Space x AT.ge: მოგზაურობა თბილისის კაფეებში პანდემიის შემდეგ – ამო რამე
ავტორი: თამარი კიზივაძე
თბილისის ქუჩების ფეხით შემოვლა და დიდი ხნის უნახავი ნაცნობების მოკითხვა, დამღლელი დღის შემდეგ ყავის დალევა და მეგობრებთან ერთად სიცილი – სახლში გატარებულმა რამდენი თვემ ყოველდღიურობის განუყოფელი ისეთი დეტალები მომანატრა, რომლებსაც მანამდე ყურადღებას არც კი ვაქცევდი. ნოსტალგიამ უფროსი თაობის წარმომადგენლებიც მოიცვა. ძველთბილისური ურთიერთობების, დასახლებებისა და აივნების შესახებ ფერადი ისტორიების მოსმენამ და შავ-თეთრი ფოტოების თვალიერებამ ჩემს გულში ახალი გრძნობა გააჩინა. მოგნატრებიათ ის ეპოქა, რომელშიც არასდროს გიცხოვრიათ? ამ გრძნობას Anemoia ჰქვია და ის თბილისის ძველი ქუჩებისკენ გამიძღვა.
ამასობაში, თითქოს ამ გრძნობის საპასუხოდ, ქართულმა ნეობანკმა სფეისმა და AT.ge-მ გადავწყვიტეთ, ერთად გვემოგზაურა თბილისის სახელოვან კაფეებში, რათა გაგვეგო, როგორ ადაპტირდნენ ისინი ახალ რეალობასთან. მეც ხელი მოვკიდე ჩემს სფეის ბარათს, რომლითაც ნებისმიერ კვების ობიექტში გადახდილი თანხის 5%-ის უკან გვიბრუნდება და ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე გამორჩეულ კაფეს “ამო რამე” ვესტუმრე. სფეისის აქცია ჩემთვის კარგი შესაძლებლობაა ქალაქის შემოსავლელად საოცნებო სკუტერისთვის ფულის შესაგროვებლად, რადგან ქეშბექის სახით დაბრუნებულ თანხას სფეის ყულაბაში ვინახავ და მალე მიზანსაც მივაღწევ.
“ამო რამეს” შაბიამნისფერი ხის კარი იმდენად ორგანულად ერწყმის ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ძველებურ სახლებსა და აივნებს, რომ აქ მოსეირნე ირაკლი გამრეკელის, შალვა ალექსი მესხიშვილის, უორდროპების, პავლე ინგოროყვასა და სხვა საზოგადო მოღვაწეების წარმოდგენა რთული სულაც არაა. როდესაც კაფესთან მივედი და შიგნით შესვლა განვიზრახე, კართან დეზობარიერი დამხვდა, რომლის გადალახვის შემდეგაც თერმოსკრინინგი გავიარე და რადგანაც სიცხე არ მქონდა, ხელის დეზინფექციაც ჩავიტარე.
როცა კაფეში შევედი და ჩემს პიტნის ლიმონათთან ერთად პატარა, მცენარეებით სავსე ეზოში ჩამოვჯექი, ქუჩის მიერ მოყოლილი წარსულის ისტორიებით მოხიბლულმა კიდევ ერთი სასიამოვნო შეგრძნება – ოჯახური სიმყუდროვე აღმოვაჩინე. ის აქ ყველგანაა: ნავთის ძველ ქურაში, საბეჭდ მანქანაში, ლევან ხარანაულის ნახატებში, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც “ამო რამეს” ისტორიაში, რომლის წერაც კაფეს დამაარსებლებმა – მარიამ ხარანაულმა და ნიკოლოზ ივანაშვილმა- 2013 წელს დაიწყეს.
როგორც კარის გვერდით ხის პატარა დაფა გვამცნობს, “ამო რამე” სახელოვნო კაფეა. “ამო რამე” ანუ საამო რამ – თავად კაფეს სახელიც პოეტურია და მისი ავტორი ბესიკ ხარანაულია. აქ ხელოვნების სიყვარული ყველა დეტალში იგრძნობა. ლევან ხარანაულისა და მისი შვილების ნახატების გარდა, სხვა ბევრი ნივთითაც მოვინუსხე. გასული საუკუნის ოჯახურ რელიკვიებს, ვინტაჟურ ფარდებს, ფერად სკამებს, სანათებსა და მეგობრებისგან სამახსოვროდ მიღებულ სხვა ნივთებს მხოლოდ ესთეტიკური დანიშნულება როდი აქვთ – თითოეული ნივთი ამავდროულად განსაკუთრებული ამბის მთხრობელიცაა. ისინი იმ ადამიანებზე გვიამბობენ, რომლებმაც “ამო რამეს” სიცოცხლე აჩუქეს და ნიკოლოზსა და მარიამს ნებისმიერ დროს მხარში ედგნენ. ალბათ, სწორედ ეს თვალით უხილავი ურთიერთობები ქმნის იმ განსაკუთრებულ ატმოსფეროს, რომელიც თავს შინ მაგრძნობინებს.
