fbpx

მიმართვა ჩემზე უმცროს გოგონებს – ნესტან ნენე კვინიკაძე


გააზიარე სტატია

ავტორი: ნესტან ნენე კვინიკაძე

ფოტო : FORBES WOMAN GEORGIA

 

გახსოვდეთ, რომ:

ძველი ბიჭი ხელისუფლების ხელია. ეს ორმხრივი კომფორტია.

ძველი ბიჭი სიცარიელის შესავსებად საკუთარ სახელს მეტსახელით ცვლის.

ძველმა ბიჭმა არ იცის სიამოვნების მიღება და შესაბამისად, ბრაზდება, თუ სხვას ეს შეუძლია.

ძველ ბიჭს სძულს გოგონების ყურადღების ცენტრში მოქცეული განსხვავებულად ჩაცმული, თმა გრძელი ბიჭების.

ძველი ბიჭი დაძაბულია, – შემთხვევით ისეთი სამოსი არ შემოეცვას ფემინურ ასოციაცებს რომ აღძრავს. რატომღაც, ჟილეტები უყვართ, ჯიბეში მზესუმზირით.

ძველ ბიჭს ეშინია ღამის კლუბების, სადაც თეთრი საცვლების გამოჩენამდე თამამად ცეკვავენ თანატოლები.

ძველმა ბიჭმა არ იცის რა არის სამშობლო.

ძველმა ბიჭმა არც იმ დიდი საიდუმლოს შესახებ იცის რელიგია რომ ქვია, მაგრამ პირჯვარს თავქუდმოგლეჯილი იწერს და მიიჩნევს, რომ წიგნს “საიდუმლო სირობა” არ უნდა ერქვას.

ძველ ბიჭებს “შავი შედევრების” ეშინიათ.

ძველ ბიჭს ვერ დააჯერებ, რომ ილია ჭავჭავაძე ბანქოს თამაშობდა.

ძველი ბიჭი ძალიან ბევრს ეწევა. ეწევა ყველგან: ზღვის სანაპიროზე 40 გრადუს სიცხეში, მწვავე ანგინის დროს, ავტომობილში ბავშვების თანხლებით.

ძველი ბიჭი უსმენს ძალიან უცნაურ მუსიკას. იფიქრებ, ეს მდარე წარმონაქმნები სპეციალურად მათთვის იწერებაო.

ძველი ბიჭი დაძაბული და მორცხვია. უცხო კერძის ფობია აქვს. აი, ძველი ბიჭი ჩინურ და იაპონურ ჯოხებს, დიდი ალბათობით, ხელში არ დაიჭერს.

ძველმა ბიჭმა არ იცის ქცევა, ამიტომ პანაშვიდზე, სადაც ახალგაზრდას გლოვობენ, არაფხიზელი მიდის და კატაზე საუბრობს, მაშინ როცა სხვები ძაღლზე საუბრობენ.

ძველმა ბიჭმა იცის, რომ მათ თანატოლზე პოლიციამ იძალადა, რის გამოც ბიჭმა თავი მოიკლა და დღეისთვის უკვე ცნობილი წერილი დატოვა.
ძველმა ბიჭმა ეს იცის, მაგრამ დუმს.

ძველი ბიჭები ძმობას იფიცებენ და ხშირად ძმადნაფიცების დებს ირთავენ ცოლად.

ძველი ბიჭები ზრდილობიან სუბიექტებად წარმოგვიდგებიან – “მანან დეიდა, ჩემთან ერთადაა, არ ინერვიულოთ”.

ძველბიჭური რომანტიზმი – შეყვარებულთან ერთად გადაჭარბებული სიჩქარით გავლილი თბილისი- წყნეთის გზა მალე სრულდება და იწყება შეგონება – “გოგო, აზზე მოდი”!

ძველმა ბიჭმა არ იცის სექსის დანიშნულება.ძველბიჭური მიდგომის შედეგია საშინაო და საგარეო სექსის მცნება, – ცოლს არ აკადრებს.
რეალურად კი, ძველმა ბიჭმა არ იცის მაგალითად, ქალს რომ კლიტორიც აქვს. თუ იცის, მდებარეობას ვერ აზუსტებს.

ძველი ბიჭი მოძალადეა.

ასეთმა მოძალადემ შესაძლოა მოგკლათ. ბავშვების თვალწინ. მაგრამ, თქვენ ამ მტანჯველ, ბოლო მძიმე სცენას ვერც ნახავთ. რადგან, შესაძლოა მკვლელობის დროს მშვიდად გეძინოთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.