fbpx

მოდერნისტი მხატვრის, იოსებ გაბაშვილის ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში პირველად გამოიფინება


გააზიარე სტატია

 

სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდა“ ეროვნულ გალერეაში გახსნის გამოფენას, სახელწოდებით „მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი.“ ერთი თვის განმავლობაში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პირველად იქნება გამოფენილი ქართველი მოდერნისტი მხატვრის შემოქმედება, შეძლებისდაგვარად, სრული სახით. წარმოდგენილი იქნება მრავალი ჯერ კიდევ უცნობი ნამუშევარი. საინტერესოა, რომ ექსპოზიციაზე ორგანიზაცია “პროპაგანდას” გარდა არტისტებმა ლევან ჭოღოშვილმა და ლია ბაგრატიონმა იმუშავეს, ხელოვნებათმცოდნის, ქართული მოდერნიზმის ექსპერტისა და მკვლევარის, ნანა ყიფიანის კურატორობით. 

სოსო გაბაშვილი ქართული მოდერნიზმის მეორე ტალღას ეკუთვნის, მას მუშაობა  გასაბჭოების პერიოდში მოუწია, სწორედ ამიტომ ბიოგრაფიული დოკუმენტაცია, ფოტოები და მასალები კვლევისათვის მწირია ან ცენზურაგამოვლილი. მასზე მხოლოდ ნამუშევრებით შეიძლება საუბარი. „საბჭოთა რეალობა მისი შემოქმედების მხოლოდ  ერთი დარგით შემოფარგლა – ის სოსო გაბაშვილს საბავშვო წიგნის გრაფიკოსად მიიჩნევს და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება“, –   ვკითხულობთ „პროპაგანდას“ მიერ მომზადებული წიგნი-ალბომის წინასიტყვაობაში. 

ეს გამოფენა მისი შემოქმედების ოთხ ათწლეულს  გააერთიანებს – 1920-იანი წლებიდან 1950-იანი წლების ჩათვლით, და წარმოაჩენს გაბაშვილის ნამდვილს სახეს – ანუ მრავალდარგოვან და მრავალპლასტიან პროფესიონალს. გალერეაში ვიხილავთ სხვადასხვა მედიაში შესრულებულ 200-მდე ნამუშევარს – ფერწერას, გრაფიკას, წიგნის ილუსტრაციას, კინოს, თეატრის მხატვრობას: „ხელოვნების სხვადასხვა დარგში მუშაობის პრინციპი – ეს მოდერნისტულია; შეიძლება ითქვას, ზოგადად მოდერნიზმის ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო ნიშანი“, – წერს კურატორი ნანა ყიფიანი და მართლაც რადიკალურად განსხვავებულ ხელწერათა ერთიანობა, ნამუშევრების ფუნდამენტურად განსხვავებული სტილისტიკა ამ გამოფენის მთავარი ღირსებაა. 

თავად ქართული სახვითი მოდერნიზმი ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ცნობილი სახელით შემოფარგლება, გამოფენა საზღვრების გაფართოების პროცესის დაწყებისა და კონკრეტულად ამ შემოქმედის მოდერნისტული ისტორიის კონტექსტში შესწავლის მცდელობაა“. – ამბობს პროპაგანდას პროექტების ხელმძღვანელი და ხელოვნების მკვლევარი, ნიკოლოზ ნადირაშვილი.

გამოფენა 6 ივლისს, 19:00-ზე გაიხსნება და 2 სექტემბრამდე იქნება წარმოდგენილი. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.