რა ბენეფიტი აქვს ადამიანის სხვადასხვა ტემპერამენტის ტიპს და როგორ ამოვიცნოთ საკუთარი თავი
ავტორი: ტატიანა გეთია
ილუსტრატორი: თაკო კოპალიანი
ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა არსებობს რაღაც მახასიათებლები, რომელთა საშუალებითაც მათი დაჯგუფება შეიძლება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ ტემპერამენტი არის ის, რასაც ჩვენ ადამიანის ხასიათს ვუწოდებთ. ტემპერამენტის ტიპები პირველად ჰიპოკრატემ აღწერა და ისინი ოთხ ნაწილად დაყო: სანგვინიკი, ქოლერიკი, ფლეგმატიკი და მელანქოლიკი.
დღეს ჩვენ ორ მათგანზე მოგიყვებით. თუ კარგად ჩავუღრმავდებით საკუთარ თავს, მარტივად შევძლებთ საკუთარი ტემპერამენტის იდენტიფიცირებას.
რომელი ტემპერამენტის ტიპის ადამიანი ხართ თქვენ?
თუ მუდმივად აქტიურობთ, არასოდეს იღლებით და ენერგია გადაჭარბებულადაც კი გაქვთ, პარალელურად კი ძალიან გიყვართ სოციალური ურთიერთობები, ესეიგი სანგვინიკური ტიპის ადამიანი ხართ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ შესაშური ემოციური მდგრადობა უნდა გქონდეთ და რთულ მოვლენებსაც კი პოზიტიურ ახსნას უძებნით და მაშინვე იწყებთ პრობლემების მოგვარებას. ხასიათის ეს ტიპი შესაძლოა თქვენთვის დაბრკოლებაც კი იყოს, რადგან მარტივად გეფანტებოდეთ ყურადღება, მაგრამ ეს მოგვარებადია. ამისათვის აუცილებელია, რომ საკუთარი ემოციების კონტროლი ისწავლოთ და მაქსიმალური ბენეფიტები მიიღოთ თქვენი ხასიათისგან.
შეჯამებისთვის, რამდენიმე მახასიათებელი მოკლედ შეგვიძლია გამოვყოთ:
- ენერგიულობა;
- სოციალურად აქტიურობა;
- საუბრის მოყვარული;
- ემოციური მდგრადობა;
- პოზიტიურობა;
ეს უნარები ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრებაში და თუ ზემოთ აღწერილი მახასიათებლები თქვენი ცხოვრების ნაწილია, მაშინ თქვენ ექსტრავერტს გიწოდებენ.
არსებობს კიდევ ერთი ტიპის ადამიანი. თუ თქვენ გიყვართ განმარტოება, ადამიანებისგან შორს ყოფნა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, ფიქრი და მუსიკის მოსმენა ესეიგი მესამე ტიპის ნიშნები გაქვთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: დიდხანს შეგიძლიათ ერთ საქმეზე კონცენტრირება? რთულად ეგუებით ახალ ადამიანებსა და გარემოს? – თუ პასუხი დადებითია, მაშინ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მელანქოლიკური ტიპის ადამიანი ხართ. თქვენ გაძლიერებული ემპათიის უნარი გაქვთ, რაც საყვარელ ადამიანებზე ზრუნვასა და გვერდში დგომაში გამოიხატება, მაგრამ უცხოებთან ურთიერთობა არ მოგწონთ, მალე იღლებით გრძელი დიალოგებისგან და სასწრაფოდ განმარტოება გინდებათ.
მელანქოლიკური ტიპის ძირითადი მახასიათებლები:
- განმარტოების სიყვარული;
- ხანგრძლივად კონცენტრირების უნარი;
- ემპათია;
- მზრუნველობა;
- ახალ გარემოსთან შეუგუებლობა;
მელანქოლიკური ტიპის ადამიანებს ინტროვერტებს უწოდებენ.
ამ თვისებებზე დაკვირვებით შეგიძლიათ ამოიცნოთ საკუთარი ტემპერამენტის ტიპი და ანგარიში გაუწიოთ საკუთარ თავს. თუ თქვენ სხვადასხვა ტიპის ურთიერთობების დაწყებამდე გაითვალისწინებთ ამ ინფორმაციას, დიდი შანსია, რომ თქვენთვის სწორი ადამიანები შეარჩიოთ.