fbpx

მარტოობის 100-ზე ნაკლები წელიწადი


გააზიარე სტატია

 

ავტორი: Delphica Sibyl

პირველად მარტოობა, სავარაუდოდ, 2,5 წლის ასაკში ვიგრძენი, როდესაც გაგანია ივლისის შუადღეს ჩავიცვი მწვანე ქურქი, რომელიც იქვე ტახტზე მძინარე მამაჩემმა ბერლინიდან ჩამომიტანა. ძალიან მომწონდა ეს ქურქი. მწვანე იყო და დიდი დათვი, ბერლინის ემბლემა, ჰქონდა ამოქარგული. აბა რა უნდა იყოს ამაზე მეტად საყვარელი რამ ბავშვისთვის? რა და რეზინის ჩექმები. თუ გნებავთ, ველინგტონები. მოკლედ, ბოტები რაა. ყველა სიკეთესთან ერთად წითელი.  ისეთ კონტრასტს ქმნიდა მწვანე ქურქთან… მოკლედ, სათავეს საიდან იღებს ჩემი ჩაცმის სტილი, თუ ამას სტილს დავარქმევთ, ცხადია.

მოკლედ, შევიმოსე, მივადგი კარს სკამი, გავაღე ეს უკანასკნელი და წავედი სასეირნოდ. უსულო ბეტონის კორპუსის მე-8 სართულზე სულ 1 თვის გადასულები ვიყავით – მამა, ორსული დედა და მე. დედა უნიში კურსს ხურავდა, მამა, ღამის ცვლიდან მოსული, მე “მწყემსავდა” და მე კი სამყაროს შემეცნებით ვიყავი დაკავებული.  ეზო მალე მომწყინდა. არც ხე იყო, არც ბუჩქი და არც ბალახი. რუსთავის ეს 70-იანი, შემდგომ კი 80-იანი წლების ნაცრისფერ-მიწისფერი დრამა ალბათ როდესმე შევა ისტორიაში – დიდი ხრიოკის ათწლეულებად. არ იყო წყალი, არც ჰაერი და არც თბილისური “შიკი”. იყო მეტალურგია და თბილისიდან “გადმოსახლებული” გიგა ლორთქიფანიძე თეატრში. ნუ ახლა პროტესტიც ჰო თავისებურად უმტკივნეულო იცოდნენ მაგათმა, აბა სამცხე-ჯავახეთში ხომ არ წავიდოდა? 😊 

სავარაუდოდ, დამცხა და სახლში დაბრუნდება მომინდა, მაგრამ 6 ერთნაირი სადარბაზოდან ამ 40 სანტიმეტრმა ქალმა ვეღარ ვიცანი საკუთარი. ჰოდა ავტირდი. ვტიროდი მოთქმით – “ჩემი ლამაზი მამიკოოო”. ეზოში გამონთებულმა მეზობლობამ ვერ მე მიცნო და ვერც ის გაიხსენა, ვინაა კორპუსში ყველაზე ლამაზი კაცი. მატარეს ხელით ყველა სადარბაზოში. მეოთხე სართულის მედიკომ გამხადა ქურქი და მომცა კალეიდოსკოპი. ეს შეგრძნება დღესაც მახსოვს – როგორი იყო ცრემლებით გაბლარული კალეიდოსკოპის სიმეტრიის ცქერა. პერიოდულად ვეუბნებოდი, რომ ზევიდან მოვევლინე ეზოს და ყველაზე ლამაზი მამა მყავს. თავმდაბლობა მაშინაც დეფიციტში მქონია, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ადამიანები არ იცვლებიან. ბოლოს არ დაიზარეს, ავიდნენ მეორე სადარბაზოს მერვე სართულზე სადაც შეღებული კარიდან კარგად ჩანდა ჩემი ლამაზი მძინარე მამიკო.

მას შემდეგ მისისიპიმაც ჩაიარა, ამაზონმაც და 13 ივნისის ვერა “რეჩკამაც”. მე კი მუდმივად თავს მახსენებს კითხვა – სასარგელოა კი მარტოობა? ოღონდ არ აგერიოთ იზოლაციასა და პატიმრობაში. ადამიანი დაბადებიდან მარტოა. ბედი აქვს ასეთი. მარტო იბადება, მარტო კვდება. სულ სულ მარტოა. გაჩენილია მარტოობის, სიამოვნებისა და გვემისთვის. განსხვავება ისაა, რომ ზოგი გულმავიწყია, ზოგიც თავს იტყუებს და ზოგიც უბრალოდ უტვინოა.

ემი ძმა რომ გაჩნდა, სადღაც შემიყვანეს და ეს შენი ოთახიაო, მითხრეს. 3 წლის ვიყავი. საწოლიც დიდი მეჩვენა, ფანჯარაც და მაგიდაც. კიდევ კარგი, 1.60 დავრჩი, თორემ ალბათ მალევე მივხვდებოდი, რა პატარა იყო 10 კვ.მ-იანი ოთახი. ამ ასაკიდან მეძინა მარტოს. არ მეშინოდა სიბნელის, ჩრდილების და მხედრიონის. ეს უკანასკნელი მოგვიანებით შემოვიდა ჩვენს ცნობიერებაში, მაგრამ კაი გვარიანი მყრალი დენთის სუნი კი დატოვა ყველა სადარბაზოში. 

