Fake აღმოსავლეთის ექსპრესი
ავტორი: Delphica Sibyl
რამდენჯერ მივეცი თავს პირობა, რომ აღარ დავწერ ამ დეპრესიულ ტექსტებს მეთქი, მაგრამ არ გამოდგა ეს ცხოვრება ვარდების ბაღი. მეგობარმა მითხრა, ეეჰ, შევედით იმ ასაკში, როდესაც უფრო მეტის სიკვდილის შესახებ იგებ, ვიდრე აქამდე იგებდიო. და თან უფრო ემოციურები გავხდით ასაკთან ერთადო. ისე კი მისი და ჩემიც, პრინციპში, ცრემლების მარაგის პატრონი ასეც არ ვიტყოდი. ისედაც კაი მოტირალები ვართ ორივე. ჰოდა დავიწყებთ ყველა ბორგვას სოციალურ ქსელში. ავზვირთდებით, ხმისა და აზრის გაწყვეტამდე ვწერთ, შემდეგ კი ისე ვინაბებით, როგორც ცუდი ამინდის შემდეგ ტოტზე მოჭიკჭიკე შაშვი. ეს შტილი თავდაცვა ყოფილა. ინაბები, რომ ახალ მსხვერპლსა და ტკივილს მედგრად დახვდე. პროტესტისა და წინააღმდეგობის ონლაინრეჟიმში გადატანამ კი ისედაც ზარმაცი ხალხი სულ გაგვამცონარა. “დაველოდოთ გამოძიებას” – ისე იწყება და სრულდება, დღის სინათლეს ვერ ნახულობს ეს ოხერი სამართალი.
ჰოდა სიკვდილიც არის და სიკვდილიც. გიორგი შაქარაშვილის ამბავი ტორნადოს ჰგავს, რომლის ზეცისკენ ატყორცნილ ბრუნვას გზადაგზა ემატება ახალი მოქმედი პირი ახალი ტყუილით. კვებავს ამ მბრუნავი ჰაერის სვეტს, აძლიერებს და აბობოქრებს. და თითქოს იმ ადგილზე, სადაც ეს სპირალი ეხება, დედამიწას წევს ეს ბიჭი და ვერ გაურკვევია, რატომ დაემართა ესა. თითქოს კარგად იქცეოდა. არ ეწეოდა, არ სვამდა და არც კედლებზე წერდა უზრდელობებსა და მუქარის შემცველ ტექსტებს. არც სხვისი ქონება შეუმუსრავს და არც უპატივცემულოდ ჰუდთავზეწამოფარებული მისულა პოლიციის განყოფილებაში. ჰოდა ალბათ ვერაფრით გაუგია, რატომ არ დაიცვა იმ სახელმწიფომ, რომელიც ყოველი ინტერნეტ პაკეტის ტელეფონში ჩატვირთვის შემდეგ, 40 თეთრს აჭრის 112-ის სერვისებისთვის.
ჩვენ რა ვქნათ? დიახ ჩვენ, ვისაც ყველაფერი გვინახავს. სამოქალაქო ომი, გადაგდება, ისევ ომი, წაგება, შიმშილი, ღალატი. ამ ყველაფერს შორის უშუქობა მავანს ალბათ ყველაზე ნაკლებ ბოროტებად მიაჩნია, მაგრამ სწორედ ამ სიბნელეში გამოგვაპარეს ის, რომ კაცობრიობა განვითარდა. რომ სექს პისტოლზმა ანარქიაზე დედა დაიფიცა და ბერტოლუჩიმ კი კონფორმისტი ფერად ფირზე გადაიღო. ალბათ სწორედ უშუქობის ბრალია, რომ ჩვენი სპორტსმენები – “სპორცმენები” არიან (დავესესხები ჩემს ფეისბუქ ფრენდებს). რომ თუ ვერ მოიპოვებენ ოქროს, ან თუნდაც ბრინჯაოს მედალს – მოიპოვებენ ვინმეს გატეხილ თავს, ჩატეხილ ნეკნებსა და შედეგად – ვინმეს წყალობას. თუმცა არც მედალოსნები უქნია ღმერთს, თუ “ტაძრის” მაგივრად, მხოლოდ მოსკოვში წასასვლელ გზას იტოვებენ.
