fbpx

უზბეკეთის სასახლეების და მეჩეთების ბრწყინვალე არქიტექტურა ინგლისელი ფოტოგრაფის ობიექტივში


გააზიარე სტატია



ავტორი: ემა ტაგარტი

ლონდონში მცხოვრები მოგზაური ფოტოგრაფი, კრისტოფერ ვილტონ-სტიერი ვირტუალური მოგზაურობისკენ ცენტრალური აზიის გულში გეპატიჟებათ. 2019 წელს მან 4 თვის განმავლობაში 17 ქვეყანა მოინახულა, ლონდონიდან პეკინამდე 40 000 კილომეტრზე ავტობუსით, მანქანით, მატარებლით, ნავით და ცხენით მგზავრობდა. ცნობილი აბრეშუმის გზის მიყოლით, უძველესი კულტურები და შთამბეჭდავი არქიტექტურული ფორმები თავიდან აღმოაჩინა.

ლონდონში დაბრუნების შემდეგ ვილტონ-სტერმა შექმნა კოლექციები, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე შორეული ადგილების  შესახებ მოგვითხრობენ. უზბეკეთის სერია სხვადასხვა სასახლეების, მეჩეთების, მედრესეებისა და მავზოლეუმების თვალისმომჭრელი ჭერების დიზაინს ასახავს. ეს მრავალსაუკუნოვანი, ფერადი, გეომეტრიული ჭერები ისლამური ხუროთმოძღვრების სილამაზეს უსვამს ხაზს და  უძველეს კულტურას გვაცნობს.

წაიკითხეთ My Modern Met-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ფოტოგრაფთან.

 

პირველად როდის დაინტერესდით სამოგზაურო ფოტოგრაფიით და რამ მიიპყრო თქვენი ყურადღება? 

ფოტოგრაფობა 16 წლის წინ დავიწყე, მაშინ 20 წლის ვიყავი. უნივერსიტეტში სწავლის დროს ერთ-ერთი ზაფხული ევროპაში მოგზაურობას დავუთმე. მაშინ ფოტოებს მარტივი, იაფფასიანი კამერით ვიღებდი. უფრო სერიოზულად კი ფოტოგრაფიით 30 წლის ასაკში დავინტერესდი. ამ დროს დავიწყე აქტიური მოგზაურობა უფრო შორეული და გაუკვალავი გზებით, რაც ნაწილობრივ  საქველმოქმედო ფონდში მუშაობის დამსახურებით მოხდა და ამასთან ერთად, მინდოდა გამეზიარებინა იმ ხალხის, ადგილების და კულტურების გამოცდილება, რომლებსაც მოგზაურობების დროს ვხვდებოდი.

ჩემთვის მოგზაურობა ყოველთვის საკუთარი თავის და, რა თქმა უნდა, სამყაროს თავიდან აღმოჩენისა და გაცნობის შესაძლებლობა იყო. იმ სიახლეთა უმეტესობა, რომელთაც ახალი ამბებიდან ვისმენთ, უარყოფითია – ასეთია ახალი ამბების ბუნება. ეს ნეგატიური ამბები აყალიბებს ჩვენს პერსპექტივას იმ ხალხისა და ადგილების შესახებ, რომელთა შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით. ჩემი ფოტოგრაფიით  მსურს, სრულიად სხვა ამბავი მოვყვე და საზოგადოებას ჩემი ცნობისმოყვარეობა და გაოცება გავუზიარო, რასაც უცხო კულტურების გაცნობა იწვევს.

თქვენ იმოგზაურეთ მთელ აფრიკაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში,  რა მოგეწონათ ყველაზე მეტად ახალი ადგილების აღმოჩენის დროს?

უცნობ ადგილებში მოგზაურობა ჩემთვის სწავლის ძალიან დიდი შესაძლებლობაა.  მახსოვს ის ემოციები, როდესაც პირველად პაკისტანი მოვინახულე. თავიდან ვფიქრობდი: “აქ რა ეშმაკმა მომიყვანა? საშიში ადგილია”. დაახლოებით ორ-ნახევარი კვირის მანძილზე, ძირითადად, ჩრდილოეთით, მთებში ვმოგზაურობდი და ეს ჩემთვის  ძალიან მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება იყო. შთამბეჭდავი აღმოჩნდა არა მხოლოდ ჰიმალაის, ყარაყორუმისა და ჰინდუკუშის მთის მწვერვალები, არამედ გულწრფელ და სტუმართმოყვარე ადამიანებთან შეხვედრაც.

ამ მოგზაურობის შემდეგ მივხვდი, სინამდვილეში არაფერი ვიცოდი იმ ადგილების შესახებ, რომლებზედაც მანამდე მეგონა, რომ რაღაც წარმოდგენა მქონდა. პირადი გამოცდილება, რომელიც შემეცნებას აფართოებს, ძალიან სასიამოვნოა და თანაც დამოკიდებულებას  იწვევს. 

შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენი მოგზაურობის შესახებ ლონდონიდან პეკინისკენ, უძველესი აბრეშუმის გზით?