ერთხელ ახალგარემონტებულ სახლში მარტო დამტოვეს. დედას ჩემი ძმა ცურვიდან უნდა გამოეყვანა და შენ იმეცადინეო. მეთქი, რა თქმა უნდაააა და ყველა კბილით გავიღიმე. არც მაშინ მქონდა ურიგო კბილთა წყობა 😊. გასული არ იყო, რომ ჩავრთე ვივალდის “გლორია”, გადავიცვი დედაჩემის აბრეშუმის, აზიური თარგის მანერაზე მოჭრილი ვითომ კიმანო და შევხტი ქუსლებზე. პირში მანამდე ვიდებდი ფანქარს და ვაბოლებდი, სანამ ქარმა სამზარეულოს ფანჯარა არ შემოანგრია. შიშისგან სულ დავცოტავდი. დავდექი ერთ-ერთ მაშინ ჯერ ისევ მთელ ფანჯარასთან და მთელი ჩემი ციცქნა ტანით მივაწექი. თან არ ვიცი რატომ გადავწყვიტე, რომ მემღერა. მემღერა ჩემთვის გაუგებარ ლათინურზე. ბოლო ხმაზე ვმღეროდი და მეგონა, რომ ამაზე დიდი განსაცდელი იმ ქალსაც კი არ ჰქონდა, ფილმში “მილიონი წელი ჩვენს ერამდე”  ტირანოზავრი რომ გადმოუხტება ორღობიდან. ამის შემდეგ დაილეწა ყველა ფანჯარა, რომლებსაც ბედოვლათი მამაჩემის გამო საკეტები არ ჰქონდა. ერთადაერთი, სადაც დამალვა შევძელი, აბაზანა იყო. ჩავიკეტე და დავიწყე იმაზე ფიქრი: შეუძლია თუ არა ქარიშხალს კორპუსის გატაცება და ჩამაფრენს თუ არა ლივერპულში, რომელიც იმ დროისთვის ჩემი იერუსალიმი იყო.  აი სწორად აქ წამიჭირა მარტოობამ და აღარსად გამიშვებს. გამიშვა. წინა კორპუსის მაგული გადმოსულა იმავე მეოთხე სართულის ამჯერად ნუნუკასთან და მგონი, მერვე სართულზე რაღაც ხდება, ბავშვი დავინახე ფანჯარასთან უცნაურ მდგომარეობაშიო. ჩემი ეგზისტენციალური წიაღსვლები მანდ დასრულდა. წამიყვანეს და მეგრული ღომი მაჭამეს პამიდვრის საოცარ საწებელთან ერთად. 

პირველად რომ მოვხვდი საზღვარგარეთ და ათენიდან რომში ვიფრინე, უკვე ძალიან დიდი ვირგლა ვიყავი. ოჯახიც დანგრეული მქონდა, მეგობრებიც დაკარგული და საერთოდაც ვფიქრობდი, რომ შუშანიკს მაგრად გაუმართლა, რომ ინტერნეტი არ ჰქონდა. ორ შვილს ვზრდიდი და ერთადერთი საყრდენი დედამიწაზე ჩემი მშობლები იყვნენ. 2 საბჭოეთის დამპალ წიაღში ჩაკარგული თავისუფალი სული. ყოველი შესაძლებლობის შემთხვევაში ბალტიისპირეთში გავარდნილები. სულ მახსოვს – რა კარგი იყო იქ. როგორ ვუყვარდით ქართველები და როგორი თავისუფლები და სხვანაირები იყვნენ. ჰოდა, მივფრინავ რომში და ნეტაი იცოდეთ, ან ათენში როგორ მოვხვდი და ან რომში ვინ წამიყვანა. შეუცნობელ არს გზები შენი, უფალო, და ამაში მერამდენედ დავრწმუნდი, რომ მხოლოდ სამების საკათედრო ტაძრის ამბიონის მოსაპირკეთებელი გრანიტი თუ დამაყენებდა რომის გზაზე. ჰოდა, ათენი მგონი, საკმარისია და წამოდი რომშიო. ზუსტად იმას ჰგავდა, ბელმონდო რომ იმ მოკლეთმიან სკანდინავიელ გოგოს ეუბნება პარიზში – რომში წამოხვალო? ნიუ იორკ ჰერალდ თრიბიუუუნ… ახლაც ვტირი 😊 ისეთი საამოა, ვიხსენებდე ვია აპიას ცხვარიჭამიაში. გენაცვალე გლობალიზაციავ <3 

არ მეგულება ერთდროულად ამდენი გმირისა და არარაობის მშობელი ქვეყანა. შარშან, როდესაც ყველა ჩემმა მეგობარმა გადაწყვიტა, რომ ყველანაირი ბედნიერების ღირსი ვარ, რაც კი ირმის ნახტომის თანავარსკვლავედში შეიძლება მოიპოვო, საქართველოს მთავრობამ მოიფიქრა, რომ თბილისში დადგა ჟამი – მართლმადიდებელ სახელმწიფოთა ასამბლეა მოეწყოს. ქორწილი, რომელიც მარკ ცუკერბერგის თუ ზაკერბერგის და ფრანსუა ოზონის წყალობით ჩაისახა და ჩემი დაქალების წყალობით მთელი ქალაქის სალაპარაკო უნდა გამხდარიყო, გავრილოვის კობახიძის სავარძელში ჩაბერტყებით ლამის ჩაიფუშა.

