fbpx

დღეს: “თბილისოს” კომპოზიტორის, რევაზ ლაღიძის დაბადებიდან 99 წელი გავიდა


გააზიარე სტატია

მოამზადა: ანი ქისტაურმა


“გაშლილი ბადით მშობლიური მდინარეებიდან თევზებთან ერთად თითქოს იდუმალი ხმები მარგალიტებივით ამოჰყავდა”.


რევაზ ლაღიძეს 10 ივნისს 99 წელი შეუსრულდებოდა. დედაქალაქის სავიზიტო ბარათად ქცეული სიმღერის მუსიკის ავტორი 1921 წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიბადა.

 

  
“მახსოვს, არდადეგები იყო და სოფელში წავედით: ვბანაობდით, ვთევზაობდით, ყოველთვის მიგვიხაროდა სოფელში ჩასვლა. სოფლის სკოლაში, როგორც ჩანს, დიდი რეპროდუქტორი იყო. იქ მოვისმინე “დაისის” უვერტიურა. არ ვიცი ასეთი  აღქმის უნარი სად მქონდა, სად მქონდა შეფასების უნარი, იმიტომ, რომ საოცრად იმოქმედა. ამ დრომდე მახსოვს, რომ ჩემი პირველი მოწონება იქიდან იწყება, იქიდან იწყება მუსიკალური ნაწარმოების შეგრძნება და აღქმა”. – რევაზ ლაღიძე


რევაზ ლაღიძეს ბავშვობაში არასდროს უოცნებია კომპოზიტორობაზე, უფრო მეტიც, მამამისი ფიქრობდა, რომ ამ ონავარი ბავშვისგან ძნელად თუ დადგებოდა კაცი.  მოგვიანებით კი, როცა მან შვილის სიმღერები მოისმინა, გაუკვირდა და თქვა: „რეზო, ეს შენა ხარ?“


ლაღიძეს პირველი ინსტრუმენტი მამიდის ქმარმა, ვასო გოგაძემ აჩუქა. სწორედ ვიოლინოს განხრით დაამთავრა მომავალმა კომპოზიტორმა თბილისის მე-4 სამუსიკო სასწავლებელი. მოსწავლეთა სიმებიანი კვარტეტისთვის დაწერილი სამი მინიატიურის („მგზავრული“, „იავნანა“, „აღმოსავლური ცეკვა“) მოსმენის შემდეგ  კომპოზიტორმა დიმიტრი არაყიშვილმა და თეორეტიკოსმა შალვა ასლანიშვილმა ლაღიძეს სწავლის გაგრძელება საკომპოზიტორო ფაკულტეტზე ურჩიეს.


კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში ლაღიძემ სიმებიანი კვარტეტი, ვარიაციები, „ორი სიმღერა“ დაწერა. ამავე დროს მუშაობდა რამდენიმე ადგილას – ვიოლინოზე უკრავდა სიმფონიურ ორკესტრებში, რამაც დიდი როლი შეასრულა მის პროფესიულ განვითარებაში. 1942-1951 წლებში ლაღიძე ვიოლინოზე უკრავდა რადიოს სიმფონიურ ორკესტრში.

ლაღიძემ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის  კომპოზიციის კლასი 1948 წელს, ასპირანტურა კი 1952 წელს დაამთავრა. მისმა სადიპლომო ნაშრომმა – “სამშობლომ” მკაცრი კომისიისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
1962 წლიდან  ლაღიძე ა.ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში მუსიკის კათედრას ხელმძღვანელობდა, სადაც პროფესორის წოდება მიენიჭა; 1964 წლიდან კი კონსერვატორიაშიც ასწავლიდა.


რევაზ ლაღიძე  ნაწარმოებებს კლასიკური მუსიკისთვის, შერეული გუნდისა და ორკესტრისათვის ქმნიდა. იგი მუსიკალური კომედიების – “მეგობრების”  და “კომბლეს” ავტორია, მანვე შექმნა სიმფონიური პოემა “სამშობლოსათვის”, სიმფონიური სურათი “საჭიდაო”,  “სიმღერა სამშობლოზე”, “ბალადა ვაზზე”, “ოდა მესხეთზე”, “მოხეური ბალადა”, „ჰიმნი დედაენას“, „ჩემო კარგო ქვეყანა“, „აყვავილდა ნუში“, „ტყე შეუნახეთ შვილებსა“, „სიმღერა თბილისზე“, „მუხამბაზი თბილისს“, „წუთისოფელი“, „ჰიმნი ქუთაისს“ და სხვა მრავალი ნაწარმოები.  

 

 

რევაზ ლაღიძე ამავე დროს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“  დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების მუსიკალური რედაქტორი იყო და 30-ზე მეტი ფილმისთვის შექმნა მუსიკა. მათ შორისაა: “საბუდარელი ჭაბუკი“, “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ”,  „ხევისბერი გოჩა“, “ხევსურული ბალადა”, “კეთილი ადამიანები”, “შეწყვეტილი სიმღერა”, „ნინო“, “წუთისოფელი”. კომპოზიტორს  40-ზე მეტი სპექტაკლი აქვს მუსიკალურად გაფორმებული.

რევაზ ლაღიძე მრავალი ჯილდოს მფლობელია. კომპოზიტორს 1958 წელს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, 1961 წელს კი საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. 1967 წელს ლაღიძე კომკავშირის პრემიით, 1975 წელს კი შოთა რუსთაველის  პრემიით დაჯილდოვდა. კომპოზიტორი 1978 წელს საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის მფლობელი გახდა.

კომპოზიტორი 1981 წლის 16 ოქტომბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.