უდიდესი ნაწილი, სწორედ დასაქმებულებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობაზე მოდის. კერძო ბიზნესი და სხვა ყველა სასწორის სხვადასხვა პინაზე დგანან და უპირატესობა აშკარად კერძო ბიზნესის მხარესაა. სწორედ ამ მომენტში ერევა სახელმწიფოც და სასწორის პინების გათანაბრებას ცდილობს, ანუ ცდილობს ორი მხარის ურთიერთობის ველი – თავისუფალი ბაზარი, უფრო სამართლიანი გახდეს.

რას ნიშნავს თავისუფალი ბაზარი?

ალბათ ხშირად გსმენია უკვე საკმაოდ გაცვეთილი ფრაზები – „თავისუფალი ბაზარი დაარეგულირებს“, „თავისუფალი ბაზარი კრიზისშია“ და ა.შ. არადა, თითქოს შენი უბნის ხილ-ბოსტნის ბაზარი მშვენივრად მუშაობს და რა ბაზართან გვაქვს მაშინ შეხება?  რომელ ბაზარზეა „ბაზარი“?

თავისუფალი ბაზარი, როგორც ხელშესახები ლოკაცია არ არსებობს. ეს არის შესაძლებლობა თავისუფლად შეგეძლოს აწარმოო, გაყიდო და იყიდო ლეგალური პროდუქცია. თავისუფალი ბაზრის პირობებში, როგორც მომხმარებელს, შენთვის საინტერესო პროდუქტის სულ ცოტა ორი ალტერნატივა მაინც უნდა გქონდეს, რათა შეძლო რაციონალური გადაწყვეტილების მიღება  – რაც შეიძლება იაფად, რაც შეიძლება ხარისხიანი პროდუქტის ყიდვა. კომპანიის გადმოსახედიდან, უნდა გქონდეს შესაძლებლობა მომხმარებელს მიაწოდო ის, რაც მას სურს, თანაც ისე, რომ შენ მიიღო სარგებელი.

სწორედ ეს ორი ურთიერთდაკავშირებული პროცესი გამოიხატება ერთ წინადადებაში – თავისუფალი ბაზარი დაარეგულირებს, ანუ ნებისმიერს შეეძლება მაქსიმალური სარგებლის მიღება და არავინ გაიძულებს გააკეთო კონკრეტული არჩევანი. სწორედ ამიტომ, თავისუფალი ბაზარი კონკურენციასაც მოიაზრებს – თუ ხელს არავინ გიშლის დაიწყო კონკრეტული პროდუქციის წარმოება და გაყიდვა, მაშინ შენ იმათთან ხარ კონკურენციაში, ვინც იმავე სახის პროდუქტს ყიდის და ცდილობ, რაც შეიძლება მეტი მომხმარებელი გყავდეს. ამას კი ან შენს პროდუქტზე ხარისხის ზრდით აღწევ ან დაბალი ფასით ან თუნდაც ორივეთი ერთად.

შენი და შენი მეგობრების კომპანიამ ინოვაციური და უნიკალური პროდუქტი რომ შექმნათ, დასაწყისში ყველა მომხმარებელი, ვისაც ეს პროდუქცია აინტერესებს, მხოლოდ თქვენი იქნება, რადგანაც უკონკურენტო იქნებით. თუმცა, წარმოიდგინე ერთ დღესაც სხვა სამეგობრომ მსგავსი პროდუქცია შექმნასს და მომხმარებლებს „წაგართვას“. გაბრაზდები, ხომ? რა თქმა უნდა, მაგრამ სწორედ თავისუფალი ბაზრის კონკურენციის შედეგებით, ანუ პროდუქტზე ხარისხის აწევითა და ფასის დაწევით, ისევ და ისევ, მომხმარებელი ისარგებლებს. ორი კონკურენტი კომპანიიდან კი, როგორც რონ სვენსონი იტყოდა, გაირკვევა თუ რომელია ჭკვიანი და რომელი- სუსტი. თუ მომხმარებლები ახალი კომპანიის პროდუქციას ამჯობინებენ, შენთვის და შენი მეგობრებისთვის ეს იქნება სიგნალი, რომ რაღაც შესაცვლელი გაქვთ და უნდა მოერგოთ ბაზრის მოთხოვნებს.

