fbpx

რა საფრთხე ემუქრებათ ხეებს და ადამიანებს ქუჩის სამუშაოების ჩატარებისას – რჩევები ნატა ფერაძისგან


გააზიარე სტატია

რამდენიმე დღის წინ თამარაშვილის გამზირზე მოულოდნელად წაქცეული ჭადარი ქუჩაზე მიმავალ მანქანას დაეცა. ხის წაქცევის მიზეზი, სავარაუდოდ, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები შეიძლება გამხდარიყო, რომლის დროსაც ჭადარს საყრდენი ფესვები დაუზიანდა. 

ჭადრის ფესვთა სისტემა – ჰორიზონტალური ფესვების ძირითადი ფუნქცია ხის მდგრადობის უზრუნველყოფაა. ვერტიკალურის – წყალთან წვდომა ღრმად გრუნტში. 

თბილისში გამწვანებისთვის  ძირითადად  რამდენიმე სახეობის ხე გამოიყენება  და მათი  უმეტესობა გასული საუკუნის 50-იან წლებში კანდიდ ჩარკვიანის შერჩევით დაირგო. მათგან ერთ-ერთი  ჭადარია, რომელიც დღესაც სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობით  საუკეთესო ურბანულ ხედაა აღიარებული. 

ჭადარს ძალიან დიდი ვარჯი აქვს, რაც ქმნის ჩრდილს და ჰაერს მძიმე მეტალებისა და დაბინძურებული ნაწილაკებისგან წმენდს, ამასთან, დაავადებების მიმართ ამტანია. თუმცა, მას საკმაოდ “აგრესიული”, ძლიერად განვითარებული ჰორიზონტალური ფესვები აქვს. 

AT.ge-სთან აქტივისტმა ნატა ფერაძემ ხეების მიმართ არასწორ მოპყრობასა და ქუჩის სამუშაოებისას  ხეების დაცვის სტანდარტებზე ისაუბრა, რომლებიც სხვა ქვეყნებში არსებობს.

რა საფრთხე ემუქებათ ხეებს სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების დროს:  სამწუხაროდ, ჭადრების დარგვისას არ იყო ის სტანდარტი დაცული, რაც ევროპულ და ამერიკულ კანონმდებლობაში წერია: ფესვებს უკეთებენ ე.წ. სარკოფაგს  და მიმართულებას აძლევენ, რათა სახლისკენ არ წავიდეს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს არ არის გათვალისწინებული გაყვანილობების ცალკე შახტაში მოქცევა, რაც ძალიან ართულებს პროცესს – ფაქტობრივად, შეუძლებელია ფესვების დაზიანების გარეშე მუშაობა. გაყვანილობები თითქმის ყოველწლიურად იცვლება და თუ ამ საკითხს დროულად არ მივხედავთ, ყოველ ჯერზე  ჰორიზონტალური ფესვების მოჭრა მოგვიწევს. ის, როგორც თბილისის მერია ექცევა ამ ხეებს, სრულიად დაუშვებელია. მთელ ჭავჭავაძის გამზირზე ჭადრებს ფესვები ჩაჩეხილი აქვთ, ამის დამადასტურებელ ფოტოებს კი ჩემს ფეისბუქგვერდზე მუდმივად ვაზიარებ. არ ვიცით, ისინი როდის წაიქცევიან, უდიდესი საფრთხის წინაშე ვდგავართ.

 

 

როგორ ავირიდოთ უარყოფითი შედეგები: ოპტიმალური იქნება, რომ ხეები რაიმე მეთოდით გავამაგროთ. გამაგრება დაახლოებით 3-4 წლის განმავლობაშია საჭირო, სანამ ხე ახლიდან განავითარებს ფესვთა სისტემას. ძალიან დიდი ხანია, რაც მერიას სტანდარტის შემუშავებას ვთხოვთ: უნდა გაკეთდეს სარკოფაგები, რათა ფესვთა სისტემა ისე განვითარდეს, რომ გაყვანილობების სამუშაოების დროს მათი ჩაჭრა არ გახდეს საჭირო. აუცილებელია, რომ ნებისმიერი მშენებლობის დროს კონკრეტული წესები იყოს გათვალისწინებული. საჭიროა უკვე არასწორად დარგულ ხეებზე გაფრთხილების მეთოდის შემუშავება, ამ შემთხვევაში ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო თითოეული ხისთვის, სპეციალისტებმა უნდა მოგვცენ მითითებები, რომელი ფესვი როგორ უნდა ჩაიჭრას, რომ ხე ნაკლებად დაზიანდეს. აუცილებელია ახალი ხეების დარგვის ნორმების შექმნაც. 

 

როგორი სიტუაციაა საქართველოს ფარგლებს გარეთ: სხვა ქვეყნებში პრიორიტეტი ზრდასრულ ხეებზე ზრუნვას ენიჭება, მაგრამ ახალდარგულ ხეებსაც უფრთხილდებიან – სათანადოდ რწყავენ, წამლავენ, ამაგრებენ და რა თქმა უნდა, არ უჭრიან ფესვებს. ზოგიერთ ქალაქში ონლაინ მობილური აპლიკაციებიც არსებობს, სადაც დატანილია ყველა ხე და ნებისმიერ გამვლელს კომენტარის დატოვება შეუძლია: შეიძლება რომელიმე ხმელი ტოტი იყოს, არ იყოს კარგად მორწყული, არსებობდეს ადგილი, სადაც ხის დარგვა შეიძლება და ა.შ. ინტერაქცია საკმაოდ მაღალია და ყველა სახეობის ხეებია შეტანილი. ჩვენ ვამბობთ, რომ ერთ სულ მოსახლეზე თბილისში 4-5 კვადრატული მეტრი გამწვანებაა, მაგრამ ესეც მხოლოდ ვარაუდია, რადგან მწვანე სივრცეების ზუსტი აღწერა ჯერ არ  გაკეთებულა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.