fbpx

Recto-Verso: ირაკლი ფარჯიანის პორტრეტები – “მუზეუმი სახლიდან” წარმოგიდგენთ ვირტუალურ გამოფენას


გააზიარე სტატია

ირაკლი ფარჯიანის პორტრეტების ვირტუალური გამოფენის იდეა  პანდემიის დროს გაჩნდა – სოციალურ ქსელში ნინია ახვლედიანის მიერ შექმნილი ფეისბუქჯგუფის,   „მუზეუმი სახლიდან“ ფარგლებში. 

კოვიდ 19-ის შედეგად შეიცვალა სამუზეუმო ცხოვრება. ცოცხალი გამოფენები ჩაანაცვლა ერთგვარმა ციფრულმა მუზეუმმა – ადამიანები ერთმანეთს საოჯახო კოლექციებს უზიარებდნენ. “მუზეუმი სახლიდან” იქცა სახალხო პროექტად და სწორედ მის ფარგლებში დაიგეგმა ფარჯიანის პორტრეტების ვირტუალური გამოფენა, რომელსაც მხარდაჭერა პანდემიის დროს თბილისის მერიამ გამოუცხადა. 

პროექტის იდეის ავტორი და გამოფენის კურატორი – ნინია ახვლედიანი კონსულტანტი – კონსტანტინე ბოლქვაძე  

მალე! პანდემიის დროს ჯგუფში "მუზეუმი სახლიდან" დაბადებული იდეა – ვირტუალური გამოფენა Recto-Verso – ირაკლი ფარჯიანის პორტრეტები. In memory of Irakli Parjiani! Virtual Exhibition RECTO-VERSO within the framework of "Museum from Home". Portraits by Irakli Parjiani. #ირაკლიფარჯიანი70 #irakliparjiani70 თბილისის მერია / Tbilisi City Hall

Gepostet von მუზეუმი სახლიდან Museum from Home am Dienstag, 30. Juni 2020

 

წელს ირაკლი ფარჯიანის საიუბილეო წელია, არტისტს 22 მაისს 70 წელი შეუსრულდებოდა.

მისი ნამუშევრები დაცულია არაერთ კერძო კოლექციაში.  

უფრო კონკრეტულად, ამ გამოფენის ინსპირაცია იყო ფეისბუქჯგუფში – „მუზეუმი სახლიდან“ ნინო მიქაძის მიერ ატვირთული მისი ბავშვობისდროინდელი გრაფიკული პორტრეტი, რომელიც ფარჯიანმა 1990 წელს შეასრულა.  

ირაკლი ფარჯიანი უდიდესი ფიგურაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. მისი შემოქმედების მხატვრული ღირებულება უაღრესად მნიშვნელოვანია როგორც ქართული, ისე მსოფლიო ხელოვნების  განვითარებაში. ფარჯიანის შემოქმედება მრავალმხრივია თემატური თუ სტილურ-ჟანრული თვალსაზრისით. განსხვავებული კულტურული ნიშნები, პერიოდიზაციები, რელიგიური თუ საერო მხატვრობის ელემენტები, ანტროპოსოფიული მსოფლხედვა მუდმივად ფიგურირებს მის სახვით სამყაროში.  

ირაკლი ფარჯიანი  ქართულ მხატვრობაში იმ მცირერიცხოვან არტისტებს მიეკუთვნება, რომლებმაც ძველი მეხსიერებით ახალი პოსტმოდერნისტული  ხელოვნება შექმნეს. ხელოვანის შემოქმედებაში პორტრეტული ჟანრი ერთ-ერთი წამყვანია. ჩვენი ვირტუალური ექსპოზიცია ითვალისწინებს რარიტეტების გასაჯაროებას  და წარმოაჩენს მხატვრის სტილურ ძიებებს, მეტამორფოზებს, 1970-იანი წლებიდან 1991 წლამდე.  

ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად, მხატვარმა დასავლური და, ამავდროულად, ქართული კულტურული თვითმყოფადობის  სინთეზი პორტრეტის ჟანრშიც შეძლო.

სამ ათწლეულში მცხოვრები ადამიანების სახეები მრავლისმთქმელია და სტილურად მუდმივად ცვალებადი – ზოგ შემთხვევაში რეალისტურ-აკადემიური, ნაივური, ეთნოგრაფიული და, უმეტესად, ექსპრესიონისტული ტექნიკით შესრულებული.   

რამდენიმე პორტრეტს დამთვალიერებელი ამ გამოფენაზე პირველად იხილავს, მათ შორისაა ნინო მიქაძის და ქეთევან მგელაძის პორტრეტები.  

უმნიშვნელოვანესია ფარჯიანის პორტრეტების სერიაში მისი მეგობრის – თამარ ხუნდაძის 5 სახასიათო სახე. ვირტუალურ ექსპოზიციაში ასევე წარმოგიდგენთ  ქართული სახვით ხელოვნების მუზეუმში დაცულ პორტრეტებს, მათ შორისაა ფარჯიანის ორი ავტოპორტრეტი – ფერწერული ტილო და გრაფიკული ნამუშევარი.   

გამოფენაზე წარმოდგენილია ნამუშევრები მხატვრის ოჯახის, მეგობრების, კერძო კოლექციონერების და ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ფონდებიდან.  

გამოფენას წინ უძღვის მხატვრის ცხოვრების ამსახველი საარქივო კადრებით შექმნილი ვიდეო, რომ დამთვალიერებელი უფრო მიუახლოვდეს  ირაკლი ფარჯიანის სამყაროს. ვიდეოს და ექსპოზიციას თან ახლავს ნიკა მაჩაიძის მიერ საგანგებოდ დაწერილი  მუსიკა. ამ ფორმით ერთი არტისტი გამოხატავს თავის დამოკიდებულებას მეორე არტისტის მიმართ და მუსიკით აღწერს გამოფენის  ვიზუალურ რიტმს.   

გამოფენის მთავარი მიზანია დიდი ქართველი მხატვრის – ირაკლი ფარჯიანის შემოქმედების პოპულარიზაცია, განსაკუთრებით, მის საიუბილეო წელს. ამ გამოფენით ქართული საზოგადოება კიდევ უფრო ფართო და განსხვავებულ ჭრილში დაინახავს ხელოვანს.  

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.