ერთი დეტექტივი მაგონდება, სადაც ყველა ასევე იტყუება, როგორც გიორგი შაქარაშვილის ამბავში. ალბათ რა გახარებული და კმაყოფილი იყო აგატა კრისტი როდესაც აღმოსავლეთის ექსპრესის იმ გვერდებს წერდა, სადაც პუარო ჰყვება, თუ როგორ იტყუება ყველა ამ აღმოსავლეთის ექსპრესში. ბარე ათჯერ მაინც მაქვს წაკითხული სამართლის ის დიდი პურის ჭამა. მაგრამ ეს დიადი კვანძის გახსნა ჩვენსას მაინც ვერაფერი შეედრება. ჩვენი იმპროვიზაციით მიდის. დაუგეგმავად ჩნდებიან და იკარგებიან ჩვენებებში ავტომობილები, სატელეფონო ზარები, მძღოლები და მეგობრები. ჯაზივითაა და იმპროვიზაციას ბევრად კი ვერ ქაჩავენ, მაგრამ თემას მწყობრად მიჰყვებიან. თემა კი სიცრუეა. აბა ნიახურის ხიდზე მიმოფანტვას, მის შუაღამეს მთვარის შუქზე აგროვებასა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ამბავს, აგატა კრისტი როგორ მოიფიქრებდა? პირადად მე ამ ამბავში გლოვოსა და საქართველოს ფოსტის კურიერები, პროგრესულად მოაზროვნე დიაკვანი და მატარებელს ჩამორჩენილი შემადგენლობა მაკლია. ურელსოდ მოხეტიალე ვაგონი. მიმავალი თუნდაც მაღალმთიან აჭარაში. სადაც ამ საქმის ცოცხლად დარჩენილი ყველა მონაწილე დაეტეოდა. განსხვავება ამ ორ საქმეს შორის იცით რამხელაა? როგორც ფოთი და კილიმანჯარო. აღმოსავლეთის ექსპრესში ყველა იტყუებოდა სამართლიანობისთვის. ბოროტმოქმედის დასჯისა და უსამართლობის დასათრგუნად. გიორგი შაქარაშვილის საქმეში კი ყველა იტყუება იმისთვის, რომ ყველაფერი რისაც გვჯერა, იყოს დანგრეული და დაკნინებული. სწორედ იმის გვეშინოდეს, რითაც შვილებს ვზრდით: არ იძალადო, არ დაჩაგრო, იყავი მშვიდობისმოყვარე, არა კაც კლა, არა!
დაველოდოთ გამოძიებას. რომელს? როგორც ჩვენი სტენდაფ იუმორინა პრეზედენტი აღნიშნავს, რომელიც ერთი ერთზე მუშტი-კრივის მოყვარული და მომხრეა, გამომძიებელი ქვეყანაში ბევრი გვყავს. და თუ ჩვენში ძაღლები არ ყეფენ, რა ქნან ამ კატებმა? ერთი-ერთზე ჩხუბი თუ წავიდა, ჩემი ფალავანი იმედის ინტერაქტივების ტექსტის ამკრეფი იქნებოდა. გამოვიდეს “ლუბოი”, ვერავინ მოგვიგებს ვერც სიმწვავეში და ვერც პუნქტუაციაში.
არადა რა ქნან ამ ჟურნალისტებმაც? დაუმონტაჟებელი ვიდეოჩანაწერი გინდა? აგერ ბატონო. ავტომობილების მარკები, პერსონაჟები, მწვანილი, ნარმა, მიტკალი – რა გინდა, მითხარი. რა მინდა და სამართალი. მე ჩემი საქმე ვაკეთო, მან თავისი. ტვ-ში კი სულ რაი უნოსა და რაი დუეს 70-80-იანების საკონცერტო ნომრები გადიოდეს. ვითომ მართლა ყველაფერი კარგადაა და მხოლოდ იმაზე ვდარდობ, 8-საათიანი სამუშაო დღე მექნება თუ 7-იანი. და რამდენად დაცულია ბალანსი პარლამენტში მდედრებსა და მამრებს შორის.
და ისევ – ჩვენ რა ვქნათ? ალბათ მაინც უნდა ვუთხრათ შვილებს, რომ ტყუილი ცუდია. მომაკვდინებელია, იმიტომ არა რომ ცოდვაა, არამედ იმიტომ რომ შიგნიდან გჭამს. არსად მიდის შენგან, არასდროს. ცხოვრების ყოველ მოსახვევში გელოდება და ავად გიღიმის.
ჩვენ რა ვქნათ? ვანუგეშოთ დედა, რომ ქვეყანას ფეხზე დავაყენებთ. და რომ მისი სამართლის ძიებაში ვიდგებით მის გვერდით. რომ არც ჩვენ დაგვავიწყდება მისი ბიჭი და ჩვენ ბიჭებში ვაცოცხლებთ. და ჩვენს შვილებში გვეყვარება ის, მისი შვილი.
არ ვითხოვთ პატიებას. თავისუფლება არ ყოფილა მოლომო აფთრების ხვედრი. პირიქით, ნუ გვაპატიებთ, რომ 40 წელი უდაბნოში სიარულს 100 წელი მოვანდომეთ. და რამდენი დათუნა, ლუკა და გიორგი შემოგვხვდა გზაზე, იმდენი ვერ გამოვფხიზლდით და გავაგრძელეთ კლავიატურაზე კაკუნი.
და მაინც – ჩვენ რა ვქნათ? კიდევ ერთხელ უნდა ავუხსნათ შვილებს, რომ სიცოცხლე ერთია. მის მერე არაფერი ხარ და არსად მიდიხარ. და კიდევ უნდა ვასწავლოთ გიორგი შაქარაშვილზე სწრაფად სირბილი. ალბათ ხვდებით, რომ არ იქნება ადვილი, არა?