fbpx

ფოტოგრაფი, რომელიც უცხო ადამიანებს თვითიზოლაციის პირობებში ფანჯრიდან იღებდა


გააზიარე სტატია



ავტორი: ჯეფ ჰამადა

 

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფოტოგრაფი ჯულია ფულერტონ ბატენი ადამიანებს თვითიზოლაციის პირობებში თავიანთ სახლებში უღებდა ფოტოებს. მონაწილეებს სოციალური მედიისა და დასავლეთ ლონდონის ადგილობრივი პრესის საშუალებით ეძებდა, გამოხმაურება კი საკმაოდ დიდი იყო.

მისი თქმით, პროექტმა მას საშუალება მისცა შეხვედროდა ხალხს, რომელთაც სხვა შემთხვევაში ვერ იხილავდა. “ფიზიკური კონტაქტი არ გვქონია. ისინი ფანჯრებთან იდგნენ და ჩვენ ან ხელებით ვანიშნებდით, ან მობილურით ვურეკავდით.  ყველაფერი განიხილება გადაღებამდე, მათ შორის, ჩაცმულობაც. ჩემი თორმეტი წლის ვაჟი, ფინი განათებაში მეხმარება. მე არაფორმალურ ინტერვიუებსაც ვწერ თითოეულ ადამიანთან, ვისაც ვუღებ”

წარმოგიდგენთ ფოტომასალასა და ინტერვიუებს:

 

სერენა და ქლოი, კარანტინის მე-16 დღე

როგორ იმოქმედა შენზე Covid-19-მა?

კორონავირუსის ყველაზე დიდი გავლენა ჩემს სამსახურს უკავშირდება. მე ფოტოგრაფიის კარიერის დასაწყისში ვარ, ძალიან დატვირთული სამუშაო გრაფიკიდან კი უცებ ისეთ ცხოვრებაზე გადავედი, სადაც ყველაფერი გაჩერებულია.

 

რა გასწავლა Covid-19-მა?

თავიდან ვისწავლე საკუთარი თავისთვის დროის დათმობის მნიშვნელობა.

 

ვისთან ერთად ცხოვრობ?

დედაჩემთან და პატარა დასთან ერთად.

 

ყველაზე მეტად რა გენატრება?

სოციალიზაცია. მეგონა, რომ მეგობრებთან ერთად სეირნობა გარანტირებული მქონდა. სამსახური და დასასვენებლად მოგზაურობაც მენატრება.

 

მომიყევი შენი ამჟამინდელი სიტუაციის შესახებ.

მთავარი პრიორიტეტი ჩემი და გარშემომყოფების უსაფრთხოებაა. სახლში დარჩენა მცირე მსხვერპლია, რომელიც სხვა ადამიანებისთვის უნდა გავიღოთ, ვცდილობ, რომ პოზიტიურად გამოვიყენო ეს დრო და მენტალურ ჯანმრთელობაზე ვიზრუნო.

 

ოტო, კარანტინის 82-ე დღე

კორონავირუსის გამო ჩემს მეგობრებს ვეღარ ვნახულობ, ვერც ვერთობი. ვისწავლე, რომ ყველას სჭირდება ჰიგიენის დაცვა. დედაჩემს, ჩემს დას, მამაჩემს და ორ კატას. ყველაზე მეტად სპორტი, აქტივობები და მეგობრები მენატრება. ძალიან საინტერესოა, თითქოს ერთი დიდი ფაზლია, როგორ შეიცვალა ყველაფერი და როგორი სხვანაირი იქნებოდა, ეს ვირუსი ჩინეთიდან რომ არ გავრცელებულიყო. 

 

