fbpx

მესამე მხარე – ინტერვიუ ინტერიერის დიზაინერ ნუცა მუსერიძესთან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: თამარ ყიფიანი

 

ნუცა მუსერიძე  ინტერიერის დიზაინერია, რომელიც 1998 წელს თბილისში დაიბადა.  სკოლის დასრულების შემდეგ თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში, ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის სკოლაში, VA[A]DS-ში ჩააბარა და დღეს უკვე მეოთხე კურსს ამთავრებს, ამასთანავე მუშაობს სხვადასხვა პროექტზე.

ჩემი და ნუცას ურთიერთობაც VA[A]DS-ში იწყება. ძალიან ბევრი საერთო ინტერესის, შეხედულებისა და ერთნაირი გემოვნების აღმოჩენის შემდეგ მივხვდით, რომ ერთად მუშაობა ძალიან მოგვწონდა. უნივერსიტეტში შესრულებული საერთო პროექტების შემდეგ კი გადავწყვიტეთ, რეალურ პროექტებზე ერთად მუშაობაც გვეცადა. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ორივესთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. 

დღეს მინდა ნუცასთან ერთად მის დამოუკიდებელი და ჯგუფური პროექტების ნაწილზე ვისაუბრო და  მისი შემოქმედება გაგაცნოთ. 

პირველ რიგში, მოყევი VA[A]DS-ში განვლილ ოთხ წელიწადზე. რა გავლენა იქონია ამ სკოლამ შენზე? 

VA[A]DS ჩემი ცხოვრების ყველაზე საინტერესო და საყვარელ ეტაპთან ასოცირდება. VA[A]DS-მა ძალიან შეცვალა ჩემი დამოკიდებულება  საკუთარი თავის და ბევრი საკითხის მიმართ. მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია გამოავლინო საკუთარი თავი, იყო დაკვირვებული სიახლეების აღმოსაჩენად, ასევე აკეთო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს და არასდროს არაფერში შეიზღუდო საკუთარი თავი და შესაძლებლობები. ეს იმ ადამიანების  დამსახურებაა, რომლებიც  მასწავლიდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თითოეული მათგანი აქტიურად მოღვაწეობს დღეს თავის პროფესიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგად იციან რა პრობლემებია აქტუალური სახელოვნებო სფეროში და შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას გიზიარებენ. 

  • ღვინის რესტორანი ნიაღვრის ქუჩაზე – 2019 წ.

მოუყევი მკითხველს VA[A]DS-ის მესამე კურსზე შესრულებულ პროექტზე, რომელიც, სხვათა შორის, ჩემი საყვარელი პროექტია შენი ნამუშევრებიდან. ამ დროს ჩვენი დავალება ქართული ღვინის რესტორნის დიზაინის გაკეთება იყო. შენ ძალიან სწორად დაიწყე მასზე მუშაობა, შეისწავლე ქართულ ბაზარზე არსებული ღვინის ბარები, შემდეგ კი ეს ყველაფერი გაათანამედროვე, მაგრამ არ დაგიკარგავს ის დეტალები, რომელიც ქართულ ღვინოს და მის ისტორიას აქვს. გვესაუბრე პროექტის კონცეფციასა და ვიზუალურ გადაწყვეტაზე.

ეს ის პროექტია, რომლის მუშაობის პროცესში ყველაზე დიდი სიამოვნება მივიღე. როგორც შენ აღნიშნე, მუშაობა ბაზარზე არსებული მსგავსი დაწესებულებების შესწავლით დავიწყე და როგორც აღმოჩნდა, მათი ინტერიერები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, რაც შეიძლება მოსაბეზრებელი გახდეს თუნდაც ადგილობრივი მომხმარებლებისთვის. ამიტომაც მიზნად დავისახე შემექმნა ინტერიერი, რომელიც არ დაკარგავდა ქართულ სულს, თუმცა იქ მოხვედრა საინტერესო იქნებოდა  როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრებისთვისაც. 

