საუკუნოვანი შენობის ფერიცვალება, ანუ სასახლე „ბროლის კედლებით და მარგალიტის შადრევნებით“
ავტორი: მზეხა მახარაძე
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი
ოპერატორი: ლევან მაისურაძე
მონტაჟი: თამუნა გეფერიძე
სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობის კაპიტალური რეაბილიტაცია თითქმის დასრულებულია. ეს საუკუნოვანი შენობა, რომელსაც დროში თავისი ინდივიდუალური ბედი და ფერიცვალება აქვს, გასული წლების მანძილზე ბზარებით იყო დასერილი. 1850-იან წლებში აგებული ამ შენობის გადარჩენას ჯერ კიდევ 1922 წელს ცდილობდა იმდროინდელი სამხატვრო აკადემიის პირველი რექტორი გიორგი ჩუბინაშვილი, რომელიც ქალაქის მმართველობას სწერდა, შენობა ინგრევა და იქნებ გაამაგროთო… მაგრამ ამაოდ. ალბათ მაშინაც არსებობდა ბზარებში ჩარჩენილი ილუზიები და ნანგრევებისგან გადარჩენილი იმედიც.
სამხატვრო აკადემიის ისტორიული შენობა
🎬 ნახAT საუკუნოვანი შენობის ფერიცვალება, ანუ სასახლე „ბროლის კედლებით და მარგალიტის შადრევნებით“ 💎თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის შენობის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა.👉 https://at.ge/2020/07/03/brolis-kedeli/ავტორი: მზეხა მახარაძეოპერატორი: Levan Maisuradze
Gepostet von AT.ge am Sonntag, 5. Juli 2020
საძირკველგამოცლილი და დასანგრევად განწირული ნაგებობის გადარჩენა 2015 წელს დაიწყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. მიუხედავად იმისა, რომ შენობა არქიტექტურულად დეფორმირებული იყო, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს დაკარგული ჰქონდა თავისი მხატვრული ესთეტიკა, ის მთლიანად განახლდა, – ფუნდამენტი გაუმაგრდა, კონსტრუქციულად შეიკრა და რესტავრირებულ სარკეებიან დარბაზებში გადაღებილი შედევრებიც გამოჩნდა. თავისი ჟღერადი არქიტექტურული მორთულობით ამ უნიკალური შენობის სტილური სინთეზი ევროპულ, ანუ კლასიცისტურ-ბაროკულ და აღმოსავლურ, კერძოდ, ისლამური არქიტექტურის ტრადიციებთან არის გადაკვეთილი.
როგორც ვხედავთ, XIX საუკუნის საქართველო არა მარტო თავისი გეოგრაფიით, არამედ ურბანულ მოტივებშიც გზაჯვარედინია და ეს უცხო მულტიკულტურული ტრადიციების გაზიარება კიდევ უფრო სოლიდურად ამდიდრებდა ადგილობრივ ცივილიზაციას.
ამ მკაცრი კლასიცისტური ფასადების მიღმა პირვანდელი სახე დაუბრუნდა იმ გასაოცარ სარკეებიან დარბაზებს, სადაც მოხვედრა დიდ მოგზაურობას ჰგავს „ათას ერთი ღამის“ ზღაპრიდან. ეს სარკეები ზოგან ვარსკვლავებს ჰქმნის, ზოგან ყვავილების დეკორს, ზოგან მოზაიკას, თუმცა სხვადასხვა ფორმების რიტმულ წყობაში ნაპოვნი ნებისმიერი ფიგურა ბროლის კრისტალებივით ბრწყინავს.
მკვლევრების აზრით, ეს სარკეებიანი დარბაზები ირანიდან სპეციალურად ჩამოყვანილი ყაჯარი ოსტატების მიერ ვირტუოზულად არის შესრულებული და გვიანირანული სასახლეების ინტერიერებისთვის დამახასიათებელი დეტალებითაა დამუშავებული. თვალით მიჰყვები ყვავილოვანი მოტივების დეკორატიულ მოხატულობას, ანდა ძერწული თაბაშირის ორნამენტებით დაფარულ კედლებს, რომელიც თეთრი მაქმანის სისადავეს გახსენებს. სწორედ აქედან იწყება რელიეფებზე ელეგანტური სპარსული ბაროკო, ჭერზე გასული არაბესკები, დეკორის დინამიკურობა და მოქნილობა, მოტივის დაუსრულებელი გამეორება და მერე ერთიან მონუმენტურ ფერწერად გადაქცევა, სადაც არც ერთი პეიზაჟი და თაიგული არ მეორდება.