პენელოპა, კარანტინის 51-ე დღე

Covid-19-მა მსოფლიო გამოაღვიძა და შესაძლებელია ამან შიში კი არა, არამედ მომავლის იმედი უნდა გააჩინოს. ვცდილობ ნაკლები ინფორმაცია მოვისმინო,  მაგრამ მაინც ინფორმირებული ვიყო,  პარადოქსია ისიც, რომ უფრო მეტად გამიღრმავდა ურთიერთობები და კავშირი სხვებთან, მიუხედავად იმისა, რომ მარტო ვცხოვრობ. ბედნიერი ვარ, რომ მდინარესთან, ბუნებაში ვცხოვრობ, არაჩვეულებრივი მეზობლები მყავს და უფრო წყნარი გავხდი, აღარ ვჩქარობ – ამ ყველაფერმა გამომაღვიძა და ის სილამაზე დამანახა, რაც აქ არის და ზოგადად, არსებობს. ერთგვარი გაკვეთილია, რომ გარანტირებული არაფერი არ არის და ცხოვრება საოცარია. რთულია საყვარელი ადამიანების უნახაობა, მაგრამ ტექნოლოგიების დახმარებით ბევრი გზით შეგვიძლია მათთან დაკავშირება. მე მსახიობი, მწერალი და კორპორაციულ სექტორში ფრილანსერი ვარ, ყველა სამუშაოზე კორონავირუსმა  იქონია გავლენა, მაგრამ ვიპოვე სხვადასხვა განსხვავებული პროექტები სამუშაოდ, ჩემს დამსაქმებლებთან და საოცარ აგენტთან კი სულ კავშირზე ვარ. 

 

ენი, კარანტინის 74-ე დღე

ჩვენზე ვირუსმა შედარებით ნაკლები გავლენა იქონია: პენსიაზე გასულები ვართ, დიდ სახლში ვცხოვრობთ, რომელსაც ბაღი აქვს, ვსარგებლობთ  ადგილობრივი კარგი მაღაზიის მომსახურებით. ჩვენ აკადემიკოსები ვართ, ასე რომ, კარანტინის პირობებშიც შეგვიძლია მუშაობა:  კითხვა, წერა,  ონლაინ მონაწილეობა კვლევით და საგამომცემლო პროექტებში. 

ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ამჟამინდელი მთავრობის გულშემატკივარი, მაგრამ ამ კრიზისმა გვასწავლა, რომ მათ და მათ მრჩევლებს (მათ შორის, სამედიცინო მიმართულებით) არ უნდა ვენდოთ. მეორე მხრივ,  შევიტყვეთ, რომ ჩვენი მეზობლების უმეტესობა (მათ შორის ზოგიერთი, რომელთაც აქამდე არ შევხვედრივართ) გონივრულები არიან და დახმარების სურვილიც აქვთ. ხუთშაბათობით ტაშის რიტუალი  ისეთივე მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების სულისკვეთებისთვის, როგორც აუცილებელი მუშაკების დაფასებისთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვენატრება მეგობრები/სოციალური კონტაქტები და მოგზაურობა, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო. გვენატრება თეატრები, კინოთეატრები, რესტორნები და ბარები. 

 

მალაიკა, კარანტინის მე-18 დღე

როგორ იმოქმედა შენზე Covid-19-მა?

მეგობრებისა და ოჯახის ზოგიერთი წევრიც ნახვის საშუალება არ მქონია. აღდგომის არდადეგებისთვის ოჯახთან ერთად უგანდაში, აფრიკაში უნდა წავსულიყავი, მაგრამ, სამწუხაროდ, ფრენა გაუქმდა. ჩემი ბიძაშვილი საფრანგეთიდან ლონდონში უნდა ჩამოსულიყო სტაჟირების პროგრამისთვის, მაგრამ ესეც გადაიდო. 

რა გასწავლა Covid-19-მა?

ვისწავლე, რომ უფრო შინაარსიანად უნდა გავატარო დრო ოჯახთან და ერთად თამაშით ვისიამოვნო.

ვისთან ერთად ცხოვრობ?

დედასთან, მამასა და ძმასთან ერთად.

ყველაზე მეტად რა გენატრება?

მეგობრებისა და ოჯახის წევრების ნახვა, გარეთ ისე სეირნობა, რომ ორმეტრიანი დისტანციის დაცვა არ მომიწიოს.

მომიყევი შენი ამჟამინდელი სიტუაციის შესახებ.

ვფიქრობ ამჟამინდელი სიტუაცია ნორმალურია, რადგან ბაღი გვაქვს და აქ ვთამაშობთ, სუფთა ჰაერზე.  გარეთ გასვლა მხოლოდ საკვებისა და მარაგებისთვის გვჭირდება. შემდეგი კვირიდან  მუსიკის ონლაინგაკვეთილებს ვიწყებ.

 

სოფი ელის ბექსტონი და რიჩარდ ჯონსი, კარანტინის 53-ე დღე

როგორ იმოქმედა თქვენზე Covid-19-მა?

