fbpx

ხის სახლები საქართველოში, სადაც პანდემიის შემდეგ ზაფხულში დასვენებას შეძლებთ


გააზიარე სტატია

კოვიდ-19-მა მძიმე დარტყმა მიაყენა ტურიზმს და უფრო რთული გახდა ზაფხულის დასვენების დაგეგმვა უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით. ვინაიდან ახალი კორონავირუსი შესუსტების მიუხედავად ჩვენთან რჩება, ჩვენც შესაბამისად სიფრთხილე გვმართებს და თან დასვენებაც ძალიან გვჭირდება, გირჩევთ ხის სახლებს, სადაც უფრო იზოლირებულები იქნებით, ვიდრე ხალხმრავალ ადგილებში და სადაც ვფიქრობთ, მშვიდად დასვენებას შეძლებთ. 

 

მაშ ასე, ხის სახლები თიანეთში, სიონის ტბის სიახლოვეს: 

 

სადმე

ეკომეგობრული ორი კოტეჯია სიონის ტბის ახლოს, რომლებიც 2 ადამიანისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ  4-იც შეიძლება დაიტიოს. კოტეჯებში ყველაფერია, რაც კი შეიძლება დაგჭირდეთ: მაცივარი, გაზქურა, მიკროტალღური ღუმელი, თმის საშრობი, ჭურჭელი, 4 ადამიანისთვის განკუთვნილი თეთრეული და პირსახოცები. თუ “სადმე” წასვლას გადაწყვეტთ, კვებაზე ზრუნვა თავად მოგიწევთ და თუკი რამდენიმე დღით დარჩებით, ეზოსა და სახლის მცენარეებსაც  შეგიძლიათ გაეცნოთ.  როგორც ამ ადგილის მეპატრონეები ამბობენ, “სადმე”  – ესაა სოფლის სახლი ტბის პირას, მყუდრო კოტეჯი, სიწყნარე და მშვიდი გარემო. მზად იყავით იმისთვის, რომ წვიმიან ამინდში ტალახში ფეხი დაგესვრებათ  და არ გაგიკვირდეთ, თუ ზღარბები და ციყვები გესტუმრებიან, ან მეზობლის ძაღლები და ფისოები მოინდომებენ თქვენს გაცნობას”. 

 

მარწყვის ქოხი 

ასევე სიონის ტბასთან მდებარე სახლია, სადაც მაქსიმუმ 3 ადამიანის განთავსება შეიძლება.  ქოხს წინ მდელო აქვს, უკან ტყე და მასთან მისასვლელი გზის გავლა ფეხით ან მაღალი გამავლობის მანქანით არის რეკომენდებული. მარწყვის ქოხი არა იმდენად კომფორტულად დასვენების მოყვარულების, არამედ დასვენების ამსახველი ლამაზი ფოტოების ინსტაგრამზე განთავსების მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი, და მათთვისაც, ვისთვისაც კარგი ხელი მნიშვნელოვანია. 

 

კოტეჯები თიანეთში 

ეზოში აუზით და ჰამაკებით და ეთნიკური სამზარეულოთი შედარებით უფრო კომფორტული დასვენების მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი. 3 კოტეჯი სოფელ იარაჯულებში დგას, საიდანაც ახლოსაა ანანურის ციხესიმაგრე, ფუძნარისა და ჟებოტას ეკლესიები და ადგილობრივი საკვები ობიექტები ავთენტური სამზარეულოთი. 

 

თიანეთიდან რაჭაში თუ გადავინაცვლებთ, არჩევანი ასეთია: 

დედულეთი რაჭა 

ამბროლაურიდან 14 კილომეტრში, სოფელ სხარტალში არსებული კოტეჯია, სადაც 6 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. აქ ყველაფერია, რაც რაჭის ღირსებას წარმოადგენს – მთის სუფთა ჰაერი, წიწვოვანი ტყეები და სიმშვიდე. შესაძლებელია ავტომობილით მომსახურება და ტურების დაგეგმვაც თქვენი ინტერესების შესაბამისად. 

