რას ნიშნავს ოლიგარქია და რა არის მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები
ავტორი: ზურა გამთენაძე
წარმოიდგინე ცხოვრობდე ისეთ საზოგადოებაში, სადაც პოლიტიკურ პროცესებში ჩასართავად დიდი ფინანსური რესურსების ფლობა ან მინიმუმ დიდი ფინანსური რესურსების მფლობელის მეგობრობა იყოს საჭირო. და ამ მოცემულობას შენი ნიჭი, უნარები თუ მოტივაცია ვერ ცვლიდეს. მმართველობის ასეთ ფორმას ოლიგარქია ეწოდება. ახლა კი დაფიქრდი, როგორ იგრძნობდი თავს, მსგავს პირობებში რომ გიწევდეს ცხოვრება?
ტერმინი და მმართველობის ფორმა ოლიგარქია ძველი საბერძნეთიდან მოდის, რაც სიტყვა-სიტყვითაც და მნიშვნელობითაც „მცირეს მმართველობას“ ნიშნავს. თითქოს ლოგიკურია, სახელმწიფოს სამართავად ხომ მცირე ჯგუფია საჭირო და ვერც მილიონობით ადამიანი უხელმძღვანელებს პოლიტიკურ პროცესებს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ოლიგარქიული მმართველობის დროს, როგორც ფაქტობრივად, ასევე თეორიულად, შეუძლებელია პოლიტიკურ პროცესებში ისე ჩაერთო, რომ ზემოთხსენებულ, კონკრეტულ პირობებს ვერ აკმაყოფილებდე. ძალაუფლება გადანაწილებულია ერთ ან რამდენიმე მდიდარ ჯგუფს შორის.
ოლიგარქიის მახასიათებლები
„ოლიგარქიის რკინის წესის“ თეორიის თანახმად, ნებისმიერი საზოგადოება საბოლოო ჯამში ოლიგარქიულ სისტემაზე გადავა, რადგანაც, ისინი ვისაც აქვთ ძალაუფლება, სწავლობენ როგორ გადასცენ ეს ძალაუფლება ფავორიტებს და ისინი „მემკვიდრეებად“ აქციონ. შედეგად, კონკრეტული ჯგუფი ერთმანეთში ცვლის და ინაწილებს ამ ძალაუფლებას და პოლიტიკაში საკუთარი პოზიციის გამყარებაზე ორიენტირდება, რაც ფავორიტების და გავლენიანი ჯგუფების შემცირებასა და საკუთარი ძალაუფლების გაზრდას გულისხმობს.
აღნიშნული მცირე ჯგუფი, ეტაპობრივად, კარგად ორგანიზებულ უმცირესობად იქცევა, ხოლო დანარჩენი მოქალაქეები არაორგანიზებული და, ფაქტობრივად, გავლენის არმქონე უმრავლესობად. უმცირესობის წევრები იწყებენ პროტეჟული სისტემის შექმნას, რომელიც, როგორც უკვე ვახსენე, „მემკვიდრეობის“ ხაზს გააგრძელებენ და უმრავლესობის წევრ მოქალაქეებისთვის უფრო და უფრო რთული გახდება გამყოფი ხაზების გარღვევა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა.
სიტყვა „ოლიგარქიის“ გაგონებაზე ძირითადად უარყოფითი ასოციაციები გვიჩნდება, მაგრამ ეს საერთოდ არ გამორიცხავს, რომ მას დადებითი მხარეებიც ჰქონდეს. იმისთვის, რომ ოლიგარქიას უფრო გააზრებული „განაჩენი“ გამოვუტანოთ, საჭიროა ნათლად გავიაზროთ მისი როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეები.
დადებითი
- მოქალაქეებს შეუძლიათ იცხოვრონ ჩვეულებრივი ცხოვრებით, მაშინ როცა საზოგადო საქმეებზე ზრუნვა და „ნერვიულობა“ ოლიგარქების საქმეა.
