fbpx

ყველაფერი ორჯერ… – საფეხბურთო მიმოხილვა აჩიკო ბენაშვილისგან


გააზიარე სტატია

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ყოველი საფეხბურთო სეზონი განსაკუთრებულია, მაგრამ წლევანდელი – ალბათ ისტორიულიც. აბა თუნდაც იანვარში  ვინ წარმოიდგენდა, რომ მსოფლიო ფეხბურთის პარალიზებას 21-ე საუკუნეში პანდემია მოახდენდა, ევროპის ჩემპიონატის თარიღი ერთი წლით გადაიწევდა და ქვეყნები დაჩქარებულ რეჟიმში, ცარიელი ტრიბუნების გარეშე იზრუნებდნენ თავ-თავიანთი ჩემპიონატების დასრულებისთვის.

მაღალი დონის პირველობებიდან პრობლემას მაქსიმალური წარმატებით თავი გერმანულმა ფეხბურთმა გაართვა, სადაც სეზონი ყველაზე ადრე განახლდა და დამთავრდა ისე, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ სახით დიდი თავსატეხი დაუტოვა სამომავლო კონკურენტებს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, რომელიც 7 აგვისტოს განახლდება.

ვინ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა დიდებულ ფორმაში მყოფ თავდაჯერებულ „რეკორდმაისტერს“, რომელმაც სეზონის განახლების შემდეგ ბუნდესლიგის ყველა მატჩთან ერთად გერმანიის თასზეც ბოლო ორი შეხვედრა ძალთა მაქსიმალური დაძაბვის გარეშე მოიგო და დუბლი ისე შეასრულა?

ნუთუ ეს მადრიდის „რეალი“ უნდა იყოს, რომელიც ფავორიტად ნამდვილად არ მოიაზრება ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტისთან“?

„რეალმა“ „ბაიერნის“ მსგავსად, ფეხბურთში მობრუნების შემდეგ ლა ლიგის ყველა შეხვედრა მოიგო, თუმცა მას იტალიური გრანდების თვისება დასჩემდა, მეტოქის მინიმალური ანგარიშით დამარცხებაში რომ გამოიხატება.

„სამეფო კლუბმა“ სამი თამაში ზედიზედ, ერთნაირი ანგარიშით 1:0 მოიგო, თანაც ისე, რომ აქედან ორ შეხვედრაში გოლები თერთმეტმეტრიანი დარტყმით, დაახლოებით 70-ე წუთისთვის, გუნდის კაპიტანმა სერხიო რამოსმა გაიტანა.  

„ალავესთან“ უკანასკნელ ტურში, ანგარიშით 2:0 მოგებულ მატჩში, რამოსის არყოფნისას თერთმეტმეტრიანი უკვე ლა ლიგის ივნისის  საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა კარიმ ბენზემამ გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ზინედინ ზიდანის მწვრთნელობის პერიოდში ეს კლუბის მე-500 გოლი აღმოჩნდა. „რეალში“ დიდი ფრანგი სპეციალისტის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ყოფნისას პირველი ბურთი 2016 წელს იმავე ბენზემამ გაიტანა. ზემოხსენებული 500 გოლიდან კი 100-ზე მეტი რონალდუს ანგარიშზეა.

მართლაც შთამბეჭდავია მადრიდული კლუბის ბოლოდროინდელი სტატისტიკა, მაგრამ გასათვალისწინებელია მის მიერ ზედიზედ დამარცხებული რვა კლუბის პანდემიის შემდგომი შედეგებიც. 

ზემოხსენებულმა „ალავესმა“ რვა მატჩიდან 7 წააგო და ერთი მოიგო, ასევე თითო-თითო თამაში აქვთ მოგებული „ხეტაფეს“, „სოსიედადს“ და აწ გავარდნილ „ესპანიოლს“, ხოლო საუკეთესო შედეგი კი „ბილბაოს“ აქვს, რომელმაც რვიდან სამი მატჩის მოგება შეძლო და ამდენივე წააგო. 

