fbpx

საფეხბურთო გრანდები და მათი დღევანდელი მდგომარეობა


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

აღსრულდა! „ლივერპულმა“ პრემიერლიგის ტიტული ტურნირის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე, ისტორიაში პირველად მოიგო. 

ამ დღეს მთელი მერსისაიდი მოუთმენლად ელოდა და შეიძლება ამჟამად აღარავის ახსოვდეს მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში განცდილი მარცხი, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა იურგენ კლოპის გუნდის უძლეველობა.

„ლივერპულმა“ პრემიერლიგა „ევერტონთან“ უგოლო ფრით განაახლა, შემდეგ კი „კრისტალ პალასი“ ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ტრიუმფის დღე ადრე თუ გვიან დადგებოდა, მაგრამ იგი სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსანი „მაჩესტერ სიტის“ „ჩელსისთან“ მარცხმა დააჩქარა.

„ლივერპულისგან“ განსხვავებით, პეპ გვარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩისკენ იცქირება, სადაც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ – გასვლაზე ანგარიშით 2:1 მოგებული მატჩის შემდეგ, 7 აგვისტოს მას უკვე საკუთარ მოედანზე გულშემატკივართა გარეშე მოუწევს მადრიდის „რეალის“ ბარიერის გადალახვა.

მეოთხედფინალში გასვლის უკეთესი შანსი, რა თქმა უნდა. „მანჩესტერ სიტის“ აქვს, მაგრამ ბრძოლაში გამობრძმედილი „სამეფო კლუბისგან“ რთულ სიტუაციაში საარაკო გმირობა სულაც არ უნდა გამოირიცხოს.

„მანჩესტერ სიტი“ გაცილებით მშვიდი და დასვენებული შეხვდება ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩს, რადგან მეტოქისგან განსხვავებით, საკუთარ ჩემპიონატში უკვე ყველაფერი გარკვეული აქვს. „რეალი“ კი ბევრს ჩივის ლა ლიგის გადატვირთული კალენდრის გამო.

თუმცა, ასეთი რანგის მატჩებში ხშირად წარსული დავიწყებას მიეცემა ხოლმე და იღბალს გადამწყვეტი როლი ენიჭება. მადრიდის „რეალს“ წინა კვირას აშკარად გაუმართლა, როდესაც VAR-ის არსებობის პირობებშიც კი, „სოსიედადთან“ გასვლით შეხვედრაში მსაჯმა საკამათო ეპიზოდებში ჯერ მასპინძლებს გოლი არ ჩაუთვალა, ხოლო შემდეგ კი „რეალს“ პირიქით, ჩაუთვალა… 

სან-სებასტიანში მოპოვებულ სამ ქულას „სამეფო კლუბისთვის“ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან თანაბარი ქულების მიუხედავად, „ბარსელონასთან“ უშუალო შეხვედრებში მიღწეული უპირატესობის გამო, „სოსიედადთან“ მოგებით „რეალი“ სატურნირო ცხრილის სათავეში აღმოჩნდა.

რამდენად ძლიერია დღესდღეობით მადრიდის „რეალი“? ლა ლიგის განახლების შემდეგ მან ყველა მატჩი მოიგო, თუმცა სატურნირო ცხრილში ზედა ექვსეულის გუნდს ის ჯერჯერობით არ შეხვედრია. 

საინტერესოა „ბარსელონას“ ამჟამინდელი მდგომარეობაც, რომელსაც აგვისტოში ჩემპიონთა ლიგაზე ასევე რთული განმეორებითი მატჩი ელის „ნაპოლის“ წინააღმდეგ. 

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონას“ ესპანეთის ჩემპიონატში შედარებით ძლიერი გუნდების ძლევა უჭირს და, თუკი რამდენიმე წლის წინ ის თითქმის ყოველთვის თავად განაპირობებდა ამა თუ იმ მატჩის მიმდინარეობის სცენარს და ხშირად ჰანდიკაპით გამარჯვებას, უკანასკნელ სამ მატჩში ასე ნამდვილად არ ყოფილა. 