მარიამი: თანამშრომლებს ხშირად ვეუბნები, რომ სტუმარი გემრიელ კერძებს სხვაგანაც გასინჯავს. სხვა დაწესებულების ინტერიერითაც შეიძლება მოიხიბლოს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი განწყობა და კომფორტული გარემოა, რომელიც აქ მოსულ ადამიანს არასდროს დაავიწყდება.
ინტერიერისა და სასიამოვნო ატმოსფეროს გარდა, “ამო რამე” გემრიელი კერძებითაც გამოირჩევა. განსაკუთრებით პოპულარული ხინკალია, რომლის მსგავსსაც მხოლოდ თიანეთში თუ დააგემოვნებთ. “ამო რამეს” ხინკალი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 2019 წელს ნიკოლოზმა და მარიამმა სახელოვნო კაფეს მოპირდაპირე მხარეს “ამო რამე ხინკალი” გახსნეს. “ამო რამეს” სტუმრებს ტრადიციული ქართული კერძების გარდა, გემრიელი ლიმონათის, ყავისა თუ სხვადასხვა დესერტის დაგემოვნებაც შეუძლიათ.
ბოლოდროინდელმა მოვლენებმა როგორც მომსახურების სფეროს ყველა წარმომადგენელზე, “ამო რამეზეც” დიდი გავლენა იქონია.
ნიკოლოზი: ცვლილება ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა. მოგვიწია კაფეს დაკეტვა და მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა. რა თქმა უნდა, ერთგული კლიენტების მომსახურებას ასეც ვახერხებდით, მაგრამ ფინანსურად მაინც რთული პერიოდი აღმოჩნდა.
ახალი რეალობისთვის ფეხის ასაწყობად კაფემ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და დღეს სტუმრებს განახლებული წესებით ემსახურება.
დაწესებულების დახურულ სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც მომხმარებლებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის. მაგიდასთან პირბადის მოხსნა დასაშვებია. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ სტუმრებს პირბადეებით თავად კაფეც უზრუნველყოფს.
ნიკოლოზი: ვითვალისწინებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაში გვაკისრია, ამიტომ ზედმიწევნით ვიცავთ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს და ვცდილობთ ახალ რეალობას მაქსიმალურად მოვერგოთ.
იმისათვის, რომ თითოეულმა სტუმარმა თავი მაქსიმალურად დაცულად იგრძნოს, მომზადებული მომსახურე პერსონალის ყოლა აუცილებელია. სწორედ ამიტომ “ამო რამემ” თანამშრომლებისათვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარება უზრუნველყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ გახსნამდე კაფეში სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა და სტუმრის წასვლის შემდეგ თითოეული მაგიდა შესაბამისი ხსნარით იწმინდება. “ამო რამე” მომხმარებლების დაცვის მიზნით მხოლოდ ერთჯერად მენიუს იყენებს. მაგიდებს შორის შესაბამისი დისტანციის უზრუნველსაყოფად დაწესებულებაში მათი რაოდენობა, ფაქტობრივად, განახევრებულია.
“ამო რამე” ერთგულ მომხმარებლებს, რომლებიც აქ დასასვენებლად, სამუშაოდ, მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად დროის გასატარებლად მოდიან, უსაფრთხოების ახალი წესებითა და ძველი ენთუზიაზმით ხვდება. მშვიდი გარემო კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ცხოვრება თანდათანობით ჩვეულ რიტმს უბრუნდება. მიუხედავად უამრავი სირთულისა, რომლებიც ახალმა დღის წესრიგმა მოიტანა, “ამო რამე” მზადაა, გაამართლოს ბესიკ ხარანაულის მიერ შერჩეული სახელი და ნებისმიერ სტუმრისთვის უსაფრთხო, შინაურული და საამო ატმოსფერო უზრუნველყოს.
ასე რომ, აუცილებლად ეწვიეთ “ამო რამეს” და არ დაგავიწყდეთ სფეის ბარათით გადახდა, რათა 5%-იანი ქეშბექი მიიღოთ.








