I ♥ N Y-ის ლოგოს შემქმნელი მილტონ გლეიზერი თავის დაბადების დღეზე გარდაიცვალა
მილტონ გლეიზერი, ჟურნალ “ნიუ იორკის” თანადამფუძნებელი და I ♥ N Y – ის
შემქნელი, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
ავტორი: ქრისტოფერ ბონანოს
დიზაინერები, არტისტები და ზოგადად, შემოქმედებითი ადამიანები, თუ ნიჭიერები და იღბლიანები არიან, შესაძლოა მათი რომელიმე ნამუშევარი დიდი კულტურის სიმბოლოც გახდეს, მაგალითად, როგორიცაა ლეო ფენდერის გიტარა სტრატოკასტერი, ან თუნდაც შეპარდ ფეირის ობამას პოსტერი. ხოლო თუ ეს ადამიანები დიდებულები არიან, შეიძლება მათი ორი ქმნილებაც მოხვდეს დიდ კულტურაში. მილტონ გლეიზერი კი სულ სხვა სივრცეებს იპყრობდა – როგორც ილუსტრატორი, გრაფიკული დიზაინერი, არტ-დირექტორი, ვიზუალური ფილოსოფოსი და ოჯახის მამა შვიდი ათწლეულის განმავლობაში გამუდმებით განაგრძობდა სროლას და ახვედრებდა მიზანში. მას უყვარდა ნიუ-იორკი და ცდილობდა ეს მრავალი გზით დაემტკიცებინა: ჟურნალით, პოსტერებით და (ყველა მათგანზე თვალსაჩინო) სამი ასობგერით და წითელი გულით შედგენილი სლოგანით. მან თითქმის სრულიად შემთხვევით, თქვენი ჭამის მეთოდიც კი შეცვალა.
მილტონ გლეიზერი თავის 91-ე დაბადების დღეზე, 26 ივნისს გარდაიცვალა, მისი ხანგრძლივი და პროდუქტიული კარიერის დასასრულს. რასაკვირველია, იგი ყოველთვის იქნება იმ პატარა მამაკაცებისა თუ ქალების რიგებში, რომელთაც 60- იანი წლების დასასრულს, New York ჟურნალ-გაზეთების მორგიდან გამოათრია და მისგან შექმნა დიდებული ამერიკული ჟურნალი. ჟურნალის გაკოტრებიდან ერთი წლის თავზე – 1967 წელს, კლაი ფელკერმა (New York-ის ბოლო რედაქტორი, მის დახურვამდე) და გლეიზერმა დასახეს გეგმა, რომ გაეცოცხლებინათ ჟურნალი, და შეეკრიბათ საუკეთესო, გამომგონებლური ნიჭით დაჯილდოებული მწერლები Tribune-დან, Esquire-დან და სხვა გაზეთებიდან. 1968 წლის აპრილის პირველ კვირაში მათ დაიწყეს გამოცემა და ეს იყო ტრიუმფი. New York მალე გახდა ყველაზე უფრო ცხელი და ცოცხალი გამოცემა ამერიკაში, რაც, უმთავრესად გლეიზერის მიერ შექმნილი ყდის – პრიალა, ჭრელი, მყვირალა და კაშკაშა დიზაინის დამსახურება იყო. გლეიზერმა ლოგო მოათავსა გარეკანის თავზე და მიუხედავად წლების განმავლობაში შეტანილი მცირედი კორექტირებისა, იგი ფუნდამენტალურად მაინც არ შეცვლილა პირველი ნომრის გამოსვლის დღიდან.
გლეიზერს რომ შეხვედროდით, დიდი ალბათობით მოიხიბლებოდით მისი ხმით, ღრმა, ბოხი და ამაღლებული ტონით, ერთდროულად არისტოკრატიულითაც და მიწიერითაც. თავისი გამორჩეული, ჭაღარაშერეული წვერით, რომელიც წარმოსადეგობას ანიჭებდა და ამით თითქოს რაბინს ჩამოჰგავდა, განსხვავდებოდა ფელკერისგან, რომელიც თავის დადებით თვისებებთან ერთად, ფეთქებადი და ხმაურიანი იყო.
ფელკერს შეეძლო ხმამაღლა ეყვირა, გლასერიც ემოციურ პასუხს არ აყოვნებდა და ხშირად ამ დროს იბადებოდა რაღაც კარგი. თანამშრომელებმა მათ Twin Towers-იც კი შეარქვეს.
ფელკერისგან განსხვავებით, გლეიზერი თავიდანვე ნიუიორკელი იყო. დაიბადა 1929 წლის 26 ივნისს. იყო საჯარო სკოლის მოსწავლე, ე.წ. ბეისბოლის თაობის წარმომადგენელი, უნგრეთიდან ემიგრირებული ებრაული ოჯახიდან.
სასწავლებლის (Cooper Union) დამთავრების შემდეგ, გლეიზერმა პირველად გაიბრწყინა ილუსტრატორთა მცირე კონფედერაციის წრეში, რომელსაც Push Pin Studios ერქვა. აქ იგი თავის არტ-სკოლის მეგობრებთან – ედუარდ სორელთან, სეიმურ შვასტთან და რეინოლდ რუფინთან ერთად – რომლებიც დღემდე აქტიურად მოღვაწეობენ და რომლებიც მათი შემოქმედებითი სფეროს მოწინავე პოზიციაზე იდგნენ, შეცვალა გემოვნება ჟურნალების ილუსტრაციებისა და რეკლამების მიმართულებით და მანამდელი ფუნჯით შექმნილი, რეალისტური ნახატები ჩაანაცვლა ბრჭყვიალა და კარიკატურული მიდგომებით.
