fbpx

დღეს: კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 84 წლის შესრულდა


გააზიარე სტატია

 

13 ივლისს ვაჟა აზარაშვილს 84 წელი შეუსრულდა. კომპოზიტორი  1936 წელს თბილისში, მუსიკოსების ოჯახში დაიბადა. 


აზარაშვილის მუსიკალური ცხოვრება ომის დროს დაიწყო. მის მეზობლად მე-6  სამუსიკო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ნადეჟდა ჩილოვა ცხოვრობდა, რომელმაც ბავშვის მუსიკალური შესაძლებლობები აღმოაჩინა და ვიოლინოც აჩუქა. მომავალი კომპოზიტორი არ იყო დარწმუნებული, რომ ნამდვილად მუსიკალური გზის გაგრძელება უნდოდა, მითუმეტეს მაშინ, როცა ომის დროს დაკარგული მამის ასავალ-დასავალი არ იცოდა. “მეოთხე კლასში ვიყავი, როდესაც თბილისის სამუსიკო სკოლების სიმებიანი საკრავების გაერთიანებული ორკესტრი ჩამოყალიბდა. პოლიფონია რომ მოვისმინე, ვიფიქრე ეს რა საოცრებაა, ამას თავი როგორ უნდა დავანებო-მეთქი”.

 


სიმღერა “მზე ჩემი მეგობარიას” ავტორმა დედაქალაქს ბევრი სიმღერა მიუძღვნა: “სიმღერა თბილისზე”, “სიმღერა მეტეხზე”, თბილისური  ლირიკული”. ვაჟა აზარაშვილმა შექმნა  სიმღერები:  “მუსიკა”, “დღეები მიდიან”, “პატარა გოგო”, “ისევ წვიმს”, სიმღერაა მთელი ჩემი ქონება”, “დინამო, დინამო”, “სიყვარულის აბდაუბდა“,„პატარა გოგონა“, „ისევ წვიმს“, “თოვლი, თოვლი, მდუმარება”.

“მუ­სი­კის სწავ­ლა ტექ­ნი­კუმ­ში გან­ვაგ­რ­ძე. მე და ნუგ­ზარ ვა­წა­ძე შე­ვე­დით დი­რექ­ტორ­თან – ქსე­ნია ჯი­ქი­ას­თან. ვუთხა­რი, მუ­სი­კას ვწერთ-მეთ­ქი. ყუ­რადღე­ბა მოგ­ვაქ­ცია, მო­იწ­ვია კომპოზიტორი ალექ­სან­დ­რე შა­ვერ­ზაშ­ვი­ლი, რომელიც დი­დად არ გვა­ქებ­და. თუ გვეტყო­და, ცუ­დი არ არი­სო, ვი­ცო­დით, რომ კარ­გი იყო. ერთ დღე­საც, მე­სა­მე კურ­ს­ზე, გა­მოგ­ვიცხა­და, კონ­ცერ­ტი უნ­და გა­მარ­თოთ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დიდ დარ­ბაზ­შიო. გაგ­ვიკ­ვირ­და… ჩემი ორი ნაწარმოები ბის­ზე გა­ი­მე­ო­რეს”. 

 

მუსიკა ფილმიდან “მზე შემოდგომისა” /  ვაჟა აზარაშვილი 


კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­შირ­ში გა­მოცხებულ რომანსების დახურულ კონკურსში  მეორეკურსელმა აზარაშვილმა ხუთი პრემიიდან სამი მოიპოვა შემდეგი ლექსების მიხედვით შექმნილ მუსიკაზე: “მად­ლი შენს გამ­ჩენს”, “მძი­ნა­რე ქა­ლი” და “ღა­მე მთა­ში”.

მე-5  კურ­ს­ზე აზარაშვილის სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვრის წარდგენას დმიტ­რი შოს­ტა­კო­ვი­ჩი და­ეს­წ­რო. შოსტაკოვიჩის რე­კო­მენ­და­ცი­ით აზარაშვილმა ას­პი­რან­ტუ­რა­ში, იონა ტუს­კი­ას კლას­ში ჩააბარა.

“1971 წელს, 13 მა­ისს ელ­დარ ისა­კა­ძემ რომ და­უკ­რა ჩე­მი ჩე­ლოს კონ­ცერ­ტი, მა­შინ და­იწყო ჩე­მი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აღ­მავ­ლო­ბა. ეს­წ­რე­ბოდ­ნენ დმიტ­რი შოს­ტა­კო­ვი­ჩი, არამ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი, სულ­ხან ცინ­ცა­ძე, ოთარ თაქ­თა­ქიშ­ვი­ლი…”

1969 წელს ჩელოსა და კამერული ორკესტრისთვის შექმნილი ნაწარმოები ამ ჟანრის ქართული მუსიკის საუკეთესო ქმნილებათა რიცხვში შევიდა და უკრავდნენ არა მხოლოდ ქართულ, არამედ ევროპულ საკონცერტო დარბაზებშიც.

 

ვაჟა აზარაშვილი სიმღერებს წერდა როგორც კლასიკური  (ბარათაშვილის),  ასევე  თანამედროვე პოეტების  – მო­რის ფოცხიშ­ვი­ლის, პეტ­რე ბაგ­რა­ტი­ონ-გრუ­ზინ­ს­კის, ანა კალანდაძის ლექსებზე.  


1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწეოდა. მე-2  და მე-3  სამუსიკო სასწავლებლების გარდა  კონსერვატორიაშიც ასწავლიდა.  1994 წლიდან აზარაშვილი ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვნელია, ხოლო 1997-2007 წლებში კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე. 


ვაჟა აზარაშვილი არაერთი საპატიო წოდებისა და პრემიის მფლობელია. კომპოზიტორს 1974 წელს კომკავშირის, 1982 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს, 1998 წელს კი გოგებაშვილის სახელობის პრემია მიენიჭა. აზარაშვილი 2003 წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის, 2004 წელს კი სახელმწიფო პრემიის მფლობელი გახდა. 

1979 წლიდან ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეა, 1988 წლიდან კი საქართველოს სახალხო არტისტი. კომპოზიტორს 1998 წელს ღირსების ორდენი, 1999 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.