რა დაგიჯდებათ აჭარაში დასვენება: ბათუმი, ციხისძირი, ბეშუმი
საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე აჭარა ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მდებარეობს. მისი ბუნება ძალიან მრავალფეროვანია – ეს ის ადგილია, სადაც ნებისმიერი დამსვენებელი ისიამოვნებს – თუ ზღვა, მზე და გართობა გიყვართ, მაშინ ბათუმსა და ციხისძირს უნდა ესტუმროთ, ხოლო თუ მთა, ბუნება და სიმშვიდე მოგწონთ, მაშინ ბეშუმის კურორტს გირჩევთ. აჭარაში სეზონი ოფიციალურად გახსნილია, სწორედ ამიტომ AT.ge წარმოგიდგენთ გზამკვლევს, რომელიც არდადეგების დაგეგმვაში აუცილებლად დაგეხმარებათ – რა დაგიჯდებათ აჭარაში დასვენება?
ბათუმი
ზოგადი ინფორმაცია
ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი ბათუმი არა მარტო მზიანი სანაპიროთი და ბულვარით, არამედ უძველესი ისტორიითაც გამოირჩევა. თუ ამ ქალაქს ესტუმრებით, გირჩევთ, რომ მისი დათვალიერება ძველი ბათუმის ქუჩებში გასეირნებით დაიწყოთ. თუ ზღვის პროედუქტები გიყვართ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ ბათუმის თევზის ბაზრობა – აქ სხვადასხვა სახეობის თევზეულს შეხვდებით, რომლებსაც ადგილზე გაგისუფთავებენ და ფასებიც საკმაოდ მისაღებია. თუ კულინარიული ნიჭით არ გამოირჩევით, მაშინ ახლომდებარე რესტორნებს ეწვიეთ.
წყარო: sodi.ge
საცხოვრებელი
ზაფხულში ბათუმში დასვენებაზე მოთხოვნა იზრდება, ეს კი ფასების ზრდასაც იწვევს. ბინების ფასები ცვლადია და სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის დამსვენებელთა რაოდენობაზე, დროის პერიოდზე, საცხოვრებელ პირობებზე და ა.შ. როგორც სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე მოვიძიეთ, ერთი დღით ბინის ქირაობა მინიმუმ 50 ლარი დაგიჯდებათ, საშუალოდ კი 100-200 ლარი. აქ შეხვდებით დიდი სასტუმროების ბრენდებსაც (შერატონი, რედისონი და სხვ.), სადაც სტანდარტული ორადგილიანი ნომრის ღირებულება 1 ღამით 250-500 ლარის ფარგლებში მერყეობს. ფასი მოიცავს დღგ-ს და საუზმეს ორ ადამიანზე.
აუცილებლად სანახავია ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 9 კილომეტრში მდებარეობს – აქ მსოფლიოს სუბტროპიკულ ფლორასა და ეგზოტიკური მცენარეების მრავალფეროვნებას აღმოაჩენთ.
სამუშაო საათები: ორშაბათი-კვირა / 09:00-20:00
ფასები: საქართველოს მოქალაქეებისთვის 8 ლარი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 15 ლარი, 10 წლამდე ბავშვებისთვის უფასო, სკოლის მოსწავლეებისთვის 1 ლარი, ხოლო სტუდენტებისთვის 2 ლარი.
შიდა სამარშრუტო ტაქსები: N31, N40, მგზავრობის ღირებულება: 50 თეთრი.
წყარო: Pinterest.com
ტრანსპორტირება (თბილისი-ბათუმი)
მატარებელი:. ზრდასრული ადამიანი 24 ლარი, სტუდენტებისთვისა და 10 წლამდე ბავშვებისთვის 50%იანი ფასდაკლება. მგზავრობის ხანგრძლივობა: 5 საათი
სამარშრუტო ტაქსი: ფასები: 25-30 ლარი. მგზავრობის ხანგრძლივობა: 4-5 საათი
ბეშუმი
ზოგადი ინფორმაცია
თუ ზღვა მოგბეზრდათ და მთა მოგენატრათ, მაშინ ბეშუმს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. კურორტი ზღვის დონიდან 1850-1900 მეტრზე მდებარეობს და ზაფხულში ზომიერად გრილი ჰავით გამოირჩევა (აგვისტოში საშუალო ტემპერატურა 17,0 °C). მდიდარია წიწვოვანი ხეებით და აქ ძირითადად პატარა კოტეჯებსა და ქოხებს შეხვდებით. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სასუნთქი ორგანოების პრობლემები აწუხებს.