შესაძლოა ამის მიზეზი იყო მათი იმდროინდელი კომიქსების ეპოქა, ან ამას უბრალოდ წმინდა ამერიკული, ნიუიორკული, ეთნიკური და ა.შ. მიზეზი ჰქონდა.
თუ ჩავთვლით, რომ გლეიზერს ცხოვრებაში უეცარი აღმასვლის მომენტი ჰქონია,
ასეთად მის მიერ 1966 წელს ბობ დილანის პოსტერის შექმნა უნდა ვიგულისხმოთ, რომელიც CBS Records-მა შეუკვეთა. პოსტერის ასლები Bob Dylan’s Greatest Hits- ის ვინილის თითოეულ შეფუთვაში იყო ჩადებული, რომელთაც შემდგომ ამერიკაში ყველა საძინებლის კედელზე ნახავდით გაკრულს.
პოსტერი ახლებურად და თანამედროვედ გამოიყურებოდა, მაგრამ ამასთანავე, მასში ხელოვნების ისტორიის ცოდნის კვალი იგრძნობოდა:
გლეიზერმა დილანის პროფილის შავი სილუეტი მარსელ დიუშამის პორტრეტისგან ისესხა (რაც მაშინვე აღიარა). თუმცა შრიფტი, რასაც „ბავშვის კბილს“ ეძახიან, მისი იყო. პოსტერის ასლი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მუდმივ კოლექციაშია და რეგულარულად გამოიფინება ხოლმე. გლეიზერის სტუდია ახლაც ყიდის პოსტერის რეპრინტებს.
1977 წელს მან მიიღო სამუშაო, რომელიც კიდევ უფრო მეტ მნახველს დააინტერესებდა , ვიდრე დილანის პოსტერი. ქალაქის ფინანსური კრიზისის დროს, 1975 წელს, ნიუ იორკის შტატი ტურიზმის ხელშეწყობას ცდილობდა დიდი სარეკლამო ბანერებითა და სინგლებით. მათ გეიზერს სთხოვეს ლოგოს დამზადება და მან შექმნა ცნობილი, სრულიად არაორდინალური I ♥ N Y, რომლის წაკითხვასაც თავიდან ასე ცდილობდნენ: I Heart Enn Wye. მალე იგი გამოჩნდა მილიარდ ყავის ჭიქასა და მაისურზე. რადგან დამზადებული იყო იმ ქალაქისთვის, რომელიც მას უყვარდა და ქალაქისთვის მიძღვნილ კამპანიას ემსახურებოდა, გლეიზერმა ეს სამუშაო შეასრულა უანგაროდ. თითქოს იგი სიამოვნებას იღებდა უამრავი პაროდიისა და კარიკატურის შექმნით.
Push Pin-ის ესთეტიკით არის შექმნილი ილუსტრაცია „ჩქარი ქალაქის” გველი, თავისი ბიბლიური ნიშნებითა და შხამით, მუქარას გვითვლის, როგორც „ჭორიკანა“ დემონი. რამ შეიძლება ტვინი ააფეთქოს ამაზე უკეთ? ვის შეეძლო ჟურნალის გარეკანის ყდაზე გამოეტანა ძველი ებრაული ხუმრობა („რა თქმა უნდა, მას შეუძლია სეირნობა. მადლობა ღმერთს, ის არაა ვალდებული“).
ის წერდა კიდეც. New York-ის პირველ ნომრებში გლეიზერმა და მისმა მეგობარმა, Sports Illustrated-ის დიზაინის ხელმძღვანელმა ჯეროუმ სნაიდერმა, “მიწისქვეშეთის გურმანის” გვერდი შექმნეს, სადაც იაფფასიან ეთნიკურ რესტორნებს დახვეწილი სტილით განიხილავდნენ. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ მიმართულებით ისინი მსოფლიოში პირველი მიმომხილველები (ჟურნალისტები) იყვნენ. ეს თითქოს დღეს ბევრს არ ნიშნავს, მაგრამ 1968 წელს ეს პატარა რევოლუციას ჰგავდა. როგორც გლეიზერი თავად აღნიშნავდა ხოლმე, მაშინ არავინ იწუხებდა თავს დახვეწილი, მაღალი დონის რესტორნების გარდა სხვა რესტორნებზე წერით. რადგან ეს უკანასკნელნი რეკლამას არ უკეთებდნენ თავიანთ ბიზნესს.
თუმცა, როგორც ნამდვილმა ნიუიორკელებმა – გლეიზერმა და სნაიდერმა იცოდნენ, რომ ბევრ ჩვენგანს არაფერი გვირჩევნია ჩაინათაუნის დამფლინგებს, ან ტაკოს დახლს, სიგის (თეთრი თევზი) სალათს, ან უდონის სუპს. გლეიზერმა “ნიუ იორკის “მკითხველს გააცნო ეს ყველაფერი და მალე ყველა გამოცემამ, მათ შორის “ტაიმსმა” მიჰბაძა. დღეს ნიუ-იორკში გადაპრანჭულ რესტორნებზე მეტად უბრალო, “ყოველდღიური” კვების ობიექტები უფრო პოპულარულია და მათზე გაცილებით მეტი იწერება.
ამ ტრადიციის გენეალოგიური ხის ერთ-ერთი მთავარი შტო კი გლეიზერსა და სნაიდერს ეკუთვნით.
ორიგინალი: https://nymag.com/