ამისათვის გამოვიყენე ის დეტალები და მასალები, რომლებსაც ხშირად ვხვდებით ქართულ არქიტექტურასა თუ ინტერიერებში. ამ თემაზე მუშაობა ჩემთვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა და მოცემული დრო იმდენად არასაკმარისი მის საფუძვლიანად შესასწავლად, რომ გადავწყვიტე გამეგრძელებინა ამ თემაზე მუშაობა და სწორედ ეს გახდა ჩემი სადიპლომო თემის ინსპირაცია, რაზეც ახლა ვმუშაობ. 

  • ღვინის რესტორანი ნიაღვრის ქუჩაზე – 2019 წ

მე და შენ მეორე კურსზე დავიწყეთ ინტერიერის დიზაინის შეკვეთების აღება. როგორ ფიქრობ, რამდენად შესაბამისი დრო ავარჩიეთ პრაქტიკული   საქმიანობისთვის?  ამან რა გავლენა იქონია შენზე?

ვფიქრობ, სტუდენტობისას აუცილებელია პრაქტიკული ცოდნის მიღება, რადგან უნივერსიტეტის თეორიული განათლების გამყარებაში გეხმარება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გამოცდილი დიზაინერის სამუშაო პროცესში ერთვები და შენი თვალით ხედავ, რა ეტაპებს გადის ნამუშევარი დასრულებულ ვიზუალამდე. მე ამის შესაძლებლობა კომპანია DoDo Designs-ში მომეცა.

ასევე დასაფასებელია იმ ადამიანების დამოკიდებულება,    რომლებიც  მეორეკურსელ სტუდენტებს გვენდვნენ და ჩვენში კრეატიულობა ან განსხვავებული ხედვა დაინახეს. თუმცა საკმაოდ რთული აღმოჩნდა მეორე კურსის საგნების და პროექტების ერთმანეთთან შეთავსება. ალბათ ახლა რომ იგივე ეტაპზე ვიყო, ცოტა მოგვიანებით დავიწყებდი მუშაობას, რათა უნივერსიტეტისთვის მეტი დრო დამეთმო. 

ჩვენს ერთად გაკეთებულ პირველ რეალურ პროექტს შევეხები, რა სირთულეები დაინახე მუშაობისას და როგორ გგონია, ყველაზე დიდი გამოცდილება რა მხრივ მიიღე?

ამ პროექტზე მუშაობა ორი წლის წინ დავიწყეთ, მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი დამკვეთთან ყველა შეხვედრისას, რამე არ გამოგვრჩენოდა ან არასწორად  გაგვეკეთებინა. ყველაფრის გადამოწმება რამდენჯერმე გვიწევდა, რომ ჩვენს თავში და ნამუშევარში დარწმუნებულები ვყოფილიყავით, მაშინ როდესაც ჩვენს გამოუცდელობას ემატებოდა ხელოსნებისგან არასერიოზული დამოკიდებულება ასაკის გამო. დღეს იგივე პროცესები ბევრად სწრაფად წარიმართება ხოლმე, რადგან მეტად გამოცდილები ვართ და ასე თუ ისე შევისწავლეთ საქართველოში არსებული ბაზარი. 

 

უნივერსიტეტის მეოთხე კურსზე ჩვენი ლექტორის, იაკოპო სალერის დავალება იყო VA[A]DS-ის ინტერიერის განახლება. ამ პროექტზე მე, შენ და ქეთი დვალმა ერთად ვიმუშავეთ. მინდა მკითხველს  მოუყვე მასზე, რა იყო ყველაზე რთული მუშაობის პროცესში? 

