მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი – მარტივად
შენ და შენმა მეგობრებმა ერთი წელია, რაც ბიზნესი წამოიწყეთ, რომელსაც ეფექტური მენეჯმენტითა და ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული მიდგომებით მართავთ. სწორად ამიტომ, თქვენი ბიზნესი მუდმივ ზრდას განიცდის. ყველა თანხმდებით, რომ მუდმივი გაფართოებისა და ბაზარზე პოპულარობის მოპოვების მიუხედავად, მასშტაბური გაფართოება ჯერ ადრეა. არც დასაქმებულების რაოდენობის გაზრდა გაქვთ უახლოესი პერიოდის გეგმაში და კომპანიის შესაძლებლობებიც მაქსიმალურად აკმაყოფილებს მომხმარებლების მოთხოვნებს. ბოლოს და ბოლოს, კომპანიის გახსნიდადნ პირველ წელიწადს 5 მილიონ ლარიანი წლიური ბრუნვა გქონდათ და დასაქმებულთა რაოდენობა 30-მდე ავიდა. უდაოდ შესანიშნავი შედეგია, მაგრამ წარმატებით რამდენადაც არ უნდა ამაყობდეთ, თქვენს კომპანიას მაინც მცირე საწარმოს სტატუსი აქვს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიის მიხედვით, საწარმო, რომელსაც წლიური ბრუნვა 12 მილიონ ლარამდე აქვს და მის დასაქმებულთა რაოდენობა 49-ს არ აღემატება, მცირე ბიზნესის კლასიფიკაციაში შედის. 2017-2018 წლებში საწარმოთა ზომის დადგენის მეთოდოლოგია შეიცვალა, რის გამოც, 2017 წელს საქართველოში მოქმედ საწარმოთა 98% მცირე ბიზნესის რიგებში აღმოჩნდა. რაოდენობის მიხედვით რომ გადავიანგარიშოთ, 160 ათასი მოქმედი საწარმოდან, 150 ათასი მცირე ბიზნესის სტატუსის მატარებელია.
შენი და შენი მეგობრების კომპანია რომ 2017-2018 წლებში გახსნილიყო, სწორედ ამ უმრავლესობის რიგებში მოხვდებოდა. მცირე ბიზნესის წილი მთლიან ეკონომიკურ ბრუნვაშიც არანაკლებ მასშტაბურია – წლიური ბრუნვა 108,5076.5 მილიონ ლარს შეადგენდა, მასში მცირე ბიზნესის წილი კი 30%-მდე იყო. შრომით ურთიერთობებში მცირე ბიზნესის წილი ყველაზე მნიშვნელოვანია. კერძო სექტორის ამ თითქოსდა მცირე ნაწილში დასაქმებულთა 40% შრომობს და მთლიანად კერძო სექტორში გამომუშავებული ანაზღაურების 35%-ს იღებს. საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვებია და ცოტა გასაკვირიც, რომ მცირე ბიზნესს ეკონომიკაზე ამდენად დიდი გავლენა ჰქონია. თუმცა, როდესაც საწარმოებსს მცირეს, საშუალოსა თუ მსხვილის სტატუსი ენიჭებათ, მიმდინარე მეთოდოლოგიით მხოლოდ კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობასა და კომპანიის წლიურ ბრუნვას ითვალისწინებენ.
წარმატებით კმაყოფილების მიუხედავად, შენ და შენი მეგობრები მას არ დასჯერდით და რამდენიმე წლიანი ზრდისა და გაფართოების შედეგად, თქვენმა კომპანიამ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი აითვისა, ყველა ქალაქსა თუ რაიონში თქვენი პროდუქცია იყიდება და ფაქტობრივად, თქვენი კომპანიის საქმიანობის სექტორში ერთ-ერთი ლიდერი ბიზნესი ხართ. დასაქმებულების რაოდენობა ხომ 200 თანამშრომლამდე გაზარდეთ და თან არც წლიური ბრუნვა დაგვიწყებიათ, ლამისაა 60 მილიონ ლარამდე ახვიდეთ. რა გენაღვლებათ, უკვე მცირე ბიზნესი აღარ გეწოდებათ და საშუალო ბიზნესის სტატუსამდე „დაწინაურდით“.
