fbpx

ივ სენ ლორანი და კინო: ყველაზე გამორჩეული ნამუშევრები


გააზიარე სტატია

ავტორი: ქლერ ბეგინი

 

ივ სენ ლორანის მოღვაწეობა თეატრისა და კინოსთვის გრძელი ამბავია, რომელიც ქალაქ ორანში დაიწყო – 13 წლის ასაკში ის მოლიერის სპექტაკლს, სახელწოდებით L’école des femmes დაესწრო. ამავე დროს, ახალგაზრდა მამაკაცმა საკუთარი Illustre Petit Théâtre შექმნა – მინიატიურული თეატრი, სადაც მუყაოს პერსონაჟებს მისი სამოსი ეცვათ. მან საკუთარ თავში აშკარა მიდრეკილება შოუს კოსტიუმების მიმართ 1950-იანი წლების ბოლოს აღმოაჩინა. ამავდროულად, დიზაინერი კინოსთვისაც ქმნიდა ნამუშევრებს. სოფია ლორენისა და კლაუდია კარდინალედან დაწყებული, მისი მარადიული მუზით, კეტრინ დენევით დამთავრებული, მან განსაკუთრებული კვალი დატოვა კინოს ისტორიაზე, რაც იმას მოწმობს,   რომ ივ სენ ლორანს პიროვნულობისა და თავად ეპოქის გაგების უნარი ჰქონდა, ამ ყველაფერს კი შემდგომ სამოსში წარმოადგენდა.  წარმოგიდგენთ მისი მოღვაწეობის  ყველაზე მნიშვნელოვან კოლაბორაციებს:

 

დღის ლამაზმანი / Belle de Jour, 1967

ეს ალბათ ივ სენ ლორანის ყველაზე გამორჩეული წვლილია კინოში. 1967 წელს, მათი პირველი შეხვედრიდან ორი წლის შემდეგ, დიზაინერმა კეტრინ დენევის მთლიანი გარდერობი შექმნა ლუის ბუნიუელის ფილმის, Belle de Jour-ის როლისთვის – ახალგაზრდა დაქორწინებული ბურჟუა ქალი, რომელიც საროსკიპოში პროსტიტუციითაა დაკავებული. მისი შავი ლაკის საწვიმარით დაწყებული, მოკლე კაბებით დამთავრებული, კოსტიუმები პერსონაჟის გაორებას ასახავს. ფილმის წარმატებამ  ამ ცნობილი საწვიმარის გაყიდვების ზრდაც გამოიწვია.

 

ვარდისფერი პანტერა / The Pink Panther, 1963

რეჟისორ ბლეიკ ედვარდსის “ვარდისფერი პანტერის” პირველი ნაწილისთვის, კოსტიუმების დიზაინერებმა უილიამ თეისმა და ანალიზა ნასალიმ კლაუდია კარდინალეს (ფილმში “პრინცესა დალა”) შესამოსად ივ სენ ლორანის კაბა შეარჩიეს. მსახიობმა გრძელმკლავიანი, მარგალიტებითა და ლენტით  გაფორმებული ოქროსფერი კაბა მოირგო.  სამოსის ეს მოდელი 1960-იან წლებში დიზაინერის საღამოს კაბებისთვის იყო დამახასიათებელი.

 

მომენტიდან მომენტამდე / Moment to Moment, 1966

თრილერი მერვინ ლეროის ეკუთვნის, რომელშიც ჯინ სებერგი ფსიქიატრის ცოლის როლს ასრულებს – ქალს ქორწინება მოჰბეზრდა და ურთიერთობას ოფიცერთან იწყებს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ივ სენ ლორანმა სპეციალურად კინოსთვის შექმნა სამოსი. დიზაინერმა ამ შემთხვევაშიც მსახიობისთვის ორმაგი სტილის სამოსი შექმნა: როგორც დახვეწილი, ასევე სექსუალური.

