fbpx

“ვოინიჩის მანუსკრიპტი” – მოგზაურობა 600 წლის გაუშიფრავი ილუსტრირებული ხელნაწერის მისტერიაში


გააზიარე სტატია

მოგზაურობა 600 წლის გაუშიფრავი ხელნაწერის მისტერიაში

ავტორი: ფრენკი კნაპი

ეს შუა საუკუნეებში შექმნილი ხელნაწერია, წიგნი, რომელშიც უცნაური გლობულები თავისუფლად ტივტივებენ, ხვიარა მცენარეები ფურცლებზე ბრჭყვიალებენ, ქალის ფიგურები კი მწვანე პლაზმაში დასრიალებენ. რა აკავშირებს ამ ყველაფერს ერთმანეთთან?  ეს არის უცნობი ავტორის ულამაზესი, თუმცა სრულიად გაურკვეველი სცენარი. “ვოინიჩის მანუსკრიპტი” უძველესი ხელნაწერია, რომელიც ფილოსოფოსებმა, მათემატიკოსებმა ან კომპიუტერის სპეციალისტებმა  600 წლის შემდეგაც კი ვერ გაშიფრეს. ხელნაწერთან ნაცისტური კოდების შემქმნელებსაც კი არაფერი გამოუვიდათ. ისინი უშედეგოდ ცდილობდნენ ჭეშმარიტების დადგენას ტექსტიდან, თუმცა ტექსტი თავის საიდუმლოებებს ჯიუტად არ ამჟღავნებდა.

აი, ჩვენ რა ვიცით: ვოინიჩის  ხელნაწერი უზარმაზარი წიგნია, რომლის დასამზადებლადაც  მინიმუმ 14 ძროხის ტყავი გამოიყენეს. ნახშირბადული დათარიღებით მისი ხელნაწერი მე-15 საუკუნეს ეკუთვნის. ასე რომ, შეგვიძლია გავაქარწყლოთ თეორიები იმის შესახებ, რომ წიგნი თანამედროვე ოინბაზობაა.

იელის უნივერსიტეტის მკვლევრების მიხედვით, წიგნის ულამაზესი ილუსტრაციები სხვადასხვა ხილის, კაკლის, კვერცხისა და ღვინის პიგმენტებისგან არის შექმნილი.

ბოტანიკოსი ედიტ შერვუდი ირწმუნება, რომ მანუსკრიპტში გამოსახული ფლორისა და ფაუნის მრავალი თანამედროვე ეკვივალენტი ხმელთაშუა ზღვის რეგიონში აღმოაჩინა, მაგრამ აკადემიურ სივრცეში ამის შესახებ თანხმობა არ არსებობს. ”წიგნი მცენარეული სექციით იწყება, – თქვა სმიტსონიანმა 2017 წელს, – მაგრამ არავინ არის დარწმუნებული, კონკრეტულად რომელი მცენარეებია გამოსახული ხელნაწერში.”

ხშირად ცხოველებსა და მცენარეებს შუა საუკუნეების ნახატებზე უცნაური შესახედაობა აქვთ, რამდენადაც ისინი მხოლოდ აღწერილობის მიხედვით, ან იმ პიგმენტით იხატებოდა, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომი იყო. მაგალითად, ცნობილი მარტორქის ავტორს, ალბრეხტ დიურერს არ ჰყავდა ნანახი ცხოველი, რომელსაც ხატავდა.

ყოველ შემთხვევაში ეს ხელნაწერები დღეს ჩვენთვის უფრო უცნაურად გამოიყურება, ვიდრე  ალბათ 1487 წელს მცხოვრები ადამიანისთვის. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ სერიოზული შესწავლის გარეშე ხელნაწერი უფრო და უფრო ამოუცნობი გახდება და კიდევ მეტად  დაშორდება რეალობას.

