ქართული ნეობანკი უკვე უზბეკეთშია
საქართველოში საბანკო და ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ახალი საექსპორტო შესაძლებლობები გააჩინა. შედეგად, პირველი ქართული ნეობანკი სფეისი, შექმნიდან 2 წელიწადში უზბეკეთში გამოჩნდა. უზბეკეთისთვის პირველი ციფრული ბანკი თიბისის ბრენდის სახელით დამკვიდრდება, ხოლო პლატფორმულ მომსახურებას სფეისი გაუწევს.
ქვეყანაში ოპერირების პირველ წელს, ბანკი ფოკუსირებული ინდივიდუალურ მომხმარებელზე იქნება.
„სფეისი ინოვაციური ბანკინგის ერთგვარი ლაბორატორიაა. აქ ტარდება ექსპერიმენტები პროდუქტის, მომსახურების, კომუნიკაციის მიმართულებით, წარმატებული აღმოჩენების გამოყენება კი შესაძლებელია უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. უზბეკეთი სფეისის გუნდისთვის გეოგრაფიული ექსპანსიის პირველი შემთხვევაა, თუმცა მას სულ მალე მოჰყვება უკვე სფეის გერმანია. ახალი ბაზრების ათვისება ჩვენი სტრატეგიული ხედვის უმთავრესი ნაწილია და ამ მიმართულებით მრავალი გეგმა აქვს“, – აცხადებს სფეისის პროექტის ხელმძღვანელი ლაშა გურგენიძე.
ორი წელია, რაც საქართველოში ტერმინი ნეობანკი აქტუალური გახდა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სფეისის გამოჩენა იყო ბაზარზე. საკმაოდ ხმაურიანი განაცხადით „დაემშვიდობე ბანკებს“ სფეისმა მაშინვე მიიპყრო ყურადღება და გაშვებიდან 2 წელიწადში 200,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
ციფრული ბანკინგი ახალი კატეგორიაა სერვისში, რომელიც მომხმარებელს ფინანსური ოპერაციების მთლიანად ონლაინ განხორციელების საშუალებას აძლევს. მას არ აქვს ფილიალები და არსებობს, მხოლოდ ციფრულ სივრცეში.