XIX საუკუნის ტფილისში, სადაც ჩამოსულ მოგზაურებს აზიური ქალაქის ევროპულობა უკვირდათ, აღმოსავლური სტილი რომ მოდური იყო, ამის ერთ-ერთი უნიკალური ნიმუში არა მარტო ეს სარკეებიანი დარბაზებია, არამედ – მთლიანად სასახლე თავისი კონცეფციით, სტილური ეკლექტიკით და მისტიკით. ეს სასახლე იმ დროს სომეხ დიდვაჭარ ვახტანგ არშაკუნს ეკუთვნოდა. სწორედ მისი სურვილი იყო ჰქონოდა ზღაპრული სახლი „ბროლის კედლებით, სარკეებიანი ჭერითა და მარგალიტის შადრევნებით“, ისეთი, რომლის მსგავსი მთელ ამიერკავკასიაში არ იქნებოდა… და ასეც მოხდა. ასე აიგო დღევანდელი სამხატვრო აკადემიის შენობა, 1850-იან წლებში, იმ დროს ცნობილი არქიტექტორის, გრიგორი ივანოვის პროექტით, სადაც 1922 წელს გიორგი ჩაუბინაშვილმა საქართველოს სამხატვრო აკადემია დააარსა, – პირველი უმაღლესი სამხატვრო სასწავლებელი საქართველოსა და მთელ ამიერკავკასიაში.
– კაპიტალურ რეაბილიტაციამდე სამხატვრო აკადემიის საუკუნოვანი შენობის კარკასი ისეთ მძიმე მდგომარეობაში იყო, თითქმის დაშლის პირას. რა აღმოჩნდა მასშტაბური რეკონსტრუქციის სხვადასხვა ეტაპებზე ყველაზე რთული გარდა იმისა, რომ სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებდა ისტორიული შენობისთვის პირვანდელი სახის შენარჩუნებას?
გია გუგუშვილი, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი:
– თბილისის ამ ნაწილში იშვიათია საძირკველგამაგრებული და სარტყლიანი სახლები, მაგრამ ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, შენობის საძირკველი თუ კონსტრუქცია თავიდანვე პრობლემური იყო მთაწმინდის ფერდობიდან მომდინარე მიწისქვეშა წყლების თუ შესაძლო არასწორი პროექტირების გამო. შენობა იყო მთლიანად ავარიული, ამან მოითხოვა საძირკვლისა და შემდეგ სარტყლის ფუნდამენტური გამაგრება. ამ ხნის განმავლობაში რეაბილიტაცია იმაზე მეტად რთული გასაკეთებელი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა, რადგან ეს იყო კომპლექსური და მრავალი შრისგან შემდგარი სამუშაოები. შესაბამისად, აქ გაერთიანებული მუშაობდნენ არქიტექტორები, რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები, სამხატვრო აკადემიის ინტელექტუალური რესურსი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარია. მაგალითად, ძალიან ძლიერად მუშაობდა სამეცნიერო კვლევითი ნაწილი, სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის ფაკულტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა ფასადისა და ინტერიერის რესტავრაციაზე იმუშავეს, არქიტექტურის ფაკულტეტმა კი შენობის კონსტრუქციის პროექტირებაზე.
