fbpx

“ფრაგმენტები მშვიდი ცხოვრებიდან” – ქარვასლაში კოტე სულაბერიძის გამოფენა გაიხსნა


გააზიარე სტატია

ავტორი: თეონა ჯაფარიძე
ფოტო: ზ. ბარნოვი


 

თბილისის ისტორიის მუზეუმმა პროექტის –  „თანამედროვე ხელოვნების გალერეის“ ფარგლებში კორონას შემდგომი  სეზონი კოტე სულაბერიძის  სოლო გამოფენით – „მშვიდი ცხოვრებით“ გახსნა.

კონცეპტუალისტმა ფერმწერმა არცთუ ისე შორეული წარსულის, კორონამდელი   „მშვიდი ცხოვრების“ რუტინული ნიუანსების რეპრეზენტაციით ჩვეულებრივი ყოველდღიურობა შეგრძნებების დონეზე არაჩვეულებრივ ფრაგმენტებად აქცია.

ფერწერულ ტილოებზე გამოსახული სკრუპულოზურად შესრულებული ყოველდღიური და თითქოს ბანალური ნივთების ფონზე ასეთივე ბანალური  ტექსტუალური დიალოგები იქცევს  ყურადღებას:

“…იცი, საბჭოთა დროს ზეთის ფერებს არ მყიდდნენ, მხატვართა კავშირის წევრი არ ხარო. არადა ზეთის სუნი ისე მიყვარდა, ვგიჟდებოდი..,“

„გახსოვს, პრეზერვატივები ბათუმში წონით რომ შევიძინეთ?..“

ეს მხატვართა წყვილის (ნინო ჭილაშვილი / კოტე სულაბერიძე) დიალოგების ფრაგმენტებია „მშვიდი ცხოვრებიდან“ – მათივე სახელოსნოში მუშაობის დროინდელი… 

„თითქოს კომიქსების ტიტრებია“, – მიხსნის კოტე. 

 

მე კიდევ, ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სხვა არტისტი, ამ ტექსტებს აუდიოვერსიით ჩაანაცვლებდა აუდიტორიაზე ეფექტის მოსახდენად, მაგრამ კოტე სულაბერიძე, როგორც ჭეშმარიტი ფერმწერი, ვერბალურ ნიუანსებსაც კი ვიზუალურ დატვირთვას აძლევს. ტექსტი და გამოსახულება ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის, და სწორედ ეს თემატური აცდენილობა იწვევს ჯადოსნურ განცდას, რომ ნამუშევრებს ვათვალიერებთ და პარალელურად მათი დიალოგები ყურში ჩაგვესმის.

უფრო მეტიც – მხატვარს იმდენად სურს  დამთვალიერებელი ფერწერის ანატომიაში  ჩაახედოს, რომ გამოფენაზე ფერწერულ ნამუშევრებთან ერთად მათზე გამოსახული ნივთების რეალური ვერსიებიცაა გამოფენილი, როგორც ობიექტები. მაგალითად, რკინის კოლოფში ჩაყრილი შოკოლადი, ლოკოკინას რეალური ნიჟარა თუ ყვითელ ფონზე ეს თეთრი, უკვე გამოყენებული დრაპირება, რომელიც ასეთი აქტუალური ტექსტით იქცევს ჩვენს ყურადღებას: 

„იცოდი? თურმე საქართველო რო გააუთოო, რუსეთზე დიდი ყოფილა…“

ექსპოზიცია ორი ნამუშევრით იკვრება, რომლებიც მხატვარმა ეპიგრაფად დაურთო გამოფენას  – ესაა მრავალი წლის წინ  მამის მიერ გუაშით შესრულებული და თავად მხატვრის მიერ 13 წლის ასაკში ზეთში შესრულებული ნატურმორტები.

„ვფიქრობ, რომ მთლიანად ეს გამოფენა რეპლიკაა ნატურმორტზე, როგორც ჟანრზე“, – მიხსნის კოტე და მე-2 დარბაზისკენ მიმიძღვება, სადაც ინსტალაციებია წარმოდგენილი. 

ცენტრალური ნამუშევარი 2004 წელს შესრულებული ინსტალაციაა, რომელსაც „სტუმარი და მასპინძელი“ ჰქვია. ეს მასშტაბური ქართული სუფრაა, ზემოდან გრაფიკულად გამოსახული პირობითი პურ-მარილით, რომლის იდენტიფიცირებას  მენიუზე გამოსახული ფერებით ახდენ და ეს პროცესი ინტერაქტიულ თამაშში გითრევს. დარბაზში წარმოდგენილი დანარჩენი სუფრები შედარებით მცირე ზომისაა: 

„ეს შეყვარებულების მაგიდაა, ეს ჩაის, ეს კიდევ ველასკესის საუზმის რიმეიქია და ფაქტობრივად, მართლაც რეპლიკაა ნატურმორტზე. გამოფენის შემდეგ ამ პატარა სუფრებს უკვე ფუნქციური, დეკორატიული დატვირთვა ექნება“,  – ამბობს მხატვარი.

 

თავდაპირველად გამოფენა საერთაშორისო პროექტად იყო ჩაფიქრებული, რომელშიც გერმანელ ხელოვანს – კაროლინა ბაიერსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა პანდემიის გლობალური საფრთხის გამო მისი საქართველოში ჩამოსვლა ვერ მოხერხდა.

გამოფენა 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.