fbpx

TBC Status x AT.ge: თელავი აქ. ახლა — ტორესა მოსი


გააზიარე სტატია

სტატიის წარმდგენი:

ავტორი: ტორესა მოსი

თელავზე შეიძლება მთელი ცხოვრება წერო და ყოველთვის დარჩება რაღაც, რაც ხელიდან გაგისხლტება. ამას მაშინ მივხვდი პირველი წიგნი, რომ დავწერე, სადაც მოქმედება ამ პატარა ქალაქში ხდება. გულწრფელად რომ ვთქვა, ვიფიქრე თელავი ერთი წიგნის მასალა იქნებოდა, მაგრამ ისე კი გამოვიდა, რომ შემდეგ კიდევ ორი დავწერე, ახლა კიდევ ორს ვამთავრებ და საბოლოოდ საქმე ისე მოტრიალდა, შეიძლება მთელი ცხოვრება ვწერო და რაღაც სულ დარჩება სათქმელი. ასეთია თელავი, რომ იტყვიან ხოლმე თავისი მაგია აქვსო.

ეს მაგია ბევრს გამოუცდია, ადამიანებს, რომლებიც ერთხელ ჩამოვიდნენ ამ ქალაქში, ან დროებით ჩამოყვნენ სამსახურს, ან რამე საქმეს, მაგრამ მთელი ცხოვრება კი შემორჩნენ. ისეთებიც არიან, სახლები რომ მიატოვეს სხვა ქალაქებში და თელავში ნულიდან დაიწყეს ცხოვრება. ასეთი ქალაქია. შეხედავ და თითქოს ბევრი არაფერი, პატარაა, აღმართ-დაღმართიანი, კოხტა და სუფთა, გაიფიქრებ ეს ყოფილაო, მაგრამ ნელ-ნელა ახალ და ახალ შრეებს აღმოაჩენ. აღმოაჩენ და ნარკოტიკივით გახდება, კიდევ და კიდევ გინდა ჩახვიდე, შეეხო, შეიგრძნო.

თელავს დიდი ისტორია აქვს. პირველად რომ ქალაქად პტოლემეს გეოგრაფიაშია მოხსენიებული ეგ მარტივად გასაგები ამბავია, მაგრამ მოგატყუებთ ახლა მე-2 საუკუნის ნაშთებს ყველა ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით-მეთქი რომ გითხრათ, თუმცა სიძველეები ბევრია. სიძველეების მოყვარულებისთვის ქალაქის ცენტრში ორი ეკლესიაა, ერთი მთლად ძველი, ღვთაებისას რომ ეძახიან მე-5 საუკუნის ბოლო მე-6 საუკუნის დასაწყისით თარიღდება, მეორე XVIII საუკუნისაა, დიდი, გუმბათიანი, ხელიდან ხელში გადასული და საბოლოოდ მაინც ფუნქცია დაბრუნებული, ჯერაც რომ ეტყობა იმ სხვადასხვა დროების კვალი. ქალაქის ცენტრშია ბატონის ციხე, არჩილ II-ის აგებული, მაგრამ ამის მიუხედავად ბატონში მაინც ერეკლე მეორე იგულისხმება უფრო, ვიდრე ამ გალავნის ამშენებელი არჩილი.

გალავანს შიგნით ყველაზე ძველი და დღემდე მოქმედი ქართული სკოლა დაგხვდებათ, 250-ზე მეტი წელი მოუყრია, თვითონ ერეკლეს დაუარსებიაო მაგას ყველა გეტყვით. კედლებს თუ დააკვირდებით ფასადზე ფილებს შეამჩნევთ, ამ ფილებზე კიდევ იმ ხალხის სახელ-გვარებს, რომლებსაც აქ უსწავლიათ, მე მხოლოდ ვაჟა-ფშაველას გეტყვით და დანარჩენს კი თავადაც ნახავთ, სულ ნარჩევ ცნობილ სახელებს.

გალავანს შიგნითვე დაგხვდებათ ერეკლეს სასახლე, ისპაჰანის სასახლის შემცირებული ასლი, სადაც ერთ პატარა ოთახში დაიბადა და მოკვდა ეს წინააღმდეგობრივი, მაგრამ მეომარი და ძირითადად მაინც გამარჯვებული კაცი. აქვეა თელავის ისტორიული მუზეუმი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით გიმასპინძლებთ ძვირფასი ექსპონატებით, რამდენიმე ენაზე მოსაუბრე პროფესიონალი გიდებით, საინტერესო ექსპოზიციებით და ქეთევან იაშვილის ნახატების კოლექციით, სადაც ბევრ სხვა მნიშვნელოვან ავტორთან ერთად აივაზოვსკის და ელენე ახვლედიანის ორიგინალებსაც შეხვდებით.