ყველაზე რთული ამ პროექტში შენობის მასშტაბურობა იყო, არცერთს არ გვქონდა აქამდე ამხელა სივრცესთან მუშაობის გამოცდილება. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ შენობის ინტერიერი  VA[A]DS-ის სტუდენტებისთვის იდეალური გარემო ყოფილიყო სამუშაოდ. ვეცადეთ, რომ სკოლის ინტერიერი შთაგონების წყაროც კი გამხდარიყო  სტუდენტებისთვის და ასევე მოგვეგვარებინა ყველა ის პრობლემა, რასაც ჩვენ თვითონვე არაერთხელ გადავყრივართ სახელოსნოებში მუშაობისას. 

  • თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსი, VA[A]DS-ის სკოლის რენოვაცია – 2019 წ.

VA[A]DS-ის ფართობის სიდიდის მიუხედავად, გვინდოდა შეკრული დიზაინი შეგვექმნა, რაც ფერების, ფორმების და სხვადასხვა დეტალების თამაშით მოვახერხეთ. თვითონ შენობის არქიტექტურა ძალიან საინტერესოა, როგორც ლადო-ალექსი მესხიშვილის  შემოქმედების  სხვა ნიმუშები, ხოლო იმისთვის, რომ ინტერიერის გათანამედროვებით კავშირი არ დაგვეკარგა არსებულთან, შენობის არქიტექტურის ინსპირაციით შევქმენით დეტალები, რომლებიც ინტერიერის ნაწილად ვაქციეთ. 

  • თავისუფალი უნივერსიტეტის კამპუსი, VA[A]DS-ის სკოლის რენოვაცია – 2019 წ.

VA[A]DS-ში სწავლისას შექმნილ პროექტებზე არ გვქონია ფინანსური შეზღუდვა. ვგულისხმობ, რომ შეგვეძლო ჩვენს დიზაინ-პროექტში ჩაგვესვა ნებისმიერი ღირებულების მასალა თუ ავეჯი. როდესაც რეალურ პროექტებზე დავიწყეთ მუშაობა, კიდევ უფრო კარგად მივხვდით, თუ რამდენ შეზღუდვას უწესებს დამკვეთი ინტერიერის დიზაინერს. შენთვის რომელი უფრო საინტერესოა, შეზღუდულ თუ თავისუფალ პირობებში მუშაობა?

ჩემთვის ორივენაირად მუშაობა ერთნაირად საინტერესოა. VA[A]DS-ის პროექტების დახმარებით წარმოსახვის უნარი უკეთ ვითარდება, რაც სხვა დიზაინერების შემოქმედების უკეთ შესწავლაში დამეხმარა, თუმცა ნებისმიერ პროექტზე მუშაობისას არის მომენტი, როდესაც სასურველი დიზაინის ავეჯს ვერ პოულობ და თავად ქმნი პროდუქტს. ინტერიერის და პროდუქტის დიზაინი  ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული მიმართულებებია, ამიტომაც ძალიან მინდა უკეთესად შევისწავლო პროდუქტის დიზაინი და დიზაინის ამ ნაწილში უფრო აქტიურად ვცადო მუშაობა. ვფიქრობ, განვითარებაში ძალიან დამეხმარება ჩემი დღევანდელი სამუშაო ადგილი, კომპანია Design Bureau, სადაც მრავალფეროვან პროექტებში ვარ ჩართული. 

რაც შეეხება დამკვეთის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს, ეს ყოველთვის საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის, შევქმნა ისეთი დიზაინი, რომელიც დააკმაყოფილებს დამკვეთის სურვილებს და ჩემს გემოვნებას. 

 

ეს ინტერიერის დიზაინი შენი  პირველი დამოუკიდებელი და რეალიზებული პროექტია. ვფიქრობ, სტილისტურად განსხვავებულია შენი სხვა პროექტებისგან. გვიამბე, რამდენად გაითვალისწინე დამკვეთის ყველა მოთხოვნა და როგორ მოარგე ის შენს გემოვნებას?                                             

ჩემთვის საინტერესო და განსხვავებული იყო ამ პროექტზე მუშაობა. ბინის ინტერიერი სინთეზია კლასიკური და თანამედროვე სტილის, ეს გადაწყვეტა ბინის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე მოხდა. 

