fbpx

ინტროვერსიისა და ექსტრავერსიის ბენეფიტები


გააზიარე სტატია

ავტორი: ტატიანა გეთია

ადამიანები უამრავი მახასიათებლით განსხვავდებიან. მნიშვნელოვანი სხვაობა იმაშია, თუ სად არის მიმართული პიროვნების ფსიქიკური ენერგია. კარლ გუსტავ იუნგმა გამოყო ორი განზომილება ექსტრავერსია და ინტროვერსია, თუ ადამიანის ფსიქიკური ენერგია მიმართულია გარე სამყაროზე, მას ექსტრავერტს ვუწოდებთ. თუ პირიქითაა, ანუ ფსიქიკური ენერგია შინაგან სამყაროზეა ფიქსირებული, მაშინ ეს ადამიანი ინტროვერტია.  ორივე პიროვნების ტიპს თავისი განსაკუთრებული თვისებები აქვს, რაც მისთვის ბენეფიტური შეიძლება აღმოჩნდეს.

ექსტრავერსია

ექსტრავერტისთვის დამახასიათებელია ისეთი ტიპის ქცევა, რომელიც მიმართულია საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. მას უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, ამიტომ ის თავს კარგად გრძნობს ხალხმრავალ ღონისძიებებზე. ის კარგი ორატორია, შესაბამისად ის ძლიერი, ლიდერული უნარებით გამოირჩევა. მას არ უჭირს თვითგამოხატვა, ამიტომ ის საუკეთესოდ გაართმევდა თავს ისეთ პროფესიებს, როგორიც არის მსახიობი, პოლიტიკოსი, იურისტი და საერთოდ ისეთ ვითარებას სადაც აუცილებელია საზოგადოების ცენტრში ყოფნა. ექსტრავერტი ადვილად ამყარებს კონტაქტს სხვა ადამიანებთან, ამიტომ მას ბევრი ნაცნობი და მეგობარი ჰყავს. შეუძლია მარტივად მოერგოს ახალ სიტუაციას. ექსტრავერტი ადამიანი კონცენტრირებულია საზოგადოების საჭიროებაზე, ის მზად არის დაეხმაროს სხვას და ამისგან იღებს სიამოვნებას.

ასეთი ადამიანი საზოგადოებას სჭირდება. სწორედ ექსტროვერტია ის, ვინც ახსენდებათ როდესაც გვერდით არ არის.

ინტროვერსია

ინტროვერტი ადამიანი ენერგიას პოულობს საკუთარ თავში, ამიტომ ის მთლიანად მიმართულია შინაგან სამყაროზე. ის თავშეკავებულია და არ უყვარს ხმაური და ხალხმრავლობა. თავის საუკეთესო თვისებებს ის არ ავალენს და ინახავს საკუთარი თავისთვის. ინტროვერტი იღებს მხოლოდ ისეთ ინფორმაციას და მოვლენებს, საიდანაც თვითონ შეუძლია მიიღოს სარგებელი. ის საუკეთესოდ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მთლიანად დამოკიდებულია საკუთარ თავზე.

ამ ტიპზე არ ზემოქმედებს საზოგადოებრივი აზრი, ის მოქმედებს მხოლოდ სუბიექტური შეხედულებებით. ურთიერთობაში შედის მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნდება რომ სხვა ადამიანი არ უქმნის მას საფრთხეს, ამიტომ მისი სამეგობრო წრე მისთვის გამორჩეული ადამიანებისგან შედგება. ინტროვერტი მთლიანად მიმართულია საკუთარ თავზე, ეს არ ნიშნავს, რომ ის უყურადღებო, ცივი, დაუნდობელი, გულგრილი და ამპარტავანია. ხშირად ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა სინამდვილეში ეს მაღალი ზნეობრივი თვისებების მქონე ადამიანია, რომელსაც უჭირს საკუთარი თავის გამოხატვა, რადგან არ იცის რას მიიღებს საპასუხოდ. ინტროვერტი უფრო მეტად ანალიტიკური უნარებით გამოირჩევა, ის პროდუქტიულია მშვიდ და მონოტონურ საქმიანობაში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.