ქეთევან იაშვილი ერთი ჩვეულებრივი, მხატვრობის მოყვარული თელაველი ქალი იყო. მეგობრობდა მხატვრებთან და ნახატებს აგროვებდა, მთელი ცხოვრება აგროვა და ბოლოს კიდევ სიკვდილის წინ ადგა და მთელი ეს საგანძური ქალაქს უანდერძა. მოკლედ, როცა ვამბობ ამოუწურავი ქალაქია-მეთქი, პირველ რიგში ამბებს ვგულისხმობ. ეს ამბებია ამ ქალაქში სულ ფენა-ფენა ჩალაგებული და ამ ამბებს მოგიყვებიან თელავურად, დინჯად, წამღერებით, უბრალოდ, ტრაბახისა და თავმოწონების გარეშე.

ტრაბახი რაღაში სჭირდებათ აბა, როცა იქ ხარ და ყველაფერს ისედაც შენით გრძნობ და ხედავ. საერთოდაც, თელავში ყველაფერი ასე იციან, ჩვეულებრივ და ძალდაუტანებლად. გაგიშლიან საოცარ სუფრას, ისეთს ზღაპრებში რომ წერია ჩიტის რძეც კი არ აკლდაო და ერთს გეტყვიან მოდი ჭამეო, გეგონება და ყველსა და პურზე გეძახდნენ წასახემსებლად. მოკლედ, ბევრი პატიჟი არ გვიყვარს, ერთი თქმისაა მოპატიჟება და იგულისხმება, რომ გეუბნები, ე.ი. მინდა კიდეც რომ მოხვიდე და თუ არ მენდომებოდა ზრდილობის გამო არ გეტყოდი. ჰო, ჩვეულებრივი ამბავია ეგა და პირველად ჩასული კაცისთვის აუცილებლად საცოდნელიც, თორემ ბევრი მჯდარა მშიერი სავსე სუფრასთან და სხვების ჭამა-სმის შემყურეს უნატრია ნეტა კიდევ ერთხელ შემომთავაზებდნენო. ასე გხვდებიან და შენგანაც ამას ელიან.

გემრიელად სად ჭამო მაგის ჩამოთვლას აზრიც არა აქვს, ისაა საკითხავი უგემურად ჭამას თუ მოახერხებ, ამიტომ კაი ხინკალს თუ იკითხავ, ნებისმიერი სასაჭმელესკენ გაგგზავნიან სადაც ხინკალს აკეთებენ და თუ კითხვაზე მიდგა საქმე, საუკეთესო უნდა იკითხო. ჭამა-სმას რაც ეხება ასეა ამ ქალაქში, ცუდი არ შეგხვდება და საჭმელ-სასმელი კარგსა და საუკეთესოს შორის უნდა არჩიო. სასტუმროებიც ჯიბის შესაბამისად აირჩევა და თუ მაინცა და მაინც ცუდად წავიდა საქმე, ღამის გასათევსაც არავინ დაგამადლის.

თუ ხმაურიანი ღამის გართობა გიყვარს, თელავში ამისთვის არ უნდა ჩახვიდე, მაგრამ სიმშვიდე, აღუშფოთველობა, აუჩქარებლობა, კავკასიონისა და ალაზნის ველით გახევება, სუფთა ჰაერი, ვარსკვლავიანი ცა თავს ზემოთ და სინდისის ხმა შენში თუ გიზიდავს, ამაზე კარგი წასასვლელი ძნელად მოიძებნება. პატარა ევროპული ქალაქები თუ გიყვარს, აქვე ყოფილა თბილისთან ას კილომეტრშიო აღმოგხდება. ჰოდა, თუ მაინცდამაინც სიმშვიდეც აღარ მოგინდა, კაი ხალხის გაცნობის სურვილი მოგეძალა და საღამოს მხიარულად გატარება მოიწადინე, სამაგიდო თამაშების კლუბს უნდა მიაკითხო. სამაგიდო თამაშებზე კიდევ მაინცდამაინც სეკა, ბურა, ნარდი და ფულზე სათამაშო რამეები ნუ მოგაგონდებათ, ეს კლუბი ძირითადად კატანზე, Game of Throne-ზე და სხვა მაღალი კლასის საინტერესო სამაგიდო თამაშებზეა ორიენტირებული.

მოკლედ, თელავი ბევრნაირი და ბევრშრიანია და რამდენ ხანს დარჩება თქვენთვის საინტერესოდ, მხოლოდ თქვენ მარიფათზეა დამოკიდებული. გააჩნია რამდენის აღმოჩენას, დანახვასა და შეგრძნებას შეძლებთ. და თუ მაინც მოგწყინდათ და მალე გაიქეცით, ესეც არაფერს ნიშნავს, რადგან პირველივე შესაძლებლობაზე კიდევ წახვალთ და თანაც დააყოლებთ, რომ თელავი გიყვართ. რატომ? ვინ იცის? ამისთვის არც ერთი და არც ასი მიზეზი არსებობს. თელავს მაგია აქვს-მეთქი თავში რომ გითხარით, აეგ არი თელავის მაგია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.