fbpx

სილამაზის ისტორია: ქართველები “შანელის” სახლში


გააზიარე სტატია

ავტორი: დიანა შანავა

პარიზში, კამბონის ქუჩაზე, სადაც “შანელის” მოდის სახლი მდებარეობს, გასული საუკუნის ოციან წლებში ქართული საუბარი ისმოდა. ქართველები, რომელთა შესახებაც გიამბობთ, იძულებულნი გახდნენ საბჭოთა ოკუპაციის დროს სამშობლო დაეტოვებინათ. საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებლები კი კოკო შანელის მანეკენები გახდნენ.

მერი შერვაშიძე

უძირო ყავისფერი თვალების გამჭოლი მზერა, გამოკვეთილი წარბები, უკან გადაწეული, კუპრივით შავი თმა…   მერი შერვაშიძის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პორტრეტი, რომელიც მხატვარმა საველი სორინმა დახატა, ლეგენდის თანახმად, მონაკოს პრინცესის, გრეის კელის სახლში ეკიდა. დილით გაღვიძებისას იგი ჯერ სურათს უყურებდა და მხოლოდ ამის შემდეგ იხედებოდა სარკეში.

მერი შერვაშიძის სილამაზით აღფრთოვანებული იყო იმ დროის მაღალი საზოგადოება. პოეტები ლექსებს უძღვნიდნენ, მხატვრები მის ტილოებს ქმნიდნენ. მერი რუსეთის უკანასკნელი იმპერატრიცას ფრეილინაც იყო. მოგვიანებით კი შანელის მოდის სახლის წამყვანი მოდელი გახდა.

მერი დაიბადა ბათუმში, გენერალ-მაიორ პროკოფი შერვაშიძისა და ნინო მხეიძის ოჯახში. ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად პეტერბურგში გადავიდა. არისტოკრატული გარეგნობა, უნაკლო მანერები მერის ყველასგან გამოარჩევდა. ამის  წყალობით იგი იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნას ფრეილინა გახდა. 

1917 წლის რევოლუციის შემდეგ მერი შერვაშიძეს საქართველოში დაბრუნება მოუწია. იმ დროს საქართველოს დედაქალაქი ქართული და რუსული არისტოკრატიის თავშესაფარი გახდა.

სამშობლოში მერი გიგუშა ერისთავზე დაქორწინდა, რომელიც იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ადიუტანტი გახლდათ. ამბობენ, ეს ამბავი დიდი დარტყმა იყო გალაკტიონ ტაბიძისთვის, რომელსაც მერი შერვაშიძე უყვარდა. გალაკტიონმა მერის ლექსი მიუძღვნა, თუმცა მერი ამბობდა, რომ იგი პოეტს არც კი იცნობდა.

შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!

მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,

სანდომიან ცის ელვა და ფერი

მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!”


საქართველოს გასაბჭოებამდე რამდენიმე დღით ადრე, 1921 წელს, მერი შერვაშიძეს ახლო მეგობრებთან ერთად სამშობლოს დატოვება მოუწია. ისინი ბათუმიდან კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი პარიზში გაემგზავრნენ. ამავე გზას დაადგა საბჭოთა რეჟიმისგან დევნილი ქართული ინტელიგენცია და პოლიტიკური ელიტა. მერი საბჭოთა კავშირში არასდროს დაბრუნებულა, რასაც იმით ხსნიდა, რომ წარსული უკან არასდროს ბრუნდებოდა.

საზღვარგარეთ ცხოვრება რთული აღმოჩნდა. მერისა და მის ქმარს თავის გასატანად საქართველოდან წაღებული ძვირფასეულობის გაყიდვა უწევდათ. როდესაც იმპერატორ ნიკოლოზის ნაჩუქარი უკანასკნელი ოქროს საფერფლე გაყიდეს,  უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ამ დროს ელისეის კაფეში საბედისწერო შეხვედრა შედგა. მერი შერვაშიძე რუსეთის ბოლო იმპერატორის ბიძაშვილს, პრინც დიმიტრი პავლოვიჩს შეხვდა. რომანოვების დინასტიის წარმომადგენელმა მაშინვე გააცნობიერა, რომ შერვაშიძის  ფინანსური მდგომარეობა არ იყო სახარბიელო და ურჩია წასულიყო კამბონის # 13-ში, სადაც მისი მეგობარი მერის დაასაქმებდა.

დიმიტრის მეგობარი გაბრიელ შანელი აღმოჩნდა, რომელსაც მაშინდელი მოდური პარიზი უბრალოდ კოკოს უწოდებდა.

მოდის დიზაინერმა შერვაშიძეს შესთავაზა, მისი მანეკენი გამხდარიყო. იმ დროს მოდელად  მუშაობა არც ისე პრესტიჟული იყო. მაგრამ იმის გამო, რომ თავი გაეტანა, მერი იძულებული გახდა საკუთარი პრინციპები დაეთმო. 

ქალბატონი  შერვაშიძე იმ დროის ცნობილმა ფოტოგრაფებმა გადაიღეს. სესილ ბიტონისა და გეორგ გოინინგენ-გიუნეს მიერ გადაღებული მერის ფოტოები პარიზის მოდურ ჟურნალებში იბეჭდებოდა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პორტრეტი ლეგენდარულმა მან რეიმ გადაიღო. თუმცა თავად მერი ამჯობინებდა, ამაზე არ ესაუბრა.