 

  • საცხოვრებელი ბინის ინტერიერი ტ. შევჩენკოს ქუჩაზე – 2019 წ.    

ინტერიერში გამოვიყენე „იოლკას“ სტილის იატაკი, კედლის ჩარჩოები, მარმარილოს ტექსტურა და ჭილოფი, ეს დეტალები ხშირად გვხვდება კლასიკური სტილის ინტერიერში. ამას დაემატა მეტალის და შუშის კარი, თაბაშირის ტექსტურა და თანამედროვე სტილის ავეჯი. ეს ყველაფერი ერთად თითქოს არ ერწყმის ერთმანეთს, თუმცა ყველაფერი კარგად ჩაჯდა ერთად.

 

  • საცხოვრებელი ბინის ინტერიერი ტ. შევჩენკოს ქუჩაზე – 2019 წ. 

 

როგორც შენ აღნიშნე, ინტერიერის დიზაინის პროექტი ბევრ სხვადასხვა პროცესს მოითხოვს. რა პროცესებს გადიხარ და რომელია შენთვის ყველაზე სასიამოვნო?

ნებისმიერ პროექტზე მუშაობას ფიქრით და ინფორმაციის ძიებით ვიწყებ, რაც მეხმარება სწორი მიმართულება ავირჩიო მომავალში სამუშაოდ, ამის შემდეგ კრეატიული ნაწილი მოდის, როდესაც იქმნება ინტერიერი ან პროდუქტი, რაც თავის მხრივ სხვადასხვა პროცესებს მოიცავს, ამის შემდეგ კი ჩემი საყვარელი ნაწილის დროც დგება, როდესაც ჩემ მიერ მოფიქრებული პროექტი რეალობად იქცევა. ამ დროს მიწევს ბევრ სხვადასხვა ადამიანთან კომუნიკაცია, რათა მათი დახმარებით ჩემი ესკიზები და ნახაზები რეალობად იქცეს. მიუხედავად იმისა, რომ მოფიქრებისას ხშირად მიწევს ცვლილებების შეტანა  ჩემი თუ დამკვეთის სურვილით, შექმნის პროცესში შეიძლება კვლავ შეიცვალოს რაღაც დეტალები, რათა ჩემთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი მივიღო. 

 

ინტერიერის დიზაინის კეთებისას რას აქცევ ყველაზე დიდ ყურადღებას, ფუნქციას თუ ესთეტიკას?

ეს ორი კომპონენტი ერთ-ერთი უმთავრესია ინტერიერის და პროდუქტის დიზაინის შექმნისას, აქედან გამომდინარე ყოველთვის ვცდილობ ისეთი ნამუშევარი შევქმნა, სადაც მათ დაბალანსებას შევძლებ, თუმცა ასევე გააჩნია სივრცეს და დამკვეთის მოთხოვნებს. 

  • სახელოსნო – 2018 წელი

მინდა VA[A]DS-ის ხატვის სტუდიაში შექმნილ შენს საყვარელ ნამუშევარზე ისაუბრო. რა იყო შთაგონების წყარო და როგორი იყო მუშაობის პროცესი? 

სახელოსნოში შექმნილი ჩემი საყვარელი ნამუშევარი არის „მესამე მხარე“. საყვარელი ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე დიდი დრო დავხარჯე მის კეთებაში. ნამუშევრის იდეა ჩანახატების კეთების დროს გამიჩნდა. ფანჯარა არის ის ობიექტი, რომელიც აკავშირებს ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ მხარეს, ინტერიერს და ექსტერიერს. ხოლო მინიმალისტური ფორმებითა და ერთგვაროვანი ფერებით ობიექტის  წინა ფლანგზე წამოწევა ვცადე. ჩემი ამოცანა იყო ასევე ნამუშევრის იდეალურად შესრულება ხელით, რათა ნაწილობრივ დაპრინტულის ვიზუალი მიეღო. 