თქვენი საამაყო სამეგობროს კომპანია საქართველოში აქტიურ საწარმოთა იმ დაახლოებით 1%-ში მოხვდებოდა, რომელსაც საშუალო ზომის ბიზნესი ეწოდება. თქვენი კომპანიის ზომის მსგავსი ბიზნესების, ანუ საშუალო ზომის საწარმოთა, ჯამური ბრუნვა კერძო სექტორის მთელი ეკონომიკური ბრუნვის 20%-მდე იქნება. თქვენ იმ 1600 საწარმოს შორის იქნებით, რომელშიც კერძო სექტორში დასაქმებულთა დაახლოებით 23% პროცენტია წარმოდგენილი, რაც დაახლოებით ნახევარი მილიონი დასაქმებული ადამიანია. მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების მიერ ჯამურად გაცემული შრომის ანაზღაურების ხარჯებიდან საშუალო ბიზნესი დაახლოებით 27%-ს ანუ 2,7 მილიარდ ლარს გასცემს.[1] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიის მიხედვით, საშუალო ზომის ბიზნესის კლასიფიკაციაში ის საწარმოები ხვდებიან, რომელთა წლიური ბრუნვა 60 მილიონ ლარამდეა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 50-250 თანამშრომლის ფარგლებში. ასე რომ, ამ ეტაპზე ნამდვილად გეკუთვნით გეწოდოთ საშუალო საწარმო, თუმცა…
საშუალო ზომის საწარმოს სტატუსმა არ დაგაკმაყოფილათ და ისეთი მასშტაბებისკენ მიიწევთ, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო მსხვილი ზომის ბიზნესად აკლასიფიცირებს. შეიძლება თქვენი პროდუქციის ექსპორტზე გატანაც დაიწყეთ, თუმცა, ეს აუცილებელი მოთხოვნა არაა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მეთოდოლოგიით მთავარი კრიტერიუმება კომპანიაში 250-ზე მეტი დასაქმებულისა და წლიურად 60 მილიონ ლარზე მეტი ბრუნვის დაფიქსირება, თუნდაც მხოლოდ შიდა ბაზარზე მუშაობდეს ეს კომპანია. მსხვილი ზომის ბიზნესის სტატუსი მეწარმეობის ის დონეა, რომელსაც საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში, მიუხედავად ამ სტატუსის მქონე საწარმოთა რაოდენობის სიმცირისა. სახელდობრ, ყველა კერძო საწარმოთა ჯამური წლიური ბრუნვის 50%-ზე მეტი სწორედ მსხვილი ზომის საწარმოებზე მოდის. რა გასაკვირია, ასეთი ბრუნვის მქონე მსხვილი ბიზნესების მიერ გაცემული ანაზღაურება, რომ 38%-ს შეადგენს იმ ჯამური რაოდენობისა, რასაც მცირე, საშუალო და მსხვილი კერძო კომპანიები გასცემენ. პროცენტული გამოხატულებით, დაახლოებით 38% არის ასევე მსხვილ საწარმოებში დასაქმებულთა წილი.
მცირე, ისევე როგორც საშუალო და მსხვილი ზომის ბიზნესი რომ საკმაოდ დიდ როლს თამაშობს საქართველოს ეკონომიკაში, ამას ზემოთმოყვანილი რიცხვებიც ადასტურებს. თუმცა, მცირე ბიზნესი ანუ მცირე ზომის მეწარმეობა რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ამას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით(DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებებიც მოწმობს. აღნიშნული ვალდებულებები ითვალისწინებს მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას, როგორც ფინანსებზე წვდომის, ასევე კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და საექსპორტო პოტენციალის განვითარების მიმართულებით. მცირე ბიზნესის ხელშეწყობა გამოიხატება 2018 წლიდან ამოქმედებული ახალი საგადასახადო რეჟიმით, რომელიც მცირე ზომის საწარმოებს გადასახადების განაკვეთებს უმცირებს, რათა მათ შეძლონ ფინანსების მოგროვება, წარმოების გაზრდა და შენი სამეგობროს ბიზნესის მსგავსად, მცირე საწარმოდან მსხვილი საწარმოს სტატუსამდე ეტაპობრივად გაძლიერება. ამავდროულად, როგორც ნახეთ, მცირე საწარმოების რაოდენობრივი წილი ძალიან დიდია საწარმოთა რაოდენობაში, თუმცა, მათ მიერ დასაქმებულთა და მათთვის ანაზღაურებათა გაცემის ფულადი რაოდენობა მთლიან კერძო სექტორში დაახლოებით მესამედის ტოლია. ეს მონაცემები მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მცირე საწარმოთა რაოდენობა საკმაოდ დიდია, ხოლო ეკონომიკაზე თითოეულის გავლენა – საკმაოდ მცირე.
რატომ არის ეს ცუდი? წარმოიდგინე, მსხვილი ბიზნესიდან, რომელსაც საკმაოდ დიდი როლი აქვს, ვერ შეძლო ბაზარზე ეფექტურად მუშაობის გაგრძელება და (აქ ხეზე სამჯერ დააკაკუნე) გაკოტრდა. ერთი მსხვილი ზომის კომპანიის გავლენა იმდენად დიდია, რომ თავისუფალი ბაზრიდან მისი გამოთიშვით, სხვა მსხვილი საწარმოები სხვაგვარად აგრძელებენ მუშაობას. თანაც, როდესაც მცირე ზომის კომპანიები იზრდებიან, ისინი, როგორც შენი და შენი მეგობრების მიერ დაწყებული ბიზნესი, ნელ-ნელა ძლიერდებიან. ამ შემხთვევაში გაკოტრების შანსი უფრო ნაკლებია და, რაც მთავარია, იზრდება შესაძლებლობა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია თუ სერვისი ექსპორტზე გავიდეს. იმას თუ რატომ არის ექსპორტი მნიშვნელოვანი, ცალკე ახსნა სჭირდება. ამჯერად სიტყვაზე გვენდე.
მოკლედ, თუ მართლა გადაწყვიტე ბიზნესის დაწყება, იცოდე ბიზნესის ზომის მიხედვით რომელ კლასიფიკაციაში მოხვდები. ეს ცოდნა ნამდვილად დაგეხმარება ეტაპობრივ განვითარებაში და მოგცემს საშუალებას, ისარგებლო ყველა იმ შეღავათით, რომელიც გეკუთვნის.