fbpx

Why Not Gallery – ხელოვანების შექმნილი ყოფითი ნივთებით – ინტერვიუ ელენე კაპანაძესთან


გააზიარე სტატია

ავტორი: ნასტასია არაბული

 

The Why Not Gallery ელენე კაპანაძის და გვანცა ჯიშკარიანის გალერეაა, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელის ერთ პატარა სივრცეში გამოჩნდა, მერე კი არსებობა ფიზიკური სივრცის გარეშე, ბევრი  საინტერესო კოლაბორაციით გააგრძელა – დღეს გალერეას უფრო Gift Shop-ის სახე აქვს – თანამედროვე არტისტების ნამუშევრები ყოფით ნივთებზე გადააქვთ და ასე იქმნება პოლიტიკური ბანქო, აბრეშუმის აქსესუარები ნახატებით თუ ნაძვის ხის ტექსტილის სათამაშოები. 

 

გალერეის შესახებ ელენე კაპანაძეს დავუსვით კითხვები: 

 

როგორ გაგიჩნდათ ისეთი გალერეის გაკეთების იდეა, რომელიც არტისტების ნამუშევრებს ყოფით ნივთებზე გადაიტანდა და რატომ ჰქვია გიფთ შოპს გალერეა? 

The Why Not Gallery ჩემი  და ჩემი მეგობრის, გვანცა ჯიშკარიანის წამოწყებაა და როგორც სათაურიდან ჩანს, საკმაოდ არაორდინარული და უჩვეულო მიდგომა გვაქვს კურატორულ და საგამოფენო საქმიანობასთან. საკუთარი სივრცის არქონა თითქოს პრობლემაა, მაგრამ ჩვენ ყოველ ჯერზე პოზიტიურ გამოწვევას, ახალ გარემოს და გამოფენისთვის ყველაზე უფრო შესაფერისი ანტურაჟის შერჩევის შესაძლებლობას გვაძლევს. ასევე არ ვართ იძულებული მთელი წლის კალენდარი ავაწყოთ, შეგვიძლია იდეის დამუშავებას და გამოფენის შეკვრას იმდენი დრო დავუთმოთ, რამდენიც დაგვჭირდება.

 

სალომე ჯოხაძე / The Game of Politics სათამაშო კარტი

 

Red Ceramics / მხატვრის პალიტრა კერამიკის ჩაის ჭიქები

ერთი მთავარი იდეა, რაც ყველა ჩვენს გამოფენასა და პროექტს აერთიანებს,  იმ ხელოვნების ჩვენება და იმ ხელოვანების მხარდაჭერაა, ვინც მეინსტრიმ ნარატივში არ ზის და ვინც, ჩვენი აზრით, საინტერესო და ექსპერიმენტულ ხელოვნებას ქმნის. ახლა, მაგალითად, ვემზადებით ახალგაზრდა ხელოვანი ქალების ჯგუფური გამოფენისთვის, რომელსაც All Your Favourite Witches and Bitches ჰქვია და თავს უყრის ნამუშევრებს, რომლებშიც სიურრეალიზმის გავლენა იკითხება.

რაც შეეხება Gift Shop-ს, რომლის ფარგლებშიც ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ხელოვანებთან, იდეა ძალიან სპონტანურად მომივიდა პარკში სეირნობისას და იმწამსვე გვანცას გავუზიარე, ვიცოდი, რომ  მოეწონებოდა. ორივეს ძალიან გვიყვარს მუზეუმის მაღაზიები და სახელოვნებო სუვენირები, რაც ქართულ რეალობაში დიდი პრობლემაა – თითქმის არ არის ხარისხიანი და ორიგინალური ნივთების არჩევანი. ამიტომ გადავწყვიტეთ თავად გვეცადა და შეგვექმნა ის პროდუქცია, რომელიც ასე გვინდოდა გვენახა ქართულ ბაზარზე. 

 

სალომე დუმბაძე. ქეუ მეფარიშვილი / სილიკონის მაგიდის სანათი

 

რა ნიშნით არჩევთ არტისტებს თანამშრომლობისთვის და ვინ არიან თქვენი ძირითადი მომხმარებლები? 