- ოლიგარქიული მმართველობა სტატუს-კვოს შენარჩუნებისკენ მიისწრაფვის. აღნიშნული კონსერვატიზმს წარმოქმნის და ნაკლებად სარისკო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ბიძგი ხდება.
- პოლიტიკური საქმიანობებისგან გათავისუფალ მოქალაქეებს მეტი თავისუფალი დრო აქვთ, რაც მათ შემოქმედებითობას უწყობს ხელს.
უარყოფითი
- მმართველი ჯგუფი განკარგავს კანონშემოქმედებას, რაც საბოლოო ჯამში, იმით სრულდება, რომ იმავე ჯგუფს მეტი სიმდიდრე და, შესაბამისად, მეტი ძალაუფლება უგროვდება.
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, მმართველი ჯგუფის ძალაუფლების ზრდასთან ერთად, იზრდება მისი აგრესია მათ მიმართ, ვინც აღნიშნული ჯგუფის წევრი არ არის. შედეგად მმართველ უმცირესობასა და მართულ უმრრავლესობას შორის მკვეთრ გამყოფ ხაზს ვიღებთ და მისი გარღვევა უფრო და უფრო რთული ხდება.
- ოლიგარქიული მმართველობა პირდაპირ ეწინააღმდეგება მრავალფეროვნებასა და საზოგადოებრივ ინოვაციებს.
- ეკონომიკურ საკითხებშიც მხოლოდ და მხოლოდ მმართველი უმრავლესობის ინტერესები გათვალისწინებით მოქმედება იწყება, რაც საბოლოო ჯამში, აზიანებს თავისუფალ ბაზარსა და მოთხოვნა-მიწოდების საზოგადოებრივად დარეგულირებულ მდგომარეობას. ეს კი გავლენას ახდენს ზოგიერთი პროდუქციის მიწოდებაზე და იქმნება დეფიციტი, რათა ამ პროდუქციაზე მაღალი ფასები შენარჩუნდეს.
- საბოლოოდ, როდესაც უმრავლესობის წევრი მოქალაქეები ხედავენ, რომ მათ ინტერესებს არავინ ითვალისწინებს და კანონებიც მხოლოდ უმცირესობის ინტერესების დასაკმაყოფილებლად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად იქმნება, ისინი აღარ ემორჩილებიან წესებს და იწყება სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ან ომი.
ისტორიულად, ოლიგარქიული მმართველობის დამყარების ორი გზა არსებობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფინანსური რესურსები გადამწყვეტ როლს თამაშობს და პირველ შემთხვევაში, სწორედ ფინანსური რესურსების მქონე, პოლიტიკური სისტემის გარეთ არსებული ჯგუფი მოიპოვებს ძალაუფლებას. აღნიშნულისთვის ისინი არაერთ ფინანსურ ბერკეტს იყენებენ, იქნება ეს სხვადასხვა საკვანძო ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფების მოსყიდვა თუ მფარველობის ქვეშ აყვანა. ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, ჯგუფის ლიდერი იწყებს პოლიტიკური სისტემის გარდაქმნას ისე, რომ ის ჩაიკეტოს „აუთსაიდერებისთვის“ და ამავდროულად ცდილობს მმართველი ჯგუფისთვის არასასურველი ადამიანების, სასურველებით ჩანაცვლებას.
თუ პირველი გზა სიმდიდრიდან ძალაუფლებისკენ არის მიმართული, მეორე გზა ძალაუფლებიდან სიმდიდრისა და მეტი ძალაუფლების მოპოვებას გულისხმობს. მაშინ, როდესაც კონრეტული ჯგუფი, თუნდაც ფინანსური სიძლიერის გარეშე, ძალაუფლების მოპოვებას ახერხებს, ის იწყებს ყოველი შესაძლებლობის გამოყენებას, რათა პოლიტიკური სისტემა ჩაკეტოს, მეტი სიმდიდრე მოიპოვოს და საბოლოოდ, იქცეს ოლიგარქიული სისტემის მმართველ უმცირესობად. შემდგომი გზა კვლავაც :აუთსაიდერებისთვის: გამყოფი ხაზის დაწესებას, მმართველ ჯგუფში საეჭვო ადამიანების წმენდასა და „ახალწვეულების“ მიღებას მოიცავს.
