fbpx

აზიური სამზარეულოს საუკეთესო ობიექტები თბილისში – მომხმარებლების გამოხმაურებების მიხედვით


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო იმერლიშვილი

აზიური სამზარეულო ეგზოტიკური გემოების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სწორედ ამ მრავალფეროვნების დამსახურებაა, რომ მან მსოფლიოში გაითქვა სახელი. 

აზიური სამზარეულო აღარ ასოცირდება მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ რეგიონთან ან ქვეყნებთან, ის საერთაშორისო ტრენდად იქცა. 

რამდენადაც აზიური კერძები გამორჩეული გემოების კომბინაციით ხასიათდება, მისი მომზადება ერთ-ერთი რთული საქმეა. აქედან გამომდინარე, აზიური სამზარეულოს გასინჯვის წინ აუცილებელია შესაბამისი საკვები ობიექტი სწორად შეარჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადებითი მოლოდინი შესაძლოა ყველაზე ცუდ კულინარიულ გამოცდილებად იქცეს. 

გაგაცნობთ  თბილისში მდებარე ადგილებს, სადაც სრულყოფილად მომზადებული აზიური კერძების გასინჯვას შეძლებთ. ხინკლის რეკომენდაციის მსგავსად, ამჯერადაც facebook-ის ისეთი თემატური ჯგუფების მონაცემები გამოვიყენეთ, როგორებიც არის   – რეცეპტორი/Receptor  და  Cafè community. მეტი ინფორმაციისათვის კი გეტყვით, რომ ეს ჯგუფები ციფრულ სამყაროში არსებული ის სივრცეებია, რომლებიც კულინარიულ და გასტრონომიულ საკითხებში  ყველაზე ენთუზიასტ და კომპეტენტურ ადამიანებს აერთიანებს. 

 

Bangkok • ბანგკოკი

რეცეპტორი/Receptor-ის და  Cafè community-ის  წევრების რეკომენდაციით, აზიური სწრაფი კვების რესტორნებს შორის ერთ-ერთი ლიდერი ობიექტის სტატუსს სწორედ Bangkok  ატარებს. მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია – სუში, ხელნაკეთი ატრია, ბრინჯი, სალათები, სხვადასხვა გემოს და არომატის სოუსები. შეფასებების მიხედვით, განსაკუთრებული მოწონებით ლაფშა და ნუდლსი სარგებლობს. რაც შეეხება მომსახურებასა და კონკრეტულად მიწოდების სერვისს, ესეც ძირითადად დადებითად არის შეფასებული. საერთო სურათის მიხედვით, ობიექტი დამსახურებულად სარგებლობს კარგი რეპუტაციით.  ბანგკოკი საბურთალოს რაიონში, ტანძიის ქუჩის 3 ნომერში მდებარეობს. 

 

მოჩი • Mochi 

Mochi – ეს არის კიდევ ერთი აზიური სამზარეულო, ადგილზე მიტანის სერვისით. გამოძახების სერვისი მოქმედებს  ყოველდღე – დღის 12-დან ღამის 12 საათამდე. მენიუ იმდენად მრავალფეროვანია, რომ შესაძლოა არჩევანის გაკეთებაც გაგიჭირდეთ  – კერძების ჩამონათვალში შეხვდებით ნუდლსის, წვნიანების, სალათების და სხვადასხვა ცივი თუ ცხელი კერძის ათეულობით დასახელებას. აღსანიშნავია, რომ “მოჩი” კონკრეტულად სუშის მოყვარულების ერთ-ერთი რჩეული ობიექტიც არის. სუშის მენიუ დაახლოებით 30 სახეობის როლს აერთიანებს. რაც შეეხება თავად სივრცეს, მას ფალიაშვილის 65 ნომერში იპოვით. 

 

Krevetebi.ge

ეს აზიური სამზარეულოს კიდევ ერთი ობიექტია, რომელიც მომხმარებელს კონკრეტულად მიტანის სერვისს სთავაზობს. მნიშვნელობა არ აქვს, როგორი კრიტერიუმებით არჩევთ აზიურ კერძებს – Krevetebi.ge-ის მენიუ აერთიანებს როლებს, სუშის არაერთ სახეობას, მრავალფეროვან ძირითად კერძებსა თუ აპეტაიზერებს, წვნიანებს. აღნიშნული კვების სერვისის ოფიციალურ საიტზე ვეგანურ კერძსაც აღმოაჩენთ. ზაფხულის დადგომასთან ერთად, Krevetebi.ge ახალ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა –  ახალი გრაფიკის მიხედვით სასურველი მენიუს შეკვეთა დღის 12 საათიდან ღამის 12 საათამდეა შესაძლებელი. 