რამდენად იმოქმედებს ფსიქოლოგიურად „რეალის“ მიერ ლა ლიგის სავარაუდო მოგება ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მერვედფინალურ დაპირისპირებაში „მანჩესტერ სიტიზე“, რომელიც ამ ბოლო ხანს პრემიერლიგაში მეტოქეების განადგურებითაა დაკავებული და სულაც არ უწევს ანგარიშს მეტოქის ვინაობას? 

ორი ტურის წინ პეპ გვარდიოლას გუნდმა პრემიერლიგის ჩემპიონის,  „ლივერპულის“  4:0 განადგურებით, მთელ საფეხბურთო მსოფლიოს დაანახვა საკუთარი ძალა და მრავალ ექსპერტს თუ რიგით გულშემატკივარს აფიქრებინა, რომ მერსისაიდული კლუბის მიერ ასეთი დიდი უპირატესობით ჩემპიონატის მოგების მიუხედავად, სინამდვილეში „სიტი“ მასზე ძლიერია და ამას მომდევნო სეზონში აუცილებლად დაამტკიცებს…

„მანჩესტერ სიტის“ წლეულს უკვე მოპოვებული აქვს ინგლისის ლიგის თასი. ასოციაციის თასის ნახევარფინალში კი მომავალ შაბათს მისი მეტოქე ლონდონის „არსენალი“ იქნება, სადაც მწვრთნელების დუელში პეპ გვარდიოლას მისი ყოფილი თანაშემწე, მიკელ არტეტა დაუპირისპირდება. 

საკუთარი გუნდის სამარცხვინო წაგების შემდეგ მეტოქეს ქების სიტყვებს არ აკლებდა „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, რომელმაც მიუნხენის „ბაიერნის“ შემდეგ „მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგის ტურნირის მოგების მთავარ ფავორიტად დაასახელა. 

კენჭისყრის შემდეგ კი გაირკვა, რომ ცალი ფეხით უკვე მეოთხედფინალში მყოფი „რეკორდმაისტერის“ მეტოქე, სწორედ „მანჩესტერ სიტი“ – „რეალის“ მატჩში გამარჯვებული გუნდი იქნება.

„ბარსელონა“ – „ნაპოლის“  და „იუვენტუსი“ – „ლიონის“ წყვილებში გასული კლუბები კი კიდევ ერთ მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ბუნებრივია, რომ 7 აგვისტოსთვის ბევრი რამ შეიცვლება, მაგრამ „იუვენტუსი“ დღესდღეობით საკუთარ თავს რომ არ ჰგავს, მაყურებელს „მილანთან“ ანგარიშით 2:4 წაგებულმა და „ატალანტასთან“ ფრედ 2:2 ნათამაშევმა  მატჩებმა დაანახვა.

საგულისხმოა, რომ „მილანთან“ შეხვედრაში „ბებერმა ქალბატონმა“ ორბურთიანი სხვაობით დაწინაურების შემდეგ, სამი გოლი შვიდწუთიან მონაკვეთში გაუშვა. თანაც, „მილანთან“ წაგებულმა მატჩმა ცხადყო, რომ დღესდღეობით თამაშში ნაკლებად ჩართული იბრაჰიმოვიჩი შეიძლება ზოგჯერ უფრო საშიშიც იყოს, ვიდრე უბურთოდ დარჩენილი კრიშტიანუ რონალდუ. „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩამდე პრობლემების მოსაგვარებლად კი „იუვენტუსს“ სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

კრიშტიანუს მიერ „მილანის“ კარის დალაშქვრის შემდეგ, როდესაც „იუვენტუსი“ ანგარიშით 2:0 დაწინაურდა, ცოტა ხანში იბრაჰიმოვიჩმა ჯერ აუღებელი თერთმეტმეტრიანით შეამცირა სხვაობა, შემდეგ კი საგოლე გადაცემითაც გამოიჩინა თავი.