მერი შერვაშიძის ქმარი 1947 წელს, მეუღლეზე 39 წლით ადრე გარდაიცვალა. მიუხედავად თაყვანისმცემელთა დიდი არმიისა, აღარასოდეს დაქორწინებულა. 60-იან წლებში ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მერის სიყვარულით იყო შეპყრობილი,  ადმირალ მაკაროვის ვაჟმა – ვადიმმა შერვაშიძეს მემკვიდრეობა დაუტოვა, რითაც მისთვის კომფორტული სიბერე უზრუნველყო.

მერი პარიზში თითქმის 100 წლის ასაკამდე ცხოვრობდა. მოხუცებულთა სახლშიც კი კაცები მისით აღფრთოვანებულნი იყვნენ. თავად მერი მხოლოდ მოკრძალებულად ხუმრობდა თავის სილამაზეზე, ამბობდა, რომ მისი საიდუმლო მარტივია: “1921 წლის შემდეგ მე არასდროს გამიღიმია”.



მელიტა ჩოლოყაშვილი და ლილია ზელენსკაია

როდესაც საველი სორინი მელიტა ჩოლოყაშვილის პორტრეტს ხატავდა, მოდელმა 30-ე სესიის შემდეგ განუცხადა, რომ “დაიღალა მისი ბრძანებების შესრულებით”. მხატვარმა ამაზე უხეშად უთხრა, რომ ჩოლოყაშვილს თავში არ უნდა აუვარდეს, რადგან ის სულაც არაა ისეთივე ლამაზი, როგორიც მერი შერვაშიძე. ”ეშმაკსაც წაუღიხარ!” – უპასუხა მელიტამ და კარი გაიხარა.  

სტანდარტული სილამაზის კრიტერიუმების მიხედვით, მელიტა ჩოლოყაშვილს ძნელად თუ შეიძლება ვუწოდოთ ფოტოგენული ან ძალიან ლამაზი, მაგრამ ყველა, ვინც მას შეხვედრია, აღნიშნავდა, რომ მელიტას სილამაზე მის მოძრაობებში ჩანდა. გრაციოზულობის გამო ტიციან ტაბიძე მას “ქალღმერთსა და მადონას” უწოდებდა.

სორინის შეურაცხმყოფელი შედარების მიუხედავად, მოგვიანებით, პარიზში შეხვედრის შემდეგ, მელიტა ჩოლოყაშვილი და მერი შერვაშიძე კარგი მეგობრები გახდნენ. ისინი ერთად თამაშობდნენ პოკერს და შემოქმედებით საღამოებს აწყობდნენ. მათ ყოველთვის სტუმრობდნენ არისტოკრატიის წარმომადგენლები და საქართველოდან ჩამოსული თანამემამულეები. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ცუდად ლაპარაკობდა მშობლიურ ენაზე, ყოველთვის ცდილობდნენ რამდენიმე ქართული ფრაზა მაინც ეთქვათ.

ისე როგორც მერი შერვაშიძემ, მელიტა ჩოლოყაშვილმა  თბილისი 1921 წელს  დატოვა. იგი პირველად ბათუმიდან კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი პარიზში გაემგზავრა.

მელიტამ თან წაიყვანა ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, ლილია ზელენსკაია.

ჩოლოყაშვილმა ნივთებისა და ძვირფასეულობის მხოლოდ მცირე ნაწილის წაღება შეძლო. ნახატები, ავეჯი – ყველაფერი საქართველოში დარჩა. მელიტას კოლექციიდან მრავალი ნამუშევარი დიმიტრი შევარდნაძის საქართველოს ეროვნულ გალერეას შესწირეს.

მელიტა  თავის გატანის მიზნით,  მერის მსგავსად, კოკო შანელთან მოდელად მუშაობას იწყებს.

ერთ დროს პოდიუმზეც კი გამოდიოდა. არსებობდა ჭორები იმის შესახებ, რომ კოკოს ეს ყველაფერი ძალიან სიამოვნებდა – მისთვის ქართველი თავადაზნაურობის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ამიტომ შანელი მათ განსაკუთრებულად  ეპყრობოდა.

როდესაც მელიტას სამოდელო კარიერა დასრულდა, პოდიუმზე ქალიშვილმა შეცვალა. ლილია ზელენსკაიას ქარიზმასა და სილამაზეს გარშემომყოფები ყოველთვის აღნიშნავდნენ. მისი ბიძაშვილის, ნინო ჩოლოყაშვილის მოგონებების მიხედვით, ქუჩაში ყველა ლილიას უყურებდა, მაშინაც კი, როდესაც ის ღრმად მოხუცებული იყო.

ემიგრაციაში ყოფნისას დედა და ქალიშვილი ხშირად იხსენებდნენ  სამშობლოსა და წარსულს. მათ მხოლოდ ორჯერ მოინახულეს საქართველო, პარიზში კი სიცოცხლის ბოლომდე დარჩნენ.

მელიტა  93 წლის ასაკში, მისი ქალიშვილი კი  82 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ლილია ტელეფონით ესაუბრა ბიძაშვილს. უკანასკნელად,  რაც მან უთხრა, იყო: ”ღამე მშვიდობისა, ჩემს საყვარელ სერიალს უნდა ვუყურო”.

საბოლოოდ, მხატვარმა სორინმა მელიტას პორტრეტის დასრულება მოახერხა. იგი იმდენად ამაყობდა იმით, რომ პარიზში ნახატი თან წაიღო. პორტრეტი საქართველოში მხოლოდ 1974 წელს დაბრუნდა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება.


ორიგინალი: https://sova.news/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.