ემირატებში ათობით მილიონი დოლარის მიმთვისებელი ნიგერიელი თაღლითები აიყვანეს
ნიგერიელმა ოლალეკან ჯეიკობ პონლიმ (ცნობილი, როგორც mrwoodbery) მაისში, თავისი 29-ე დაბადების დღის მეორე დღეს ინსტაგრამზე ფოტო დაპოსტა, სადაც ყვითელი ფერის “ლამბორჯინის” გვერდით დგას.
“არ მისცეთ ხალხს იმის უფლება, რომ თავი დამნაშავედ გაგრძნობინოთ იმ სიმდიდრის გამო, რომელიც თავად გამოიმუშავეთ”, – განაცხადა მან. ერთი თვის შემდეგ ის დუბაის პოლიციამ ფულის გათეთრებისა და კიბერ თაღლითობისთვის დააპატიმრა. მასთან ერთად 37 წლის რამონ აბასიც (ცნობილი, როგორც hushpuppi) დაიჭირეს, რომელსაც ინსტაგრამზე 2.4 მილიონი გამომწერი ჰყავს.
ემირატის პოლიციამ განაცხადა, რომ მათ ამოიღეს $40 მილიონი ფულადი თანხა, $6.8 მილიონის ღირებულების 13 ძვირადღირებული მანქანა, 21 კომპიუტერი, 47 სმარტფონი და სავარაუდო მსხვერპლის თითქმის ორი მილიონი მისამართი.
აბასი და პონლი აშშ-ს გადასცეს და ჩიკაგოს სასამართლოში ბრალი წაუყენეს თაღლითობასა და კიბერდანაშაულის შედეგად ასობით მილიონი დოლარის მიღებაში. “ვფიქრობ, გარკვეული ამპარტავნობაა ის, რომ მათ ეგონათ ონლაინიდენტობას ანონიმურად შეინარჩუნებდნენ”, – განაცხადა აშშ-ს ყოფილმა პროკურორმა გლენ დონატმა.
ეს მოვლენა ჰაკერებისთვის ძალიან დიდი დარტყმაა და კითხვებს აჩენს იმის შესახებ, თუ საიდან მოიპოვეს ამხელა სიმდიდრე. მეტიც, ინსტაგრამისა და სნაპჩატის პოსტებით ამერიკელ დეტექტივებს თავიანთი იდენტობისა და საქმიანობის შესახებ უნებლიეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეს. მათ ბრალი ედებათ აშშ-ს სხვადასხვა კომპანიების თანამშრომლების მოტყუებაში “ბიზნეს მეილების კომპრომენტირებით”, ესაა კიბერდანაშაულის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ელექტრონული ფოსტის დახმარებით მიზნად ისახავს ხალხის შეცდომაში შეყვანასა და მათგან ფულის გამოძალვას.
ინსტაგრამზე რამონ აბასი აცხადებდა, რომ უძრავი ქონების დეველოპერი იყო, მაგრამ რეალურად “სახლი” საბანკო ანგარიშების კოდური სიტყვა იყო, რომლის დახმარებითაც თაღლითობის სქემით შემოსავალს იღებდა.
“ნიგერიაში ჩვენი ფასეულობების სისტემა უნდა გადაფასდეს – აქცენტს სიმდიდრეზე ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მოდის ის, – განუცხადა BBC-ს ეკონომისტმა ებუკა ემებინამ. – აქსჯერათ, რომ შედეგი შენ მაგივრად საუბრობს. რეალურად ჩვენ აქცენტს პროცესზე არ ვაკეთებთ”.
ერთ-ერთმა უცხოურმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, სავარაუდოდ, $14,7 მილიონი დაკარგა, თანხა კი აბასის საბანკო ანგარიშებზე აღმოჩნდა. მეტიც, FBI-ს განცხადებით, მას $124 მილიონის მოპარვაც ჰქონდა განზრახული ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთი გუნდისგან. FBI-მ რამონ აბასის Google-ს, Apple iCloud-ისა და სხვა სოციალური ქსელების ანგარიშებიც მოიპოვა. მათ იპოვეს საბანკო და პასპორტის მონაცემები, ასევე მიმოწერა თაღლითობის სქემის სხვა მონაწილეებთან და ელექტრონული გზავნილები.
უსაფრთხოების კომპანიის, აგარის კვლევის მიხედვით, ელექტრონული ფოსტის თაღლითობის სქემების დაახლოებით 90%-ს დასავლეთ აფრიკასთან მივყავართ.
თაღლითობის პროცესი შემდეგნაირია: ისინი ელექტრონულ ფოსტაზე წვდომის მოპოვებას ცდილობენ, შემდეგ კი მომხმარებლისა და მიმწოდებლის წერილებს “შეისწავლიან”. ამ გზით შინაარსობრივ დეტალებს იგებენ, რაც მათ ეხმარება მსგავსი ტიპის წერილების მიწერაში – მომხმარებელს ატყუებენ, რომ მიმწოდებელმა “საბანკო ანგარიში” შეცვალა და თანხას იპარავენ. ნიგერიაში ამ ტიპის თაღლითებს “Yahoo guys”-ს უწოდებენ.
ორიგინალი: https://www.bbc.com/