 

მანჯისთან • At Manji’s

მას შემდეგ, რაც “მანჯისთან” ქართული კვების ობიექტების ბაზარზე გამოჩნდა, სოციალურ ქსელში აქტიურად იწერებოდა დადებითი შეფასებები. ეს ბრენდი, როგორც საკვები ობიექტი, მომხმარებლის დიდი ნდობით გახსნის დღიდანვე სარგებლობდა, განსაკუთრებული აღფრთოვანება კი  ქათმის ფრთებმა დაიმსახურა. დროის გასვლასთან ერთად მენიუც უფრო მრავალფეროვანი გახდა და დღეს “მანჯისთან”  რჩეულ აზიური კერძებთან ასოცირდება. რაც შეეხება სივრცეს, მას  ქუჩიშვილის 1 ნომერში აღმოაჩენთ. 

 

PHO აზიური სამზარეულო

როგორც  დამფუძნებლები გვეუბნებიან,  PHO არის ადგილი, სადაც აზიური სამზარეულოს ყველა სიკეთეს შეგიძლიათ ეზიაროთ. PHO ეგზოტიკური კერძების მოყვარულებს სხვადასხვა მკვეთრი გემოს ნაზავს სთავაზობს. 

კერძების მოსამზადებლად ადგილობრივი წარმოების ნედლეულს – ხორცსა და ბოსტნეულს იყენებენ.

აქ შეგიძლიათ  გემოების  თქვენთვის სასურველი კომბინაცია თავად აირჩიოთ. მენიუში წარმოდგენილი მრავალი დასახელების კერძის,  გარნირის და სოუსის  ერთმანეთთან შეხამებით, PHO  მომხმარებლებს კულინარიული აღმოჩენების შესაძლებლობას აძლევს. „პოს“ აზიური  სამზარეულოს ობიექტები თბილისში ორ მისამართზე –  ქავთარაძის 37ა-სა და ბახტრიონის 11ბ ნომერში მდებარეობს. ობიექტები 11:30-დან ღამის 12 საათამდე მოგემსახურებათ. 

 

რამეკაი • Ramekai

ეს აზიური კერძების კიდევ ერთი ობიექტია, რომელიც მომხმარებლის ნდობით სარგებლობს. სუშის მრავალი დასახელების გარდა, მენიუში იაპონური სუპის – რამენის რამდენიმე სახეობას და თქვენი გემოვნების შესაბამის ცხელ კერძებსაც მარტივად იპოვით. “რამე  კაი” ჭავჭავაძის გამზირზე, 37 ნომერში მდებარეობს და ღიაა ყოველდღე – დღის 12 საათიდან, ღამის 12 საათამდე. Გარდა ადგილზე  სტუმრობისა, ობიექტი კერძების მისამართზე მიტანის სერვისსაც გთავაზობთ. 

 

Jackie Chan Tbilisi

Jackie Chan Tbilisi ვაჟა ფშაველას 20 ნომერში მდებარე აზიური კერძების რესტორანია, რომელსაც ყოველდღე – 12:00 – 23:45-მდე შუალედში შეგიძლიათ ესტუმროთ. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, Jackie Chan-ის კერძები ტკბილ-ცხარე გემოების იდეალური კომბინაციით ხასიათდება, რაც განსაკუთრებით ხიბლავთ აზიური სამზარეულოს  მოყვარულებს. 

 

უკვე • Ukve

როგორც უკვე აღვნიშნეთ, აზიური სამზარეულოს ერთ-ერთი სიკეთე მისი მარტივი სერვირებაა, შესაბამისად, სამსახურში ლანჩის მენიუში სწორედ ის ლიდერობს. აზიური სამზარეულოს ობიექტი “უკვე”  დიდი ხანია მომხმარებლებს ადგილზე მიტანის კომფორტულ სერვისს სთავაზობს.  გარდა ამისა, “უკვე”, როგორც საკვები ობიექტი, ნინოშვილის 8 ნომერში, “ფაბრიკაშიც”  მდებარეობს. Ukve ღიაა ყოველდღე, დღის 11 საათიდან ღამის 12 საათამდე. 

 

Tuk Tuk • ტუკ ტუკ

აზიური სწრაფი კვები ობიექტი “ტუკ ტუკი” ეგზოტიკური გემოების მოყვარული გურმანების კიდევ ერთი რჩეულია. სივრცე მაჩაბლის 7 ნომერში მდებარეობს. “ტუკ  ტუკის” მენიუს დაგემოვნება უკვე მესტიაშიც არის შესაძლებელი – ობიექტის ფილიალი რამდენიმე თვის წინ, იანვრის დასაწყისში გაიხსნა. 

 

Mushu 

აზიური კვების ეს ობიექტი გაგარინის 14-16 ნომერში მდებარეობს. გარდა აზიური სამზარეულოსათვის დამახასიათებელი მრავალფეროვანი კერძებისა, Mushu-მ გურმანების გული კიდევ  ერთი დეტალით მოიგო – ეს არის საფირმო ტკბილ-ცხარე სოუსი, რომელსაც  ადგილობრივი მაღალი ხარისხის ნედლეულით, ყოველგვარი დანამატების და კონსერვანტების გარეშე ამზადებენ. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.