თაიგულის სანახავად რომ წავედი, ჩემმა მეჯვარემ, კი მოვედი ყვავილების სალონში, მაგრამ ეს გავრილოვი რედისონში ყოფილა და აგერ ვდგავარ, რომ გააიმასქნას აქედანო. მეთქი, მანდ იდექი, არ გაინძრე. მივედი. ვიდექით იქ და ვუსტვენდით, სანამ საქმრომ არ დამირეკა, მე რომ ღვინოზე გამისტუმრე, შენ ყველა ტელევიზიის ეთერში რას აკეთებო. იმ ღამეს ჩემი მეორე მეჯვარე ათენიდან მოფრინავდა და ღამის 4 საათზე ტაქსი რომ გამოვიძახე, ოპერატორმა – გოგონა, თქვენ ნორმალური ხართ, რუსთაველზე რანაირად მოვა გამოძახებაო? ძალიან მწარედ ვიქვითინე, ამდენი სისხლი, ტყვია და იმედგაცრუება რომ დამხვდა რუსთაველის პროსპექტზე. ყველაზე მეტად ბავშვების იქ ყოფნამ დამცა თავზარი. სისხლიან ნაჭრებს დაარბენინებდნენ და სახეზე ეწერათ, რომ აი მორჩააა, ახლა დადგა ჩვენი დრო და გავიმარჯვებთ ერთად. მედგრად ვიდგებით და ერთად. არადა სწორედ მათ არაფერი ესაქმებოდათ იქ და გული მომიკვდა. ჩვენ თაობას უნდა გვევლო სწრაფად, “მოსე” რომ უდაბნოში გაგვიძღვა, მაგრამ რაღაც მომენტში გაგვისწორდა ეს უდაბნოც და აღარ გავყევით სამშვიდობოს. ვტრიალებთ წრეზე უდაბნოში და არა ვარდების მხარეში. მეორე დღეს ყველაზე ლამაზი უნდა ვყოფილიყავი და ჩემს მარტოობას ბოლო უნდა მოღებოდა და მეთქი, განგებავ, ან მე და ან შენ. უძილო თვალებსაც დავიშპაკლავ და კაბასაც მოვირგებ და იმდენი რამ გინახავს, ჩემო რუსთაველის პროსპექტო, ერთ აბურდულ პატარძალსაც აიტან მეთქი.

მას შემდეგ მთელმა წელმა გაიარა. ახალმა ვირუსმა საზღვრები ისე ჩაკეტა, ეს ნასაბჭოთარი ხალხიც კი გაგვაოგნა. გეგონება, ამდენი წელი ერთნაირ შპალერსა და ავეჯში არ გვეძინა. რომის ყველა გზა დაიკეტა, ამ ჩვენს ბედოვლათ მთავრობას რობოტიც კი გაექცა და შვედეთმა არსებობის განმავლობაში მგონი, პირველად მიქარა. მხოლოდ ერთადერთი დარჩა უცვლელი – ტვ იმედის ინტერაქტივის ყოვლისშემძლეობა და მისი დრონის ფრენის ტრაექტორია. რომელიც ეს უკვე რა ხანია ცდილობს გაზომოს ქართულ მეამბოხე სულსა და უფლის სამყოფელს შორის დისტანცია.

დღეს უკვე ერთი წელია, რაც ბუნების კანონი დავარღვიე და მარტო არ ვარ მაშინაც კი, როდესაც იტალიურ რენესანსს ვუმზერ. არადა აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ დაბადების, სიკვდილისა და ხელოვნების შემეცნების დროს იყო ადამიანი 100%-იანი  მარტო. დღეს უკვე ზუსტად ვიცი, რომ აეროპორტში აღარასდროს დამხვდება მამა. იმიტომ რომ არ ვიცი სადაა, როგორია. შერჩა კი ფიქრის უნარი? გრძნობს კი, როგორ მენატრება? ეჭვიანობს, რომ ახლა უკვე ჩემი ქმარი მგონია ყველაზე ლამაზი? 

ერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ დედაჩემი ეგონება ყველაზე მშვენიერი ქალი დედამიწაზე. და რომ მიუშვა, დღესაც გაუგზავნის ვლადივოსტოკიდან ხეზე ამომწვარ ლედ ზეპელინების შედევრსა და მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილ საკუთარ ფოტოს. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.