“ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება” (1893-1906) და მათი უცნობი ნამუშევრები
ავტორი: ანი ქისტაური
ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების წევრები. თბილისი. უცნობი ფოტოგრაფი. 1893-1906 / არჩილ დარჩიას პირადი კოლექცია
მონოგრაფია “ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების” (1893-1906) შესახებ საქართველოს ეროვნულმა არქივმა 2019 წლის დეკემბერში გამოსცა. პუბლიკაციაში საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის ტექსტის გარდა თავმოყრილია ფოტოები, რომელთა ნაწილი მოყვარული ფოტოგრაფების მიერაა გადაღებული, ნაწილი კი თბილისში 1897 წელს ჩატარებულ კავკასიურ ფოტოგამოფენას უკავშირდება, რომელიც იმ დროისთვის კავკასიაში მოწყობილ ყველაზე მასშტაბურ ფოტოგამოფენას წარმოადგენდა.
კრებულის შესახებ AT.ge-ს ნინო ძანძავა ესაუბრა.
რის შესახებ არის კრებული?
“ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება” (1893-1906) საქართველოს ეროვნული არქივის მიერ მომზადებული პუბლიკაციაა, რომელიც საზოგადოების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ტექსტსა და ფოტოებს აერთიანებს.
საქართველოში ადრეულ ფოტოგრაფიას არსებობის ხანგრძლივი ისტორია აქვს. თბილისი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში კავკასიის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ცენტრი იყო, ფოტოგრაფების თავშეყრის ადგილიც გახლდათ. აქ მუშაობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ფოტოგრაფები. მათ აინტერესებდათ ეგზოტიკური ლანდშაფტი და ასევე კავკასიელთა ტიპების ეგზოტიკური სახეები, რომლებითაც იმდროინდელი თბილისი მრავალფეროვანი იყო. ქალაქში არსებობდა ბევრი ფოტოატელიეც. ფოტოატელიეებში პროფესიონალი ფოტოგრაფები პორტრეტების გადაღებას სთავაზობდნენ ქალაქის მცხოვრებლებს.
რა ვიცით ქართული სამოყვარულო ფოტოგრაფიის შესახებ?
1890-იან წლებში ტექნიკის და ლაბორატორიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, საქართველოში ფოტოგრაფიით არაპროფესიონალებიც დაინტერესდნენ. მოყვარულ ფოტოგრაფად მიიჩნევა ადამიანი, რომელიც სხვა ძირითად პროფესიას ფლობს და დამატებით ფოტოგრაფიით არის დაინტერესებული, ანუ ის, ვინც ფოტოგრაფიული საქმიანობით ფულს არ შოულობს. სწორედ ასეთია მოყვარული ფოტოგრაფის გავრცელებული დეფინიცია.
სპორტული საზოგადოება „სოკოლის“ ტანმოვარჯიშენი. თბილისი. ფოტო: ედუარდ კლარი. 1911 / საქართველოს ეროვნული არქივი
მოყვარული ფოტოგრაფები, რომლებმაც 1893 წელს თბილისში საზოგადოება შექმნეს, საქმის ნამდვილი ენთუზიასტები იყვნენ. მათი მიზანი ფოტოგრაფიის პოპულარიზაცია გახლდათ. ამ დროს მთელ მსოფლიოში ფოტოგრაფია ჯერ კიდევ იბრძვის სახელოვნებო სტატუსის დასამკვიდრებლად, მას ჯერ კიდევ ბევრი ხელოვანი თუ ლიტერატურულ-არტისტული წრის წარმომადგენელი არასერიოზულ საქმედ მიიჩნევს. ამ მოცემულობაში თბილისის მოყვარული ფოტოგრაფები ცდილობენ თქვან, რომ ფოტოგრაფია ხელოვნებაა და რომ მას შეუძლია სასარგებლოც იყოს. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ ფოტოგრაფიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო დანიშნულებაზე. საზოგადოების წევრები მეცნიერები, ფიზიკოსები, ქიმიკოსები, ალპინისტები და სამხედრო მოხელეები იყვნენ.
მთიელთა სკოლა, სკოლის მოწაფეები გაკვეთილზე და მასწავლებელი ჯადოსნური ფარნით. ნაზრანოვსკი. უცნობი ფოტოგრაფი. 1880-1917 / საქართველოს ეროვნული არქივი
რატომ გადაწყვიტეთ კრებულის შედგენა?
მიუხედავად ფოტოგრაფიის მდიდარი ისტორიისა, საქართველოში ეს დარგი ჯერ კიდევ გამოსაკვლევი და შესასწავლია. ბოლო ათწლეულში ამ თემისადმი ინტერესი გაიზარდა, მუშაობს რამდენიმე მკვლევარი, რომლებმაც გამოსცეს ფოტოალბომები. ფართო საზოგადოებამ უკვე იცის ისეთი სახელები, როგორიცაა ალექსანდრე როინაშვილი და დიმიტრი ერმაკოვი. თუმცა, ათეულობით სხვა ფოტოგრაფის შემოქმედება და საქმიანობა სრული ბუნდოვანებით არის მოცული. ნელ-ნელა მათი ჯერიც დადგება. სწორედ ამ ბუნდოვანი დეტალების გამომზეურების მცდელობა გახლავთ “ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოების” კვლევა. ამ შემთხვევაში არათუ ფოტოგრაფების ნამუშევრებია ხშირად უცნობი, არამედ არ ვიცით ყველა წევრის სახელი და გვარი. წიგნზე მუშაობისას საზოგადოების 41 წევრის იდენტიფიცირება მოხერხდა. ძალიან მწყდება გული, რომ ჯერჯერობით ვერ დადგინდა წევრი ქალების გვარ-სახელები.