ესპანეთის ჩემპიონმა ჯერ „სევილიასთან “ 0:0 ნათამაშევი ფრით სატურნირო ცხრილში წინ გაუშვა მადრიდის „რეალი“, შემდეგ შინ ანგარიშით 1:0 გაჭირვებით დაამარცხა ბილბაოს „ატლეტიკი“, ხოლო უკანასკნელ ტურში კი, „სელტასთან“ მატჩის 88-ე წუთზე კატალონიური გრანდი სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც საკუთარი საჯარიმო მოედნის მისადგომებთან თამაშის წესები დაარღვია. 

სტანდარტული მდგომარეობის შესრულების დროს „სელტას“ ყოფილმა „ბარსელონელმა“ დენის სუარესმა მარჯვენა ფეხის დასარტყმელი პოზიციიდან ბურთის კარის მიმართულებით გაგზავნისგან თავი შეიკავა, მის ნაცვლად კი იაგო ასპასმა მარცხენა ფეხით ახლო კუთხეში თვალის დახამხამებაში ისეთი ბურთი ჩაუხვია სანაქებო მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, რომ ის არც განძრეულა. 

აღსანიშნავია, რომ ასპასმა იქამდე საგოლე გადაცემაც მიითვალა, ხოლო იმავე დენის სუარესმა უკვე მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მეტოქის კარის აღების 100%-იანი შანსი გაუშვა ხელიდან. 

სამაგიეროდ, „ბარსელონას“ მხრიდან ორივე ბურთი მესის გადაცემით, გამოცდილმა ლუის სუარესმა გაიტანა. მატჩის მიწურულს მის ნაცვლად შეცვლაზე შესული გრიზმანისგან კი, ტრადიციულად, ხეირი არ ყოფილა. 

ზემოთქმულის მიხედვით ჩანს, რომ ესპანეთის ჩემპიონის ძლევამოსილებას მხოლოდ ლიონელ მესი და ლუის სუარესი განასახიერებენ, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ფეხბურთელებზე მძიმედ აისახება.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ბარსელონას“ გასვლაზე ფრედ 1:1 აქვს ნათამაშევი „ნაპოლისთან“, დღევანდელი გადასახედით მას უშეღავათო ბრძოლა ელის ჯენარო გატუზოს გუნდის წინააღმდეგ, რადგან ესპანეთის ჩემპიონისგან განსხვავებით, „ნაპოლი“ პროგრესირებს, რაზეც მისი ბოლო პერიოდის გაუმჯობესებული თამაშის ხარისხი და შედეგები მეტყველებს.

„ნაპოლიმ“ იტალიის თასის ნახევარფინალში „ინტერი“ გამოთიშა ასპარეზობიდან, ფინალში კი, თერთმეტმეტრიანების სერიაში თვით „იუვენტუსი“ დაამარცხა, რომელთანაც ძირითად დროშიც ახლოს იყო გამარჯვებასთან.

თავის მხრივ პრობლემები აქვს ტურინის „იუვენტუსსაც“, რადგან მის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა ზაფხულის დიდი საფეხბურთო ბრძოლების დაწყებისთანავე თასის ფინალში წაგება. 

საგულისხმოა, რომ ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ, „იუვენტუსმა“ პირველი ორ მატჩში, „მილანთან“ და „ნაპოლისთან“, ერთი გოლის გატანაც ვერ მოახერხა. „ბებერმა ქალბატონმა“ ნავსი მხოლოდ „ბოლონიასთან“ საეჭვო ეპიზოდში დანიშნული თერთმეტმეტრიანის გამოყენებით გატეხა, შემდეგ კი ერთ-ერთი აუტსაიდერი „ლეჩე“ ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

„იუვენტუსს“ სატურნირო ცხრილში ლიდერობის გამყარებაში „ატალანტა“ დაეხმარა, რომელმაც მეორეადგილოსან „ლაციოსთან“ ორბურთიანი სხვაობა აღმოფხვრა და ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა.

სეზონის აღმოჩენა – ბერგამოს „ატალანტა“ სერია A-ში საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის, ყოველ მატჩზე განსაკუთრებული ხალისით გამოდის და ამიტომ სანახაობრივი თვალსაზრისითაც გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობს.

