fbpx

დღეს: გურამ რჩეულიშვილს 86 წელი შეუსრულდებოდა


გააზიარე სტატია

მოამზადა: ანი ქისტაურმა

”მთებში დავდივარ, ალპინისტი არა ვარ, უნივერსიტეტში ვსწავლობ, როგორც დედა იტყვის, “სტუდენტის სახე” არა მაქვს, ღვინოსა ვსვამ, ლოთი არა ვარ, ცხენზე ჯირითი მიყვარს – მხედარი არა ვარ, ვჩხუბობ – დიდი გამრტყმელი არა ვარ, გულუხვი ვარ – ფული არა მაქვს – ცარიელა გული ვის რად უნდა? შეყვარებული ვარ, საყვარელი არა მყავს. ეს ამბავი სპარსული ბაიათების გავლენით კი არ არის დაწერილი, არამედ ფაქტია ჯერ-ჯერობით და მერ-მერობითაც. უშნო არა ვარ – ჩემი სილამაზე თვალს არავისა სჭრის, კარგი ტანი მაქვს, ფეხები ცოტა მოღუნული. ერთი სიტყვით, რაცა ვარ, ეგა ვარ”.
გურამ რჩეულიშვილი

არად 26 წლის მწერალს, გურამ რჩეულიშვილს, 4 ივლისს 86 წელი შეუსრულდებოდა. გურამ რჩეულიშვილი გატაცებული იყო ცხენოსნობით, იყო მთამსვლელი, მოფარიკავე, მოცურავე. უყვარდა ზღვა და დიდ დროს უთმობდა მთაში მოგზაურობას – 26 წლის ასაკში უკვე შემოვლილი ჰქონდა კავკასიის მთები, დაღესტანი, ფშავ-ხევსურეთი.

რჩეულიშვილი თითქოს მარადიული სიჭაბუკისა და აბსოლუტური ჭეშმარიტების მაძიებელი გმირი იყო, რომელიც მუდმივად სვამდა შეკითხვებს, როგორც ინტელექტუალს, ეჭვი შეჰქონდა სამყაროში, ამავე დროს, ახლოს იცნობდა ბუნებასა და აქედან გამომდინარე ცხოვრებასაც.


რჩეულიშვილის მეგობარი, ნუგზარ წერეთელი ხშირად იხსენებდა ისტორიებს, რომელიც რჩეულიშვილის კაცთმოყვარეობასა და კეთილშობილებას უსვამდა ხაზს: “გურამს ძალიან უყვარდა „ბათინკები“, გიჟდებოდა. ერთხელ მშობლებმა ოცდაათი მანეთი მისცეს „ბათინკების“ საყიდლად. ფეხით მივდივართ ვერიდან ორთაჭალაში, რუსთაველზე „ბათინკები“ უნდა ვიყიდოთ. პირველი სკოლის წინ გრძელი უნივერმაღი იყო. უნივერმაღთან მათხოვარი ქალი იჯდა სამი ბავშვით. ოდნავ ჩავუარეთ და გურამი გაჩერდა. მერე უცებ მოტრიალდა, ეტყობა, გადაწყვიტა, დახმარებოდა, ამოიღო ჯიბიდან ეს ოცდაათი მანეთი, რომელიც იმ დროს ძალიან დიდი ფული იყო და ქილაში ჩაუდო… თვითონ კი კიდევ ექვსი თვე იარა დაკერებული ფეხსაცმელებით“.

 

 

სწორედ სხვისი დახმარების სურვილმა შეიწირა მისი სიცოცხლეც – 1960 წლის 23 აგვისტოს  გურამ რჩეულიშვილი გაგრაში უცნობი გოგოს გადასარჩენად ზღვაში გადაეშვა. მაშინ მხოლოდ 26 წლის იყო. 


“მე თოლია ვარ და ქართან ერთად მლაშე

ტალღებს ვეთამაშები

ქარი ქრის თავისთვის

ზღვისთვისაც სულერთია თოლიის ბედი”. 

გურამ რჩეულიშვილი (მარცხნივ) და გურამ თიკანაძე (მარჯვნივ) მეგობრებთან ერთად ალპურ ბანაკ ნაკრაში


მწერლის სიცოცხლეში მისი მხოლოდ შვიდი მოთხრობა გამოქვეყნდა, მოთხრობათა პირველი კრებული “სალამურა” კი მისი გარდაცვალების შემდეგ, 1961 წელს გამოიცა. რჩეულიშვილი წერდა მოთხრობებს, ნოველებს, მინიატურებს, პიესებს, ლექსებს.  რჩეულიშვილის სცენარებით გადაღებულია ფილმები:  „ალავერდობა”, „უსახელო უფლისციხელი”. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე.

“რატომ ცხოვრობს ადამიანი, რა აწვალებს, რა საჭიროა ეს ყველაფერი – სავსეა ამ ამბებით ჩემი თავი, სავსე იყო ტოლსტოი, წავიდა. წავალ მეც და არ იქნება არაფერი და თუ არ იქნება არაფერი, რატომ ვიღვწით, ვფიქრობთ, ვსწავლობთ. […] კაცს აქვს მოთხოვნილება, იფიქროს, ისწავლოს არა უკვდავებისთვის, არამედ წამისთვის, როცა ის ცხოვრობს და რომელიც მისთვის არის მარადიულობა”.


 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.