 

არაბესკა / Arabesque, 1966

სტენლი დონენის ფილმში სოფი ლორანი იასმინის როლს ასრულებს – ნავთობის ბიზნესმენის დიასახლისი, რომელიც იეროგლიფების ექსპერტს, დევიდ პოლოკს საერთაშორისო შეთქმულების გამოაშკარავებაში ეხმარება. წითელი ლაკის ქურთუკი, შალის კოსტიუმი და მარგალიტებით მორთული მდიდრული კაბა –  გაბედულების, ელეგანტურობისა და აღმოსავლური შთაგონების ნაზავია, რომელიც ივ სენ ლორენის საქმიანობას ახასიათებს.

 

გულისცემა / La Chamade, 1968

1968 წელს კეტრინ დენევი და ივ სენ ლორანი უკვე ახლო მეგობრები იყვნენ. ალენ კავალიეს ფილმში მსახიობმა უმუშევარი ქალის როლი ითამაშა, რომელმაც სიყვარულის პრივილეგიებზე უარი განაცხადა. ამ შემთხვევაშიც დიზაინერმა სრულყოფილად დაიცვა დახვეწილ და ელეგანტურ სამოსს შორის ბალანსი.

 

ქალთევზა მისისიპიდან / La Sirène du Mississippi, 1969

ფრანსუა ტრიუფომ ივ სენ ლორანი დაახასიათა, როგორც ყველაზე კინომოყვარული დიზაინერი. ის კარგად აცნობიერებდა, როგორი უნდა ყოფილიყო კინოს კოსტიუმები და ისიც იცოდა, როგორ უნდა შეექმნა სამოსი ისე, რომ იდეალურად მორგებოდა მოძრაობებსა და სტილს. ფილმისთვის “ქალთევზა მისისიპიდან” მან კეტრინ დენევი შემოსა 1968 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან. ჩაცმულობები არის როგორც სექსუალური (ბრჭყვიალა საცურაო კოსტიუმი  და შავი გამჭირვალე კოლგოტი), ასევე ზომიერი (შავი ყელიანი კაბა), ცოტაოდენი მამაკაცური ელემენტებით.

 

მაქსი და ჯართის გამყიდველები / Max et les Ferrailleurs, 1971

ამოღებული ვარდისფერი/ღია მოწითალო კაბა, შავი ლაკის ქურთუკი, კისერზე მიბმული ლენტა – ეს ის ელემენტებია, რომლითაც კლოდ სოტეს ფილმისთვის ივ სენ ლორანმა რომი შნაიდერი სექსუალურად შემოსა. შავი ლაკის ქურთუკი ყველაზე კინემატოგრაფიული ნამუშევარია ივ სენ-ლორანის გარდერობში.

 

სტავისკი / Stavisky, 1974

საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის ფინანსური სკანდალების შესახებ გადაღებულ ალენ რენეს ამ ფილმში ენი დიუპრი შავი გრძელი მოსაცმელითა და ბუმბულის ლაბადით საკმაოდ დრამატულად გამოიყურება. ბეწვეული, მარგალიტები, ქუდები და ატლასის კაბები ქმნიან თეატრალურ გარდერობს, რომელიც მთლიანად ასახავს პერსონაჟს, ხოლო ივ სენ ლორანის სტილისტურმა თვალმა კი ულტრა დახვეწილი გარდერობი მაქსიმალური ბუნებრიობით შექმნა.

 

მეტრო / Subway, 1985

ლუკ ბესონის ფილმი, რომელშიც კრისტოფ ლამბერტი და იზაბელ აჯანი მონაწილეობენ. 1980-იანი წლების ივ სენ ლორანის სტილის დემონსტრირება: XXL საყურეები, დიდი მოცულობები, მოცულობითი ვარცხნილობები… პანკისა და ბურჟუაზიის ნაზავი, რომელსაც დიზაინერის ელეგანტურობაც ემატება.

ორიგინალი: https://www.vogue.fr/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.