არსებობს მოსაზრება, რომ ეს შეიძლება იყოს სამედიცინო ტექსტი.  შუა საუკუნეებში სხეულისადმი არაერთგვაროვანი და ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულება არსებობდა: მას ხან ადიდებდნენ, ხან  ამდაბლებდნენ.  ექიმი  ჰემორეასი ცხელი რკინით ამოწვავდა და თან იტყოდა, რომ დაავადების მიზეზი ლოცვის გამოტოვება იყო. ასე რომ, ამ ხელნაწერში რაიმე რჩევების არსებობა ძალიან უცნაური უნდა ყოფილიყო.

შესაძლოა სწორედ ამიტომ არის დამალული ინფორმაცია ავტორის შესახებ – ეს შეიძლება იყოს ძალიან უხამსი წიგნი. შუა საუკუნეებში ეკლესიის განრისხება სიკვდილით დასჯით სრულდებოდა. სავარაუდოა,  სწორედ ამიტომ იწერებოდა ტექსტები კოდებითა და ფსევდონიმებით. რა თქმა უნდა, თავის დაღუპვას საიდუმლოდ დარჩენა სჯობს.

რომის იმპერატორი რუდოლფ II მიიჩნევდა, რომ ეს მანუსკრიპტი მე-13 საუკუნეში ცნობილმა ალქიმიკოსმა როჯერ ბეკონმა შექმნა, მაგრამ ნახშირბადულმა დათარიღებამ ეს თეორია უარყო. მე-17 საუკუნეში ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერს, ათანასე კირჩერს სთხოვეს, რომ ეს ტექსტი შეესწავლა. თუმცა კირჩერი, სამწუხაროდ, მანუსკრიპტით არ დაინტერესდა. 

ამის შემდეგ ხელნაწერი კირჩერის ერთ-ერთმა ნაცნობმა შეიძინა. როგორც ჩანს, წიგნს მეცნიერის ბიბლიოთეკაში მრავალი წლის განმავლობაში ედებოდა მტვერი.

1912 წელს რომში ხელნაწერი ანტიკვარმა ვილფრედ ვოინიჩმა იეზუიტების კოლეჯიდან  შეიძინა. როგორც ჩანს,  Collegio Romano თავის თაროებს ასუფთავებდა და წიგნებს ვატიკანს სწირავდა. ეს ხელნაწერი კი ვოინიჩის ბედად გადარჩა და სწორედ ამ მგზნებარე კოლექციონერის სახელი დაერქვა. 

ვოინიჩი მთელი ცხოვრების განმავლობაში ცდილობდა ხელნაწერს საერთაშორისო ინტერესი მოეპოვებინა და გაეშიფრათ. კოლექციონერის სიკვდილის შემდეგ ხელნაწერი ჰანს კრასუსმა შეიძინა და 1969 წელს იელის უნივერსიტეტის  უცნაური წიგნებისა და ხელნაწერების ბიბლიოთეკას გადასცა, სადაც დღემდე ინახება.

ტექსტის გასაშიფრად უამრავი ტრანსკრიფციული ანბანია შექმნილი.  მაგალითად, ამერიკელ კრიპტოგრაფს, უილიამ ფრიდმანს, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში იაპონიის შიფრი გატეხა, ნაკლებად გაუმართლა ვიოინიჩის ხელნაწერთან. წარუმატებელი აღმოჩნდა ტექსტის გასაშიფრად ბრიტანული ჯგუფის ძალისხმევა. ამ ყველაფრის შემდეგ ჩნდება კითხვა: არსებობს სპეციალისტი, რომელიც ამ საიდუმლოს ამოხსნის?


2017 წელს შუა საუკუნეების სამედიცინო ისტორიკოსმა ნიკოლას გიბსმა Times Literary Supplement-ში გამოაქვეყნა კვლევა იმის შესახებ, რომ ხელნაწერი გინეკოლოგიურ ტექსტს წარმოადგენს და სამედიცინო ლათინურითაა დაწერილი. კრიტიკოსების თქმით, მან გადასათარგმნად ტექსტის ორი ხაზი აიღო, რაც თეორიის დასამტკიცებლად საერთოდ არ არის საკმარისი. ”გულწრფელად რომ ვთქვა, გამიკვირდა, რომ ეს ყველაფერი TLS-მა გამოაქვეყნა, თუკი კვლევას იელს გაუგზავნიდა, ისინი მაშინვე უარით გაისტუმრებდნენ”, – თქვა ალქიმიკოსმა ლიზა ფაგინ დევისმა.

