fbpx

დროის პორტალები – ტატიშჩევის ცისფერი სახლი


გააზიარე სტატია

ავტორი: დათო კოროშინაძე
ილუსტრაცია: მაკო კაპანაძე

 

თბილისი ჰიბრიდული ქალაქია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სხვა კულტურის განცდა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც  საკუთარის. ეს მოცემულობა, პირველ რიგში, არქიტექტურაში იკითხება. მე-19 საუკუნის ურბანული განაშენიანების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას სწორედ ისეთი ქალაქის შექმნა წარმოადგენდა, რომელიც მრავალი სტილის მეშვეობით, დროსა და სივრცეში იქნებოდა გაშლილი. ამ მიზნით, ის სრულად ეხმაურებოდა ეპოქის გამოწვევას, რაც ადამიანის ტრადიციული სფეროდან მოწყვეტას და ცხოვრების დინამიკურ განვითარებას უკავშირდებოდა.

კორნელი ტატიშჩევის მიერ რუსთაველის 52 ნომერში აგებული „ცისფერი სახლი“ ზუსტად ასახავს ამ მოტივს. სახლი 1897 წელს თავად ვასილ გაბაშვილისთვის აიგო. გაბაშვილი მდიდარი სამხედრო პირი და ამავდროულად, დიდი მეცენატი იყო. 1921 წლი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­ხედ­რო სას­წავ­ლებ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა სამ­მარ­თ­ვე­ლო­ში მუ­შა­ობ­და და ღა­რიბ ქარ­თ­ველ მოს­წავ­ლე­ებს მო­რა­ლუ­რად და მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ეხ­მა­რე­ბო­და. ის ხელს უწყობდა ჟურნალ-გაზეთების და წიგნების გამოცემის განვითარებასაც. სახლში კი დღემდე ცხოვრობენ მისი მემკვიდრეები.

პირველი, რაც პორტალში შესვლის შემდეგ გვაოცებს, ის მყუდრო აურაა, რომელიც სრულიად გვწყვეტს რუსთაველის ქაოსური რიტმისგან და უცნაურ, გარდამავალ სივრცეში გვამყოფებს. ცისფერი სახლი ზუსტად არის მისადაგებული ამ აურასთან. შესასვლელში პატარა შადრევანს ვხვდებით, რომელიც თავისი მისტიკურობით და სიმარტივით გვიზიდავს. შემდეგ მოდის ფასადი, რომელიც გარემოში ხალიჩასავითაა ჩაკერებული. ფანჯრის ღიობები მორთულია ინტენსიური ორნამენტებით, რომლებსაც ვერტიკალური რიტმი აქვთ, თუმცა ღიობებს შორის ჩანართები შენობას ჰორიზონტალურ არქიტექტონიკას ანიჭებენ. ბაროკოულ მოტივებთან გამოყენებულია მავრული სტილისთვის დამახასიათებელი აქცენტირებული დეტალები. ამ ფორმებში კი, ქვის გასწვრივ, ფაქიზად არის მოთავსებული ხის მრავალდეტალიანი აივანი –  სახლი თავისი რიტმით და სართულების თანაბარი განაწილებით ძველ ინდურ არქიტექტურასაც გვაგონებს. შენობის უკან კი ტრადიციული თბილისური ეზოა,  რომელიც ბურჟუაზიულ ფორმებთან თანაარსებობს.

ცისფერი სახლი ტატიშჩევის სხვა შენობების მსგავსად კულტურულ ალიტერაციებს  და ასოციაციებს აჩენს. მისი დეტალები და მთლიანობა მუდმივცვლადი ხასიათისაა. სწორედ ამ ტექნიკითაა გაშინაარსებული ტატიშჩევის შენობები. ამ ტექნიკაში მოგზაურის, აღმომჩენის და დამკვირვებლის ძლიერი ინტერესი იგრძნობა. ტატიშჩევისთვის დამახასიათებელი ეკლექტიზმი თბილისური სინთეზის გასაღებია. ის ერთი კონკრეტული ადგილის მკვიდრიცაა და ამავდროულად, კულტურული მრავალფეროვნებითაც გვაოცებს. საკმარისია ამ შენობებს წავაწყდეთ, რომ ერთბაშად თბილისს ვტოვებთ და ამავდროულად, ვუახლოვდებით კიდეც მას. ამას კი უჩვეულო დელიკატურობით ახერხებს –  ადგილობრივი ფორმების შერწყმით ბურჟუაზიულ არქიტექტურასთან.

ამ სახლს, რომელსაც შეუძლია თავისუფლად ჰქონდეს პრეტენზია რუსთაველზე არსებულ ყველა შენობას შორის, უკიდურესად მოკრძალებული ადგილი უკავია, ისე რომ მისი აღმოჩენაც კი რთულია. ის საგანგებოდ ქუჩიდან მოშორებით არის აშენებული. ტატიშჩევის შენობებში ხშირია ასეთი მოტივები. ის არასდროს აგებს შენობას ქუჩაზე, არამედ ყოველთვის იცავს გარკვეულ დისტანციას სახლსა და ცენტრალურ ქუჩას შორის.

აქ არის ტატიშჩევის საიდუმლოც, მას შეუძლია გრიფონებით, ლომებით და მდიდარი ორნამენტებით დატვირთული შენობა უკიდურესად მოკრძალებული ურბანული პერსპექტივით წარმოგვიდგინოს. ის ბურჟუაზიული არქიტექტურის სიმდიდრეს ამჟღავნებს, როგორც ქალაქის ავთენტურ ნაწილს, რომელსაც საკუთარი უნიკალურობის წარდგენა არც ქალაქურ, პროფანულ სივრცეში ერიდება. ეს არის ალბათ თბილისის ერთ-ერთი მახასიათებელიც, სადაც  ავანგარდი და ტრადიცია თავისუფლად თანაარსებობენ. თუკი სადმეა მისი ორიგინალურობა, სწორედ ამგვარ თანაყოფნაში, რომელშიც სოციალური და კულტურული სფეროები, ერთიმეორეში თავისუფლად გადაადგილდებიან, ისე რომ  საკუთარ სინგულარობას არ კარგავენ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.