წყნარი ოკეანიდან 103 ტონა პლასტმასი ამოიღეს – Ocean Voyages Institute
ავტორი: ჯესიკა სტიუარტი
Ocean Voyages Institute-ის 48-დღიანი ექსპედიციის შემდეგ წყნარი ოკეანის ნაგვის კუნძულები 103 ტონა პლასტმასისგან გათავისუფლდა. Ocean Voyages Institute არაკომერციული კომპანიაა, რომელიც 1979 წელს მსოფლიო ოკეანეების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით დაარსდა. მათი საოცარი ძალისხმევისა და მიღებული შედეგების მიუხედავად, ეს ყველაფერი მხოლოდ ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც ოკეანეში დარჩა.
ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ექსპედიცია ყველაზე დიდია დღემდე, რაც კი წყნარი ოკეანის ნაგვის კუნძულებზე განხორციელებულა. წყნარი ოკეანის ამ შორეულ ტერიტორიაზე, რომელიც კალიფორნიასა და ჰავაის შორის მდებარეობს, მოთავსებულია ნაგვის უზარმაზარი რაოდენობა.
ოკეანიდან გამოტანილი ნაგვის უდიდეს ნაწილს სათევზაო ხელსაწყოები და “მოჩვენება ბადეები” წარმოადგენს. სამწუხაროდ, ეკიპაჟმა ბადეებში გახლართული უამრავი კუს ჩონჩხი იპოვა, რაც ამგვარი უყურადღებო მოქმედებების რეალურ შედეგებს გვიჩვენებს.
”ვამაყობ ჩვენი შრომისმოყვარე ეკიპაჟით”, – აღნიშნავს Ocean Voyages Institute-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მერი კროული. ”ჩვენ გადავწყვიტეთ 100 ტონა ტოქსიკური სამომხმარებლო ნარჩენებისა და “მოჩვენება ბადეების” ამოღება. ამ რთულ პერიოდში ვაგრძელებთ ოკეანეში ჯანსაღი გარემოს აღდგენას, რაც პირდაპირ ახდენს გავლენას ადამიანებისა და პლანეტის ჯანმრთელობაზე. წყალში არსებული ნაგავი ოკეანეს ნახშირბადის დაგროვების უნარს უსპობს და ამავე დროს ნარჩენები მის საკვებ ქსელს წამლავს.
“მოჩვენება-ბადეებზე” მონადირედ ცნობილი, კროულის მიერ შემუშავებული მეთოდები, ოკეანიდან დიდი რაოდენობით პლასტმასის ამოღებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ექსპედიცია პლასტმასის მაღალი შემცველობის ადგილის მოსაძიებლად GPS სატელიტურ ლოკატორებს იყენებს. ეს მეთოდი ითვალისწინებს კროულის თეორიას, რომლის მიხედვითაც, ერთი ქსელი ყოველთვის მიბმულია დანარჩენებზე. ფაქტობრივად, ეს ტექნიკა, რომელიც 2018 წლიდან დაინერგა, მისი ამოქმედების შემდეგ წარმატებულია.
მიუხედავად ამისა, ეკიპაჟს დიდი შრომის გაწევა მოუხდა. ”ოკეანის გასუფთავების უნივერსალური საშუალება არ არსებობს. ეს არის გრძელი დღეები ზღვაზე, რომელიც ჰორიზონტის დათვალიერებასა და ბადეებისა და ნაგვის უზარმაზარი რაოდენობის ამოღებაში გადის”, – ამბობს ლოკი მაკლინი, Sea Shepherd-ის ყოფილი დირექტორი.
მიუხედავად იმისა, რომ ეკიპაჟმა დიდი შრომა გასწია, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სავარაუდოდ, წყნარი ოკეანის ნაგვის დიდ კუნძულზე კიდევ 80 000 ტონა პლასტიკური ნარჩენია. გუნდი იმედოვნებს, რომ მომავალი წლისთვის ისინი 3 თვის განმავლობაში 3 გემის დახმარებით ნაგვის მოგროვებას მოახერხებენ.
”ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი საქმიანობის შედეგად ოკეანეში ბინადარი სახეობები უფრო უსაფრთხოდ იქნებიან, ეს ბადეები აღარასოდეს მოხვდებიან ოკეანეში – ვერ დააზიანებენ ვეშაპებს, დელფინებს, კუებსა და რიფებს”, – ამბობს კროული.
ორიგინალი:https://mymodernmet.com/