ისტორიკოსები კიდევ ერთ მარტივ გამოსავალს გვთავაზობენ: შესაძლოა ეს ყველაფერი ხუმრობა იყოს. იქნებ ეს ხელნაწერი მე-15 საუკუნის შარლატანის ნამუშევარია?! 

კიდევ ერთი დამაჯერებელი თეორიის მიხედვით, ხელნაწერი უნებლიე არტ-თერაპიის პროდუქტს წარმოადგენს; შესაძლოა ნახატები ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანების მიერ იყოს შექმნილი. თუ გნებავთ, ამ ყველაფერს აუტსაიდერული ხელოვნება უწოდეთ.

2018 წელს რინგზე კომპიუტერული მეცნიერი გრეგ კონდრაკი შემოვიდა. მისმა ალგორითმმა ვოინიჩის ხელნაწერის ენა განსაზღვრა, როგორც ივრითი.

კონდრაკის თანახმად, პირველ სტრიქონში ნათქვამია: “მან რეკომენდაცია მისცა მღვდელს, სახლის უფროსს, მეც და ხალხსაც“. მეცნიერის შემდეგი გვერდები ეხებოდა ფარმაცევტული მცენარეების გამოყენებას. ეს ყველაფერი დამაჯერებელია,  მაგრამ კომპიუტერულ მაგიას ადამიანური ინტერპრეტაცია და შესწავლა მაინც ესაჭიროება.

2020 წელს მკვლევართა ახალი ჯგუფი გამოჩნდა. Ata Team Alberta (ATA) მამისა და ორი ვაჟისაგან შემდგარი ჯგუფია. ისინი  ამტკიცებენ, რომ  წიგნის 300 სიტყვის გაგება შეუძლიათ. მამა, აჰმედ არდიჩი, ელექტროინჟინერი და ენათმეცნიერია, რომელმაც ცოდნა თავის ჭკვიან ვაჟებს გადასცა.

”ხელნაწერის ავტორი ფონეტიკური ორთოგრაფიით წერს, რაც მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ის სიტყვებს გამოთქვამდა ზუსტად ისე, როგორც ისმენდა”, – ამბობს ერთ-ერთი ვაჟი.

როგორც ჩანს, ყურადღების ცენტრშია ექვსი სფერო: მცენარეული, ასტრონომიული, ბიოლოგიური, კოსმოლოგიური, ფარმაცევტული და რეცეპტები. ”ტექსტი დაწერილია მარცხნიდან მარჯვნივ და ასევე იკითხება. ის  საკმაოდ პოეტურია – აქვს  რიტმული სტრუქტურა.”

ATA-ს თანახმად, ტექსტი სამედიცინო რჩევების საგანძურია. ზოგიერთი მკვლევარი  ვარაუდობს, რომ ხელნაწერი შესაძლოა ქალის შექმნილიც იყოს.

რა იქნება შემდეგ? ველოდებით უფრო მეტ კვლევას.  გთავაზობთ ვოინიჩის მანუსკრიპტის შთაგონებით შექმნილ ნამუშევრებს. 

ასევე არსებობს კომპანია, რომელიც ვოინიჩის ხელნაწერის ზუსტ რეპლიკებს ამზადებს.

მანამ, სანამ ხელნაწერი გაიშიფრება, ისარგებლეთ  წამით და იმოგზაურეთ ამ უკიდეგანო ადამიანურ საგანძურში. აუცილებლად უნდა ვთქვა, ჩვენ შორის არიან ისეთებიც, ვისაც არ უნდა გაიგოს, თუ რას გვიამბობს მანუსკრიპტი. როგორც ჰენრი დევიდ თორო ამბობდა, ხალხს სურს გამოიკვლიოს და შეისწავლოს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ასევე “ვითხოვთ, რომ ყველაფერი იდუმალი და აუხსნელი იყოს… ჩვენ გვჭირდება დაუსახლებელ ადგილებში ხეტიალი”.

ორიგინალი: https://www.messynessychic.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.