სულ იმას ვფიქრობ, როგორ და რამდენჯერ გადავრჩით? ჩვენ თვალწინ ამ აღმოსავლური დარბაზების ჭერიდან სარკეების ფრაგმენტები, თაბაშირის ან ხის ორნამენტები ცვიოდა. შენობის ავარიულობის გამო აკადემიის სტუდიები იყო დახურული, სამუზეუმო და საგამოფენო სივრცეები ხიმინჯებზე და დომკრატებზე იყო შემდგარი იმისთვის, რომ არ ჩამონგრეულიყო. ხის დიდი კონსტრუქცია, რაზეც ჭერის მოხატულობა და დეკორი იყო დამაგრებული, ქანაობდა, ამიტომაც ნებისმიერ დროს შეიძლებდა მთელი მასივი ჩამოვარდნილიყო და ეს იქნებოდა წარმოუდგენელი დანაკარგი, რადგანაც ასეთი დარბაზები საქართველოში ბევრი არ გვაქვს, თანაც ამ ხარისხით შესრულებული ყაჯარული ფერწერა არა მარტო საქართველოში, არამედ ირანშიც უნიკალურ ნიმუშად ფასდება.
ალბათ, ესეც იღბალი იყო, როდესაც ჩვენთან მაშინდელი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აკადემიის დასათვალიერებლად მოვიდა, ერთ-ერთ სტუდიაში ჭერიდან ბათქაში ჩამოვარდა. ეს ყველაფერი რომ ნახა, ერთ კვირაში აკადემიის სარეაბილიტაციო თანხა უკვე გამოყოფილი იყო, სრული რეკონსტრუქცია კი 2015 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. მე არ მახსენდება ასეთი სირთულისა და მასშტაბის სხვა პროექტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ სრულად იყოს დაფინანსებული.
– რამდენია სარეაბილიტაციო პროექტის ბიუჯეტი?
– 3,5 წლის განმავლობაში აკადემიის რეაბილიტაციის პროცესი არ გაჩერებულა. ჩვენ ავცდით 12 მილიონ ლარს, ეს ვალუტის კურსთა შორის ცვალებადობამაც გამოიწვია… ახლა ბოლო, დამამთავრებელ ეტაპზე ვართ, აკადემიის შიდა ეზოს ექსტერიერი და თბილისური სტილის აივნები განვაახლეთ. აი, ეს არის ბოლო დარბაზი, სადაც თქვენც ხედავთ, რომ სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ იქნება ბიბლიოთეკა… რეაბილიტაცია სრულდება და როგორც უკვე დაგეგმილია, აბიტურიენტები ივლისის ბოლოს მისაღებ გამოცდებზე სწორედ ამ ისტორიულ დარბაზებში შემოვლენ. მერწმუნეთ, ეს შენობა თავისი აღმოსავლური სტილის დარბაზებით, ყველასთვის იქნება ღია და აქტიური, სამუზეუმო-საგამოფენო რეჟიმით იცხოვრებს. ასე რომ, ჩვენ მივიღეთ ევროპაში ერთ-ერთი ულამაზესი შენობა იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რასაც სამხატვრო აკადემია ჰქვია.
– გასული საუკუნის 70-იან წლებში აკადემიის აღმოსავლურ დარბაზებს რესტავრაცია ჩაუტარდა, რამაც ინტერიერის მორთულობაში სრულიად შეუსაბამო საბჭოთა სტილისტიკის კვალი დატოვა. თქვენი ხელმძღვანელობით რესტავრაციის პროცესში ხელახლა გაიხსნა კედლის მხატვრობის ფენები, რა იყო აქ მნიშვნელოვანი აღმოჩენა?