 

კოტეჯი სოჭი

ანუ დასვენება იქ, სადაც სიმშვიდის სახლები ღამით თავზე ვარსკვლავებით ცას იბერტყავენ. კოტეჯი ამბროლაურის სოფელ თლუღში მდებარეობს,  სოჭის  ხეებით გარშემორტყმულ მდელოზე. 

კოტეჯი აღჭურვილია ცხელი და ცივი წყლით, სახლის კინოთეატრით, მაგიდის ტენისით და ინტერნეტით. ეტევა 10 ადამიანი, ანუ მისწრებაა  სამეგობროსთვის. 

 

ციბენა 

საოჯახო სასტუმროა ამბროლაურში, რომელიც რამდენიმე ხის სახლს აერთიანებს. აქვეა მცირე აუზი ბავშვებისთვის და საოჯახო მარანი. 

 

ღვინის სივრცე ამბროლაურში 

სოფელ სადმელში მდებარე ბუტიკ-სასტუმრო და გლემფინგ-კოტეჯია. ეს ის რეგიონია, სადაც ხვანჭკარა მოდის – შესაბამისად, კომპლექსის ნაწილია ღია მარანი და 100 წლის ხის შენობა, რომელიც რენოვაციის შედეგად იქცა თანამედროვე და კომფორტულ სასტუმროდ. სივრცე გთავაზობთ სამი ტიპის ოთახს და გლემფინგ-კოტეჯს, რომლებიც აღჭურვილია ინდივიდუალური სველი წერტილით და საოცარი პანორამული ტერასით. 

რაჭიდან ყაზბეგში თუ წავალთ, წიწვოვანი ტყეების ნაცვლად ალპურ ზონაში მოვხვდებით, ღამის გათევისთვის კი შემდეგი სახლები გელოდებათ: 

 

ყაზბეგის კაბინები 

გერგეთში, ბეთლემის ქუჩაზე მდებარე ორი ეკომეგობრული ხის სახლი დახვეწილი ინტერიერით და შთამბეჭდავი ხედებით, სავარაუდოდ, ნებისმიერი ტიპის დასვენების მოყვარულის გულს ადგილად მოიგებს. 

 

Kazbegi View 

სტეფანწმინდაში არსებული სამკუთხა კოტეჯებია პანორამული ხედებით, კეთილმოწყობილი ნაგებობით, წინ მდელოთი და უკან მთით, მოშორებით შენობებისგან. 

 

ყაზბეგის კოტეჯებში თუ უკვე ნამყოფი ხართ, შეგვიძლია რამდენიმე ადგილი სვანეთშიც გირჩიოთ: 

კოტეჯები “ჩუბეზენი” 

სვანეთში, ჭუბერის ხეობაში მდებარეობს და სრულიად იზოლირებული და უსაფრთხოა. ტყეში მდებარე ხის სახლები დიდი ეზოთი და მთის ხედებით, სადაც 4-5 ადამიანი ეტევა,  აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით.

 

 მთის ქოხები მესტიაში 

5 საცხოვრებელ ხის სახლს და კაფეს აერთიანებს. წიწვოვანი ტყის პირას მდგომი კომპლექსიდან ადვილია სვანეთის სხვა საინტერესო ადგილებში წასვლაც. ფეხით სავალ გზაზეა მუზეუმი და ჰაწვალის საბაგირო. 

 

ბუდე 

ასევე მესტიაში მდებარე კოტეჯებია, რომელთა  მშენებლობაც სულ ახლახან დასრულდა. ბუდეს “ფეხებზე შემდგარი” კოტეჯებიც წიწვოვანი ტყის პირას არის განთავსებული წინ მდელოთი. 

 

და ბოლოს, ნაცნობი ცემი: 

კუნგსვუდი 

სრულიად აღჭურვილი ხის სახლები სიმწვანესა და სიმშვიდეში, დიდი ეზოთი და ეზოში ჰამაკებით, საუკეთესო არჩევანი იქნება ბავშვიანი ოჯახებისთვის.  

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.