იბრაჰიმოვიჩისგან განსხვავებით, სრულიად გაუმართლებელი იყო ახალგაზრდა ლაუტარო მარტინესის თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან მისვლა. არგენტინელმა თავდამსხმელმა „ბოლონიასთან“ მატჩში „ინტერის“ საშტატო დამრტყმელ ლუკაკუს ნაცვლად გადაწყვიტა პენალტის შესრულება და ვერ გამოიყენა იგი. 

ამის შემდეგ კაცნაკლულმა „ბოლონიამ“ ჯერ გაუთანაბრა „ინტერს“, ხოლო მოწინააღმდეგის მცველ ალესანდრო ბასტონის გაძევების მერე კი გამარჯვების გოლიც გაიტანა „სან სიროზე“, რაც განსაკუთრებით მძიმე დარტყმა აღმოჩნდა „ნერაძურის“ მწვრთნელ ანტონიო კონტესთვის.

ჟურნალისტებთან საუბარში „ინტერის“ დამრიგებელმა მარცხში ტრადიციულად საკუთარი ფეხბურთელები დაადანაშაულა და მატჩის მთავარ ანტიგმირად ლაუტარო მარტინესი დაასახელა.

მწვრთნელმა იგი დასაჯა „ვერონასთან“  მომდევნო შეხვედრაში და მხოლოდ შეცვლაზე შეიყვანა, მაგრამ თავდამსხმელმა კვლავ ვერაფრით გამოიჩინა თავი. მარტინესის პანდემიის შემდგომმა ასეთმა ჩავარდნამ კი შეიძლება უკვე დააფიქრა კიდეც „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა, რომ მომავალში გრიზმანის შეძენის მსგავსი შეცდომა აღარ გაიმეოროს. 

ამ ბოლო ხანს „ინტერზე“ უარესი შედეგი აქვს „ლაციოს“, რომელიც თუკი სამი ტურის წინ „იუვენტუსთან“ „სკუდეტოსთვის“ ბრძოლაში ერთადერთ კონკურენტად მოიაზრებოდა, ზედიზედ სამი უკანასკნელი მატჩის წაგების შემდეგ, მეორე ადგილის შენარჩუნებაზე უფრო უნდა ფიქრობდეს, ვიდრე ჩემპიონობაზე, რადგან უშუალო მდევარი – ბერგამოს „ატალანტა“, მას უკვე მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. 

ტურინის „იუვენტუსთან“ უკანასკნელი ტურის გასვლით მატჩში, რომ არა ფატალური უიღბლობა, მიმდინარე სეზონის აღმოჩენა – ბერგამოს „ატალანტა“ სერია A-ს გათამაშებაში პანდემიით გამოწვეული პაუზამდელი პერიოდიდან მოყოლებული, ზედიზედ მე-9 მატჩს მოიგებდა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა მკვეთრად დაიძაბებოდა. 

მოედანზე საუკეთესოდ წარმოაჩინა თავი ორმა არგეტინელმა ფეხბურთელმა – მასპინძელთაგან ახალგაზრდა პაულო დიბალამ, ხოლო სტუმართაგან კი ვეტერანმა ალეხანდრო გომესმა. 

ფრედ 2:2 დასრულებულ ტურის ცენტრალურ მატჩში „ატალანტა“ორჯერ დაწინაურდა, ორჯერ მის ფეხბურთელებს საკუთარ საჯარიმო მოედანზე შემთხვევით ხელზე მოხვდათ ბურთი და თერთმეტმეტრიანი დარტყმა ორჯერ ზუსტად შეასრულა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც განვლილ პარასკევს  ტურინის „იუვენტუსის“ შემადგენლობაში ყოფნის ორი წლისთავი აღნიშნა. 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.