რა მასალებია შესული წიგნში?
წიგნში თავმოყრილია საარქივო წერილობითი დოკუმენტები და საგაზეთო ცნობები, საზოგადოების წესდება და მასალები პირველი კავკასიური ფოტოგრაფიული გამოფენის შესახებ. ეს უკანასკნელი ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფოტოგრაფიული პროცესის აღსადგენად და გასააზრებლად. 1897 წელს თბილისში მოეწყო იმ დროისთვის ძალიან მასშტაბური გამოფენა, რომელზეც 50-ზე მეტი ფოტოგრაფი მონაწილეობდა და ასეულობით ნამუშევარი იყო გამოფენილი.
ილია ჭავჭავაძე (ზის პირველ რიგში მარცხნიდან მეექვსე) და იური მილიუტინი (ზის პირველ რიგში მარცხნიდან მეცხრე) „ისპანახობის“ მონაწილეთა შორის. თბილისი. ფოტო: გრიგორი ბაბალოვი. 1894 / გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი
საზოგადოების მწირი მატერიალური რესურსების გათვალისწინებით და იმპერიის ადგილობრივი ადმინისტრაციის არაადეკვატური დამოკიდებულების პირობებში, მსგავსი გამოფენის მოწყობა უბრალოდ გასაოცარი ამბავია. როგორც ყოველთვის, ასეთი ამბიციური პროექტების განხორციელების და ზოგადად, საზოგადოების ფუნქციონირების შესაძლებლობას მისი რამდენიმე წევრის განსაკუთრებით მონდომებული შრომა და ენთუზიაზმი განაპირობებდა. მიხარია, რომ შევძელი და რუსეთის ბიბლიოთეკაში დისტანციურად ვიპოვე პირველი კავკასიური ფოტოგამოფენის საძიებელი.
N2 სამგზავრო მატარებლის ავარია ტფილისი-ყარსის რკინიგზაზე. სოღანლუღი. ფოტო: ბორის მიშჩენკო. 1899 / საქართველოს ეროვნული არქივი
ამ დოკუმენტის მეშვეობით დღეს უკვე ვიცით მონაწილეების ზუსტი ვინაობა და გამოფენილი ნამუშევრების სრული ჩამონათვალი. ფოტოების გარდა გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პოლონელი მოქანდაკის, თბილისში ანტისამთავრობო საქმიანობისთვის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ბოლესლავ იაცუნსკის სკულპტურები და მათ შორის, ფოტოგრაფიის ერთ-ერთი მამის, დაგერის ბიუსტი. იაცუნსკი, რომელსაც ძალიან უჭირდა, მაგრამ ქანდაკებისთვის თავი არ დაუნებებია, გამოფენიდან რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა. საერთოდ, ამ ადამიანების ბედი და დიდი შრომა, რომელიც თავიანთ საქმეში ჩადეს, დღეს ხშირად მივიწყებული და უცნობია. ფოტოგრაფიის კარგი ისტორია კი ის არის, რომელიც არა მარტო ადრეულ ფოტოებს და მათ შეფასებას წარუდგენს მკითხველს, არამედ აჩვენებს როგორ და რა გარემოში ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც ამ ნამუშევრებს ქმნიდნენ. კვლევა ცოცხალი პროცესია, ამიტომ იმედი მაქვს, დეტალებს, რომელთა გარკვევა წიგნზე მუშაობისას ვერ მოხერხდა, მომავალში მეტი ნათელი მოეფინება.
აღლუმი ტფილისის ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძრის კურთხევის შემდეგ. თბილისი. ფოტო: სერგეი მარგულოვი. 1897 / საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი
რითაა ეს კრებული გამორჩეული?
“ტფილისის მოყვარულ ფოტოგრაფთა საზოგადოება” (1893-1906) არა მხოლოდ წასაკითხი, არამედ დასათვალიერებელი წიგნიცაა. ეს არ არის ალბომი, თუმცა, დაინტერესებული ადამიანები ნახავენ საზოგადოების წევრი თუ არაწევრი მოყვარული ფოტოგრაფების აქამდე გამოუქვეყნებელ ფოტოებს. ეს ფოტოები არ არის მხოლოდ კვლევითი, სამეცნიერო, სახელოვნებო თუ პროფესიული ინტერესის საგანი – ისინი საშუალებას იძლევიან დავაკვირდეთ წარსულს და ორგანზომილებიან ვიზუალურ მოცემულობაში დავუახლოვდეთ შთაბეჭდილებას, რომელმაც 100-ზე მეტი წლის წინ ადამიანს ფოტო გადააღებინა.
სასახლის ქუჩა, მარცხნივ კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის შენობა. თბილისი. ფოტო: ალექსანდრე როინაშვილი. 1889-1898 / საქართველოს ეროვნული არქივი
წიგნის ელექტრონული ვერსია განთავსებულია ეროვნული არქივის გვერდზე, შეძენა კი არქივის მაღაზიაშია შესაძლებელი.