ყველაზე ცნობილი და თითქოს უკვე ფაქტად მიჩნეული ოლიგარქიული მმართველობები უმეტესად პოსტ-საბჭოთა სივრცეში გვხვდება, განსაკუთრებით საქართველოს „კეთილმოსურნე“ მეზობელთან. რუსეთში ოლიგარქიული მმართველობა სტრატეგიული რესურსების მფლობელი კომპანიებით შემოისაზღვრება, თუმცა, ადგილობრივ დონეზე ლოკალური მსხვილი ბიზნესმენები მონაწილეობენ ოლიგარქიულ მმართველობაში.
რუსული ოლიგარქია, უფრო მეტად, პირველ კატეგორიად შეიძლება მივიჩნიოთ, რომლის ფარგლებშიც ძალაუფლების მოპოვება ფინანსური რესურსების გამოყენებით ხდება. სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ჩინეთში ოლიგარქიული მმართველობა უფრო მეტად მეორე კატეგორიისა, რომელიც ძალაუფლებიდან გამომდინარე გამდიდრების ხაზს მიყვება და ძლიერი ჩინური სახელმწიფო კომპანიების გავლენით მყარდება. აფრიკული და ოლიგარქიული მმართველობები უფრო მეტად დანაწილებულია, ვიდრე გაერთიანებული, რაც ნიშნავს კლანურ მმართველობასა და სახელმწიფოს დანაწილებას მცირე ოლიგარქიულ ჯგუფებად.
ასევე ხშირად შეგხვდება სტატიები და მოწოდებები, რომ აშშ-იც ოლიგარქიული მმართველობისკენ იხრება, რადგანაც სხვადასხვა სოციალურ ფენას შორის შემოსავლების სხვაობა საგრძნობლად და საგანგაშოდ იზრდება. ადგილობრივ, საშტატო თუ ფედერალურ არჩევნებში მონაწილეობა კი მილიონობით დოლარს მოითხოვს, რაც მხოლოდ ამერიკის მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს აქვს. თუმცა, ამერიკული პოლიტიკური სისტემა თავად უშლის ხელს ოლიგარქიული მმართველობის დამყარებას და გამორიცხავს კონკრეტული ჯგუფის მიერ ძალაუფლების ხელში დიდი ხნით ჩაგდებას.
ახლა კი სტატიის დასაწყისში დასმულ კითხვას მივუბრუნდეთ – რას იზამდი, თუ ოლიგარქიულ მმართველობაში მოგიწევდა ცხოვრება? სავარაუდოდ იტყოდი, რომ ასე პასუხის გაცემა რთულია, რადგან მნიშვნელოვანია ოლიგარქიის რომელ მხარეს იქნებოდი – მმართველ უმცირეოსბაში თუ მართულ უმრავლესობაში. სამწუხაროდ, არც ერთ შემთხვევაში მაქვს შენთვის კარგი ამბავი, რადგან ოლიგარქიულ მმართველობაში ერთი ჯგუფი ვერასდროს ინარჩუნებს ძალაუფლებას, მას მალევე ცვლის მეორე, მეორეს მესამე, მესამეს მეოთხე და ა.შ.
თანაც უმეტესად სისხლისღვრის მეშვეობით. შენ კი, თუ თავად არ გექნებოდა დიდი ფინანსური რესურსები ან მისი მფლობელის იმდენად ახლო მეგობარი არ იქნებოდი, რომ ინსტაგრამზე close friend-ებში დაგამატებდა მილიონობით მოქალაქის მსგავსად პოლიტიკური ცხოვრებისგან მოწყვეტა მოგიწევდა. აღნიშნული კი გულისხმობს, რომ ვერ მიაღწევდი იმ ფინანსურ თუ პოლიტიკურ მწვერვალებს, რომელთა დაპყრობაც არაოლიგაქრიულ მმართველობაში შეიძლება საერთოდაც არ გაგჭირვებოდა.