ყველა ხელოვანი, ვისთანაც ვთანამშრომლობთ, ჩვენთვის გამორჩეული და საინტერესოა. კოლაბორაციაზე ფიქრი ყოველთვის მათი ხელოვნების მიმართ  აღფრთოვანებით  იწყება. ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შევქმნათ ორიგინალური პროდუქტი და არა ერთი და იგივე სტანდარტული სუვენირი.   მაშინაც კი,  როცა პრინტებს ვაკეთებთ,  ვცდილობთ არასტანდარტულად გავაკეთოთ – მაგალითად, ახლა ჩავუშვით გიორგი ქოჩიაშვილის პრინტები, რომელიც აბრეშუმზე დავბეჭდეთ და ჩარჩოში ჩასმულს ვყიდით. აბრეშუმმა თავისი ბზინვარება მისცა ნამუშევარს და ძალიან კმაყოფილები ვართ შედეგით, თან ასევე ვამართლებთ ჩვენ მიზანს, რომ ხელოვნება უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ; გიორგის ნახატები საკმაოდ ძვირია, ხოლო მისი პრინტები ჩვენთან – შედარებით ხელმისაწვდომი.

 

გიორგი ქოჩიაშვილი /  პრინტები აბრეშუმზე

ძირითადად ჩვენი მომხმარებლები ახალგაზრდა ქალები არიან, ალბათ იმიტომ, რომ ისინი უფრო ზრუნავენ საცხოვრებელ სივრცეებზე. ამ ბოლო დროს რამდენიმე ნივთი გავყიდეთ  ევროპაში,  რაც ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ სულ სხვანაირი გრძნობაა, რომ ადამიანი, რომელიც არ იცნობს  ქართულ ხელოვნებას,  ჩვენი  ნივთებით დაინტერესდა. 

 

გვანცა ჯიშკარიანი / Feast of Fantastic არტ აბრეშუმის სუფრა

 

რა ტიპის ნივთებია ყველაზე მოთხოვნადი? 

ჩვენს მომხმარებლებს ძალიან მოწონთ სიახლეები; ახალი კოლაბორაციები ხანდახან ისეთი პოპულარულია, რომ დადების დღესვე მთლიანად იყიდება. მაგრამ, ზოგადად, ძალიან პოპულარულია ბალიშები, სუფრები, სარკეები და პრინტები. 

 

თეკლა კიღურაძე / არტ აბრეშუმისა და ხავერდის ბალიშები

 

როგორც გალერისტებისთვის, რა მედიუმები და თემებია თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო?

ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ხელოვნება, რომელიც ტრადიციული დაკანონებული ჩარჩოებიდან გადის და ექსპერიმენტულია  როგორც თემატიკით, ასევე გამოხატვის ფორმებით; ამას ძირითადად ახალგაზრდა ხელოვანები აკეთებენ და ჩვენც ძალიან გვიყვარს მათთან მუშაობა. განსაკუთრებით სასიამოვნოა მათი ენთუზიაზმის გაზიარება, როდესაც იდეები ხორცს ისხამს  და ამაში ჩვენი  წვლილიცაა. 

 

თამარ ნადირაძე / Stories from the Playground, A3 ზომის პრინტი, ed.10

ახლა კი კონკრეტულ კოლაბორაციებზე. თუ შეგიძლიათ გვითხრათ თითოეულზე, რა იყო ამ თანამშრომლობაში  საინტერესო და რატომ შეარჩიეთ მაინცდამაინც ეს არტისტი თუ ეს ფორმა? 