წყარო: Georgian Travel Guide
ტრანსპორტირება
თბილისიდან პირდაპირ ბეშუმში სამარშრუტო ტაქსები არ დადიან, მაგრამ შეგიძლიათ ან პირადი მანქანით წახვიდეთ, ან კერძო ტაქსი დაიქირავოთ. ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობა 4-5 საათია. ბათუმიდან ბეშუმში წასვლას თუ დაგეგმავთ, გაითვალისწინეთ, რომ ტრანსპორტი ავტოსადგურიდან დილის 8 საათიდან ღამის 10 საათამდე დადის, მგზავრობის ღირებულება კი 12-13 ლარია.
საცხოვრებელი
მოსახლეობა კოტეჯებს დღიურად აქირავებს და ფასები 50 ლარიდან იწყება. გაითვალისწინეთ, რომ ზოგ შემთხვევაში უზრუნველყოფილი არ არის საცხოვრებელი პირობები (ცხელი წყალი, გაზი და ა.შ.). თუ მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გსურთ წასვლა, მაშინ ბეშუმის ტყეში არსებულ კოტეჯს გირჩევთ, რომელიც 8-9 ადამიანზეა გათვლილი: 4 საძინებელი ოთახით, სამზარეულოთი და ცხელი წყლით. ერთი ღამით ქირაობის ღირებულება 140 ლარია.
წყარო: კოტეჯის ფეისბუქის გვერდი “ქოხი ბეშუმის ტყეში”
ციხისძირი
ზოგადი ინფორმაცია
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ზღვაც და მთაც თანაბრად გიყვართ, უნიკალურ სოფელს – ციხისძირს უნდა ესტუმროთ. ის ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ზღვის დონიდან 60-90 მეტრზე მდებარეობს. მისი მთავარი ღირშესანიშნაობა პეტრას ციხეა, რომელიც არა მარტო ქართველებს, არამედ უცხოელ ტურისტებსაც ძალიან იზიდავს.
წყარო: Georgian Travel Guide
ტრანსპორტირება
როგორც ჩვენთვის ცნობილია, თბილისიდან პირდაპირ ციხისძირამდე სამარშრუტო ტაქსები არ დადიან. შეგიძლიათ საკუთარი ავტომობილით იმგზავროთ, ან მატარებლით ჯერ ქობულეთში, შემდეგ კი ბათუმისკენ მიმავალი შიდა ტრანსპორტით ციხისძირში ჩახვიდეთ. მგზავრობა ღირებულება: 2 ლარი.
მატარებლის ფასები: ზრდასრული ადამიანი 24 ლარი, სტუდენტებისთვისა და 10 წლამდე ბავშვებისთვის 50%იანი ფასდაკლება. მგზავრობის ხანგრძლივობა: 5 საათი
საცხოვრებელი
ოთახების ღირებულება 1 ღამით 10 ლარიდან იწყება, ფასი კი თქვენს მოთხოვნებზეა დამოკიდებული. თუ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დასვენება გსურთ, მაშინ კასტელო მარეს გირჩევთ – ადგილი, სადაც ზღვა, ცა და აჭარის ბუნება დასვენებისთვის უნიკალურ გარემოს ქმნის. სასტუმროში ეკონომ 2 კაციანი ნომრის ღირებულება 280 ლარია, სტანდარტული ოთახის კი 450 ლარი. თიბისი სტატუსის მომხმარებლებისთვის მოქმედებს 30%იანი ფასდაკლება.
წყარო: booking.com