ონლაინ შოპინგის მომავალი: Diesel-მა ციფრული შოურუმი შექმნა
ავტორი: ელიზაბეტ სეგრანი
ტანსაცმლის ონლაინ ყიდვა ზოგჯერ რუტინულია – უნდა დაათვალიეროთ და გაფილტროთ კატეგორიებად მანამ, სანამ რაიმე თვალს არ მოგჭრით. იტალიურმა ბრენდმა Diesel-მა განსაკუთრებული ალტერნატივა შემოგვთავაზა: ციფრული შოურუმი. ეს იდეა პრობლემის საპასუხოდ წარმოიშვა – კორონავირუსის პანდემიის გამო, მყიდველები მილანში ბრენდის მაღაზიას ვეღარ სტუმრობდნენ, ხელმძღვანელობამ კი სწრაფად შეიმუშავა ახალი გეგმა: კომპანია Accenture-სთან თანამშრომლობით მათ იმერსიული ციფრული შოურუმი შექმნეს, რომელიც ძალიან ჰგავს რეალურს, მაგრამ ერთი განსხვავებით – აქ ნიღბის ტარება ან სოციალური დისტანციის დაცვა არ მოგიწევთ.
სახალისო და ჰიპერრეალისტური გამოცდილება, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ონლაინ შოპინგი უახლოეს თვეებსა და წლებში. “2020 წელმა დააჩქარა ის, თუ რისი შეთავაზება და განხორციელება შეგვიძლია ციფრულ სივრცეში“, – განაცხადა დიზელის აღმასრულებელმა დირექტორმა მასიმო პიომბინიმ.
შოურუმში თქვენი მოგზაურობა მოსაცდელ არეალში იწყება, რომლის კედელიც აყვავებული მცენარეებითაა გაფორმებული – აქ კონსიერჟს შეხვდებით, რომელიც თქვენი პირადი გიდის როლს შეითავსებს. ამის შემდეგ თქვენი მაუსის დახმარებით სხვა ოთახებსაც ესტუმრებით – დიზაინში Diesel-ის ინდუსტრიულ-ელეგანტური ესთეტიკა ჩანს: კედლები და ცემენტის იატაკი, რომლებიც გატეხილი შუშის პატერნითაა დაფარული. ერთ ოთახში განთავსებულია მანეკენები, რომლებსაც 90-იანების შთაგონებით შექმნილი ჯინსები აცვიათ. როგორც კი შეუხვევთ, ფეხსაცმელების განყოფილებაში აღმოჩნდებით, სადაც ნეონის ფერების ბოტასებს შეხვდებით.
რაც მთავარია, შეგიძლიათ მოაახლოვოთ, ანუ ე.წ. zoom-ის ფუნქცია გამოიყენოთ. ასევე ბრენდის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის მთელი კოლექცია დაათვალიეროთ, თითოეულ ტანსაცმელს 360 გრადუსით შეხედოთ და წარწერებიც კი შეამჩნიოთ, რომელზეც ფასი წერია.
ამჟამად ეს ფუნქცია გამყიდველთა მხოლოდ მცირე ნაწილისთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს არის ექსპერიმენტი, რომელმაც შესაძლოა ელექტრონული კომერცია შეცვალოს – სოციალური დისტანციის ფარგლებში ის თითქმის 40%-ით გაიზარდა. თუმცა, ე-კომერციის ვებსაიტების უმეტესობა 90-იანი წლების დასაწყისის შემდგომ მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. Diesel-ის შოურუმი სრულყოფილი არ არის. მისი ძირითადი არსი ძიების გამარტივებაა, რაც ბევრად უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს, ვიდრე ვებსაიტზე პროდუქტების სიების დათვალიერება. სხვა ბრენდებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მსგავსი ინვენტარის ვირტუალურ პლატფორმაზე გადასვლა წარმოუდგენელი გამოწვევაა, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ Diesel-ს ამის შესაქმნელად რამდენიმე თვე დასჭირდა.
ორიგინალი: https://www.fastcompany.com/