ვიზაჟისტ თინა შალიკაშვილის რჩევები მათთვის, ვისაც მაკიაჟი უყვარს
ავტორი: მარიამ კერესელიძე
გადის დრო და სილამაზის სტანდარტები ნელ-ნელა წარსულში რჩება. თანამედროვე ერაში ინდივიდუალიზმს ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა, მისი გამოხატვის ერთ-ერთი გზა კი მაკიაჟია, რომელიც ხშირად ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.
AT.ge საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ვიზაჟისტს, თინა შალიკაშვილს წარმოგიდგენთ, რომელიც თავისი პროფესიული გზის შესახებ გვესაუბრა და საჭირო რჩევებიც გაგვიზიარა.
მაკიაჟით პირველად 3-4 წლის ასაკში დაინტერესდა – მაღაზიაში დიდი ვარდისფერი ყუთი დაინახა, რომელშიც საბავშვო კოსმეტიკა იყო. “90-იანი წლების ბოლოს ალბათ შემჩნეული გექნებოდათ, რადგან ამ ნივთზე ყველა გოგონა ოცნებობდა.
სასწრაფოდ გავტეხე ყულაბა და ბრჭყვიალა ნაკრებთან ერთად თოჯინა ვიყიდე, რომელსაც მხოლოდ თავი ჰქონდა და მისთვის მაკიაჟი უნდა გამეკეთებინა. ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, შემეძლო 2-3 საათი ვმჯდარიყავი და მეთამაშა “სალონობანა”. უბრალოდ ვხვდებოდი, რომ ჩემი საყვარელი საქმე თოჯინების გალამაზება იყო.
გავიდა დრო, ეს ოცნება სადღაც გულის სიღრმეში დავმალე და სამართლის სკოლაში ჩავაბარე. 3 წელი ვაკეთე ის, რაც მთელი გულით არ მიყვარდა. ყოველი დილა საშინელი განწყობით, შინაგანი ღელვით იწყებოდა. ერთ დღესაც გადავწყვიტე, ყველაფერი შემეცვალა და ბავშვობის ოცნება სასწრაფოდ ამეხდინა. ასეც მოვიქეცი და ვიზაჟის სტუდია გავაკეთე”.
თინას ვიდეო მასტერკლასი
დღეს თინა 23 წლისაა და ის ყოველდღიურად ძალიან ბევრ გოგონას აბედნიერებს – მას განსაკუთრებული ხედვა აქვს, რადგან ზუსტად ხვდება, ვის როგორი მაკიაჟი მოუხდება. პროფესია თვითგანათლებით შეიძინა – YouTube-ისა და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების ვიდეოებს უყურებდა, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ვიზაჟის მასტერკლასებიც გაიარა.
“ნაზი ფერები, მსუბუქად დაფარული სახის კანი და აპრეხილი წამწამები ყველას ერთნაირად უხდება. დღეს ძალიან აქტუალურია ფერადი დეტალების დამატება: ჭრელი ლაინერები, ტუჩსაცხები, ხასხასა ფერის ტუში. მე მაკიაჟში ძალიან ცნობილი გამოთქმის მომხრე ვარ – “less is more”. იმისთვის რომ მაკიაჟმა მთელი დღე გაგვიძლოს, კანი ჯანსაღად გვქონდეს და კომფორტულად ვგრძნობდეთ თავს, უნდა გამოვიყენოთ მინიმალური რაოდენობით კოსმეტიკა”.
თინა აღნიშნავს, რომ ყველამ ისე უნდა გაიკეთოს მაკიაჟი, როგორც მოსწონს და თვლის, რომ უხდება. მიუხედავად ამისა, არსებობს სტანდარტები და მაკიაჟის სწორი /არასწორი ნაბიჯები.
გიზიარებთ ვიზაჟისტის რამდენიმე რჩევას:
- პირველ რიგში, ეცადეთ, რომ მაქსიმალურად კარგად მოუაროთ სახის კანს, შეარჩიეთ თქვენი კანის ტიპის შესაბამისი პროდუქტები, არ დაგავიწყდეთ დატენიანება და რაც მთავარია – არასდროს დაიძინოთ მაკიაჟით.
- სახე მინიმალურად დატვირთეთ, რათა ყოველდღიური მაკიაჟი ბუნებრივად გამოიყურებოდეს. საღამოს ან ფოტოსესიების მაკიაჟი კი გადატვირთულიც შეიძლება იყოს.
- ძალიან ხშირად ქალები დეკორატიულ კოსმეტიკას ყიდულობენ, რომელიც გაურკვეველი შემადგენლობისაა და საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. სამწუხაროდ, ყველას არ აქვს ძვირადღირებული ბრენდების შეძენის შესაძლებლობა, თუმცა გირჩევთ, რომ შედარებით ცოტა, მაგრამ ნორმალური ხარისხის პროდუქტები შეიძინოთგქონდეთ, რათა თავიდან აიცილოთ კანის დაზიანებები.
- მაკიაჟი სეზონების მიხედვით განსხვავდება: ზაფხულის განმავლობაში შეგიძლიათ კონკრეტულად ერთ ნაკვთს გაუსვათ ხაზი და არა მთელ სახეს, ზამთარში კი უფრო დატვირთული მაკიაჟის გაკეთებაც შესაძლებელია. გირჩევთ, რომ შეისწავლოთ თქვენი გარეგნობა, რა მოგწონთ ყველაზე მეტად და სწორედ მასზე გააკეთოთ აქცენტი, მაგალითად, თვალებზე, ან ტუჩებზე.
თინას ხრიკები:
ყოველთვის ძალიან ცოტა რაოდენობის პროდუქტს ვიყენებ, მაკიაჟს კი ან თმის ფერს ვუსადაგებ, ან თვალის ფერს, ანდაც ჩაცმულობას. ჩემი მთავარი ხრიკი ჯანსაღი კანის იერსახეა – ტრენდები, რომლებიც წლების წინ აქტუალური იყო, მაგალითად, კონტურინგი, მძიმე მაკიაჟი და ა.შ., დღეს აღარ არის მოდაში. რა თქმა უნდა, ყველას არ აქვს იდეალური კანი და მეც ვცდილობ, რომ სახის პრობლემები მინიმალურად შევნიღბო ნაკლები პროდუქტების გამოყენებით.
ვიზაჟისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება მაკიაჟს აკეთებს, ყველაზე მეტად უმაკიაჟო კანი და მინიმალურად შეღებილი თვალები მოსწონს. თვლის, რომ მაკიაჟი აუცილებელი ლობას არ წარმოადგენარის.
“მინდა ერთი რამ გირჩიოთ: გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ბუნებრივად ხართ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ მაკიაჟი ინდივიდუალიზმის გამოსახატად.”.