fbpx

ფოტომოგზაურობა: აუცილებლად სანახავი 11 ადგილი რაჭაში მხატვარ კოტე ჯინჭარაძისგან


გააზიარე სტატია

ტექსტის და ფოტოების ავტორი: კოტე ჯინჭარაძე

 

რაჭაში წამოსვლას თუ გადაწყვეტთ, ზაფხულის თაკარა მზეში მოგზაურობას თავი რომ აარიდოთ, დილით ადრე გამოდით ქალაქიდან და თავიდანვე შეეგუეთ იმ გრძელ გზას, რომელიც ქართლის გაშლილი ველებიდან რიკოთის გვირაბით, მთაგორებიან იმერეთში გადაგიყვანთ, იქიდან კი ტყიბულის გავლით, ნაქერალას უღელტეხილის დაკლაკნილი სერპანტინებით რაჭაში მოხვდებით. 

შემოდგომა და გაზაფხულზე არაჩვეულებრივია სოფელი ჭყვიში. დილით  რიონის ხეობიდან შემოსული ნისლები იდუმალებას მატებს ათასფრად აფერადებულ ბუნებისპალიტრას

პირველ შთაბეჭდილებას ხარისთვალას გზა შემოგთავაზებთ, ფართოფოთლოვანი ნოტიო ტყით შაორის ტბას რომ მიუყვება. აქ მუდამ სიგრილეა, ფილტვები ჟანგბადით ივსება, ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ გზიდან ტბის ნაპირისკენ გადაუხვიოთ, დაისვენოთ, გაგრილდეთ  და გაირუჯოთ; ითევზაოთ ან კარავი გაშალოთ და სოკოზე წახვიდეთ. ამის შემდეგ პირველივე სოფელი ნიკორწმინდა შეგხვდებათ, დიდებული ტაძრით, რომელიც გამორჩეულია როგორც ფასადის მდიდარი მოკაზმულობით, ასევე არაჩვეულებრივი ფრესკებით. ახლოს მდებარეობს  გამორჩეული ადგილები – უდაბნო და საყინულე ღირსშესანიშნავი თავისი უნიკალურობით. 

ამბროლაურში, მთავარ მოედანზე, სახვითი ხელოვნების მუზეუმია, აქ ნახავთ ელენე ახვლედიანის, ავთო ვარაზის, უჩა ჯაფარიძის, თენგიზ მირზაშვილის, ოლეგ ტიმჩენკოს, კარლო კაჭარავას, მიშა შენგელიას და სხვა ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრებს.

იქვე მუზეუმთან გირჩევთ ესტუმროთ მხატვარ ბესო კობახიძეს, რომლის საოცარი სამყარო და შემოქმედება შემთხვევით აღმოაჩინა მწერალმა დათო ტურაშვილმა, მას მერე მოეწყო მხატვრის ნამუშევრების არაერთი გამოფენა თბილისსა და ამერიკის საგამოფენო დარბაზებში. 

ამბროლაურთან, იქვე კრიხულაზე, ზაფხულის სეზონზე მუშაობს კაფე ბუნგალო, შეგიძლიათ კამკამა და ცივ მდინარეში გაგრილდეთ, დაისვენოთ ჰამაკებში, მიირთვათ ლუდი, კოქტეილი და გამაგრილებელი სასმელები. ახლოშია კრიხის სასტუმრო – ორიგინალურ, სფეროს ფორმის კოტეჯებში, რომლებიც ფიჭვნარის ფერდობზეა გაბნეული, ნომერი წინასწარ უნდა დაჯავშნოთ. უნდა მოინახულოთ აგრეთვე თხმორის ზღაპრული ჩანჩქერი. 

ველევში, სოფლის განაპირას, ფიჭვნარში ცხოვრობს გიორგი მაცაბერიძე, რომელიც დასვენების თანამედროვე ალტერნატიული საშუალებების ბევრ ვარიანტს შემოგთავაზებთ,  როგორიცაა: ზიპლაინი, ჯიპტურები, ველოტურები, საფეხმავლო, წყლის ველოსიპედი. 