ძირითადად მაინც უფრო ახალგაზრდებთან ვთანამშრომლობთ, რადგან მათ უფრო მეტად  აინტერესებთ  რამე უჩვეულოს შექმნა, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ვინმესგან უარი მიგვიღია; უბრალოდ, ჩვენ ახალგაზრდებს უფრო თამამად ვთავაზობთ თანამშრომლობას. და ხშირად თვითონ ხელოვანები გვთავაზობენ იდეებს – მაგალითად, ქეუ მეფარიშვილის ფერადი სანთლები – Dedicated to 2m Distance Prayers – თავიდან ბოლომდე ქეუს იდეა იყო; 

 

ქეუ მეფარიშვილი / ფერადი სანთლები – Dedicated to 2m Distance Prayers

 ასევე ფოტოგრაფ საბა გორგოძის სკეიტბორდები, რომლებზეც თავისი ფოტოები გადაიტანა, ეგეც მისი იდეა იყო; 

 

საბა გორგოძე /  სკეიტბორდის დაფები 

 

 

რაღაც მხრივ Gift Shop უკვე მკვიდრდება როგორც პლატფორმა, სადაც ხელოვანებს თავისი ნივთების განთავსება შეუძლიათ და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს, იმიტომ რომ Gift Shop-ის მიზანი  ხელოვანების მხარდაჭერა და მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენაცაა. 

ძალიან გვიყვარს უკვე ჩაშვებული კოლაბორაციები. მაგალითად, ნანუკა ჩიჩუა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაგვთანხმდა თანამშრომლობაზე და მისი ნახატები გადავიტანეთ აბრეშუმის ბალიშებზე, და ძალიან მადლობლები ვართ მისი. 

 

ნანუკა ჩიჩუა / არტ აბრრეშუმის ბალიშები

გამოვარჩევდი ასევე სალომე ჯოხაძესთან კოლაბორაციას, რომლის ფარგლებშიც გავაკეთეთ სათამაშო კარტი – The Game of Politics. ვფიქრობ, სალომემ საინტერესო და ირონიული მიმოხილვა გააკეთა ქართული რეალობის. იგივე ნახატებისგან ავაწყეთ პატერნი და გავაკეთეთ ჩანთები; მე, მაგალითად, ძალიან კარგად ვიყენებ  ჩემს ჩანთას. 

 

სალომე ჯოხაძე / The Game of Politics – ტილოს ჩანთა

რაც შეეხება ახალ პროდუქტებს, სულ მალე ჩავუშვებთ ძალიან ლამაზ მარაოებს, რომელიც ქართულ ტრადიციულ ქსოვილზე მუშაობისას შევქმენით თიბისი ბანკის და ხელოვნების სასახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. 

კიდევ ერთი,  რომელსაც ძალიან ველოდებით და  ვიამაყებთ, როცა გამოვა,  მარი ნაკანთან კოლაბორაციითაა შექმნილი. ეს მისი ბაბუის, არქიტექტორ ტონი კალანდარიშვილის მონუმენტის, ე.წ. ანდროპოვის ყურების მიხედვით გაკეთებული პატარა მოდელი და სანთლებია.  რაც ეს მონუმენტი  გაანადგურეს, აღმოჩნდა, რომ ბევრ ადამიანს დაწყდა გული, ბევრმა კი არც არაფერი იცის მის შესახებ გარდა ზედმეტსახელის, “ანდროპოვის ყურებისა”; ამიტომ, ვფიქრობ, ამ ობიექტს ესთეტიკურის გარდა, სენტიმენტალური და საგანმანათლებლო ფუნქციაც ექნება.

 

და ბოლოს, როგორ შეიძლება თქვენი გალერეის ნივთების შეძენა?

ჯერჯერობით ინსტაგრამის და ფეისბუქის გვერდებიდან ვყიდით ჩვენს პროდუქციას, მაგრამ ასევე რამდენიმე მაღაზიაში იპოვით ჩვენს ნივთებს – მაგალითად, The Shop-ში, Hotel Stamba-ში. მალე საბურთალოს City Mall-თან გვექნება ძალიან საინტერესო კოლაბორაცია – 9 ახალგაზრდა ხელოვან ქალს წარმოვადგენთ, ვფიქრობ, საინტერესო ფორმატში და იქვე განთავსდება  სტენდი, სადაც შეძლებთ ჩვენი ნივთების დათვალიერებას და შეძენას.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.