fbpx

ფოტოამბავი: გალაკტიონის მაგიდა რაჭაში, სადაც დაიბადა იდეა ლექსისთვის „ქებათა ქება ნიკორწმინდას“


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნათია სიხარულიძე

“მოხუცმა ნიკორწმინდელმა დურგალმა ნიკოლოზ ვაჩაძემ დიდი გულმოდგინებით გაკეთებული მაგიდა დამიდგა ტყეში, მუხების ქვეშ… ამგვარად, ჩემს განკარგულებაში იყო მშვენიერი ხეივანი, სადაც ვმუშაობდი. ხეივანი – მეტად მყუდრო და მშვენიერი. ეს შესანიშნავი დურგალი, აკეთებდა რა ჩემს მაგიდას, მომიყვა ცნობას ნიკორწმინდის ჩუქურთმების შესახებ, და მე დავპირდი მას, რომ დავსწერდი ლექსს ნიკორწმინდაზე…” – იხსენებდა გალაკტიონი.

 

„ქებათა ქება ნიკორწმინდას“ 1947 წელს გამოქვეყნდა. ლექსით აღტაცებული გრიგოლ რობაქიძე წლების შემდეგ წერდა:

 

„შედევრია ეს შაირი, ნამდვილი შედევრი. სხვა რომ არაფერი შეექმნა გალაკტიონს, ეს შაირიც საკმაო იქნებოდა, რომ იგი შესულიყო ქართულ პოეზიაში, როგორც დიდი ოსტატი“.

„ნიკორწმინდას“ გამოქვეყნებიდან ძალიან მალე, რამდენიმე თვის შემდეგ, გალაკტიონმა დაწერა მკითხველისათვის ნაკლებად ცნობილი ლექსი „შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა“.

ამ ორი ნაწარმოების ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ეს მოგონება:

 

გალაკტიონს მურმან ლებანიძისთვის უკითხავს:

– თუ გახსოვს ჩემი „შოვიდან ისარმა სხეპა მოადინა, მტერს და მოღალატეს ბოლი აადინა“… რაზეა ეგ დაწერილი, თუ მიხვდები? აბა, თუ მიხვდები?!

 

შემდეგ კი თავადვე გაუცია პასუხი:

– „ნიკორწმინდაზე“… „ნიკორწმინდა“ რომ დავწერე შოვში, ისარი იყო ზოგისთვის და იმან მოადინა სხეპა თბილისში… შენმა გლოველებმა მასწავლეს, ძამიკო, მშვენიერი რაჭული გამოთქმაა ეგ „სხეპა მოადინა“.

წიგნიდან:  „გალაკტიონი“,  200 ამბავი, გამომცემლობა „არტანუჯი“, 2019

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.