ეს იყო მოგზაურობა, რომელზედაც პატარაობიდან ვოცნებობდი. ის, რაზედაც ათასობით წლის განმავლობაში მოგზაურობდნენ და წერდნენ. მე ვუთხარი ჩემს თავს – “ერთ დღეს” აუცილებლად წახვალ. მივხვდი, რომ ამ “ერთი დღის” ლოდინში შესაძლებლობა ხელიდან დამისხლტებოდა, ამიტომ მოგზაურობის დაგეგმვა მაშინვე დავიწყე. მინდოდა, ევრაზიის ერთი ბოლოდან მეორეზე მოვხვედრილიყავი, რათა კულტურებს შორის თანდათანობით გადასვლას დავკვირვებოდი. როდესაც  სადმე მივფრინავთ, დანიშნულების ადგილზე ცხოვრების ყველა ასპექტი განსხვავებული გვხვდება. ვიმედოვნებდი, რომ ხმელეთზე მოგზაურობით უფრო მეტს გავიგებდი სხვადასხვა კულტურებს შორის მსგავსებებისა და კავშირების შესახებ.

ოთხი თვის განმავლობაში 15 ქვეყანაში ავტობუსით, მანქანით, მატარებლით, გემით და ცხენით ვმგზავრობდი –   ზღვაზე, უდაბნოებსა და მთებში  40 000 კილომეტრზე მეტი დავფარე. ირანის ლუთის უდაბნოში ტემპერატურა -10 ° C, ცენტრალური აზიის მთებში კი +55 ° C ტემპერატურამდე ფიქსირდებოდა. მოხიბლული ვარ კულტურის ყველა ასპექტით, განსაკუთრებით ტრადიციული ხელოსნობით. სწორედ ეს ნამუშევრები გადმოსცემენ ქვეყნის ისტორიას. დიდი დრო გავატარე ხელოსნების მოძიებაში, რათა მათი ისტორია და  ხელნაკეთობების ამბები მომესმინა.

გთხოვთ მოგვიყევით უზბეკეთში თქვენი მოგზაურობის  შესახებ.

უზბეკეთში  თურქმენეთიდან მოვხვდი, მისი ერთ-ერთი სახმელეთო საზღვრის გავლით. უნდა შევხვედროდი ჩემს შეყვარებულს, ალეჰას, რომელსაც ამ ფოტოებშიც ნახავთ. იგი საზღვართან მელოდებოდა, რაც ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო. შემდეგ ორი კვირის განმავლობაში ერთად ვმოგზაურობდით.


უზბეკეთის ორნამენტიანი ჭერების სერია უხვი არქიტექტურული თავისებურებით გამოირჩევა. რა იპყრობს თქვენს ყველაზე დიდ ყურადღებას?

ესთეტიკური თვალსაზრისით არქიტექტურული გეომეტრია შთამაგონებელია. X-XVI საუკუნეებში ისლამურ სამყაროში მათემატიკისა და გეომეტრიის ცოდნა ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე სხვაგან, რაც არქიტექტურისა და დიზაინში ცხადად გამოვლინდა. ასევე, განსაკუთრებით სამარყანდის შენობების ლურჯი და ფირუზისფერი ზედაპირული გაფორმება მიყვარს. კვადრატული ფორმები, რომლებიც QR კოდებს მოგაგონებთ, სინამდვილეში კუფური კალიგრაფიის ფორმებია, რომლებიც „ღმერთის“ სიტყვებს იმეორებენ. ისინი რამდენიმე ასეულ წელს ითვლიან, მაგრამ ისე თანამედროვედ გამოიყურებიან, თითქოს გუშინ ააგეს.


იქაური სასახლეების და მეჩეთების შესახებ რაიმე საინტერესო ფაქტებს ხომ არ გაეცანით?

სამარყანდში ნაგებობების მშენებლობა ძირითადად თემურიდების დინასტიის მმართველობის დროს დაიწყო, რაც სათავეს თემურ ლენგისგან იღებს. მას მოწინააღმდეგეები “კოჭლ თემურს” უწოდებდნენ, რადგან ბრძოლაში დაიჭრა. თემურ ლენგის იმპერია შუა აზიის და თანამედროვე ირანის უდიდეს ნაწილს მოიცავდა. ფირუზისფერი გუმბათები, რომლებიც შუა აზიის არქიტექტურული მემკვიდრეობის დიდ ნაწილს ახასიათებს, თემურიდების დინასტიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საინტერესოა, რომ თემურ ლენგი “დიდ მოგოლთა” სახელმწიფოს დამაარსებლის,  ბაბურის წინაპარი იყო.  “დიდ მოგოლთა” სახელმწიფო სამხრეთ აზიის დიდ ნაწილს მოიცავდა, მათმა შთამომავლებმა კი  მოგვიანებით ტაჯ-მაჰალი ააგეს.



მოგვიყევით  სამომავლო გეგმების შესახებ. 

ვგეგმავ გამოფენას აბრეშუმის გზის შესახებ. მსურს ეს იყოს გარე გამოფენა, რათა ამ უძველესი გზის ირგვლივ არსებული მრავალფეროვანი და მშვენიერი კულტურის ფოტოების ნახვა ყველას შეეძლოს. გამოფენა ივლისში  ლონდონში უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის გამო იგი, სავარაუდოდ, შემდეგ წლამდე გადაიდება. ამ წლის ბოლოს, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, კანადაში კაიროს ოსტატების შესახებ გამართავ  გამოფენას.



ორიგინალი:https://mymodernmet.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.