ძალიან ბევრ რამეზე იქონია გავლენა, მაგრამ ყველაზე მეტად სამსახურზე. როგორც ჩანს, მე და რიჩარდს პრაქტიკული სამსახურები არ აგვირჩევია. ძალიან მენატრება კონცერტები და ამ დროისთვის 2020 წელს სამუშაო არ მაქვს. არ ვიცოდი, რომ პანდემია მჭირდებოდა იმის გასააზრებლად, რომ ჩემი “ნორმალური” ცხოვრება მიყვარს,  მეგობრებისა და ოჯახის წევრების ნახვის შესაძლებლობა.

მე და რიჩარდი 5 ბავშვთან ერთად ვართ კარანტინში. რთულია სიტყვებით გამოვხატო ყველაფერი ის, რაც მენატრება. ამაზე ბევრი მიფიქრია. ლანჩი კვირა დღეს საყვარელ ადამიანებთან ერთად, ხალხის წინაშე ჩემს ბენდთან ერთად სიმღერა.  თუმცა ყველაზე მეტად ჩემი ცხოვრების ჩვეულებრივობა მენატრება. იმის ყურება, როგორ დარბიან ჩემი შვილები გარეთ და მე ამ დროს არ ვნერვიულობ, რომ ვინმესთან ახლო დისტანციაზე არიან, ის დღეები, როდესაც თავისუფალი ვარ და ვინმესთან ერთად ყავის დასალევად მივდივარ, პაემნისთვის გეგმებს ვაწყობ…

ბოლო ორ-ნახევარი თვეა სახლში დისკოთეკებს ვაწყობთ, ყოველ პარასკევს, 6:30 საათზე – ეს ყველაზე გიჟური რამეა, რაც გამიკეთებია, მაგრამ ამ გზით მე და რიჩარდი საღ გონებას ვინარჩუნებთ. ის ტექნიკურ მხარეს აგვარებს, მე ვმღერი, ბავშვები ცეკვავენ. ეს განსაკუთრებულია და მსოფლიოს რეალობის სიმძიმე ოდნავ გაადვილა ჩვენთვის.

 

ქეითი, ჯუდი და ბელა, კარანტინის 47-ე დღე

 

ქეითი:

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ შუა მაისში, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ვირუსი მქონდა. გემოს და ყნოსვის უნარები დავკარგე, თავის ტკივილის მაწუხებდა. არ ვჭამდი, არ ვკითხულობდი, არც რადიოს ვუსმენდი, უბრალოდ ვიწექი წამლებით გარშემორტყმული. ვისწალე, რომ შეიძლება კარანტინში იყო, მაგრამ არ გაგიჟდე. მე იღბლიანი ვარ, ვმუშაობ, ძაღლი მყავს, ვცხოვრობ ქმართან და 2 თინეიჯერ შვილთან ერთად. მადლიერი ვარ, რომ პატარა ბაღიც მაქვს. ჩემი მეგობრების ჩახუტება და დიდხნიანი ლანჩები/ვახშმები მენატრება ერთმანეთის სახლში. მენატრება ხელოვნების გალერეები, კაფეები…

 

ჯუდი:

კოვიდმა ჩემი ზაფხულის გეგმები ჩაშალა, უნივერსიტეტის პირველი სემესტრიც, დაახლოებით ჩემი ცხოვრების 8 თვე გაუქმდა. ვისწავლე როგორ ვმართო ჩემი დღეები ისე, რომ ის ვაკეთო, რაც რეალურად მინდა. ვისწავლე, რომ საკუთარი თავი იმის მიხედვით არ დავაფასო, თუ როგორი დაკავებული ვარ. ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, ჩვენი ურთიერთობისთვის ეს პერიოდი ნამდვილად კარგი იყო. ჩემი სოციალური ცხოვრება ცოტათი მენატრება, გარეთ გასვლა და ხალხის ნახვა. რაღაცნაირად მიზნის გარეშე დარჩენილად ვგრძნობ თავს. 

 

ველა:

კორონავირუსი ყველაზე უცნაური რამაა, რაც ჩემი 16-წლიანი ცხოვრების მანძილზე გამომიცდია. ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და მეგონა, რომ ეს პერიოდი რთული იქნებოდა, მაგრამ  პირიქით, საკმაოდ კარგად ვუგებთ ერთმანეთს. საშინლად მენატრება ჩემი მეგობრები, მაგრამ სოციალური მედიისა და მობილურის დახმარებით მათთან 24/7-ზე ვკონტაქტობ, თუმცა რეალურ ცხოვრებაში მათ ნახვას არაფერი ჯობია.

 

ორიგინალი: https://www.booooooom.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.