„იუვენტუსის“ თამაშის ვიზუალურ მხარეს კი სწორედ ხალისის უკმარისობა ატყვია, რაც მწვრთნელ მაურიციო სარისთან დაკავშირებული გაუთავებელი, თუმცა სამართლიანი მითქმა-მოთქმის შედეგია და კლუბში რონალდუს და კიდევ ზოგიერთი სხვა ვარსკვლავის მომავალს უკავშირდება.

ამ ფაქტორებმა „იუვენტუსზე“ უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში, სადაც იტალიელებს გასვლაზე ანგარიშით 0:1 მარცხის აღმოსაფხვრელად სრული მობილიზება ესაჭიროებათ.

„ბებერმა ქალბატონმა“ უნდა გაითვალისწინოს, რომ „ლიონი“ შესანიშნავადაა დახელოვნებული ძლიერ კლუბებთან ჭიდილში –  შარშან ჩემპიონთა ლიგაზე, გასვლაზე თვით „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა, საფრანგეთის ჩემპიონატში კი ზოგჯერ თვით „პარი სენ-ჟერმენსაც“ ქულებს აკარგვინებს ხოლმე.

„იუვენტუსის“ მდგომარეობას ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალის წინ ისიც ართულებს, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი უკვე დასრულებულია და „ლიონის“ მიერ დახურულ კარს მიღმა ჩატარებული ვარჯიშები მისთვის ისეთივე საიდუმლოა, როგორც ამ ვარჯიშებზე „იუვენტუსის“ გარკვეული სისუსტეების მიხედვით წინასწარ აწყობილი სხვადასხვა სათამაშო სქემები და ელვისებური კონტრიერიშები.

ბუნებრივია, რომ „ლიონთან“ ერთად, ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქეებისთვის უცნობი იქნება ზემოხსენებული „პარი სენ-ჟერმენის“ ტაქტიკური სიახლეებიც. 

აი მიუნხენის „ბაიერნმა“ კი ფეხბურთში დაბრუნების შემდეგ ბუნდესლიგის პირველობა ისე მოიგო, რომ ყველა შეხვედრაში გაიმარჯვა. 4 ივლისს „რეკორდმაისტერი“ გერმანიის თასის ფინალში „ლევერკუზენის“ დამარცხებას და შემდეგ უკვე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტულის მოპოვებასაც ეცდება, სადაც აქამდე ასევე ყველა შეხვედრა მოგებული აქვს. 

„ბაიერნი“ ცალი ფეხით ტურნირის მეოთხედფინალში იმყოფება, რადგან „ჩელსისთან“ გასვლაზე პირველი მატჩი ანგარიშით 3:0 აქვს მოგებული. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ დღევანდელი „ჩელსი“ მარტის პერიოდის გუნდთან შედარებით აშკარად მომძლავრებულია და ეს მთავარი მწვრთნელის,  ფრენკ ლამპარდის დაუღალავი შრომის შედეგია. 

ლონდონური კლუბი ინგლისის ასოციაციის თასზე „ლესტერის“ დამარცხების შემდეგ ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, ხოლო პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ამჟამად ის მესამე ადგილზე იმყოფება და „მანჩესტერ იუნაიტედს“ 5 ქულით უსწრებს. სეზონის ბოლომდე კიდევ 7 ტურია დარჩენილი და საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად „ვულვერჰემპტონი“ და „ტოტენჰემიც“ იბრძოლებენ.

ამ შაბათს დასრულებული ბუნდესლიგის პირველობის სატურნირო ცხრილი კი საკმაოდ წააგავს შარშანდლისას. ზედა ოთხეულში ის განსხვავებაა, რომ ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში „ლევერკუზენის“ ნაცვლად მაყურებელი „მიონხენგლადბახს“ იხილავს. 

გამოცდილმა ბრემენის „ვერდერმა“ კი ბოლო ტურში დიუსელდორფის „ფორტუნას“ ერთი ქულით გადაასწრო, ბუნდესლიგის საბოლოო ცხრილში ბოლოდან მესამე პოზიცია დაიკავა და იქ ადგილის შესანარჩუნებლად გადათამაშებაში „ჰაიდენჰაიმის“ ძლევა მოუწევს. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.