კაპიტალიზმი და თავისუფალი ბაზარი შესაძლებელია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად არსებობდნენ. თუმცა, მხოლოდ ერთის არსებობის შემთხვევაში მაქსიმალური შედეგი, ანუ დოვლათის შექმნა ფერხდება. სწორედ ამიტომ, თითქოსდა ბუნებრივად, კაპიტალიზმი ცდილობს თავისუფალი ბაზარი კიდევ უფრო თავისუფალი გახადოს, ანუ სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლდეს და მთელი ეკონომიკური საქმიანობა ინდივიდებისა და კომპანიების დონეზე დაიყვანოს. ზოგიერთი იდეოლოგიის მიმდევრისთვის სწორედ ესაა ბუნებრივი და ეფექტური სისტემა, ზოგიერთი კი პირიქით მიიჩნევს – სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული რეგულაციები აუცილებელია, რათა ბალანსი, ერთი მხრივ, კომპანიებსა და მეორე მხრივ, მომხმარებლებს ან დასაქმებულებს შორის არ დაირღვეს და სამართლიანი ეკონომიკური ურთიერთობები დამყარდეს.

დოვლათის შექმნის ჯერჯერობით ყველაზე ეფექტური სისტემა რომ კაპიტალიზმია, ამას ბევრი ისტორიული და ეკონომიკური მოვლენა ამტკიცებს. მიუხედავად მრავალი ნაკლოვანებისა, რომელიც უმეტესად დასაქმებულებისა და მომხმარებლების ინტერესების საზიანოდაა მიმართული, კაპიტალიზმი, რომელშიც ფუნქციონირებს თავისუფალი ბაზარი, ყველა ინდივიდს აძლევს საშუალებას, საკუთარი უნარებით, შრომიუნარიანობით, ამბიციებითა და ინტერესებით  რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს.

ცალკეულად კაპიტალიზმი, როგორც კერძო საკუთრების ქონის შესაძლებლობა და მისი განკარგვა სურვილისამებრ, ცალკე თავისუფალი ბაზარი, რომელიც ერთგვარი საშუალებაა კაპიტალიზმით მიღებული შესაძლებლობების განსახორციელებლად, საზოგადოებაში ინდივიდის შემოქმედებითობისა და თავისუფალი გადაწყვეტილების უნარს აყალიბებს და ეს ინდივიდი პასუხისმგებელია საკუთარ თავზე – რაც აქვს განავითაროს და გამოიყენოს იმისთვის, რომ მიიღოს გაცილებით მეტი. სახელმწიფო დონეზე კი, თავისუფალი ბაზარი და კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა დოვლათის შექმნის ჯერჯერობით ყველაზე ეფექტური სისტემაა, რომელიც სწორი რეგულირების პირობებში, სახელმწიფო მეთაურებს გაცილებით ნაკლებ თავის სატკივარს უჩენს, ვიდრე სხვა, ცენტრალურად დაგეგმილი ეკონომიკური სისტემის პირობებში.

ფილოსოფიური მსჯელობებიც რომ არა, ადამიანისთვის მისი ნიჭის და შესაძლებლობების გამოვლენის შეზღუდვა, პირველ რიგში სწორედ მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება და რას იზამდით შენ და შენი მეგობრები, თუ თქვენი მცირე, მაგრამ ინოვაციური ბიზნეს იდეის განხორციელებას ვერ შეძლებდით, მხოლოდ იმიტომ, რომ არ გექნებოდათ ამის შესაძლებლობა? დღეს კი, რადგანაც გაქვთ იდეაც და უნარებიც, ეკონომიკური სისტემა თქვენი თავის გამოვლენის მშვენიერ შესაძლებლობას გაძლევთ განვითარდეთ და წვლილი შეიტანოთ საერთო დოვლათის შექმნაში. ჰა, თქვენ ბურთი და მოედანი, მაგრამ გაფრთხილებთ, ბურთის შერჩევა არც თუ ისე მარტივი იქნება, რადგან არაერთმა სამეგობრომ მოინდომა ბურთების წარმოება და არჩევანიც დიდია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.