fbpx

რატომ უნდა შეადგინოთ გეგმა მაშინაც კი, თუ იცით, რომ ის შესაძლოა არ შესრულდეს


გააზიარე სტატია


ავტორი: ლაურა ვანდერკამი

ახლა გერმანიაში მუსიკალურ ფესტივალზე უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ სახლში ვარ და ამ სტრიქონებს ვწერ. გერმანიაში წასვლა მე და ჩემმა მეგობარმა თვეების წინ დავგეგმეთ. გასაგები მიზეზების გამო ეს ფესტივალი აღარ ტარდება.

ახლა ჩემი ბავშვები საზაფხულო  ბანაკში წასასვლელად უნდა ემზადებოდნენ. იანვარშივე შევადგინე საზაფხულო ბანაკის ცხრილები, სადაც ჩემი სასკოლო ასაკის 4 შვილი ივლისსა და აგვისტოს გაატარებდნენ. ახლა ყველა ბანაკი გაუქმებულია.

როდესაც გეგმის მიხედვით არაფერი მიდის, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დაგეგმვა დროის უაზროდ ფლანგვაა.

ცხოვრება ამოუცნობია და მოულოდნელობებით არის სავსე. შეიძლება ვინმემ თქვას კიდეც, რომ შვილებისთვის ზაფხულის ორგანიზებაზე დახარჯული საათები მათთან ერთად თამაშში უნდა გამეტარებინა.

აცდენა გეგმებსა და რეალობას შორის კარგად არის დამტკიცებული. პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავების  კომპანია iDoneThis-მა დაადგინა, რომ წინასწარ დაგეგმილი სამუშაოების ჩამონათვალის 41% არასდროს სრულდება. ჩვენ ბევრ რამეს არ ვაკეთებთ, რასაც ვგეგმავთ და ბევრ რამეს ვაკეთებთ, რასაც არ ვგეგმავთ.

მაგრამ ეს ყველაფერი იმას არ ნიშნავს, რომ დაგეგმვა უშედეგოა. ეს მხოლოდ იმის მტკიცებულებაა, რომ ადამიანების უმეტესობას არც ისე კარგად გამოსდის დაგეგმვა.

მაშინაც კი, როცა ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე, მომავალზე ფიქრი უზრუნველყოფს, მომავალში ნებისმიერ რამეს უკვე მომზადებული შეხვდეთ.  მიუხედავად იმისა,  რა მოხდება,  დაგეგმვა მაინც თქვენი დროის საუკეთესოდ გამოყენებაა.


სასიამოვნო რამეების დაგეგმვა მათი განხორციელების შანსს ზრდის

გაიხსენეთ, რამდენმა ჩვენგანმა გაატარა საღამოები და შაბათ-კვირა ტელევიზორის ყურებაში, რადგან არ ვცდილობდით მეგობრებთან დაკავშირებას და წინასწარ გეგმის შედგენას?

ავიღოთ ჩემი გერმანიაში მოგზაურობა. ჩემი შვილებისა და ქმრის დროის გათვალისწინებით, რომელსაც ასევე სამსახური აქვს, მე ვერ შევძლებდი ვერსად წასვლას გეგმის შედგენის გარეშე. კორონავირუსი მოულოდნელი იყო, მაგრამ ბევრი გეგმა სრულდება, ზოგიერთი აქტივობა (მაგალითად, ყველაფერი, რაც დაჯავშნას მოითხოვს) შეუძლებელია წინასწარი დაგეგმვის გარეშე.


დაგეგმვა ეხმარება ადამიანებს დაინახონ როგორც კარგი, ასევე ცუდი მხარეები  და მოემზადონ მათთვის


მაგალითად, 2009 და 2010 წლების ზამთარში დიდთოვლობის გამო, ფედერალურმა მთავრობამ ყველა უწყებისგან მოითხოვა სატელეკომუნიკაციო პოლიტიკა, რომელიც სახლიდან მუშაობას გულისხმობდა. ეს გეგმები Covid-19-ის პანდემიას არ ითვალისწინებდა,  მაგრამ მათმა არსებობამ სააგენტოების უმეტესობას სამუშაო პროცესის შეუფერხებლად გაგრძელება შეაძლებინა.


დაგეგმვა ჩვენს გონებას მოდუნების საშუალებას აძლევს


არსებობსზეიგარნიკის ეფექტი“, რომელიც გონებაში დარჩენილ შეუსრულებელ მიზნებს და ამოცანებს მოიაზრებს. წარმოიდგინეთ, რომ დაძინება გიჭირთ, რადგან თქვენი ტვინი იმ პრეზენტაციაზე ფიქრობს, რომელიც დილით უნდა მოამზადოთ.

ერთ-ერთი  კვლევის მიხედვით, როდესაც სტუდენტებს პირადი დავალებების შესასრულებლად წინასწარ გეგმის შემუშავებას სთხოვდნენ, რომანის კითხვაზე ფოკუსირება მათ უკეთ შეეძლოთ, ვიდრე იმ სტუდენტებს, რომლებსაც იმ დავალებებზე ფიქრი სთხოვეს, რომელთა შესრულებაც სურდათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაკი გეგმა არსებობდა, სტუდენტების პირველმა ნაწილმა შეძლო, სხვა საკითხზე მიემართა გონება. 

ჩემ შემთხვევაში, იანვარში ზაფხულის ბანაკის განრიგის შედგენამ უზრუნველყო  იანვრიდან აპრილის ჩათვლით არ მეფიქრა იმაზე, თუ სად უნდა გაეტარებინათ ზაფხული ჩემს ბავშვებს. მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმვა უსარგებლო აღმოჩნდა,  მთელი სამი თვე ჩემი გონება თავისუფალი  იყო ზედმეტი საფიქრალისგან.


ორიგინალი: https://forge.medium.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.