fbpx

„მარტო სახლში“ – თანამედროვე ხელოვნების ბიენალე


გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე ფასური

 

არტისტ მარიამ ნატროშვილსა და თანამედროვე ხელოვნების კურატორს, მაგდა გურულს ონლაინხელოვნების ბიენალეს იდეა რამდენიმე წლის წინ გაუჩნდათ. თუმცა, პანდემიის ეკონომიკურმა, სოციალურმა და პოლიტიკურმა შედეგებმა დაგვტოვა „მარტო სახლში“ – გადარჩენაზე ფიქრსა და ეკრანების ამარა, სწორედ ასეთ შინაარსს  ატარებს კარანტინში განვითარებული, ახალი თბილისის ონლაინხელოვნების ბიენალეც. 

სამნაწილიანი ვირტუალური გამოფენა 15 ივლისიდან საკუთარი სხეულის დაცვისა და გაზიარების, საზოგადოებრივისა და პირადის კონფლიქტში მყოფი ადამიანის უნარებსა და მათი გამოყენების გზებს გამოიკვლევს.

შემოქმედებითი მსჯელობის მეშვეობით ბიენალე ცდილობს დაადგინოს ის „ახალი ნორმა,“ საჭიროებები და მოქმედებები, რომლებიც  ჩვენ გარშემო არსებული ყველა სისტემის ცვალებადობასთან ერთად განვითარდება – მათ შორის კი „თეთრი კუბის“ მსგავსი სახელოვნებო პრაქტიკები.  „როდესაც მიღებული და შეთანხმებული წესები აღარ მუშაობს, ახალი წესრიგის, ახალი რეალობის შესაბამისი ქცევების მოფიქრება და ჩამოყალიბება გვიწევს.“  

ალბათ სწორედ იმის გამო, რომ არსებული სიტუაციის განვითარების ვარიანტები უთვალავია, პროგრამაში მონაწილეთა სია სრულიად განსხვავებული ხედვებისა და გამოხატვის ხერხების, ასაკისა და მიმართულების ხელოვანებისაგან შედგება. კლასიკოსად ქცეულ კარლო კაჭარავას გვერდზე დრამის რეჟისორ დავით ხორბალაძესა და კინორეჟისორ გიორგი მუხაძეს ვიხილავთ; ნიკო ცეცხლაძესა და ოლეგ ტიმჩენკოსთან ერთად კარიერული განვითარების დასაწყისში მყოფი ახალგაზრდა არტისტები – მანანიკო კობახიძე, ანასტასია ახვლედიანი და თინა სირაძე გამოჩნდებიან. ზურა ჯიშკარიანი, რომელიც არტისა და ტექნოლოგიის კვეთას იკვლევს და  მამუკა ჯაფარიძე, რომლის შემოქმედებითი მუშაობა ყოველთვის ბუნებასთან  მაქსიმალურ სიახლოვესა და თითქმის ლუდიტურ ცხოვრების წესთან ასოცირდება. ჩამონათვალი თითქოს მიდგომათა იდეალური ბალანსის კურატორული მცდელობაა, რომელიც ამავდროულად, მაქსიმალურ მრავალფეროვნებას გვპირდება. 

თბილისის ონლაინბიენალე სამი ნაწილისაგან შედგება: სოციალურ ქსელში გამოიფინა სპეციალურად ბიენალესთვის შექმნილი ნამუშევრები, მეორე ნაწილი ვიდეოთამაშში ინტეგრირებული გამოფენაა, მესამე კი უკვე საუბრების სერია – რომელიც ბიენალეს მთავარი თემის გარშემო სხვადასხვა დარგობრივ ჭრილში წარიმართება. პროგრამის ყველა ნაწილს ბიენალეს ვებგვერდზე იხილავთ: tbilisionline.ge

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.