ქვემო რაჭაში აუცილებლად უნდა მოინახულოთ ზემო კრიხის ეკლესია და სოფელ ბუგეულის ტაძრის არაჩვეულებრივი ფრესკები. 

ხვანჭკარაში გირჩევთ ეწვიოთ მეღვინე ალეკო სარდანაშვილის მარანს, მის მიერ ორგანიზებული მინიფეხბურთის ტურნირი, ხვანჭკარის თასი, ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც  ახალგაზრდებს, დამსვენებლებს, სტუმრებს უყრის თავს და წლების მანძილზე დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ რაჭაში. ხვანჭკარაშივეა მხატვარ მარიკა დოხნაძის ღვინის საფირმო მაღაზია, დაათვალიერეთ მისი ხელით გაკეთებული ორიგინალური ქვის მოზაიკები და სხვა მხატვრული ნაწარმოებები

სოფელ ქვიშარში, რადიომოყვარულ თენგიზ ფრუიძის მიერ შექმნილ კავშირგაბმულობის სადგურში, სხვადასხვა ეპოქისა და პერიოდის საყოფაცხოვრებო ელექტროდანადგარების: ფირსაკრავების, რადიოლების, სპიდოლების, პატეფონებისა რადიოგადამცემი სისტემების რეტრო სამყარო მოგაჯადოებთ. 

ქვიშარის თავზე, სოფელ ჭყვიშში გახლავთ თანამედროვე ხელოვნების რეზიდენცია – არტელი-რაჭა, სადაც თქვენი მონამორჩილი ატარებს ვორქშოპებს, გამოფენებს, კინოჩვენებებს, კონცერტებს, წელსაც ივლის-აგვისტოში ვმართავთ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალს – „არტრა 2020“. 

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში რაჭის ისტორიის, კულტურისა და ყოფის უამრავ არტეფაქტს აღმოაჩენთ. გირჩევთ მოინახულოთ ონის სინაგოგას ისტორიული შენობა. ონშივე ესტუმრეთ მხატვრის სახლს, სადაც გულთბილი მასპინძლები – ელენე მაგრაქველიძე და თემურ გუგეშაშვილი უამრავ საინტერესო ისტორიებს მოგიყვებიან. აქ მყუდრო ინტერიერებში შეგიძლიათ ნახოთ რაჭის მთებში შეგროვებული სხვადასხვა ქვების, ქანებისა და მინერალების კოლექცია, ასევე ტრადიციული რაჭული ავეჯი, ხეზე ჭრის ნიმუშები. 

ზემო რაჭაში აუცილებლად უნდა ნახოთ მაღალმთიანი სოფლები – ღები და გონა, რა თქმა უნდა, კურორტი შოვი და უძირო ტბა, დააგემოვნოთ მინერალური წყლები უწერაში, ასევე უნდა ახვიდეთ მრავალძალში, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება.  როდესაც ტყეებით დაფარულ მთების პანორამას თვალს მოავლებთ, დაიჯერებთ და სულაც არ გაგიკვირდებათ ჭეშმარიტება ამ სიტყვებისა: „რაჭაში რომ მთა ბარია, ანგელოზებს აბარია“.

ამბროლაურში, კოსტავას ქ.41-ში გაიხსნა ახალი კაფე – “ჟანგბადი” – Cafe OxygeN, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ხედებით, მენიუთი და კერძებით, შესანიშნავი გაფორმებით (მხატვარი: ლიკა თაგვაძე),  სამი განსხვავებული სივრცით: ვერანდა, რომელიც გადაჰყურებს მდ. კრიხულას, მყუდრო დარბაზები და  მწვანეში ჩაფლული ეზო ორიგინალური ღია კინოთეატრით, სადაც ყოველ ოთხშაბათს შედგება ფილმების ჩვენება, დისკუსიები, მუსიკალური საღამოები და პრეზენტაციები.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.