fbpx

ნახეთ “ერაყის ედემის ბაღი”, რომელსაც “მესოპოტამიის ვენეციადაც” მოიხსენიებენ


გააზიარე სტატია

 

ავტორი:  MESSYNESSY

 

ერაყის “ედემის ბაღი”, იგივე “მესოპოტამიის ვენეცია”,  უნიკალური ჭაობებია, სადაც ლერწმისგან დამზადებული მცურავი სახლებია განთავსებული. აქ ცხოვრობს ხალხი, რომლებსაც Ma’dan-ებს, ანუ “ჭაობის არაბებს” უწოდებდნენ.

 

ეს არქიტექტურული საოცრებები mudhif-ის სახელითაა ცნობილი – მათ სამ დღეში ხისა და მინის გარეშე აშენებდნენ. თავად ის კუნძულებიც, სადაც ეს სახლები მდებარეობს, ტალახისა და ლერწმისგან შედგება.

ამ სამშენებლო მეთოდს ათასობით წლის განმავლობაში ბარში მცხოვრები ადამიანები იყენებდნენ, თუმცა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს ეგზოტიკური არქიტექტურა თითქმის მთლიანად გაქრა. არსებობს იმის რისკიც, რომ მშენებლობის ამ უნიკალური ტექნიკის ცოდნა დაიკარგება.

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა: რატომ ქრება ასეთი მშვენიერი წყლის სამყარო?  შუა აღმოსავლეთის სამოთხე დიქტატორმა სადამ ჰუსეინმა გაანადგურა.  გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოცურავე სახლები თავშესაფრად ითვლებოდა მათთვის, ვინც ჰუსეინის მთავრობამ განდევნა, გასული საუკუნეების განმავლობაში კი – გაქცეული მონებისა და ყმებისთვის.

1991 წელს, ერაყში აჯანყების დროს, სადამ ჰუსეინმა სამხრეთი ერაყის უნიკალური ჭაობები ამოაშრო, ეს კი სასჯელი იყო “ჭაობის არაბებისთვის”, რადგან მათ მხარი დაუჭირეს აჯანყებას და სავარაუდოდ, თავშესაფარი მისცეს სახალხო რაზმების წევრებს – ადამიანებს, რომლებიც მთავრობამ ტერორისტებად შერაცხა.

ერაყის მთავრობამ 1970-იანი წლების სარწყავი პროექტი აღადგინა, რომელიც თავდაპირველად მიტოვებული იყო, რადგან ჭაობებში წყლის დინებას აფერხებდა.  მოვლენები ძალიან სწრაფად შეიცვალა: საკვების წყარო განადგურდა, სოფლები დაიწვა, აყვავებული სამოთხე უდაბნოდ იქცა, დარჩენილი წყალი კი მოიწამლა. 

ათასობით მოსახლე იძულებული გახდა მიეტოვებინა თავიანთი დასახლებები და ტრადიციული ცხოვრების წესი, ისინი ლტოლვილთა ბანაკებში წავიდნენ. 1950-იანი წლების მონაცემების თანახმად, თითქმის ნახევარი მილიონი “ჭაობის არაბიდან” დღემდე მხოლოდ 1600-მა შეინარჩუნა ტრადიციული საცხოვრებელი.

2003 წელს “დაკარგული კულტურის” აღდგენა დაიწყეს, იმავე წელს დასრულდა ოთხწლიანი გვალვა. ჭაობები ახლა ისეა აღდგენილი, რომ 1970 წლის წყლის დონის 50%-ზე მეტი მაინც დაფაროს. ამის მიუხედავად, ეკოსისტემის აღდგენას შეიძლება გაცილებით მეტი დროს დასჭირდეს. აქ არ არის სუფთა წყალი, სანიტარიული ნორმები ცუდადაა დაცული, არ არსებობს ჯანდაცვის და საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ომის შედეგად განადგურებული ქალაქებიდან რამდენიმე მილში ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს გარისკავს ჭაობების გადასარჩენად. მიუხედავად ამისა, იმედი მაინც არსებობს.  ერაყელ-ამერიკელმა ჰიდრავლიკურმა ინჟინერმა დააარსა ორგანიზაცია, სახელწოდებით “Nature Iraq”, რომელიც ქვეყნის დაკარგული “ედემის ბაღის” აღდგენას ისახავს მიზნად, ფინანსური მხარდაჭერის მიღებას კი აშშ-სგან, კანადისგან, იტალიისა და იაპონიისგან ცდილობს. ორგანიზაციამ აღადგინა ტრადიციული მუდიფი, იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ მუშაობს  ალტერნატიული, იაფი და მდგრადი მშენებლობის მეთოდები.

ორიგინალი: https://www.messynessychic.com

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.