ნანა კუპრაშვილი, თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი:
– ყაჯარული მხატვრობის ზემოდან 3-4 ფენა იყო გადახატული, ზოგან ქაღალდზე შესრულებული მხატვრობა იყო დაკრული, ზოგან კი მარტო საღებავი გამოყენებული. ამიტომ ამ ქვედა ფენების გამოჩენას დიდი დრო და მუშაობა დასჭირდა. ეს ზედა ფენები ეტაპობრივად მოვხსენით, – ფრთხილად, აუჩქარებლად, რომ მხატვრობის ორიგინალი დაგვენახა. მეტსაც გეტყვით, ერთ-ერთი სარკეებიანი დარბაზის ჭერსა და სარკმლის წირთხლებში მთლიანად გამოვაჩინეთ თავდაპირველი მხატვრობა. აქ სარკმლის გარშემო იყო 3-4 სხვადასხვა ფენა, უხეშად შესრულებული ვარდების გამოსახულება, მის ქვეშ კი ორიგინალი – მშვენიერი ირანული პეიზაჟი გამოჩნდა. შუა სარკეებიან დარბაზში პატარა ბუხარი აღმოვაჩინეთ, ან თუნდაც კიბის უჯრედის რესტავრაცია-აღდგენაზე რომ ვმუშაობდით, ძველი ფოტოები ძალიან დაგვეხმარა ეს მონაკვეთი თავიდან გამოგვეჩინა, რადგან კედლის ძველ მოხატულობაზე შპალერი იყო გადაკრული. ფერწერაში ჩვენ ზედმეტად არ ჩავრეულვართ, უბრალოდ, ვეცადეთ, რომ ქვედა ფენები მაქსიმალურად ავთენტურობის დაცვით გამოგვეჩინა. მთლიანობაში კი ასეთ ეფექტს არ ველოდით, ეს აღმოსავლური დარბაზები ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა. აქვე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გავაკეთეთ საფუძვლიანი წინა საკონსერვაციო კვლევა, ამასთან ერთად რესტავრაციის პროცესში ყოველი ჩვენი რეკონსტრუქციული ჩარევა დოკუმენტურად არის დაფიქსირებული იმისთვის, რომ შემდგომმა მკვლევარებმა და რესტავრატორებმა იცოდნენ, რა იყო და რა გაკეთდა.
ასმათ ჩეჩელაშვილი, რესტავრატორი
– აკადემიის ავარიული შენობის მძიმე კონსტრუქციული პრობლემების მიუხედავად, მაინც როგორ გადარჩა ყაჯარი ოსტატების მიერ შესრულებული ნიმუშები? რამდენად რთულია სარკეზე მუშაობა?
– სარკეებზე ასე კომპლექსურად პირველად ვიმუშავე. ამ სარკეებს ჩვენ თვითონ ვჭრიდით, ვაწყობდით, ვამაგრებდით ზუსტად ისე, როგორც ამას ორიგინალი მოითხოვდა. სარკესთან მუშაობის სპეციფიკა არის იმ დეკორის, იმ დეტალების კარგად გააზრება, იგივე ორნამენტის სწორად აწყობა, რაც თავის დროზე ავტორმა ჩაიფიქრა. აქ მთავარი პირობა ისიც იყო, რომ წყობაში სიზუსტე დამეცვა, რადგან სწორედ ეს ვიზუალური მთლიანობა ქმნის ესთეტიკურ შთაბეჭდილებას. შუა დარბაზი ტექნიკურად ყველაზე რთული სამუშაო აღმოჩნდა, რადგან აქ ყველა მასალაა გამოყენებული: სარკეების სხვადასხვა ფენები, თაბაშირი, მინიატიურული ფერწერა… 70-იან წლებში, როდესაც ამ დარბაზებში ჩატარდა რესტავრაცია, თაბაშირის ორნამენტებზე აშკარა ჩანდა, რომ ის მაღალი ხარისხით კი არ გამოირჩეოდა, არამედ ისე უხეშად და მძიმედ იყო ნაძერწი, რომ ორიგინალს აზიანებდა, ამიტომ მოვხსენით და თავიდან განვაახლეთ. ჩვენ, რესტავრატორებს, გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყაჯარი ოსტატების ეს ნამუშევრები არა მარტო მთლიანობაში დავინახოთ, არამედ ძალიან ახლოდან, დეტალურად შევეხოთ. ამიტომაც ისეთი სიზუსტით, გემოვნებითა და ხარისხით არის შესრულებული ყოველი ორნამენტი, რომ რესტავრაციისას ჩვენც, ანალოგიურად, მაღალი ხარისხით, ავთენტური სიზუსტით უნდა გაგვემეორებინა.
– რა მოგცათ ამ სარკეებიან დარბაზებზე მუშაობამ?
– დიდი გამოცდილება და ის სენტიმენტალური კავშირები, რომელიც ყაჯარული ფერწერის მიმართ ყოველთვის მექნება.