  • „მესამე მხარე“ – ზეთის საღებავი ხეზე. სერია: 7 ნამუშევარი, თითოეული 100სმX69სმ. 2016 წ.

თამაში გათამაშებულა, სათამაშეში ჩათამაშებულა – ამ გამოფენაზე შენ ძალიან საინტერესო ინტერაქტიული ნამუშევრით –  One More Side  წარდექი დამთვალიერებლის წინაშე. როგორ დააკავშირე შენი არჩეული თამაში და არქიტექტორი რიკარდო ბოფილი ერთმანეთთან? მახსოვს, რამდენ სირთულეს გადაეყარე ნამუშევრის ინსტალაციისას. მოგვიყევი ამ ნამუშევრის კონცეფციასა და სირთულეებზე. 

ლექტორის დავალების ახსნისთანავე ვიცოდი, რომელი თამაშის მიხედვით უნდა შემექმნა ჩემი სათამაშო სივრცე, რადგან Monument Valley-ში, რომელიც ჩემი საყვარელი სატელეფონო თამაშია, ყველაზე მეტად ვიზუალები მომწონს. ეს თამაში ერთგვარი ფაზლია, რომლის აწყობა მოთამაშეს ოპტიკური ილუზიისა და გარემოს მანიპულირების საშუალებით უწევს. თამაშის შექმნის ისტორია რომ შევისწავლე, აღმოჩნდა, რომ მიზანი  ისეთი თამაშის შექმნა იყო, სადაც არქიტექტურა იქნებოდა მთავარ როლში და არა მხოლოდ ვიზუალურ დატვირთვას შეიძენდა. ინფორმაციის მოპოვების და პირველი ჩანახატების დათვალიერებისას გამახსენდა რიკარდო ბოფილის და ჩრდილოეთ აფრიკის არქიტექტურა. 

საბოლოოდ, გადავწყვიტე შემექმნა სივრცე, სადაც  გამოფენის დამთვალიერებელი ჩემეულ ვერსიას ერთ სივრცეში სამივეს გაერთიანებით დაინახავდა. გამოფენის გაკეთებისას გადავწყვიტეთ, რომ 360-გრადუსიანი განახლების  და VR სათვალის საშუალებით ენახა გამოფენაზე მოსულ ხალხს ჩვენი ნამუშევრები. 

ჩემი საგამოფენო ინსტალაცია, რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა: დამთვალიერებელი ყურსასმენებით, რომელშიც ჩემ მიერ შექმნილი sound იყო ჩართული, შედიოდა ხისგან აწყობილ ოთახში, სადაც იატაკზე დანათებული პროექციის საშუალებით ჩნდებოდა ილუზია, რომ წყალზე იდექი. ამის შემდეგ იკეთებდა VR სათვალეს, რითაც  შეეძლოთ სათამაშო სივრცის დათვალიერება. 

 

 

  • გამოფენა „თამაში გათამაშებულა, სათამაშეში ჩათამაშებულა“ ნამუშევარ One More Side-ის ინსტალაცია – 2019 წ.

დაბოლოს, შენი აზრით, აქვს თუ არა შენს პროექტებს რაიმე გამაერთიანებელი ხაზი? მიჰყვები  რაიმე ერთ სტილს თუ სულ ახლის ძიებაში ხარ? 

ვთვლი, რომ იმხელა გამოცდილება არ მაქვს ჯერჯერობით, რომ მხოლოდ ერთ სტილს მივყვე, განვითარებისა და საკუთარი თავის ძიების პროცესი ზუსტად მრავალფეროვნებას და ექსპერიმენტებს მოიცავს, თუმცა ნაწილობრივ ვცდილობ ხოლმე არ დავკარგო ჩემს ნამუშევრებში ინდივიდუალიზმი, რასაც გარკვეული ფიგურების, ფერის თუ მასალის საშუალებით ვახერხებ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.